რუსეთი საქართველოსთან საპარლამენტო დონეზე დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. როგორც რუსეთის დუმის ზედა პალატის – ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკომ 1-ელ აგვისტოს პრესკონფერენციაზე განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მხრიდან დიალოგის სურვილი იქნება, ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად, მოსკოვი პოლიტიკური დიალოგისთვის მზად არის.
„ჯერჯერობით კავშირი არ არის და ეს ჩვენი ბრალი არ არის. საქართველოში არამხოლოდ პოლიტიკური პროცესების მიმდინარეობს, არამედ ბევრი რამის გადააზრება. ოქტომბერში საქართველოში არჩევნები იქნება და ისინი ქვეყნის განვითარების ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ კურსს განსაზღვრავენ“, – განაცხადა მატვიენკომ და იქვე დასძინა, რომ მოსკოვის ყურადღებით ადევნებს თვალს, თუ როგორ დასრულდება საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები.
ვალენტინა მატვიენკოს თქმით, დასავლეთი ცნობილი სცენარებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობს ჩაერიოს ქართულ-რუსულ ურთიერთობებში.
შეგახსენებთ, რომ იმ მომენტიდან, როდესაც “აბაშიძე -კარასინის” რუსულ-ქართული დიალოგის ფორმატი ამოქმედდა, მოსკოვის მხრიდან გაკეთდა მინიშნება, რომ აღნიშნული ფორმატი იქნებოდა მხოლოდ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ხასიათის თანამშრომლობის განხილვის სივრცე და საუბარი არ შეეხებოდა პოლიტიკას.
რამ განაპირობა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში პოზიციების შეცვლა და მოსალოდნელია თუ არა არჩევნების შემდეგ ურთიერთობების გადატვირთვა, ამ საკითხებზე Dalma News-ი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს – საქართველოში ევგენი პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელ დიმიტრი ლორთქიფანიძესა და “ევრაზიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელ გულბაათ რცხილაძეს ესაუბრა.
– რუსეთის საკანონმდებლო ორგანოდან საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის მზაობა გვესმის. როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს?
დიმიტრი ლორთქიფანიძე: ქართულ-რუსულ ურთიერთობაში მართლაც საინტერესო ეტაპია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რუსეთისთვის დღეს სულაც არ არის მთავარი პრიორიტეტი უკრაინასთან კონფლიქტის გამო, იმ ფონზე, როდესაც 55 ქვეყანა ერთდროულად უპირისპირდება რუსეთს თავიანთი კორპორაციული ინტერესების გათვალისწინებით, გამოითქვა ურთიერთობების გადატვირთვის მზაობა. საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობების გადატვირთვა ნამდვილად იყო ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი დაახლოებით 2019-2020 წლებში. ასევე 2 წლის წინ, როდესაც ლავროვმა გააკეთა არაორაზროვანი განცხადება რეგიონული თანამშრომლობის ფორმატში საქართველოს მიწვევაზე და აღინიშნა, რომ საქართველოს მიმართ ღია კარის პოლიტიკა გაგრძელდებოდა.
დღეს ჩვენ ვხედავთ კიდევ ერთი თანამდებობის პირის – ვალენტინა მატვიენკოს განცხადებას, რომელიც გლობალური ინტერესებიდან გამომდინარე ხაზს უსვამს ქართულ-რუსული ურთიერთობების გადატვირთვას. გასაკვირი მართლაც არ არის ასეთი განცხადებები იმ ეკონომიკური ურთიერთობების ფონზე, რომელსაც ვხედავთ ქართულ-რუსულ პოლიტიკაში.
სხვა საკითხია რა ხდება ჩვენ გარშემო, სამეზობლოში. ახლო აღმოსავლეთში ძალიან დრამატულად ვითარდება მოვლენები, ეს ჩვენ გვერდს არ აგვიქცევს. ირანსა და რუსეთს შორის სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობები დღეს იჩენს უკვე თავს. რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე შოიგუ იმყოფებოდა ამ დღეებში თეირანში, სადაც ხელი მოეწერა სამხედრო თანამშრომლობის მორიგ აქტს, რომელიც ირანის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით მომარაგებას გულისხმობს.
საქართველო ელოდება ეპოქალური მნიშვნელობის არჩევნებს. მთელი ყურადღება გადატანილია ამაზე. „ქართული ოცნების“ ამოცანაა, გაგრძელდეს კურსი, რომელიც მათ აირჩიეს. იკვეთება ქართული საგარეო პოლიტიკის მრავალვექტორულობა. საქართველოს კონსტიტუციაში უნდა შევიდეს ცვლილება, რომელშიც 2017 წელს დებულების სახით ჩაიწერა, რომ საქართველოს პოლიტიკური არჩევანი არის ევროატლანტიკური სივრცე. ჯერ კიდევ მაშინ, როცა სალომე ზურაბიშვილი მაჟორიტარი დეპუტატი იყო, განაცხადა, რომ გარდამავალი პოლიტიკური ტენდენციები არ უნდა აისახებოდეს კონსტიტუციაში. ასეთი ჩანაწერი სახელმწიფოს უზღუდავს მოქნილი საგარეო პოლიტიკის გატარებას. ამ ყველაფრის ფონზე, მატვიენტკოს განცხადება გვაძლევს იმის იმედს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი შესაძლოა გადაწყდეს ჩინეთის, თურქეთის, ირანისა და ბელორუსის მხარდაჭერით რუსეთთან დიალოგით.
გულბაათ რცხილაძე: საქართველოსა და რუსეთს შორის დღესდღეობით არ არის მწვავე დაძაბულობის ეტაპი, როგორიც არის სხვა დროს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთლიანად მოხსნილია დაძაბულობა. ეს არის სიტუაციური შემოთავაზება, რომელიც საქართველოს ხელისუფლების კეთილი ნების შემთხვევაში შესაძლოა გახდეს უფრო საფუძვლიანი, გრძელვადიანი და გადაიზარდოს თანამშრომლობაში. თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ ასეთი განცხადებები, შეიძლება ადრეც გაკეთებულიყო და უფრო სხვა კონტექსტში, როცა საქართველოსთვისაც ეს უფრო აქტუალური იყო. ახლა ცოტა დაგვიანებულია, რადგან აღარ დარჩა გონივრული დრო არჩევნებამდე, რათა „ქართულმა ოცნებამ“ ძირეულად შეცვალოს თავისი დამოკიდებულება სამეზობლო პოლიტიკისადმი. ვალენტინა მატვიენკოს განცხადება მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს უკვე განვლილი ეტაპია. საპარლამენტო ურთიერთობები თითქოს ადრეც იყო, საქართველოდან ჩადიოდნენ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები, იმართებოდა შეხვედრები, თუმცა მერე გაირკვა რომ ხელისუფლება ატყუებს სუყველას. შესაძლოა მსგავსი რაღაც მოხდეს ახლაც.
– არჩევნების წინ „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან გვესმის აშშ-თან ურთიერთობის გადატვირთვის შესახებ. მეორე მხრივ რუსეთის პოლიტიკური თანამდებობის პირები აკეთებენ მინიშნებას საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვაზე. აქვს თუ არა „ოცნებას“ პოლიტიკური რესურსი, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გადატვირთვის პოლიტიკა განახორციელოს?
დიმიტრი ლორთქიფანიძე: საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთთან ურთიერთობის შენარჩუნება. საქართველო ვერ იქნება რომელიმე სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის კუთვნილება. ჩვენი ორგანული ინტერესიდან და გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ჩვენ ოთხივე კუთხით გვჭირდება საყრდენი ბურჯები, რათა აღვასრულოთ მყარი ხიდის ფუნქცია გეოპოლიტიკურ ცენტრებს შორის და ძალთა ბალანსით ზურგგამაგრებულებმა გავაძლიეროთ ქვეყნის სუვერენიტეტი. დასავლური, ერთპიროვნული ჰეგემონიის განხორციელების ასპარეზი საქართველოში სრულდება და ამას უკვე ბევრი ხვდება, მათ შორის, უშუალოდ ამ ძალის ცენტრის წარმომადგენელი. იცვლება რიტორიკა, ის საპირისპირო ხდება იმისა, რასაც გუშინ და გუშინწინ მათგან ვისმენდით და ეს კარგი ტენდენციაა, ეს არის ერთადერთი გზა საერთო ეროვნული კონსენსუსისკენ, გზა, რომელიც გაივლის სამართლიანი სამართლებრივი გარემოს შექმნასა და ქვეყნის გამთლიანებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებზე, რამეთუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უკლებლივ ყველას ინტერესებში შევა, ვინც კი გეოპოლიტიკურ ძალთა ბალანსის მონაწილე გახდება კავკასიის რეგიონში და ეს ტენდენცია უკვე აშკარად და მკაფიოდ იკვეთება.
გულბაათ რცხილაძე: „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობის შენარჩუნების არანაირი რესურსი აღარ აქვს, ეს რომ მოხდეს, არჩევნების შედეგები ტოტალურად უნდა გაყალბდეს. არჩევნების შემდეგ საქართველოში უფრო უარყოფით მოვლენებს ველი, სამწუხაროდ. შეიძლება მოხდეს საგარეო კურსის ცვლილება არჩევნების შედეგად, თუ ვერ მივაღწევთ იმას, რომ არჩევნების არ გაყალბდეს.
ხალხის დიდი ნაწილი, დარწმუნებული ვარ, ხმას მისცემს ისეთ პარტიას, რომელიც არ ეკუთვნის არც „ოცნების“ და, არც ნაციონალების ფლანგს. პროცესები დამოკიდებულია იმაზე, თუ საქართველოში არჩევნების შემდეგ პოლიტიკურ ძალთა როგორი კონფიგურაცია იქნება. არავინ აპირებს რუსეთთან მეორე ფრონტის გახნას, დასავლეთსაც თვითონ არ აწყობს კავკასიის ფლანგზე საქართველო იყოს სრულ იზოლაციებში. გარდა ამისა, რუსეთ-საქართველოს ომი დროში არ გაიწელება. შესაბამისად დასავლეთი დაკარგავს კონტროლს კავკასიაზე. ამიტომ არ იქნება მეორე ფრონტი და არა იმიტომ, რომ დასავლეთი ლმობიერია.
– რა შედეგით უნდა დასრულდეს ოქტომბრის არჩევნები, რომ რუსეთთან დიალოგი შესაძლებელი გახდეს?
დიმიტრი ლორთქიფანიძე: საქართველოს ე.წ. პროდასავლური ძალები – 15 გეი პოლიტიკური პარტია, რომლებმაც 2021 წლის 4 მაისს ხელი მოაწერეს გეი მემორანდუმს კარლ ჰარცელისა და კელი დეგნანის თანდასწრებით, გამორიცხავს რაიმე ტიპის თავისუფალ ქმედებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ მსოფლიო გეოპოლიტიკური ვითარება მათ უკარნახებს შეცვალონ თავიანთი პოლიტიკური პოლუსი და გადმოვიდნენ თავისუფალ არჩევანზე, რომელიც უფრო ხელსაყრელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. ისინი ახორციელებენ მხოლოდ დასავლეთისთვის ხელსაყრელ პოლიტიკას, რაც შეიძლება 10-15 წლის წინ ჯდებოდა პოლიტიკურ დღის წესრიგში, მაგრამ დღეს უკვე კონტექსტიდან არის ამოვარდნილი. თავად „ენმ“-ს ელექტორატის ძალიან დიდი ნაწილი აღარ იზიარებს ერთ პოლარულობას. არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვი, რომ მკაცრი ხელის პოლიტიკა უნდა გატარდეს, იმ შემთხვევაში თუ აშკარად დავინახავთ, რომ გეოსტრატეგიიდან გამომდინარე, საქართველოსთვის აუცილებელი პოლიტიკის გატარებას ეწინააღმდეგება დაფინანსებულ აგენტთა ხროვა. ამას უნდა გაეცეს ჯეროვანი პასუხი. დესტრუქციის ნებისმიერი მცდელობა მკაცრად უნდა აღიკვეთოს.
გულბაათ რცხილაძე: რუსეთთან დიალოგის პრობლემა ქართულ მხარეს აქვს, მათ არ აქვთ საამისო მზაობა. რუსეთსა და საქართველოს ინტერესების თანხვედრა აქვთ ძალიან ბევრს საკითხში და ასეთი საკითხები დაგროვდა. როდესაც საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატის ხელმძღვანელი აკეთებს ასეთ განცხადებას, ბუნებრივია, რომ იქ სხვა შტოებიც, საექსპერტო წრეები უფრო ნათლად ხედავენ ამ ურთიერთობების აუცილებლობას. მით უმეტეს, ეს არის მათთვის მისაღები და სასურველი საქმე.
ესაუბრა შორენა ქარჩავა