თბილისის ნერსისიანის სასულიერო სკოლა ამიერკავკასიაში პირველი სომხური საშუალო სკოლა იყო, რომელიც მე-19 საუკუნის ცოდნის უმნიშვნელოვანეს სამჭედლოს წარმოადგენდა. ის ეპისკოპოსმა ნერსეს აშტარაკელმა დააარსა. სკოლას „სასულიერო“ ერქვა, თუმცა რეალურად ის კავკასიაში მცხოვრები სომხების კულტურისა და განათლების მთავარ ცენტრს წარმოადგენდა.
ნერსისიანის სემინარიამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ახალი სომხური სალიტერატურო ენის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. სემინარიაში 1823 წელს დაარსდა თბილისში პირველი სომხური სტამბა, სადაც ამიერკავკასიის პირველი სომხური პერიოდული გამოცემა – „კავკასია“ გამოიცა. აქვე ჩამოყალიბდა პირველი თეატრი და თეატრალური დასი, პირველი მგალობელთა გუნდი.
თავისი არსებობის ასი წლის განმავლობაში თბილისის ნერსისიანის სემინარია 2000-ზე მეტმა სხვადასხვა დარგის სპეციალისტმა დაამთავრა. ნერსისიანელები იყვნენ სომხური ლიტერატურის ბუმბერაზები: ხაჩატურ აბოვიანი, გაბრიელ სუნდუკიანი, პერჭ პროშიანი, დერენიკ დემირჭიანი, ლევონ შანთი, ღაზაროს აღაიანი,ოვანეს თუმანიანი და მრავალი სხვა.
“სემინარიის კურსდამთავრებულები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გადავიდნენ, თუმცა საქართველოს სტუმართმოყვარე დედაქალაქის სითბო, მარად შეინარჩუნეს თავიანთ გულებში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ენერგია დღესაც ამ შენობის კედლებშია და ყველა, ვინც კავკასიის უნივერსიტეტში სწავლობს, იგივე სითბოს შეიგრძნობს, უცხოეთიდან სასწავლებლად ჩამოსული სტუდენტი კი, სამშობლოში დაბრუნებული, ქართული კულტურის მარადიული თაყვანისმცემელი გახდება”, – აცხადებს თბილისის მკვიდრი, სომეხი საზოგადო მოღვაწე ლევონ ჩიდილიანი.
თბილისის ნერსისიანის სასულიერო სკოლის დაარსებიდან 200 წელი გავიდა, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, 26 იანვარს, თბილისის კავკასიის უნივერსიტეტში გამოფენა – „თბილისის ნერსისიან სასულიერო სკოლა 200“ გაიხსნა. ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩო და თბილისის კავკასიის უნივერსიტეტი.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 200-ზე მეტი საარქივო დოკუმენტი და ფოტოსურათი, რომლებიც სომხეთისა და საქართველოს ეროვნულ არქივებსა და ეროვნულ ბიბლიოთეკებში ინახება. აგრეთვე, სომხეთის იეღიშე ჩარენცის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში; ხელოვნების, სომხეთის ისტორიისა და სარდარაპატის მუზეუმებში, მატენადარანში, ასევე, კერძო კოლექციებში.
გამოფენის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ მაღალი რანგის სტუმრები სომხეთიდან და საქართველოდან, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში აშოტ სმბატიანმა.
დიპლომატმა გამოფენის მოწყობისთვის მადლობა გადაუხადა კავკასიის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას და უსურვა, რომ კავკასიის უნივერსიტეტი, ისევე, როგორც ერთ დროს, თბილისის ნერსისიანის სასულიერო სკოლა, კვლავაც იყოს სპეციალისტთა სამჭედლო, რომლებიც ცივილიზაციის განვითარების საქმეში საკუთარ კვალს დატოვებენ.
ღონისძიების დასასრულს უნივერსიტეტის მთავარ შესასვლელთან კავკასიის უნივერსიტეტის შენობის ისტორიის ამსახველი მემორიალური დაფა გაიხსნა.
როგორც გამოფენის ავტორმა, თბილისის მკვიდრმა, სომეხმა საზოგადო მოღვაწე ლევონ ჩიდილიანმა გვითხრა, სკოლის ორსართულიან შენობას საძირკველი 1822 წელს საზეიმოდ ჩაეყარა, თუმცა სკოლამ ფუნქიონირება 1824 წლის 1 დეკემბერს დაიწყო, როდესაც ვანქის საკათედრო ტაძარში მოქმედი სკოლა ახალ შენობაში გადავიდა, სწორედ ეს დღე მიიჩნევა ნერსისიანის სემინარიის დაარსების ოფიციალურ თარიღად.
სემინარია თბილისში, ე.წ. სოლდატსკი ბაზრის, ამჟამად ორბელიანის მოედანზე მდებარეობდა. 1859 წლის იანვარში სკოლისთვის მეურვეებმა უფრო დიდი შენობა შეიძინეს და ის თბილისის ფოსტის ყოფილ შენობაში, ბარონსკაიას ქუჩაზე, ამჟამად ანტონ ფურცელაძისა და ფხოვის ქუჩების კვეთაზე გადავიდა.
იმის გამო, რომ მოსწავლეთა რიცხვი დღითი-დღე იზრდებოდა, 1909 წლის 20 ივნისს ალექსანდრე მანთაშიანცის მეცენატობით და ყოველთა სომეხთა კათალიკოსის მათევოს II იზმირლიანის კურთხევით ჩუღურეთის რაიონში, არსენალის მაღლობზე, საძირკველი ჩაეყარა ახალ 3-სართულიან (ანუ დღეს არსებულ) შენობას. ორი წლის შემდეგ ალექსანდრე მანთაშიანცი გარდაიცვალა და სკოლის აშენების შემდგომი ხარჯები ალექსანდრეს ვაჟებმა იკისრეს.
1912 წელს სემინარია 1000 მოსწავლეზე გათვლილ ახალ შენობაში გადავიდა, რომელიც იმ დროისათვის, საუკეთესო სასკოლო შენობა იყო რუსეთის იმპერიის მთელ ტერიტორიაზე. მანთაშიანცების ოჯახმა სკოლის მშენებლობასა და კეთილმოწყობაზე 392 ათასი რუბლი დახარჯა.
“სემინარიაში სწავლა უფასო იყო. აქ სწავლობდნენ მხოლოდ ვაჟები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. სემინარია სრულად უზრუნველყოფდა გაჭირვებული მოწაფეების ყველა საჭიროებას. ნიჭიერი მოწაფეები სწავლას ევროპისა და რუსეთის უნივერსიტეტებში აგრძელებდნენ სკოლის ფინანსური მხარდაჭერით. სემინარია მოქმედებდა მრავალი მოანდერძის თანხებითა და მათი უძრავი ქონების ქირავნობით მიღებული შემოსავლით”, – ამბობს ლევონ ჩიდილიანი.
ყოველთა სომეხთა კათალიკოსი ნერსეს V აშტარაკეცი (საერო სახელი თოროს შაჰაზიზიანი) დაიბადა 1770 წელს სომხეთში, სოფელ აშტარაკში. 1791 წელს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, 1794 წელს – არქიმანდრიტად, ხოლო 1808 წელს – ეპისკოპოსად. ნერსესი თბილისში 1814 წელს ჩამოვიდა, 1814-1827 წწ ხელმძღვანელობდა სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოსა და იმერეთის ეპარქიას. სწორედ საქართველოში შეუდგა თავისი ოცნების ხორცშესხმას. იმ დროს თბილისში მხოლოდ ერთი მცირერიცხოვანი სომხური სკოლა არსებობდა, რომელიც ნორაშენის წმინდა ღვთისმშობლის ტაძარში ფუნქციონირებდა.
ნერსეს აშტარაკეციმ კრებაზე მოიწვია იმდროინდელი გამოჩენილი თბილისელი სომხები და მათ დიდი სკოლის აგების გეგმა წარუდგინა. მთლიანი ხარჯთაღრიცხვა საკმაოდ დიდი იყო იმ დროისათვის – 30 ათასი რუბლის ოდენობით. წინამძღვრის წინადადებას არავინ გამოეხმაურა, ამიტომ, მან ითავა თბილისის ვანქის საკათედრო ტაძრის ერთ-ერთ ოთახში დროებითი, პატარა სკოლის დაარსება.
1818 წელს, საკმარისი თანხის შეგროვების შემდეგ, მათ შორის, მოსკოვში მცხოვრები ლაზარიანების ოჯახის შემოწირულებით, ნერსეს ეპისკოპოსი მომავალი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 32 მაღაზია ააშენა, რომლებსაც აქირავებდა, ხოლო შემოსავალს მთლიანად სკოლის საჭიროებებს ახმარდა.
სკოლის პირველი ზედამხედველი და მასწავლებელი დამფუძნებლის მიერ მოწვეული მოსკოვის ლაზარიანის სემინარიის ლექტორი, პოეტი, ენათმეცნიერი მღვდელი (შემდგომში არქიმანდრიტი) ჰარუთიუნ ალმადარიანი იყო.
ნერსისიანის სემინარია შემდეგნაირად იმართებოდა: თბილისის თითოეული სომხური ეკლესია მრევლიდან ირჩევდა სამ მეურვეს, ეს უკანასკნელი დელეგატები ირჩევდნენ აქედან 12 პირს, რომლებიც შეადგენდნენ სამეურვეო საბჭოს. საბჭოს ირჩევდნენ ოთხი წლის ვადით, და მას ხელმძღვანელობდა სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოსა და იმერეთის ეპარქიის წინამძღვარი. მეურვეები ასევე ირჩევდნენ ზედამხედველს, განუსაზღვრელი ვადით. ზედამხედველსა და მეურვეებს ყოველთა სომეხთა კათალიკოსი ამტკიცებდა. ზედამხედველს ევალებოდა სწავლების ეფექტური ორგანიზება და იმ მასწავლებლების შერჩევა, რასაც ამტკიცებდა სამეურვეო საბჭო. საბჭო უზრუნველყოფდა სკოლის ფინანსურად და ტექნიკურად გამართულ ფუნქციონირებას. სკოლის ყველა სახელმძღვანელო და საგანი განისაზღვრებოდა სამეურვეო საბჭოს მიერ, რასაც შემდგომში დედა საყდარი ამტკიცებდა. საბჭოს წევრები ანაზღაურების გარეშე მუშაობდნენ.
მე-19 საუკუნეში სომხური საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებასთან ერთად, ნერსისიანის სკოლის წყალობით, მნიშვნელოვნად გაფართოვდა სომხური სკოლების სასწავლო გეგმები. ენებისა და სხვა ჰუმანიტარული საგნების სწავლებასთან ერთად, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებმა თანდათან დაიმკვიდრა თავისი დამსახურებული ადგილი.
“ნერსისიანის სემინარიამ და მის ირგვლივ შეკრებილმა ინტელიგენციამ ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა სომხური კულტურისა და მეცნიერების განვითარებაში. მიუხედავად იმისა, რომ სკოლას ჰქონდა სახელწოდება „სასულიერო“, ფაქტობრივად ის საერო იყო და კავკასიელი სომხების პირველ კულტურულ და საგანმანათლებლო სასწავლო კერას წარმოადგენდა”, – ამბობს ლევონ ჩიდილიანი.
1827 წელს კავკასიაში რუსეთის იმპერიის გავლენიან წარმომადგენელთან, ფელდმარშალ ივანე პასკევიჩთან უთანხმოების გამო, ყოველთა სომეხთა კათალიკოსი ნერსეს V აშტარაკეცი კიშინიოვში გადაასახლეს და სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის ბესარაბიის ეპარქიის წინამძღვრად დანიშნეს. 1843 წელს უვადოდ იქნა არჩეული ყოველთა სომეხთა კათალიკოსად. გარდაიცვალა 1857 წელს, თბილისში. მისი ცხედარი ეჩმიაძინში გადაასვენეს და დედა საყდრის მთავარი კარის მარჯვენა მხარეს დაკრძალეს.
“ნერსეს აშტარაკეცის სულიერი მოღვაწეობის ღერძში ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა განათლებას და განმანათლებლობას, რისთვისაც ის იყენებდა მთელ თავის პოტენციალს და შესაძლებლობებს. 1813 წელს ეჩმიაძინში ნერსეს ეპისკოპოსმა დააარსა სამემკვიდრო სკოლა და დაიწყო სამუშაოები დიდი უნივერსიტეტის დაარსების მიმართულებით. თუმცა, გარკვეული დაბრკოლებების წინაშე აღმოჩნდა და პროექტის სისრულეში მოყვანა ვერ მოახერხა”, – ამბობს ლევონ ჩიდილიანი.
შორენა პაპაშვილი