ხმაურისა და წინააღმდეგობების ფონზე მიღებული „უცხო ძალის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ძალაში შესვლამდე მმართველმა პარტიამ -„ქართულმა ოცნებამ“ 15 ივლისს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების კვლევა გამოაქვეყნა. შეისწავლეს ის 474 ორგანიზაცია, რომლებიც კანონპროექტს ინიციირების დღიდან ეწინააღმდეგებოდნენ და არც მისი ამოქმედების შემდეგ აპირებენ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას. 8 აპრილს ამ ორგანიზაციებმა „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ პეტიციას მოაწერეს ხელი.
კვლევის თანახმად, რომელიც საზოგადოებას პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ ბრიფინგზე წარუდგინა, არასამთავრობო ორგანიზაციების ნახევარზე მეტს არ გააჩნია ვებგვერდი, არ აქვთ დასახელებული დონორი ორგანიზაციები, ორგანიზაციების სრულ უმრავლესობას არ აქვს მითითებული გრანტის ვადა და არც დაფინანსებული პროექტების მიზნობრიობას ასაბუთებენ. გივი მიქანაძის განმარტებით, ეს არის საბაზისო კვლევა, რომელიც მოიცავს ძირითად მონაცემებს, თუ რამდენად გამჭვირვალე არიან ეს ორგანიზაციები და რამდენად არის ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის მათი საქმიანობის, დაფინანსებისა თუ გუნდის შესახებ ინფორმაცია.
„7 კომპონენტი ავიღეთ შესასწავლად – აქვს თუ არა ორგანიზაციას ვებგვერდი, მითითებული აქვს თუ არა დონორი ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია, ან მისი ლოგო, პროექტები, რომელიც განხორციელებულია და მიმდინარეა, მისი სახელწოდება არის თუ არა წარმოდგენილი საჯაროდ, რამდენია გრანტის ოდენობა თითოეულ პროექტზე მიღებული, რა პერიოდულობის არის ეს პროექტი და გრანტი, აქვთ თუ არა გამოქვეყნებული წლიური ანგარიში და ვინ ახორციელებს კონკრეტულ პროექტებს, ვინ არიან გუნდის წევრები“, – აცხადებს მიქანაძე.
შედეგად დადგინდა:
- 474 ორგანიზაციიდან 51%-ს არ გააჩნია ვებგვერდი;
- დონორების შესახებ ინფორმაცია 62%-ს არ აქვს მითითებული;
- პროექტების დასახელება მითითებული არ აქვს 68%-ს;
- გრანტების ოდენობა 89%-ს არ აქვს მითითებული;
- გრანტის ვადა ყოველი 5-დან ოთხს არ აქვს მითითებული;
- წლიური ანგარიში 97%-ს არ აქვს მითითებული;
- ინფორმაცია გუნდის შესახებ არ აქვს მითითებული 70%-ს.
„ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების საზოგადოების წინაშე ღიაობისა და ანგარიშგების თვალსაზრისით კატასტროფული მდგომარეობაა, რაც კიდევ ერთხელ არწმუნებთ იმაში, რომ კანონის მიღება აუცილებელი იყო.
„რამდენიმე კვირაში ეს კანონი ამოქმედდება და ფაქტია, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც აქამდე ეწინააღმდეგებოდნენ ამ კანონს, რეალურად არ არიან გამჭვირვალეები“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
მისივე შეფასებით, ცრუობენ იმ ორგანიზაციების ხელმძღვანელები, რომლებიც მთელი ძალისხმევით, თვეების განმავლობაში აპროტესტებდნენ „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღებას და ამას ძირითადად ასაბუთებდნენ იმით, რომ ისინი მაქსიმალურად გამჭვირვალე არიან და მათი ნებისმიერი ინფორმაცია დაინტერესებული პირისთვის იოლად ხელმისაწვდომია. დიდი დაფინანსების მქონე ენჯეოების უმრავლესობა საქმიანობის შესახებ ინფორმაციას მალავს.
სახელისუფლებო გუნდის კვლევას სპეკულაციურს უწოდებენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. “ოცნების“ მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებზე საუბარი არ სურთ, თუმცა ამტკიცებენ, რომ მათი საქმიანობა გამჭვირვალეა.
ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ საქართველოში რეგისტრირებულ ასობით არასამთავრობო ორგანიზაციაში, შესაძლოა გარკვეული პრობლემები მართლაც იყოს. მიუხედავად ამისა, ისინი მესამე სექტორის პოზიციას იზიარებენ. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ გამჭვირვალობის კანონი სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვის ინსტრუმენტია.
„უცხო ძალის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი საქართველოს პარლამენტმა მაისში მიიღო. პროექტის თანახმად, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი საზღვარგარეთიდან დონაციაზე მოდის – ამიერიდან ვალდებულები იქნებიან ფინანსური დეკლარაცია ყოველწლიურად შეავსონ.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული კვლევა ტყუილზეა დაფუძნებული და მმართველი გუნდის პროპაგანდის ნაწილია.
“ჩვენთან დაკავშირებით წერია, რომ ყოველწლიური ანგარიშები არ გვაქვს, მაშინ, როცა ჩვენს ვებგვერდზე ყველა წლის ანგარიშებია გამოქვეყნებული. ეს თუ ვერ იპოვეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავიანთი პიარკამპანია ცრუ ინფორმაციაზე უნდა ააგონ. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ და რაღაც ფორმით იმის გამართლებას, რომ თითქოს, ამ კანონის მიღება ლეგიტიმური იყო, რაც სრულიად მცდარი, არსებულ რეალობასთან აცდენილია. მათი პროპაგანდის კიდევ ერთი ხაზი ამ ტყუილზე გადის”, – განაცხადა ქურდოვანიძემ.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს დონორ ორგანიზაციებში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. როგორც მან Dalma News-თან საუბრისას აღნიშნა, მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, რადგან არსებობენ მცირებიუჯეტიანი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც საზოგადოება მაინცდამაინც ფართოდ არ იცნობს და არც ვებგვერდის ქონის ფუფუნება აქვთ. ასეთი ორგანიზაციები მუშაობენ რეგიონებში მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიასთან. ვებგვერდს სჭირდება შექმნა, ტექნიკური მომსახურება, თანამშრომლების ჯგუფი, რომლებიც ამ გვერდს ამუშავებენ და სხვა. ამდენად არ არის გასაკვირი, რომ მცირე არასამთავრობო ორგანიზაციებს ვებგვერდი არ ჰქონდეთ. თუმცა, მეორე მხრივ, საქართველოში არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც ნამდვილად აქვთ იმდენი ფინანსები, რომ შეუძლიათ იქონიონ ვებგვერდი და გამოაქვეყნონ მათი საქმიანობის ამსახველი კონტენტი.
„დიდ და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებს ჰყავთ შვილობილი ორგანიზაციები, რომლებსაც აძლევენ ე.წ. სუბგრანტებს. ვთქვათ, რომელიმე დიდმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიიღო დიდი მოცულობის გრანტი, მას სჭირდება თავისი წარმომადგენლობა რეგიონებში, რომ განახორციელოს ესა თუ ის პროექტი. ამისათვის, ის აძლევს „სუბგრანტს“ რომელიმე ადგილობრივ “ენჯეოს”, რომელიც, თავის მხრივ, განხორციელებული სამუშაოს შემდეგ ანგარიშს აბარებს დიდ ენჯეოს. შესაბამისად, ეს თანხა და საქმიანობა უნდა იყოს ასახული ან დიდი ენჯეოს ვებგვერდზე, ან კიდევ იმ ორგანიზაციის ვებგვერდზე, თუ ასეთი გააჩნია”, – განმარტავს ზაალ ანჯაფარიძე.
მეორე საკითხია მცირებიუჯეტიანი ორგანიზაციების პოლიტიკაში ჩაბმა. აქაც დიდის მცირეზე გავლენის სქემა მოქმედებს. თუ კი დიდი “ენჯეოები” მათგან ფინანსურად დავალებული ორგანიზაციებისგან პოლიტიკურ აქციებში მონაწილეობას მოითხოვენ, შესაძლებელია ამაზე უარი ვერ უთხრან, მიუხედავად იმისა, თავად რას ფიქრობენ. ანალიტიკოსის განმარტებით, მსგავსი პრაქტიკა არაერთია.
“მე როცა ვიყავი დონორ ორგანიზაციაში, არაერთხელ მქონია მსგავსი პრაქტიკა, ეს დღესაც მუშაობს, როდესაც თბილისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები იღებენ ფულს და თვითონ გასცემენ პატარ-პატარა ორგანიზაციებზე. ადვილი შესაძლებელია, რომ სიმრავლის ეფექტის შესაქმნელად დიდმა ორგანიზაციებმა პეტიციაზე მცირე და ნაკლებად ცნობილი ორგანიზაციების ხელმოწერასაც გაუკეთეს მობილიზება. ის, რომ ყველა ამ ორგანიზაციას ექნებოდა საკუთარი ვებგვერდი, ამის მოლოდინი არ მქონია”, – ამბობს ზაალ ანჯაფარიძე.
მისივე ინფორმაციით, დღეს არასამთავრობო სექტორში მიდის დისკუსია იმაზე, დარეგისტრირდნენ თუ არა იუსტიციის ერთიან რეესტრში? ბევრ მათგანს აქვს მიმდინარე პროექტი, შესაბამისად, რომ არ დარეგისტრირდნენ, მოუწევთ ჯარიმის გადახდა. თუ კიდევ ერთხელ დაარღვევენ კანონს, განმეორებით მოუწევთ ჯარიმის გადახდა.
“შეიძლება 10 000 და 25 000 ლარი არ იყოს დიდი თანხა გარკვეული კატეგორიის “ენჯეოებისთვის”, მაგრამ შეიძლება ეს მძიმე ტვირთი აღმოჩნდეს ისეთი ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც არ აქვთ დიდი ფინანსური რესურსი, ამიტომაც ისინი საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, საიდან მოიტანონ ჯარიმის თანხა? ახლა მიდის დისკუსია იმაზე, უერთგულონ იმ პრინციპს, რომ არ დარეგისტრირდნენ, თუ მაინც წავიდნენ კომპრომისზე? არ ვიცი, როგორც დამთავრდება ეს დისკუსია“, – განუცხადა Dalma News-ს ზაალ ანჯაფარიძემ.
რაც შეეხება თავად “გამჭვირვალობის შესახებ კანონს” რომელიც დღე-დღეზე ამოქმედდება, ანალიტიკოსის აზრით, წმინდა ფორმალური თვალსაზრისით, მან პრობლემები არ უნდა შეუქმნას არასამთავრობო სექტორის მუშაობას ქვეყანაში. ჩვეულებრივ განაგრძონ უცხოეთიდან თანხების მიღება და დარეგისტრირდნენ, როგორც უცხოური დაფინანსების მიმღები, რათა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც შევა ერთიან რეესტრში, ეცოდინება, თუ რომელი ორგანიზაცია იღებს ფულს უცხოეთიდან.
ზაალ ანჯაფარიძის თქმით, ანალოგიურად ამერიკული FARA-ს სისტემაში არის, რომ უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაცია აქვეყნებს არა ზოგად, არამედ ძალიან დეტალურ ინფორმაციას, თუ რა მიზნით დახარჯა ესა თუ ის თანხები, ასეთივე ინფორმაციის წარდგენა მოუწევთ საქართველოში მოქმედ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებსაც.
თუ გავითვალისწინებთ ქვეყანაში არსებულ განწყობებს, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისთვის კანონზე დამორჩილება თვითმკვლელობის ტოლფასია. ყველამ ვიცით, რომ საქართველოში უამრავი მედია თუ არასამთავრობო ორგანიზაცია ფინანსდება უცხოეთიდან, ანუ არის უცხოური გავლენის აგენტი. ეს გავლენა შეიძლება იყოს როგორც პოზიტიური, ისე არც თუ მთლად პოზიტიური. “ენჯეოების” აზრით, თუ ასეთი სახით წარდგებიან საზოგადოების წინაშე დაკარგავენ მოქალაქეების მხრიდან ნდობას.
ანალიტიკოსის შეფასებით შიშები ცოტა გადაჭარბებულია, რადგან მანამდეც ცნობილი იყო ყველასთვის, რომ ეს ორგანიზაციები გარედან ფინანსდებოდნენ. პირად საუბრებშიც უთქვამთ, რომ ისინი არიან უცხოური ინტერესების გამტარებლები, მაგრამ ამის ოფიციალურად დაფიქსირება არ სურთ.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკვე შეიტანა. ამასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი არასერიოზული ადამიანია, რადგან, ერთი მხრივ, ის არ ცნობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას (როდესაც ის ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევაში დამნაშავედ გამოაცხადეს), მეორე მხრივ, სწორედ იმავე სასამართლოს მიმართავს სარჩელით მისთვის მიუღებელი კანონის გაუქმების მოთხოვნით.
შორენა პაპაშვილი