ვნებათაღელვა, რომელიც საქართველოში, მოსკოვის წმინდა მატრონას ხატის ირგვლივ დატრიალდა, სადაც ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებმა იოსებ სტალინის გამოსახულება აღმოაჩინეს, ხოლო სამოქალაქო აქტივისტმა საბჭოთა ლიდერის პიროვნებისადმი პროტესტის ნიშნად ხატს საღებავი შეასხა, დღემდე არ ცხრება. ქართველი ოპოზიციონერები და ე. წ. „პროდასავლური“ საზოგადოება ამ ხატში ხან „პრორუსული პარტიების“ ზოგიერთი ლიდერის გამოსახულებას და ხან ხატწერის პრინციპებიდან გადახრას ხედავს. ე. წ. “პროდასავლური” საზოგადოებისა და ოპოზიციის მხრიდან ზეწოლა იმდენად ძლიერი იყო, რომ საქართველოს საპატრიარქომ თავდაპირველი პოზიცია შეცვალა, “აღმოაჩინა” რა ხატში საეკლესიო კანონების დარღვევა, მრევლის თვალს მოარიდა და მხატვარს სტალინთან დაკავშირებული სიუჟეტის გადაწერა დაავალა. რაც შეეხება ხელისუფლების წარმომადგენლებს და ამჟამინდელი ხელისუფლების მხარდამჭერებს, ისინი ზოგადად გაგებით რეაგირებდნენ საქართველოს ეკლესიის საპატრიარქოს გადაწყვეტილებაზე. მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვისაც მიაჩნდა, რომ საქართველოს საეკლესიო ხელისუფლებამ მიიღო არასწორი, მცდარი გადაწყვეტილება, რომელსაც შეუქცევადი შედეგები მოჰყვებოდა.
აღნიშნული ხატის გარშემო განვითარებული მოვლენების, სტალინის პიროვნებისა და მის როლზე მსოფლიო ისტორიაში, ასევე საქართველოში მისადმი არსებულ დამოკიდებულებასა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე დასავლეთის გავლენაზე, იურისტი და უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე Dalma News-ის კორესპოდენტს ესაუბრა.
– როგორ ფიქრობთ, რა იყო წმინდა მატრონას ხატის ირგვლივ წამოწყებული კამპანიის მიზეზები და მიზნები?
– ჩემი აზრით, ეს ყველაფერი იმას უკავშირდება, რომ ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც საქართველოში მაღალი ნდობით სარგებლობს, საპატრიარქოა და ამ ინსტიტუტის დანგრევა უნდათ. ამის შემდეგ კი დასავლეთს გაუადვილდება საქართველოში იმ პოლიტიკის გატარება, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის: ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება, ლგბტ ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სექსუალური უმცირესობების ყველა სახის აღლუმისა და ფესტივალის გამართვა, ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების შეცვლა. დღეს დასავლეთის გარკვეულ სურვილებს რეალურად მხოლოდ საპატრიარქო ეწინააღმდეგება და მოსახლეობის თვალში ხატის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა ძალიან ძლიერი დარტყმა მიაყენა ეკლესიას. ვფიქრობ, ხატის გადაწერაზე არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს, რაც მოტივირებული იყო ხატზე სტალინის გამოსახულებით. სტალინის ფიგურა ხომ სხვა ხატებზეა გამოსახული. მაგალითად, საბერძნეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში. და არავინ უარყოფს, რომ სტალინი ნამდვილად შეხვდა მატრონას.
– როგორ აფასებთ სტალინის პიროვნებას?
– არ მესმის, რატომ არის ასეთი დამოკიდებულება სტალინის მიმართ. ბოლოსდაბოლოს, რომ არა სტალინი, არც ქრისტიანობა იქნებოდა და არც მართლმადიდებლობა. რადგან იმ წლებში ფაშიზმი მძვინვარებდა. ზოგიერთი ჩვენგანი ფიქრობს, რომ ჰიტლერს რომ გაემარჯვა, ისინი ახლა ბავარიულ ლუდს დალევდნენ და გერმანული მერსედესით იმოძრავებდნენ. მაგრამ რეალურად ქვა ქვაზე არ დარჩებოდა. სტალინმა ფაშიზმზე გაიმარჯვა. შესაძლოა, მისი პიროვნება მართლაც საკამათოა, მაგრამ აქ სტალინზეც კი არ არის საუბარი, არამედ იმაზე, რომ მათი მიზანი საქართველოში საპატრიარქოსა და ეკლესიის დისკრედიტაცია და განადგურება იყო.
– ბოლო წლებში, ფაშიზმზე გამარჯვებაში სსრკ-სა და სტალინის როლის გადახედვის მცდელობები საკმაოდ გახშირდა და გააქტიურდა . საიდან მოდის ეს ყველაფერი და როგორ აისახება ეს ქართულ პოლიტიკაზე?
– დასავლეთი ებრძვის ყველაფერს, რაც ოდნავ მაინც არის რუსეთთან დაკავშირებული. პირდაპირი განცხადებებიც გაკეთდა, რომ საქართველოში ყველაფერი, რაც რუსეთთანაა დაკავშირებული უნდა განადგურდეს. მაგრამ ჩვენ მართლმადიდებლური ქვეყნები ვართ და ეს კი ნიშნავს, რომ მათ მართლმადიდებლობის განადგურება სურთ. აქედან მოდის სტალინის გამოსახულების ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟიც და ის, თუ როგორ ექცევა ზოგიერთი საქართველოში რუსეთიდან ჩამოსულ ტურისტებს. მათ ამით რეალური პრობლემის შექმნა სურთ. ამ ყველაფერს დივერსანტები, ამერიკელი აგენტები აკეთებენ, რომლებიც საქართველოში მოქმედებენ და რომელთა მიზანია საქართველოში მუდმივი არეულობის უზრუნველყოფა. მათ სურთ, რომ საქართველომ სადგისის როლი შეასრულოს. ამგვარი “ჩხვლეტით” რუსეთს ჩვენ ვერაფერს დავაკლებთ და ეს ძალიან კარგად დავინახეთ 2008 წელს. მაგრამ მათთვის (დასავლეთს) ეს სულერთია და ცდილობენ ყველაფერი გაანადგურონ. აკონტროლებენ ჩვენს განათლების სისტემას, ყველა უნივერსიტეტი მათ ხელშია; აკონტროლებენ ყველა მედიას, ტელეკომპანიას და პოლიტიკურ პარტიას; ჩვენს ახალგაზრდობას ტვინი გამოურეცხეს. ახლა კი სურთ გაანადგურონ ის, რაც მათ ჯერ კიდევ ეწინააღმდეგება – ეს არის ეკლესია. მიზანი კი ის არის, რომ საქართველოში ერთგვარი ანტირუსული კუნძული შეიქმნას, რის შედეგებსაც სხვა ქვეყნების მაგალითებზეც შესანიშნავად ვხედავთ. თავად სტალინი და იგივე მატრონა მათ საერთოდ არ აინტერესებთ. ამ ყველაფერს აქ მოქმედი დასავლელი აგენტები აკეთებენ, თან ისე, რომ ამას არ მალავენ.
– მაგრამ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა და ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებას აპირებს…
– რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს. მისი მინიჭების შემდეგ უკვე გამოცხადდა, რომ ყველა სახის არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის დაფინანსება გაიზრდება, რასაც მე დასავლეთის აგენტებად მივიჩნევ. თუ აქამდე სადღაც 5 მილიონს იღებდნენ, ახლა ეს თანხები 10 მილიონამდე გაიზრდება. თავად კანდიდატის სტატუსი კი ქვეყანას რეალურს და სასარგებლოს ვერაფერს მოუტანს. ეს ფული ხომ ძირითადად იმავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ტელეარხებს და ყველანაირ დივერსანტებს ურიგდებათ. რაც შეეხება საქართველოში ქარხნებისა და საწარმოების მშენებლობაზე თანხების გამოყოფას და ეკონომიკაში შეტანილ წვლილს, პირადად მე, ევროკავშირის მხრიდან ასეთი ინვესტიციების შესახებ არაფერი ვიცი. მე ევროკავშირს სოდომისტურ გაერთიანებად ვთვლი, რადგან იმავე სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა, რომ პრეზერვატივებზე წმინდანების სახეების გამოსახვა გამოხატვის თავისუფლებაა. ევროკავშირის დროშის დაწვისთვის მამაკაცი დააპატიმრეს, მაგრამ აქტივისტი, რომელმაც ხატს საღებავი შეასხა, თავისუფალია. ვფიქრობ, ევროკავშირი მალე დასრულდება და ამის დასტურია საპროტესტო აქციები, რომლებიც იმართება გერმანიაში, საფრანგეთში…
– როგორ აფასებთ პოლონელი დიპლომატის მოწოდებას საქართველოს ხელისუფლებისადმი სტალინის მუზეუმის დახურვის შესახებ?
– ეს იყო უკიდურესად არადიპლომატიური ნაბიჯი. სტალინი პოლონელი რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, ვარშავის ცენტრში მუზეუმი გაკეთდებოდა და სტალინის ძეგლი დაიდგმებოდა. თუ ისინი სტალინის პიროვნების წინააღმდეგნი არიან, მაშინ დააბრუნონ ის მიწები, რომლებიც სტალინმა მათ გერმანიასთან ომის შემდეგ გადასცა. შეიძლება ვიღაცას სტალინი არ მოსწონოს, მაგრამ ეს კაცი ქართველი იყო და პირველ რიგში ჩვენს ისტორიას პატივი უნდა ვცეთ. არ მესმის, როგორ შეიძლება დახურო მუზეუმი, რომელსაც საქართველოს ბიუჯეტში ყველაზე დიდი შემოსავალი აქვს. აქ ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის, განსაკუთრებით ჩინეთიდან. ვფიქრობ, უცხოელი დიპლომატის ამგვარ დამოკიდებულებაში ნაწილობრივ ხელისუფლებაც არის დამნაშავე. სტალინი თუ არ უყვართ, კი ბატონო; მაგრამ ფული ხომ უყვართ?! იგივე გორი, მექად უნდა იქცეს. სტალინის შესახებ ფილმებს მხოლოდ რუსეთში კი არა, ჩინეთში და ევროპაშიც იღებენ, რადგან ეს ისტორიაა და გვინდა თუ არა, ისტორიას პატივი უნდა ვცეთ. მაგრამ რატომღაც ზოგიერთი იდიოტის უფრო გვჯერა. გარდა ამისა, სტალინს არა მხოლოდ უსამართლოდ ექცევიან, არამედ მის მუზეუმში რეპრესიების ოთახი შექმნეს, სადაც ტურისტებს უყვებიან, რომ სტალინი კი კარგი იყო, მაგრამ ხალხსაც ხვრეტავდაო. ეს ძაგლის აღებაზე უარესია. ეს არის ჩვენი ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ ბრძოლა. ამ ადამიანმა ფაშიზმი შეაჩერა. შემდეგ კი სწორედ ის ლიბერალები დაამარცხა, რომლებიც ახლა მის წინააღმდეგ იბრძვიან. მისი, გარდაცვლილისას კი ეშინიათ. ევროპაში ნადგურდება ძეგლები (საბჭოთა ჯარისკაცების). თუ ასეა დაუბრუნონ გერმანიას ის მიწები, რომლებიც მან ომის დროს წაართვა. ამ ყველაფერს აკეთებენ თანამედროვე ფაშისტები, რომლებიც ევროპაში ძალიან მომრავლდნენ.
– მიუხედავად ამისა, საქართველოს საპატრიარქომ აღიარა, რომ ხატზე სტალინის ფიგურა ხატწერის პრინციპების დარღვევაა. რუსეთში კი სტალინის პიროვნებისადმი დამოკიდებულება ორაზროვანია…
– კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეკლესიამ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა და ლიბერალების მოთხოვნილებებს დამორჩილდა. ისინი ეკლესიაში არ დადიან, მაგრამ ხატებზე ისე საუბრობენ, თითქოს თავად იყვნენ მომლოცველები. სტალინი დიდი პიროვნება იყო. რუსეთშიც კი ახლა ხდება წარსულის გადაფასება და ეს აშკარაა. თუ ადრე ხრუშჩოვი ისტორიას გადააკეთებდა და თავის ცუდ საქმეებს სტალინს მიაწერდა, დღეს სხვაგვარი დამოკიდებულებაა. იმ დროს, როდესაც რევოლუციის შემდეგ, ეკლესიის დევნა დაიწყო, სტალინი ხელისუფლებაში არ ყოფილა. სტალინს არავითარი როლი არ უთამაშია სამეფო ოჯახის სიკვდილით დასჯაში და როდესაც იგი ხელისუფლებაში მოვიდა, სწორედ მაშინ დაიწყო სემინარიების გახსნა. შემდეგ იგი შეხვდა მატრონას. ზემოთ აღნიშნულ ხატს მთელი მოსკოვი აქვს მოვლილი. ჩვენს დიდ წმინდანს, პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეს ნათქვამი აქვს, რომ სტალინი დიდი კაცი იყო, ხოლო დღევანდელი პატრიარქი იხსენებდა, რომ როდესაც სტალინი გარდაიცვალა, იგი მწარედ ტიროდა. შესაძლოა, იმ ეპოქაში საბჭოთა კავშირი იმპერია იყო და შეცდომებიც მრავლად იყო დაშვებული, მაგრამ სტალინის როლი ისტორიაში უზარმაზარია და მას ჩრდილს ვერაფერი მიაყენებს.
ესაუბრა ირინა ხაჩიძე