საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებისთვის სკანდალები დიდი ხანია უცხო აღარ არის. 2024 წლის პირველივე კვირაში აფეთქებულმა სკანდალმა მართლმადიდებელთა მთავარი დღესასწაული – იესო ქრისტეს შობის ზეიმიც კი გადაფარა.
საქმე იმაშია, რომ 2023 წლის 14 ნოემბერს, თბილისის საკათედრო სამების ტაძარს პოლიტიკურმა პარტიამ – “პატრიოტთა ალიანსმა” შესწირა ხატი, რომელიც ფართო საზოგადოებრივი განხილვის საგნად ახალი წლის პირველ კვირებში იქცა. სანამ ერთი სკანდალური დეტალის შესახებ არ გახდა ცნობილი, ხატის სამების ეკლესიაში არსებობა, არა მხოლოდ მრევლისთვის, მღვდელ-მსახურთათვისაც კი, შეუმჩნეველი იყო. საუბარია მოსკოველი წმინდანის, ნეტარი მატრონას 2-მეტრიან ხატზე, რომელზეც XX საუკუნეში მოღვაწე წმინდანის ცხოვრების ეპიზოდებია გამოსახული. ამ ეპიზოდებს შორის არის მატრონასა და სტალინის შეხვედრაც.
ემიგრაციაში მყოფმა დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ, რომელსაც მღვდლის სტატუსი ამჟამად შეჩერებული აქვს, 7 იანვარს ფეისბუკზე გამოაქვეყნა ხატის ფოტოები, სადაც სტალინია გამოსახული. ყურადღება მიაქციეთ, საკითხის გარკვევას ჭიღლაძე საპატრიარქოსთან კი არ შეეცადა, სადაც წლების განმავლობაში თავადაც მსახურობდა, არამედ, პირდაპირ საზოგადოებრივ სამსჯავროზე გამოფინა, რათა ქართული ეკლესიისთვის მიეყენებინა დარტყმა. ჭიღლაძის შემდგომ, რამდენიმე საათში, იმავე ხატის ვიდეომასალა სოციალურ ქსელში პარტია “ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი კანდელაკმაც გაავრცელა. ერთი სიტყვით, ეს თემა საინფორმაციო გამოშვებების მთავარ ამბად იქცა.
სტალინის გამოსახულებიანი ხატის სამების ტაძარში არსებობას ქართული საზოგადოების აღელვება და პროტესტი მოჰყვა. როგორც ჩანს, მატრონას ხატზე სტალინის ეპიზოდის არსებობა, არც საპატრიარქოში სცოდნიათ. უფრო მეტიც, როგორც Dalma News-მა სანდო წყაროსგან შეიწყო, მატრონას ხატის სამებაში დაბრძანებასთან დაკავშირებით არაფერი იცოდა თავად პატრიარქმა ილია მეორემაც.
სკანდალი ამით როდი დასრულდა. 9 იანვარს, სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ თბილისის სამებაში მატრონა მოსკოველის ხატს ლურჯი საღებავი შეასხა. ამ ფაქტის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში თავადვე გაავრცელა. ინციდენტთან დაკავშირებით საქმე წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით აღიძრა, რასაც არ ეთანხმებიან “კონსერვატორული მოძრაობის” ლიდერები. ნატა ფერაძის დაპატიმრებას მოთხოვნით მათ ხელისუფლებას 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენეს.
“კონსერვატორული მოძრაობის” (რომელიც, ასევე “ალტ-ინფოს” სახელითაა ცნობილი), ლიდერები საქმის სისხლის სამართლის მუხლით გადაკვალიფიცირებას მოითხოვენ, რაც ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა გულისხმობს რელიგიური რიტუალების აღსრულების უკანონო შეფერხებისთვის, ძალადობის, მუქარის ან მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფის გზით. შესაბამისი განცხადება პოლიციაში შეიტანეს.
13 იანვარს “ალტ-ინფომ” პარლამენტის შენობის წინ მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გამართა, სადაც წმინდანის ხატის შეურაცხყოფა გააპროტესტეს. აქციაზე შეკრებილების მოთხოვნაა: ხელისუფლებამ სასწრაფოდ მიიღოს კანონი, რომლის საფუძველზეც მსგავსი ფაქტები დაისჯება არა ჯარიმით, არამედ პატიმრობით.
„თუ ჩვენ ამას გავატარებთ და არ გვექნება ჯანსაღი პროტესტი, ეს იქნება ბიძგი იმის მოხდენის, რაც მოხდა უკრაინაში“, – განაცხადა მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამ.
აქცია სამების ეკლესიისკენ მსვლელობით გაგრძელდა, რის შემდეგაც მოქალაქეებმა მატრონას ხატს თაყვანი სცეს.
პარალელურად, საზოგადოებრივი რეზონანსის ფონზე, საპატრიარქომ გააკეთეს განცხადება, რომ სტალინისა და მატრონას შეხვედრის შესახებ „არასაკმარისი მტკიცებულებები“ არსებობს, ამიტომ საჭიროა ხატში შევიდეს ცვლილებები. საპატრიარქომ მიმართა ხატის შემწირველებს, შეცვალონ სტალინთან შეხვედრის ეპიზოდი თუ არადა, საპატრიარქო ამას თავად გააკეთებს.
როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ეკლესიას, რომელმაც მატრონა წმინდანად შერაცხა და ამ საკითხზე სპეციალური კვლევაც ჩაატარა, იოსებ სტალინის წმინდა მატრონასთან შეხვედრა, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ შეუტანია “მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში”.
„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი საპატრიარქოს მოთხოვნას ფეისბუქში გამოეხმაურა:
“თუ ეკლესია გადაწყვეტს, ვთხოვთ ხატმწერს, რომ ეს ფრაგმენტი სხვა შინაარსის ფრაგმენტით შეცვალოს, ვინაიდან საპატრიარქო მოგვიწოდებს, უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა უნდა ვაპატიოთ ვინმეს!”, – განაცხადა მან.
ხატის დამცველებზე მეტად რადიკალურია დეკანოზ ილია ჭიღლაძის პოზიცია. იგი ხატისთვის არათუ საღებავის შესხმას ამართლებს, არამედ მოითხოვს “მკრეხელური ხატი” დაწვან.
“ჩვენი საპატრიარქოსგან მოვითხოვ კატეგორიულად რომ ეს მატრონა-სტალინის მკრეხელური ნახატი გამოათრიონ საპატრიარქო ტაძრიდან და საჯაროდ დაწვან, თანახმად საეკლესიო წესისა!”, – წერს ჭიღლაძე სოციალურ ქსელში.
როგორც ირმა ინაშვილი აცხადებს, ხატში სტალინის გამოსახვასთან “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებს არანაირი კავშირი არ აქვთ. მისივე თქმით, ხატში ყველაფერი კანონიკურია და არავითარი წესები დარღვეული არ არის. მატრონას ხატი დაიწერა თბილისში ქართველი ხატმწერის მიერ. მონაზვნის ცხოვრებიდან სცენები ავტორმა თავად შეარჩია და თავის მოძღვართან შეათანხმა. ხატი 2 წლის განმავლობაში იქმნებოდა.
“ხატი გარკვეული ხნის განმავლობაში თავად-აზნაურობის ოფისში იმყოფებოდა, სადაც არაერთი მეუფე არაერთხელაა ნამყოფი. მათ შორის იყო მეუფე ნიკოლოზი. სტალინის სცენისთვის, არც ჩვენ და არც ვინმე სხვას ყურადღება არ მიგვიქცევია. სტალინის გამოსახვა მხოლოდ ღმერთის სიდიადეზე მეტყველებს და არაფრის დარღვევა არ არის. ამავდროულად, ისე გამოდის, თითქოს ჩვენ სტალინს ვიცავთ. ჩვენ არავითარი კავშირი არა გვაქვს ხატზე სტალინის გამოსახვასთან. ჩვენ სტალინს კი არა, ხატს ვიცავთ და ვიცით, რომ სტალინის ამ ფორმით ხატზე გამოსახვა არანაირი დარღვევა არ არის”, – აცხადებს ირმა ინაშვილი.
მატრონას ხატზე სტალინის გამოსახვას, არც გრიშა ონიანი მიესალმება. საერთაშორისო საზოგადოება „სტალინი“-ს ორგანიზაციის თავმჯდომარე ხატზე სტალინის გამოსახვას დიდი ბელადის სახელის შეურაცხყოფად მიიჩნევს, ასევე, კატეგორიულად გამორიცხავს სტალინის სიცოცხლეში მსგავსი ეპიზოდის არსებობას.
როგორც ხატმწერი ლევან ფიროსმანაშვილი ამბობს, წმინდა მატრონას ცხოვრება გადმოცემებზეა დაფუძნებული, ისევე როგორც ქსენია პეტერბურგელის და მამა გაბრიელის. ამ დროს ცნობათა შეჯერება ხდება, რომ ნამდვილი და მოგონილი გაიმიჯნოს. მატრონას შემთხვევაში საქმე ორ საკითხთან გვაქვს: ქრისტიანობის დიდი დევნა და თავად მატრონას დევნა. მასთან სტალინის ვიზიტის დამაჯერებლობის პრობლემასაც ეს ორი მიზეზი განაპირობებს.
“ამბის დაშვების შემთხვევაში, ხატზე სცენის არსებობა უფლებამოსილია. უარყოფითი პირები ძალმოსილ თუ კნინობით ვითარებაში უამრავი და ბუნებრივი მდგომარეობაა, მხატვრობაში აისახონ. ეს მოცემულობა ფრიადია საეკლესიო სინამდვილეში, იმდენად რომ ჩამოთვლაც კი შეუძლებელია”, – აცხადებს ლევან ფიროსმანაშვილი.
იყო თუ არა ყოველივე წინასწარ დაგეგმილი პოლიტიკური პროვოკაცია? – ამ კითხვით Dalma News-მა პოლიტოლოგსა და ფსიქოლოგს – რამაზ საყვარელიძეს მიმართა.
საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ ხატის გარშემო ხმაურის ატეხა წინასწარ განზრახული ქმედება ყოფილიყო და არა შემთხვევითობა. მისივე თქმით, ქართულ პოლიტიკაში ყველაზე წარმოუდგენელი და შეუძლებელი ალიანსებიც კი შესაძლებელია. მაგრამ უფრო დასაფიქრებელია საზოგადოების რეაქცია, რომელიც ყველაფერზე უკვე, ისტერიკულად რეაგირებს, უპროგნოზო ხდება ხალხის რეაქცია.
„რა მიზანი ჰქონდა ამ ემოციებს, რომელიც ახლაც გრძელდება სოციალურ ქსელში. ადამიანები ნერვიულობენ იმას, თუ ხატი საიდან გაჩნდა. ნერვიულობენ იმაზეც, სტალინი სწორი ფიგურაა საქართველოსთვის თუ არასწორი? მტერია თუ მოყვარე? რაღა დროს ამაზე ფიქრია? ან რაში სჭირდება დღევანდელ საქართველოს მაგ საკითხის თავიდან გააზრება? ფაქტია, რომ სტალინი წამოსწია ხატის თემამ, მანამდე სტალინი არავის ახსოვდა“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
საინტერესოა, რა იყო პროვოკაციის მიზანი, სტალინის აქტუალიზაცია? საყვარელიძის შეფასებით, ეს გაუგებარი და პოლიტიკური ძალისთვის არაფრის მომცემი თემაა.
“იქნებ პრობლემა იმაშია, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის არის ყველაფერი მაპროვოცირებელი. მიტინგის მონაწილეები იტყვიან, – ჩვენს მიზანს მივაღწიეთო, – უფრო მეტი მიზანი ამ ცხოვრებაში თუ არ აქვთ… ამ ვითარებაში ნატა ფერაძე გამოდის შეთქმულების ერთ-ერთი აქტიური პირი. ხატის გადაკეთება, საერთოდ გაუგებრობაა. არაკანონიკური თუ არის ხატი, ის უნდა ჩამოხსნა. რა აუცილებლობაა დაიტოვო, ან ჩაანაცვლო? მაგრამ რეალურად, ხატი, როგორც პრობლემა, მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც პრობლემად საზოგადოებამ დაინახა”, – აცხადებს საყვარელიძე.
მისივე თქმით, დღეს სახეზე გვაქვს არასერიოზული პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც ძალიან სერიოზული ფუნქცია აქვთ – იყვნენ ხელისუფლების ალტერნატივა. როცა ადამიანს ხელისუფლება არ მოგწონს, უნდა გადახედო ოპოზიციას და ერთ-ერთი პარტია აირჩიო, როგორც მაღაზიაში ყველს ირჩევ. ქართულ პოლიტიკურ დახლზე კი, მარტო ერთი ტიპის ყველია და ისიც საკმაოდ მყრალი. ფსიქოლოგის აზრით, ადამიანების ემოციების ხარჯვა იმაზე, თუ რატომ არის დახატული სტალინი ხატზე და რატომ დაასვენეს ეს ხატი ქართულ ტაძარში, გაუგებარია. ქართული საზოგადოება კარგავს უნარს უფრო მაღლიდან შეხედონ მომხდარს.
“შეცდომა იყო, ალბათ. ამით ქვეყანა ხომ არ აფეთქებულა? არასდროს არ გვაქვს მზერის ის სიმაღლე, რომ ჩვენ უფრო მაღლა ვართ ვიდრე ნებისმიერი პროვოკაცია. ყველაფერზე ვიძლევით პატარა ადამიანების რეაქციას, რომ ყველაფერმა შეიძლება ჩვენ, რაღაც დაგვიშავოს. პატარა ადამიანების საზოგადოებად ვყალიბდებით და ამას ხელს უწყობენ არასერიოზული პარტიები. მათთვის არის ყველა წვრილმა მნიშვნელოვანი”, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
ამ ყველაფრის შემდეგ, ხატი კვლავ რჩება სამების ტაძარში, მაგრამ სტალინის გარეშე. ბოლო 1 კვირის განმავლობაში, საეკლესიო მაღაზიებში წმ. მატრონას ხატების რეკორდული რაოდენობა გაიყიდა, საქართველოში კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნო მოსკოველი წმინდანი.
შორენა პაპაშვილი