ზაფხულის შვებულებების პერიოდი ნელ-ნელა იწურება, შემოდგომით საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნო კამპანიაში ერთვებიან. ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება კითხვა, – აღიარებს თუ არა დასავლეთი ამ არჩევნების შედეგებს, თუ საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუციის დაფინანსებას ვიხილავთ? ანალიტიკოსი ვასილ კაპანაძე დარწმუნებულია, რომ „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების რეალური შანსი აქვს.
როგორ განვითარდება არჩევნების შემდეგ მოვლენები, ამ და სხვა საკითხზე Dalma News-ს ანალიტიკოსი ვასილ კაპანაძე ესაუბრა.
– როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო ვითარებას, როგორი პოლიტიკური ფონია ქვეყანაში?
– ფონი არის ერთგვარად ტურბულენტური და მოლოდინებიც აბსოლუტურად განსხვავებულია. მმართველი პარტია ელის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას თუ არა, ხმების 60%-ს მაინც აიღებს. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ საერთოდ ვერ მოიგებს „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს. შესაბამისად, დაპირისპირების საფრთხე არის ძალიან მაღალი. გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ პრაქტიკულად, ყოველ დღე, ევროპელი თუ ამერიკელი ჩინოვნიკები აკეთებენ განცხადებებს „ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ და ღიად უცხადებენ მხარდაჭერას ე.წ. პროდასავლურ პოლიტიკურ, რეალურად კი, დესტრუქციულ ძალებსა და მათ მხარდამჭერ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ერთი სიტყვით შექმნილია ისეთი ფონი, რომელიც თანდათან დაძაბულობაში გადაიზრდება. ეს ორთვიანი პერიოდი კიდევ უფრო მეტ სიცხადეს შეიტანს წინასაარჩევნო პროცესში.
– როგორი გარემოა შექმნილი ქვეყანაში პარტიების წინასაარჩევნო კამპანიისთვის?
– გარემო აბსოლუტურად თავისუფალია, არავინ არავის უშლის ხელს აწარმოოს წინასაარჩევნო კამპანია. იგივე შეიძლება ითქვას არასამთავრობო ორგანიზაციებზეც, რომლებიც აფიქსირებენ საკუთარ, ნახევრად პოლიტიკურ სიმპათიებსა და პოზიციებს. მედია არის აბსოლუტურად თავისუფალი. ამ ეტაპზე პროცესი არის გამჭვირვალე და ყველას აქვს საშუალება შეხვდეს ამომრჩეველს, ინფორმაცია გაავრცელონ და მიაწოდონ საზოგადოებას, თუ რას აპირებენ, რა გეგმები აქვთ, რატომ უნდა მისცეს ამომრჩეველმა ხმა ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას.
– „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ კეთდება განცხადებები, რომ ხელისუფლებმა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანობაში ეჭვი არავინ შეიტანოს. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი მაინც ეჭვქვეშ დააყენებს შედეგებს?
– თუ აშკარა უპირატესობით მოიგებს „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს და შედეგებს გააპროტესტებენ კოლექტიური დასავლეთის სატელიტები, თუ დაიწყება რადიკალური ჯგუფების გამოსვლები და დაიძაბება ვითარება, მაშინ ეს, რა თქმა უნდა, ხელსაყრელ ფონს შეუქმნის დასავლეთს – აშშ-სა და ევროკავშირს, რომ ეს არჩევნები არ აღიარონ. კითხვა, რომელიც დასვა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, – საით წავა საქართველო, რუსეთისკენ თუ ევროპისკენო, – არის სწორედ წყალგამყოფი დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკოსებისთვისაც. მათი მიზანია, არჩევნებში გაიმარჯვოს პროდასავლურმა ოპოზიციამ და დამარცხდეს მმართველი ძალა. შესაბამისად, მოლოდინი, რომ ისინი არ აღიარებენ ამ არჩევნების შედეგებს, არის რეალისტური.
– თქვენი აზრით, ფერადი რევოლუციის მორიგი მცდელობა იქნება საქართველოში?
– ამის ალბათობა არის საკმაოდ მაღალი, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, დამარცხებული ძალები წავლენ თუ არა რადიკალურ ზომებზე. ყოველ შემთხვევაში, მაშინ, როდესაც ფინანსური ნაკადები მიემართება არასამთავრობო ორგანიზაციებისკენ, ნაცვლად იმისა, რომ მიემართებოდეს ქართული ჯარის გაძლიერებისკენ, ეს გვაფიქრებინებს, რომ აქ მზადდება სერიოზული ნიადაგი რევოლუციური პროცესისთვის. თუმცა, რამდენად მოიტანს ეს შედეგს, დამოკიდებულია ხელისუფლების მდგრადობაზე.
– ერთია რევოლუციის სურვილი, ხოლო მეორე მოსახლეობის მხარდაჭერა. ელექტორატის დიდ ნაწილს წარმოადგენს გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, რომლებსაც „ოცნებაც“ მოყირჭდა, მაგრამ ვერც ოპოზიციაში ხედავენ სანდო ძალას. მოსახლეობის ამ სეგმენტის მხრიდან ისმის სამართლიანი გულისწყრომა, რომ ფაქტობრივად, არ აქვთ არჩევანი. სად წავა ამ სეგმენტის ხმები თქვენი აზრით?
– გამომდინარე იქიდან, რომ აქტიური პოლიტიკური პროცესები არ დაწყებულა და ზაფხულის შვებულებების პერიოდია ქვეყანაში (16 სექტემბრიდან დაიწყება სასწავლო პროცესიც), გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ ჩამოყალიბებული თუ ვის დაუჭერს მხარს. გადაწყვეტილებას, ალბათ, მიიღებენ ოქტომბრის დასაწყისში, ან შუა რიცხვებისთვის. ერთი მხრივ, მართლაც რა ეჩქარებათ? ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორ განვითარდება წინასაარჩევნო პროცესები ბოლო 1,5 თვის განმავლობაში.
– ბოლო ხანებში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვებით, ოპოზიციური მედია ორგანიზაციების გამოკითხვა იქნება ეს თუ პროსახელისუფლებო, ლიდერობს „ქართული ოცნება“. თქვენი აზრით, ახალ პარლამენტში რამდენი მანდატით შეიძლება იყოს წარმოდგენილი მთელი ოპოზიცია?
– მე შემიძლია ვივარაუდო, თუ ხმების რამდენი პროცენტით იქნება „ქართული ოცნება“ წარმოდგენილი – 60% ან მეტით. მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურობას. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორი იქნება „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო სია და ის, თუ რა კონკრეტული პრიორიტეტები გამოიკვეთება წინასაარჩევნო დაპირებებში, გარდა იმისა, რომ ქვეყანაში უნდა შენარჩუნდეს მშვიდობა და არ უნდა გაიმარჯვოს დესტრუქციულმა ოპოზიციამ. ამომრჩეველი თუ მოისმენს სოციალური ხასიათის დაპირებებს „ქართული ოცნებისგან“, ეს კიდევ ერთი დამატებითი ფაქტორი იქნება გამარჯვებისთვის, რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, 5%-იანი ბარიერის გადალახვა სამ მათგანს შეუძლია: „ენმ“-ს, „ახალს“ და „ლელოს“.
– წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება იყო თუ არა მოსალოდნელი და არის თუ არა ივანიშვილი ერთგვარი მაშველი რგოლი „ოცნებისთვის“?
– რომ დაბრუნდებოდა მოსალოდნელი იყო, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ბიძინა ივანიშვილი არის მაშველი რგოლი, ის არის დამატებითი არგუმენტი მოსახლეობისთვის, რომ დაუჭირონ მხარი „ქართულ ოცნებას“. ივანიშვილი მართლაც არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა საქართველოში, რადგან სწორედ ის განსაზღვრავს ძირითადად ქვეყანაში საზოგადოებრივ-პოლიტიკურ განწყობებს, ქვეყნის საგარეო და საშინაო კურსს. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ენდობა ბიძინა ივანიშვილს და ვფიქრობ, რომ ის არის მნიშვნელოვანი ფაქტორი არჩევნებში „ოცნების“ საბოლოო წარმატებაში.
– აუცილებლად უნდა შევეხოთ ქართულ–რუსულ ურთიერთობებს. ნდობა ახსენეთ და მინდა გკითხოთ. წინასაარჩევნოდ რუსეთის დუმადან გაკეთდა განცხადება, რომ მზად არიან პარლამენტთა შორის დიალოგზე, არის თუ არა ნდობა რუსეთის მხრიდან ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მიმართ?
– რუსი დეპუტატები და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ხედავენ, რომ „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელთანაც შესაძლებელია დიალოგის გამართვა, შესაბამისად, აქვთ მოლოდინი, როგორც დუმაში, ისე ფედერაციის საბჭოში, რომ ახალი პარლამენტის წარმომადგენლები მათთან გამართავენ დიალოგს, ეს არ იქნება, რა თქმა უნდა, მარტივი დიალოგი. ეს ესმით რუს დეპუტატებსაც და იციან ქართველმა მომავალმა დეპუტატებმაც. ეს დიალოგი იქნება აუცილებელი, რადგან ჩვენ ვნახეთო, რომ ამდენი წლის განმავლობაში, რაც ქვეყნის პრეზიდენტია სალომე ზურაბიშვილი, მას სურვილიც არ გასჩენია, რომ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ჰქონოდა რუსეთის აღმასრულებენ ან საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე შეხვედროდა რუსეთის პრეზიდენტს და მის წინაშე დაეფიქსირებინა ის პრობლემები, რომლებიც აწუხებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.
– რეგიონში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე საქართველოს პარლამენტმა მიიღო „უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონი“, რასაც დასავლეთის მხრიდან ღიად მოჰყვა ხელისუფლების კრიტიკა. ყველა საგარეო თუ საშინაო პროცესის გათვალისწინებით, თქვენი აზრით, როგორი იქნება არჩევნების მეორე დღე?
– დღევანდელი გადასახედიდან ჩანს, რომ სიტუაცია არ იქნება მარტივი, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში შიდა და გარე ძალების ინტერესებია გადახლართული. ჩვენს მეზობელ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არის ძალიან რთული ვითარება – უკრაინაში, თუნდაც რუსეთის სამხრეთში, ასევე, მომავალში არ გამოვრიცხავ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობის კვლავ გაჩენას, თუმცა, ჩვენი სურვილია, რომ ეს ასე არ მოხდეს, შესაბამისად, ამ ყველა რისკის გათვალისწინების პროცესები არ იქნება მარტვილი. იმედი მაქვს რომ ახალ ხელისუფლებას (რომელიც იქნება არჩეული) და საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას გვეყოფა გონიერება, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და ძალიან მნიშვნელოვანი და რთულია დიალოგი, რომელიც უნდა აწარმოოს საქართველომ რუსეთთან, ასევე დიალოგი აფხაზეთისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან საქართველოს გამთლიანების კუთხით, ამ ყველაფერს ხელისუფლება წარმართავს და შესაძლოა, თავიდან ავიცილოთ გართულებები, რომლებსაც ადგილი აქვს მსოფლიოში და ჩვენს რეგიონშიც.
ესაუბრა შორენა პაპაშვილი