საქართველო კვლავ, დასავლეთის ყურადღების ცენტრშია. მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ საქართველოს მიმართ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე უარი გვითხრა, ქვეყნის შიდა პოლიტიკური პროცესები სხვადასხვა მიმართულებით განვითარდა. კერძოდ, მმართველ უმრავლესობას – “ქართულ ოცნებას” გამოეყო დეპუტატების ნაწილი, რომლებმაც გადაწყვიტეს, საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფისა და საშინაო საქმეებში ჩარევის ყველა შემთხვევა ემხილათ. ამგვარად შეიქმნა “უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონპროექტი”, რომელიც პარლამენტმა ერთი მოსმენით მიიღო, თუმცა ამის იქით საქმე ვერ წავიდა. კანონპროექტი რადიკალურმა ოპოზიციამ და მასთან დაკავშირებულმა არასამთავრობო სექტორმა “რუსულ კანონად” მონათლა, რითაც ქვეყნის მოსახლეობაში საპროტესტო მუხტის გაძლიერებას შეუწყვეს ხელი.
ცხადია, ნდობადაკარგული პოლიტიკოსები ვერაფერს გახდებოდნენ, ანალოგიური შინაარსის შეფასებები რომ არ წამოსულიყო ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენელი დიპლომატების მხრიდანაც. საბოლოოდ, საქართველოს მოსახლეობის ერთმა ნაწილმა დაიჯერა, რომ “აგენტების შესახებ კანონპროექტი” ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას უქმნიდა საფრთხეს და საპროტესტო გამოსვლებით მისი ჩაგდება მოითხოვეს. მმართველმა პარტიამ კანონპროექტი უკან გაიწვია, როგორც პარლამენტიდან, ასევე ვენეციის კომისიიდან, სადაც კანონპროექტი შეფასებისთვის გაიგზავნა.
ამის შემდეგ, თბილისს ერთმანეთის მიყოლებით სტუმრობდნენ გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთდა განცხადებები ბრიუსელში – ნატოს შტაბ-ბინაში, ვაშინგტონში, ასევე ევროპარლამენტში. საუბარია ძირითადად იმაზე, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა მსოფლიო მნიშვნელოვნად შეცვალა, რომ საქართველოს მიმართ შეცვლილია იმ ქვეყნების პოზიციაც (საფრანგეთი და გერმანია), რომლებიც ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ყველაზე დიდი მოწინააღმდეგეები იყვნენ. რომ ახლა, ამ ქვეყნების პირველი პირები დიამეტრულად განსხვავებულ განცხადებებს აკეთებენ.
“ჩვენ გვინდა ვნახოთ საქართველო ევროკავშირში, გვინდა ქართველებმა გაამდიდრონ ევროკავშირი. ვნახე არაჩვეულებრივი ქალაქი თბილისი, არაჩვეულებრივი არქიტექტურით, სადაც გერმანული არქიტექტურა შინაურია. ეს უკავშირდება ორმხრივ ურთიერთობას. გერმანიაში, გასული კვირების განმავლობაში ინტენსიურად ვაკვირდებოდით თქვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, რაც ხდებოდა „უცხოური აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით. ევროპული დროშები ფრიალებდა. დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი”, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა საქართველოში ვიზიტისას.
მისივე თქმით, საქართველოს ჰყავს მეგობრები ბრიუსელსა და ბერლინში, ვისი იმედიც შეიძლება გვქონდეს.
ცოტა უცნაურია ის, რომ საქართველოს ევროპული მისწრაფება დასავლეთიდან მხოლოდ 2023 წლის 7-8 მარტს დაინახეს, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველოში უცხოური დაფინანსების კონტროლის სურვილი გამოითქვა და ამისთვის საკანონმდებლო ბაზის შექმნა გადაწყდა.
ხელისუფლების ოპონენტები ავითარებენ მოსაზრებას, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა დიდი ხნის წინ გადაუხვევდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან, რომ არა ქართული საზოგადოების საყოველთაოდ გაცხადებული ევროპასთან ინტეგრაციის სურვილი. მათი აზრით, ხელისუფლება ცდილობს საზოგადოებაში ეს კონსენსუსი „რუსული ტექნოლოგიებისა და ინსტრუქციების“ მეშვეობით მოშალოს. როგორც ჩანს, ამ მოსაზრების ავტორებს ავიწყდებათ ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ევროკომისიამ საქართველოსთან დაკავშირებით მიიღო, როდესაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს ომში მყოფ უკრაინასა და ომის მოსაზღვრე მოლდოვას, მაგრამ საქართველოს უარის გასამართლებლად 12-პუნქტიანი რეკომენდაცია ჩამოუწიკწიკეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 23 მარტს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინას ეწვია და ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში გამართულ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა. ალიანსისა და წევრი სახელმწიფოების მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულება და საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა.
როგორც Dalma News-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუმარტეს, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში. აღინიშნა ნატო-საქართველოს პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებისა და პრაქტიკული თანამშრომლობის კუთხით მიღწეული ხელშესახები პროგრესი.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ილია დარჩიაშვილი პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარსდგა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების დასმულ კითხვებს უპასუხა. საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, 2023 წლის შემოდგომით, ევროკომისია პირველად შეაფასებს საქართველოს პროგრესს და 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს.
ოპოზიციაში ცდილობენ ილია დარჩიაშვილის ბრიუსელში ვიზიტი “აგენტების შესახებ კანონპროექტს” დაუკავშირონ.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე აცხადებს, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის დასავლეთში ვიზიტი ამა თუ იმ კანონპროექტს არ უკავშირდება. როდესაც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მიდის ბრიუსელში, ვაშინგტონსა თუ დასავლეთის სხვა დედაქალაქებში, იქ იხილება თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების დღის წესრიგი და არა ერთი, რომელიმე კონკრეტული საკითხი.
“როდესაც ქვეყანა არის იმ რეჟიმში, რომ უნდა შეასრულოს ევროკომისიის 12 რეკომენდაცია, ბუნებრივია, რომ მჭიდრო კომუნიკაციაში უნდა იყოს ხელისუფლება ევროპელ პარტნიორებთან. ინფორმაციას, რომ თითქოს ის მხოლოდ კანონპროექტის საკითხზე იყო ჩასული, იმ მონაჭორებს შევადარებდი, როდესაც მაღალი დონის დასავლელი ლიდერები საქართველოში სტუმრობაზე ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ ხოლმე, თითქოს ისინი ჩამოდიან იმისთვის, რომ დასაჯონ, თითი დაუქნიონ ოფიციალურ თბილისს და ა.შ. ევროპული ინტეგრაცია ჩვეულებრივ ვითარდება”, – განუცხადა Dalma News-ს გია აბაშიძემ.
ანალიტიკოსი იზიარებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ევროპელ აქტორებს სურთ საქართველოში დეპოლარიზაცია, მაშინ კუთვნილი სტატუსი უნდა მოგვანიჭონ დეკემბერში, როგორც ეს არის დაგეგმილი.
“იქიდან გამომდინარე, რომ დემოკრატიული მაჩვენებლებით ჩვენ უკრაინაზე და მოლდოვაზე წინ ვართ, კანდიდატის სტატუსი ისედაც გვეკუთვნოდა, მაგრამ გარკვეულწილად ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, როდესაც კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს. სტატუსი არის სტატუსი, ამას არ მოჰყვება ფინანსური და მატერიალური ბენეფიტები. ეს არის ერთგვარი წინსვლა, მაგრამ არა ისეთი, რომ შეიქმნას დროის ჩარჩო, როდის შევა საქართველო ევროკავშირში. ამ სტატუსის მქონე ქვეყნები მრავალი წელია ელოდებიან ევროკავშირში გაწევრიანებას. თუმცა ყველაფერი დასავლეთის წამყვანი ქვეყნების პოლიტიკურ ნება-სურვილზეა დამოკიდებული”, – აცხადებს გია აბაშიძე.
მისივე შეფასებით, სტატუსი საქართველოს უკვე ერთი წელიწადია ეკუთვნის. ეს ჯერ კიდევ იანვარში იყო ევროკავშირის ანგარიშში, სადაც სხვა კანდიდატებთან შედარებით საქართველოს მაღალი ქულები ჰქონდა.
იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობა დასავლეთთან ვერბალურ დაპირისპირებაში იმყოფება, საჭიროა თუ არა ხელისუფლების მხრიდან ქართული საზოგადოების დარწმუნება იმაში, რომ ქვეყანა არ ღალატობს დასავლურ კურსს.
გია აბაშიძის აზრით, საზოგადოების დიდ ნაწილს დარწმუნება არ სჭირდება იმაში, რომ ევროკავშირში სვლა მიმდინარეობს დაგეგმილად და იმაზე მეტი ფორსირებული ძალით, ვიდრე შეიძლება. საზოგადოებას იმაშიც არ სჭირდება დარწმუნება, რომ სააკაშვილის დესტრუქციული ფლანგი ყოველმხრივ ცდილობს შეაფერხოს ეს პროცესი.
“საჭიროა ევროკავშირში გადაწყვეტილების მიმღებ შტოსთან იყოს მუდმივი კავშირი, რაც ხდება კიდეც”, – ამბობს ანალიტიკოსი.
უფლებადამცველი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს, რომ “უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტი” იმაზე მეტი ეფექტის მომცემი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინა. მან გამოავლინა ის სუბიექტები, როლებიც საზოგადოების ნდობით სარგებლობენ, მაგრამ კრიტიკულ მომენტში მზად არიან საბოტაჟი მოუწყონ ქვეყანას.
დიმიტრი ლორთქიფანიძის მოსაზრებით, ერთია, როცა ადამიანი იცავს თავის ევროპულ არჩევანს და მეორეა, როცა ამ საბაბით, შენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცების წინააღმდეგ მიდიხარ.
“ამ კანონპროექტით ყალიბდებოდა ახალი რეალობა, რომელიც აღარ მისცემდა შესაძლებლობას პოლიტიკური საქმიანობით დაკავებულიყვნენ ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც იმ გაბატონებული პოლიტიკური სისტემის გაერთიანებულ პოლიტიკურ საბჭოს წარმოადგენენ, რომელიც თავსმოხვეულია კონკრეტული გეგმების ფარგლებში დასავლეთიდან. შესაბამისად, ლეგიტიმურია ხელისუფლების მიზანი გააკონტროლოს ასეთი ორგანიზაციების დაფინანსების მართლზომიერება”, – განუცხადა Dalma News-ს დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
მისივე თქმით, ასეთი ორგანიზაციების დაფინანსების მიზანი თუ გულისხმობს ტოტალურ კონტროლს დასავლეთიდან, გამოდის, რომ ასეთი კანონი მოქმედებს გლობალური დასავლეთის მიზნების საწინააღმდეგოდ. აქედან გამომდინარე ჩნდება ეს პროტესტი, რომელიც ასევე ხელშეწყობილია დასავლეთის მხრიდან და მომავალშიც ხელშეწყობილი იქნება.
“უკვე ვხედავთ რუმინეთისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების მხრიდან, რომ ერთობლივად აიღეს პასუხისმგებლობა მართონ ქართული საზოგადოებისთვის ყველა საჭირო პროცესი. მათ შორის, გასცენ გრანტები და დააფინანსონ ახალგაზრდული პროექტები. ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც ეწინააღმდეგება სახელმწიფოს მიზნებს, უნდა იყოს ლუსტრირებული”, – ამბობს უფლებადამცველი.
ბუნებრივად ისმის კითხვა, რატომ არ უნდა ჰქონდეს საქართველოს ხელისუფლებას და ხალხს იმის ბერკეტი, რომ ქვეყანაში უცხოური გრანტების მოძრაობა აკონტროლონ?
დიმიტრი ლორთქიფანიძე, როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი („ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის” ხელმძღვანელი), აღნიშნული კანონის გავლენის ქვეშ თავადაც ექცევა. ამის მიუხედავად, მხარს უჭერს “აგენტების შესახებ კანონის” მიღებას, რადგან მიაჩნია, რომ მის ორგანიზაციას არაფერი აქვს დასამალი და სურს, მისი საქმიანობის შესახებ ნებისმიერი დაინტერესებული პირი იყო საქმის კურსში.
Dalma News-ის კითხვაზე “აგენტების შესახებ კანონპროექტმა” გამოიწვია თუ არა კრიზისი საქართველო – ბრიუსელის ურთიერთობაში, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ ბრიუსელი ყოველდღიურად აწყდება წინააღმდეგობას იმ საშინაო დავალებების შესრულების პროცესში, რასაც ითხოვენ საქართველოს ხელისუფლებისგან, მაგრამ მეორე მხრივ, პრემიერ-მინისტრი აპელირებს ქვეყნის სუვერენიტეტით, რაც იმას ნიშნავს, რომ არც ერთი ძალა, მათ შორის, სტრატეგიული მოკავშირეც კი, შენი ქვეყნის ინტერესებით გათვალისწინებული პოლიტიკური აქტის წინააღმდეგ არ უნდა გამოდიოდეს დემარშით.
“ჩვენ კი ვნახეთ ევროკავშირის 27 სახელმწიფოს წარმომადგენელ დიპლომატთა ერთობლივი დემარში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, რაც არის ღია ჩარევა საქართველოს საშინაო საქმეებში, რაც ლახავს საქართველოს მოქალაქეების უფლებებს”, – აცხადებს ლორთქიფანიძე.
მისი თქმით, ეს არის ნეოკოლონიალიზმის მოდელირება ჩვენს ქვეყანაში.
გიორგი ქართველი