საქართველოში მალე საპარლამენტო არჩევნებია. ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად ქვეყანაში მატულობს პოლიტიკური ტემპერატურა. “ქართული ოცნების” ლიდერები დარწმუნებულნი არიან რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას კვლავაც მოიპოვებენ. რა აძლევს ხელისუფლებას თავდაჯერებულობის საფუძველს დასავლეთთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე და მოსალოდნელია, თუ არა საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვა, ამ და სხვა საკითხებზე Dalma News-ს პროფესორი ვლადიმერ პაპავა ესაუბრა.
–მალე საქართველოში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. თქვენი შეფასებით, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს არჩევნები, საგარეო და საშინაო ფაქტორების გათვალისწინებით, ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის?
– 1991 წლიდან მოყოლებული, საქართველოში მეორეხარისხოვანი არჩევნები არასდროს ყოფილა. არჩევნები ყოველთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო. არჩევნებით ხან საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხი წყდებოდა, ხან სამოქალაქო დაპირისპირების დაძლევის, ხან ავტორიტარული მმართველობის დასრულების და ა.შ. წლევანდელი არჩევნები მნიშვნელოვანია, რადგან ის რაც ხდება საქართველოში, არ არის მხოლოდ წმინდა ქართული ფენომენი. ეს არის გლობალური პრობლემა, სადაც ნეოლიბერალიზმად შერაცხილ ულტრალიბერალიზმს უპირისპირდება კონსერვატორული შეხედულებები. ეს პროცესი მოიცავს აშშ-ს, ევროპის ქვეყნებს, მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანას და საქართველოსაც. როგორც ხედავთ ჩვენი ქვეყანა საერთო კონტექსტიდან ამოვარდნილი არ არის, როდესაც ერთმანეთის უპირისპირდება ტრადიციული კონსერვატორული და ულტრალიბერალური შეხედულებები. ამ არჩევნებმა უნდა გაარკვიოს მთავარი რამ. შეძლებს თუ არა საქართველო მშვიდობის შენარჩუნებასა და მდგრად განვითარებას?
მთავარია, რომ საქართველოში გაძლიერდეს იმის განცდა, რომ ჩატარდება სამართლიანი არჩევნები. ამის საფუძველს კი იძლევა ის, რომ ეს არჩევნები ელექტრონული სისტემის გამოყენებით ჩატარდება, რაც შედეგების გაყალბების შესაძლებლობას მინიმუმამდე ამცირებს, თუ საერთოდ არ გამორიცხავს. თანაც ისიც გასათვალისწინებელია, რომ ოპოზიციურ პარტიებს აქვთ საკუთარი სატელევიზიო არხები, რომლებიც უკვე ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე წინასაარჩევნო კამპანიაში კარგა ხანია არიან ჩართულები…
–ბოლო ხანებში საქართველოსა და მის დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობები დაიძაბა, შესაძლებელია, თუ არა ამ კრიზისის დაძლევა და რა იქნება მნიშვნელოვანი კომპრომისი?
– კომპრომისი პოლიტიკაში და საერთაშორისო ურთიერთობებში ჩვეულებრივი რამ არის. კომპრომისი არ უნდა მოხდეს პრინციპულ საკითხებზე, როგორიც არის მშვიდობა, ეროვნული ფასეულობები და ტრადიციული ღირებულებები. არ შეიძლება კომპრომისის გაწევა იმ ფორმულასთან დაკავშირებით, რომელიც ილია ჭავჭავაძემ გვიანდერძა: „მამული, ენა, სარწმუნოება“ – ამ სამივე მიმართულებით კომპრომისი გამორიცხულია. დანარჩენ საკითხებზე კომპრომისების მიღწევა კი მხარეთა პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. დარწმუნებული ვარ, როდესაც ჩაივლის არჩევნები როგორც აშშ-ში, ისე ევროპულ ქვეყნებსა და საქართველოში, და როცა რუსეთის ომიც უკრაინაში დროებით მაინც შეჩერდება, უფრო მეტი შესაძლებლობა იქნება პოლიტიკურად წყნარ ვითარებაში ყველა დაინტერესებულმა მხარემ მიიღოს საღი გადაწყვეტილებები. დავიწყოთ იქიდან, რომ საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ადგილმდებარეობა, გეოსტრატეგიულად საქართველო ძალიან საჭიროა დასავლეთისთვის, ისევე როგორც აზიის ზოგიერთი სახელმწიფოსთვის. ამის დავიწყება, კი არცერთი მხარისთვის არ იქნება გამართლებული. თეორიულადაც გამოვრიცხავ იმას, რომ საქართველომ უარი თქვას ევროინტეგრაციაზე. 2018 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, კონსტიტუციაშიც დაფიქსირებულია ქვეყნის დასავლური საგარეო კურსი.
– თუმცა ჩრდილოელ მეზობელთან გვაქვს მოსაგვარებელი მნიშვნელოვანი საკითხები. როგორ ხედავთ მათი მოგვარების პერსპექტივას?
– რუსეთის არის ჩვენი მეზობელი, მაგრამ, სამწუხაროდ, არ არის მეგობარი. ერთი მხრივ, მას ოკუპირებული აქვს ჩვენი ძირძველი ტერიტორიები, მეორე მხრივ მასთან გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. როგორც საქართველოს ერთმა რიგითმა მოქალაქემ არ მინდა ვიფიქრო, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მოგვარებისგან შორს ვართ…
– ჩინეთთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება „ქართული ოცნების“ ბოლო წლების მმართველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. როგორ ხედავთ საქართველოსა და ჩინეთს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივას?
– დავიწყოთ იქიდან, რომ ჩინური კულტურა და ჩინური ენა, რომ არაფერი ვთქვათ დამწერლობაზე, არის ძალიან სპეციფიკური, ამიტომ ჩინური კულტურის ექსპანსიას გამოვრიცხავ. საქართველოში ჩინური ენის მასობრივი განვრცობადობა პრაქტიკულად შეუძლებელია. იმავდროულად ჩინეთი ეკონომიკურად არის საკმაოდ ძლიერი სახელმწიფო. ეკონომიკის მოცულობის მიხედვით პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რის გამოც მას აქვს სერიოზული ინტერესი სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში იყოს ერთ-ერთი გლობალური ლიდერი, რისი დასტურიცაა მის მიერ ინიციირებული გლობალური პროექტი „ერთი გზა – ერთი სარტყელი“. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩინეთის მიერ აშშ-ის ჩანაცვლება მსოფლიოში ლიდერობის კუთხით მეტ-ნაკლებად თვალსაწიერ მომავალში პრაქტიკულად გამორიცხულია. მაგრამ დღეს რა პროცესებიც მიდის მსოფლიოში, აშკარაა რომ სულ ცოტა ორპოლუსიანი სისტემა ჩამოყალიბდება, რომლის კონტურებიც თანდათან იკვეთება. ჩინეთი უკავშირდებოდა ევროპას რუსეთზე გამავალი დერეფნის საშუალებით, მაგრამ ის დაიბლოკა 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, როდესაც დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი, ამის გამო დასავლეთმა რუსეთს დაუწესა ეკონომიკური სანქციები. არსებობს რუსეთზე გამავალი დერეფნის ალტერნატივა, რომელიც ჯერ კიდევ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დროს გამოიკვეთა – „დიდი აბრეშუმის გზა“, რომელიც აკავშირებს აზიას ევროპასთან. განახლებული „აბრეშუმის გზის“ პროექტმა გასული საუკუნის 90-იან წლებში დიდი მოწონება დაიმსახურა და მხარდაჭერილი იყო როგორც ევროკავშირის მხრიდან „ტრასეკას“ პროექტით, ასევე აშშ-ს მხრიდან „ინოგეიტის“ პროექტით. ეს ორივე პროექტი მთავრდებოდა ცენტრალურ აზიაში და არ უკავშირდებოდა ჩინეთს. დღეს კი საუბარია იმაზე, რომ ჩინეთს აქვს ინტერესი დაუკავშირდეს ევროპას. ევროპულ სახელმწიფოებსაც სჭირდებათ ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობები. დღევანდელ კონტექსტში „დიდი აბრეშუმის გზას“ ჰქვია „შუა დერეფნის“ პროექტი, რომელიც გაზის აზერბაიჯანსა და საქართველოზე. ამ დერეფნის ინტენსიურად ამოქმედებით ბრიუსელიცაა დაინტერესებული.
– თუმცა, ამ დერეფნის ამოქმედება ეწინააღმდეგება აშშ-ს ინტერესებს, არის თუ არა ეს საქართველოსთვის ხელის შემშლელი ფაქტორი?
-აშშ უშუალოდ საქართველოს წინააღმდეგ კი არ არის განწყობილი, არამედ მისი ინტერესია, რომ ჩინეთი ადვილად ვერ დაუკავშირდეს ევროპას, რისთვისაც შუა დერეფანი უნდა დაიბლოკოს, თუნდაც საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის ხარჯზე. გასათვალისწინებელია, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო და სავალუტო ომები დაიწყო ტრამპის პრეზიდენტობისას და გაგრძელდა ბაიდენის დროსაც. ამერიკის ინტერესში არ არის „შუა დერეფნის“ ამოქმედება! ეს არის იმ კონფლიქტის საფუძველი, რომელიც დღეს ჩამოყალიბდა აშშ-სა და საქართველოს შორის. იმავდროულად საქართველოს ინტერესშია სრული დატვირთვით აამოქმედოს „შუა დერეფანი“. მართალია აშშ პოლიტიკურად კი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მაგრამ სერიოზულ ამერიკულ ინვესტიციებს საქართველოში დიდად ვერ გავიხსენებთ. ერთადერთი მნიშვნელოვანი პროექტი იყო „ეი ი ეს თელასი“, რომელიც მსოფლიო ბანკის პროცედურებით მიეყიდა ამერიკულ კომპანიას, რომელიც შემდგომ გაკოტრდა და აქტივები რუსულ ენერგეტიკულ გიგანტს „რაო ეესს“ 2003 წელს მანვე მიყიდა. აშშ-ს აქვს პოლიტიკური ინტერესი კავკასიაში, რომელიც ჩვენ უნდა გავაძლიეროთ და იმავდროულად მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩინეთის საინვესტიციო პოტენციალი. „შუა დერეფნის“ პროექტს უნდა გაფრთხილება…
– ერთი სიტყვით, რთულ ვითარებაში ვართ…
– როცა არჩევნები დასრულდება და მკაფიოდ გამოიკვეთება აშშ-ში პოლიტიკური ვითარება, უფრო ადვილად შეიძლება კომპრომისებზე წასვლა, აშშ-ს უნდა გავაგებინოთ, რომ „შუა დერეფანი“ არ არის მის წინააღმდეგ მიმართული პროექტი. ეს არის საქართველოსა და ევროპული სახელმწიფოების ინტერესებისთვის.
– საუბარი ურთიერთობების გადატვირთვაზე აშშ-სა და საქართველოს შორის რეალურია?
– ვიმედოვნებ, რომ ეს ასეც იქნება. აშშ-ს არჩევნები ამის მეტ-ნაკლებად რეალურ კონტურებს გამოკვეთს.
– სიღარიბის დაძლევის მიმართულებით როგორ შეაფასებთ „ქართული ოცნების“ პოლიტიკას?
– სიღარიბე არის ორი ტიპისაა, კერძოდ, აბსოლუტური და ფარდობითი. უკანასკნელის დაძლევა პრაქტიკულად შეუძლებელია. როგორც არ უნდა გაიზარდოს მოსახლეობის შემოსავლები ვიღაც შედარებით უფრო ღარიბი იქნება ვიღაცასთან შედარებით. მთავარია დაიძლიოს აბსოლუტური სიღარიბე, რომელიც განისაზღვრება, როგორც ადამიანის ისეთი მდგომარეობა, როცა მის მიერ მიღებული შემოსავლის საფუძველზე განხორციელებული მოხმარება დადგენილ ფიზიოლოგიურ ნორმებზე ნაკლებია.
ის, რომ საქართველოს მთავრობამ ქვეყანას აარიდა ომი, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. როდესაც ქვეყნის ორი ტერიტორია ოკუპირებულია, ძალიან ძნელია ცდუნებას გაუძლო და შეცდომა არ დაუშვა. არ დაგვავიწყდეს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების სამხედრო ძალის გამოყენებით დაბრუნების მოწოდებები ნამდვილად იყო. საყურადღებოა, რომ ეკონომიკური ზრდის პარამეტრები ქვეყანას საკმაოდ მაღალი აქვს, რასაც ადასტურებენ საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი. ყველა საერთაშორისო გამოკითხვებით საქართველოს არა მარტო ეკონომიკაში, არამედ ყველა მიმართულებით აქვს პროგრესი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის სიღარიბის პრობლემის დასაძლევად. იმისთვის, რომ აბსოლუტური სიღარიბე დაიძლიოს აუცილებელი ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევა, როცა ეს ზრდა ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკაში აქტიური ჩართულობით განხორციელდება.
ესაუბრა შორენა პაპაშვილი