მას შემდეგ, რაც მოსკოვში რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენის შესაძლებლობას მწვანე შუქი აუნთეს, ქართული დიასპორა ცდილობს ორ ქვეყანას შორის გამარტივებულ მიმოსვლას მომზადებული შეხვდეს. აქტიურად მიმდინარეობს ქართულ-რუსული ურთიერთობების აღდგენა და ახალი პლატფორმების შექმნა.
ასე მაგალითად, 6 თებერვალს მოსკოვში, “პროდექსპოს” მოედანზე რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭოს დამფუძნებელი შეხვედრა გაიმართა. საბჭოს მთავარი მიზანია შექმნას ახალი შესაძლებლობები ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცებისთვის, ხოლო საბჭოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება მათი ტელეგრამის არხზე.
რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელად აირჩიეს იური ბალაშოვი (IK Rumb-ის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი). მოადგილეები: რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ პადალკო, შპს „ალაზანი-ედემის“პრეზიდენტი სიმონ ნადაშვილი და რუსეთში საქართველოს დიასპორის ხელმძღვანელი დავით ცეცხლაძე. საბჭოს წევრები გახდნენ მსხვილი ბიზნესისა და საჯარო დაწესებულებების ლიდერები და წარმომადგენლები, ასევე საქართველოს დიასპორის ვიცე-პრეზიდენტები – დიმიტრი ქოჩიაშვილი და ლევანი თოდაძე.
Prodexpo – ეს არის სურსათისა და სასმელების უდიდესი საერთაშორისო გამოფენა რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში. აქ წარმოდგენილია საკვები მთელი მსოფლიოდან: ყოველდღიური ძირითადი საკვებითა და სასმელებით დაწყებული გურმანულ დელიკატესებით დამთავრებული. ასევე ორგანული, სპორტული კვება, ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის და ეგზოტიკური პროდუქტები. მთელი რუსეთის მასშტაბით, მხოლოდ აქ არის ალკოჰოლური სასმელებისა და ღვინის უდიდესი გამოფენა 30-ზე მეტი ქვეყნიდან. ყოველწლიურად გამოფენაზე წარმოდგენილი პროდუქტების 14% სიახლეს წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ Prodexpo, რუსეთში ყველაზე დიდი გამოფენაა საგამოფენო სივრცის, პროფესიული ინტერესისა და ბაზრის დაფარვის თვალსაზრისით. გამოფენა სტრატეგიულ როლს ასრულებს რუსეთის ეკონომიკის კვების სექტორის ფორმირებასა და განვითარებაში. Prodexpo წარმოადგენს სურსათის ბაზრის ყველა ფილიალს. ეს არია პლატფორმა ფედერალური და ადგილობრივი ქსელების მყიდველების შეხვედრებისთვის – კვების მრეწველობის სტრატეგიული მომხმარებლები (რესტორნები, ბარები, კაფეები) რუსეთში და ევრაზიული კავშირის ქვეყნებში.
გამოფენაში მონაწილეობს 70 ქვეყნის 2621 კომპანია, მათ შორის, 1850 რუსული კომპანია. ალკოჰოლური სასმელებისა და ღვინოების ყველაზე დიდი გამოფენა რუსეთში – Prodexpo Wine, 100000 კვ. მ ფართობის საგამოფენო სივრცეს იკავებს და აქ კომპანიები 38 ქვეყნიდან არიან წარმოდგენილნი.
რუსეთ-უკრაინის შეიარაღებული კონფლიქტის ფონზე, დასავლეთის პოლიტიკოსების მხრიდან სულ უფრო ხშირად ისმის საქართველოს მისამართით მოწოდებები, რომ საქართველომ უარი თქვას რუსეთის ბაზარზე და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაზე. ამერიკის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა 9 თებერვალს, ერთ-ერთი ქართული მედია სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში ღიად მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, ნუ ესწრაფვიან რუსეთთან დაახლოებას.
“ახლა ის დროა, როდესაც ქვეყნების რუსეთს შორდებიან, არავინ ესწრაფვის რუსეთთან დაახლოებას”, – განაცხადა კელი დეგნანმა.
მისივე შეფასებით, საქართველოს არ სჭირდება რუსეთი საკუთარი საქონლის გასაყიდად, ბევრი სხვა ბაზარია, რომელზეც საქართველო წარმატებით გავიდა. საქართველო, ასევე, იზიდავს ტურისტებს მთელი მსოფლიოდან, ის არ არის დამოკიდებული რუს ტურისტებზე. .
“რუსეთს სურს სუსტი და მასზე დამოკიდებული პარტნიორები – არასწორია ვიფიქროთ, რომ საქართველო რუსეთზე არის დამოკიდებული”, – ასე შეაფასა საქართველოში აშშ-ს ელჩმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადება, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით.
როგორც დეგნანი აცხადებს, საქართველო საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა იმისთვის, რომ შეემცირებინა დამოკიდებულება ისეთ ქვეყანაზე, როგორიც რუსეთია.
„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი დიდი სანდოობით არ სარგებლობს. ეს წლებია ასეა, თუმცა ეს კარგი მაგალითია იმის, თუ რა სურს რუსეთს. რუსეთს სურს სუსტი და მასზე დამოკიდებული პარტნიორები. თუ ირგვლივ მიმოიხედავთ, დაინახავთ ვინ არიან რუსეთის პარტნიორები, ისინი არიან სუსტები და რუსეთზე დამოკიდებულები. ის, რასაც აშშ საქართველოსთან ერთად 30 წლის განმავლობაში ქმნიდა არის ძლიერი, დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც აქვს უნარი დაიცვას საკუთარი თავისუფლება და საკუთარი ეკონომიკა“, – განაცხადა ელჩმა.
ამერიკელი დიპლომატი არაფერს ამბობს, იმაზე, თუ რუსული ბაზრის სანაცვლოდ, რას სთავაზობს ქართულ კომპანიებს, იქნებ ამერიკულ ბაზარს?
როგორც ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გიორგი ცუცქირიძე Dalma News-თან საუბრისას აღნიშნავს, რუსეთთან დაძაბული ურთიერთობა არ ნიშნავს, რომ საქართველომ თავისი მოქალაქეები დაივიწყოს. დღეს მათი დიდი ნაწილი რუსეთში ცხოვრობს და მუშაობს, საქართველოში ინახავენ ოჯახებს და ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი სწორედ რუსეთიდან შემოდის. რუსეთში გადის ქართული აგროპროდუქცია, რომლისთვისაც ევროპული “სტანდარტები” მიუღწეველია. ესეც რომ არ იყოს, ევროპულ ბაზარზე საქართველო ყველაფერს ვერ შეიტანს, არის დაშვებები მხოლოდ ცალკეულ პროდუქციაზე. გარდა ამისა, მოქმედებს კვოტები, ანუ გარკვეული რაოდენობის იქით აღარ გვექნება უფლება პროდუქციის შეტანის. სანაცვლოდ, რუსეთში არანაირი კვოტა არ არის.
ყველა ამ დეტალის გათვალისწინებით, გიორგი ცუცქირიძე ვერ ხედავს პრობლემას, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა არსებობდეს.
გიორგი ცუცქირიძის თქმით, რუსული ბაზარი არის ძალიან დიდი და მისი ჩანაცვლება, მარტივი სულაც არ არის. საქართველო ევროკავშირშიც რომ მიიღონ, რუსულ ბაზარს ვერ ჩაანაცვლებს ევროპული ბაზრით ერთი მარტივი მიზეზის გამო, იქ არის კვოტები, მოთხოვნები, სტანდარტები…
“როცა ყველა ეს საკითხი პოლიტიკურად გადაწყვეტილი არ არის, საქართველოს მიმართ პრეტენზიები უადგილოა. ამერიკის ელჩის განცხადება ჩემთვის გაუგებარია. რამდენიმე წელია მიდის საუბარი აშშ-ს ბაზარზე ქართული პროდუქციის დაშვებაზე, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი არ გვაქვს. გახსნან საქართველოსთვის ამერიკის ბაზარი, ხმას არ ამოვიღებ. მაგრამ გვესმის მხოლოდ ზედაპირული საუბარი, რომ სხვა ბაზრები გახსნილია, ჯერ თავისი ბაზრიდან დაიწყონ”, – განუცხადა Dalma News-ს ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ.
მისივე თქმით, თუ საუბარია სტრატეგიულ პარტნიორობასა და პოლიტიკურ თანამშრომლობაზე, პირველი, რაც ამერიკას უნდა გაეკეთებინა, შემოეღო საქართველოსთან უვიზო რეჟიმი და მეორე – გაეხსნა ბაზარი.
“როცა ამას არ აკეთებ და მეუბნები, – სადაც გაქვს ბაზარი იქიდან გადი და ჰაერში იყავიო, – ეს არის არაკორექტული. ჩვენ გვჭირდება ყველა ბაზარი და თუ რუსული ბაზრის ჩანაცვლებაზეა საუბარი, ალტერნატივა სწორედ აშშ-მ უნდა შემოგვთავაზოს”, – აცხადებს ცუცქირიძე.
მარტივად საქმე, არც რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაშია. როგორც გიორგი ცუცქირიძე განმარტავს, რუსული ავიაკომპანიების მიმართ საერთაშორისო სანქცირების რეჟიმი მოქმედებს. გავრცელდება თუ არა ეს რეჟიმი საქართველოზეც, ამ ეტაპზე უცნობია, ანუ ქართული ავია კომპანიები, რომლებიც იფრენენ რუსულ სივრცეში, მოხვდებიან თუ არა სანქციების რეჟიმში. ერთი სიტყვით გასარკვევია ამ საკითხის სამართლებრივი ნაწილი.
“ევროპარლამენტართა ნაწილმა განაცხადა, რომ საქართველო ავიამიმოსვლას თუ შეუერთდებოდა, ქართული კომპანიები დაექვემდებარებოდნენ სანქციებს. ამიტომ არ ვიცი, ეს საკითხი სამართლებრივად რამდენად გასწორდება”, – ამბობს ექსპერტი.
საქართველოს რუსეთთან ცალმხრივი სავიზო რეჟიმი მრავალი ათეული წელია აქვს. რუსეთის მოქალაქეები თავისუფლად შემოდიან, პრობლემა ექმნებათ საქართველოს მოქალაქეებს.
ექსპერტი ოთარ ანგურიძე მიიჩნევს, რომ ნებისმიერი მიმართულებით ურთიერთობების გააქტიურება, რუსეთი იქნება, ევროკავშირი თუ აშშ, საქართველოსთვის ნებისმიერ შემთხვევაში კარგი და პოზიტიურია იმდენად, რამდენადაც ეს ხელს შეუწყობს ადამიანების გადაადგილებას. მით უმეტეს, როდესაც ტურისტული თვალსაზრისით საკმაოდ კარგად განვითარებადი ქვეყანა ვართ, პირველ რიგში სწორედ ტურიზმს წაადგება რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის გახსნა, ეს კი, საბოლოო ჯამში, ქვეყნის ეკონომიკის გაზრდილ ციფრებში აისახება.
“რუსეთთან შენარჩუნებული გვაქვს საგარეო ვაჭრობა, საქართველოს ინდივიდუალური სანქციები არ დაუწესებია რუსეთისთვის, შესაბამისად ჩვენ ვაგრძელებთ იმ ურთიერთობას რაც გვქონდა ომამდე. ამან მოგვიტანა ის, რომ ჩვენი ეკონომიკა ამ პერიოდში გაიზარდა მნიშვნელოვნად. ეს იმიტომ, რომ რუსეთთან არ შევედით ღია კონფრონტაციაში, არ ვთქვით უარი იქიდან შემოსულ ტურისტებზე, ინვესტიციებზე, გზავნილებზე და ა.შ.”, – განუცხადა Dalma News-ს ოთარ ანგურიძემ.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში მაღალი დონიდან კეთდება განცხადებები საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაზე, საქართველოს ხელისუფლება სიფრთხილეს იჩენს. შესაძლოა, ფრთხილობენ, ქვეყნის ეკონომიკა იმაზე მეტად დამოკიდებული არ გახდეს რუსეთზე, ვიდრე დღეს არის, ან არ სურთ დასავლელი პოლიტიკოსებისგან მკაცრი რიტორიკის მოსმენა. თუმცა, რატომღაც დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში ავიწყდებათ, ან არ ანიჭებენ მნიშვნელობას ერთ ფაქტს, რომ საქართველოს არ გაუუქმებია რუსეთთან ავიამიმოსვლა, ეს თავად მოსკოვმა გააკეთა, ახლა კი, ისევ მათი სურვილია ავიამიმოსვლა აღდგეს. მართალია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შეინიშნება პასიურობა, მაგრამ ოთარ ანგურიძის აზრით, ამის მიზეზი შეიძლება იყოს საგარეო ფაქტორები, რაც რეგიონშია და პოლიტიკური ფონი, რომელიც ქვეყანაშია – პოლარიზებული გარემო.
„ალბათ, საქართველოს მთავრობა ფიქრობს, – რა რის ფასად? დაველოდოთ მოვლენებს, ჩემი აზრით, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მაინც აღდგება რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა“, – აცხადებს ანგურიძე.
მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა თქვას საქართველომ უარი რუს ტურისტებზე, მაშინ, როდესაც ევროპის ბევრი ქვეყანა არ ამბობს უარს არა თუ რუს ტურისტებზე, არამედ რუსეთთან საგარეო ვაჭრობაზეც კი.
“ძალიან ბევრი მიმართულებით რუსეთთან კვლავინდებურად აქვთ გახსნილი ურთიერთობები, ჩვენ რატომ უნდა ვთქვათ უარი, მაშინ, როდესაც რუსეთი ჩვენი უშუალო მეზობელია? კონფრონტაციის შემთხვევაში ჩვენ გვექმნება პირდაპირი საფრთხე. 2008 წელსაც ვიყავით ამ საფრთხის წინაშე და 90-იანი წლების დასაწყისშიც. დღესაც, რატომ უნდა შევიდეს საქართველო მეზობელ ქვეყანასთან შეიარაღებულ კონფრონტაციაში, მით უმეტეს, როცა გაჩნდა შანსი, რომ რაღაც მიმართულებით ჩვენი ქვეყანა განვავითაროთ, მოვნახოთ რეგიონში ჩვენი ნიშა, შევქმნათ სტაბილური გარემო, მოვიზიდოთ ინვესტიციები, ევროკავშირთან დავამყაროთ კარგი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები და ამ ფონზე დავიწყოთ რუსეთთან ომი? ეს არის ლოგიკას მოკლებული”, – განაცხადა ოთარ ანგურიძემ.
გიორგი ქართველი