თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილში, თავისუფლების მოედნის მიმდებარედ არსებული რუსი პოეტის, ალექსანდრე პუშკინის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია დედაქალაქის მერიას 1 მილიონ 400 ათასი ლარი დაუჯდა. საკმაოდ სოლიდური დანახარჯის მიუხედავად, მოწონებისა და აპლოდისმენტების ნაცვლად, თბილისელებისგან მერმა კრიტიკა და უკმაყოფილება მიიღო.
ბოლო დროს, თბილისში ახალ რეაბილიტირებული სკვერები ტყუპის ცალივით ემსგავსებიან ერთმანეთს – არანაირი კრეატივი, არანაირი ინდივიდუალიზმი. ისტორიული სკვერებიდან ქრება ავთენტური დეტალები და ყველა მათგანი თითქოს ერთი სისტემის ნაწილი ხდება. ასე მოხდა პუშკინის სკვერის შემთხვევაშიც, გაქრა ულამაზესი ხის მრგვალი სკამები, რომლებიც ბეტონის უსახურმა კონსტრუქციამ ჩაანაცვლა, გადაღებეს სკვერში მდგარი პუშკინის უძველესი ძეგლის მარმარილოს პიედესტალი, ძველი რუსული წარწერა ახლით ჩაანაცვლეს, დაამატეს ქართული – “ა.პუშკინი”, და სხვა.
რეაბილიტაციისას უხეშად დაირღვა კულტურული მემკვიდრეობის მთავარი კომპონენტი – სიძველე. შეცვალეს წარწერა, საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ, კვლავ მოხსნეს, პიედესტალი გაწმინდეს.
სიძველე, კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. როგორც მსოფლიოში ცნობილი ქართველი მხატვარი დავით კაკაბაძე ამბობდა, სიძველის ნაშთებში წარსულის ცხოვრებას ვკითხულობთ.
“წმინდა მხატვრული გრძნობის გარდა სიძველისადმი სიყვარულს ჩვენ გვკარნახობს წარსული ცხოვრების და კულტურის ცოდნა. ჩვენი წინაპრების სული კიდევ დარჩენილია სხვადასხვა ნაშთებში, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია”, – წერდა კაკაბაძე 1919 წელს.
თბილისის მერიის მიმართ ხშირად ისმის პრეტენზიები, რომ დედაქალაქი არაპროფესიონალების ხელშია. თბილისის მმართველობის სტრუქტურაში არ არსებობს ორგანო, რომელიც ქალაქში სხვადასხვა დონის ჩარევების პროფესიონალურ და ესთეტიკურ მხარეს გააკონტროლებს. მერიის არქიტექტურის სამსახური მხოლოდ სამშენებლო ნებართვების განხილვით არის დაკავებული და მხოლოდ მშრალი და ტექნიკური კანონებით ხელმძღვანელობს. სამშენებლო და სარეაბილიტაციო პროექტების არქიტექტურული, ურბანული დიზაინის და მხატვრული მხარე პრაქტიკულად არანაირ შეფასებას არ გადის და რამდენიმე ადამიანის პირად გემოვნებაზეა მინდობილი.
მოქანდაკე ირაკლი ჟვანია, რომელსაც ამერიკაში ურბანულ დიზაინზე მუშაობის გამოცდილება აქვს, აცხადებს, რომ ყველა ნორმალურ ქალაქს სჭირდება შეფასების და კონტროლის მექანიზმი. მაგალითად, ჰოლანდიის ქალაქებს აქვთ “სილამაზის კომისია” (პირდაპირ ასე ითარგმნება) და განიხილავენ ყველა მნიშვნელოვან და საჯარო სივრცეში გავლენის მომხდენ პროექტს. ნიუ-იორკის ქალაქგეგმარების დეპარტამენტში არსებობს ურბანული დიზაინის განყოფილება, სადაც ქალაქში განსახორციელებელი ყველა მნიშვნელოვანი პროექტი მრავალი შეფასების ფილტრს გადის. ბარსელონას აქვს მთავარი არქიტექტორის პოზიცია და მისი ოფისი უძღვება ქალაქში მნიშვნელოვანი ცვლილებების პროექტებს.
რაც შეეხება თბილისს, ჟვანიას თქმით, აქ, მერიის არქიტექტურის სამსახურში შესული პროექტების მხოლოდ ტექნიკურ მოთხოვნებს ამოწმებენ.
“ახლად შექმნილი ურბანული სამსახურის არცერთი უფროსი არ ყოფილა ამ სფეროს პროფესიული ბეგრაუნდით. ახლა ის საერთოდ ტრანსპორტის სამსახურთან არის გაერთიანებული, ისიც არსებული ძალიან ზოგადი რეგულაციებით მუშაობს და თანამშრომლების რაოდენობა ერთ პატარა რეგიონულ ქალაქს თუ ეყოფა, სამუშაო დატვირთვა რეალობას ვერ პასუხობს და იქ მომუშავე ადამიანს მალე გადაიყვანს ჭკუიდან ან უკანმოუხედავად გააქცევს”, – აცხადებს მოქანდაკე ირაკლი ჟვანია.
მისივე თქმით, თბილისის მერიას, ქალაქის იერსახის, მისი ნაწილების ფიზიკური ფორმის, საჯარო სივრცეების ურბანული დიზაინის და სარეაბილიტაციო სამუშაოების არანაირი სტანდარტები არ გააჩნია. ეს მაშინ, როცა ყველა ქალაქს ტროტუარის მოწყობის სქელტანიანი სახელმძღვანელო აქვს, სადაც გაწერილია ტროტუარის მოპირკეთების მასალა, ფერი, განათების ბოძის სახეობები, ტრანსპორტის გაჩერების ზომები ტროტუარის სიგანის მიხედვით, სარეკლამო აბრის სტანდარტი და უამრავი დეტალი.
“ამიტომ გვაქვს ტრავერტინი ტროტუარზეც, სკვერშიც, გაჩერებაზეც, შადრევანზეც, ამიტომ დგას პარლამენტის წინ ჩვენი დროის არქიტექტურული სირცხვილი მთავარი გამზირის ფასადზე ჩიტით, ამიტომ გვაქვს ბუნებრივი ქვის პიედესტალი გალესილი, ამიტომ დგას აღმაშენებლის გამზირის ფეხით სასიარულო მონაკვეთზე კარვები… მერიის შესაბამისი სამსახურები ქალაქის დაგეგმვით არ არიან დაკავებულნი”, – აცხადებს ჟვანია.
მისივე შეფასებით, ის რაც პუშკინის ბიუსტის შემთხვევაში მოხდა, ქვეყანაში არსებული საერთო სურათის სიმპტომატური ნაწილია – დედაქალაქის მთავარ მოედანზე ასეთი რამ მოიფიქრეს, გადაწყვიტეს, მეთოდი და მასალა შეარჩიეს, თანხმობა მისცეს, შეასრულეს, მოიწონეს, ჩაიბარეს.
პუშკინის სახელობის რეაბილიტირებულ სკვერში, სადაც დასრულებული სამუშაოები თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მოსახლეობას ზარ-ზეიმით ახარა, რამდენიმე დღეში კვლავ გამოჩნდნენ მუშები და დაშვებული შეცდომების გასწორებას შეუდგნენ. თბილისის მერია რეაბილიტაციის შედეგების აღმოფხვრას ცდილობს.
როგორც კახა კალაძემ 14 დეკემბერს განაცხადა, სკვერის ინფრასტრუქტურა, ფაქტობრივად, განადგურებული და მძიმე მდგომარეობაში იყო. რეაბილიტაციის ფარგლებში განაახლეს საფეხმავლო ბილიკები, მოაწყვეს ახალი საპარკო ინვენტარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გარე განათებას და დამონტაჟდა ვიდეომეთვალყურეობის სისტემა. ჩატარდა გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება. ეს ყოველივე კი თბილისის ბიუჯეტს 1 მილიონ 400 ათასი ლარი დაუჯდა. კალაძეს არაფერი უთქვამს სკვერის მთავარი ღირსშესანიშნაობის – უძველესი ძეგლის შესახებ.
ხელოვნებათმცოდნე ეკა კიკნაძე მიიჩნევს, რომ როცა კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციას ამ სფეროდან შორს მყოფი ადამიანები ახორციელებენ, ყოველთვის ანალოგიური შედეგი დადგება. როგორც მოქანდაკე ვერ ჩაატარებს ქირურგიულ ოპერაციას და პაციენტი მოკვდება, ასევე, კლავს თბილისის მერია კულტურულ მემკვიდრეობას უვიცობით და გულგრილობით.
“ეს ბიუსტი არის ამ ქალაქის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. უვიცობა იწვევს შეუქცევად შედეგებს, რომელთა გამოსწორება შეუძლებელია. როცა ძეგლს ეხები, პროექტში ჩართული უნდა გყავდეს ხელოვნებათმცოდნე, რესტავრატორი, რომელიც ამას გააკეთებს. არ შეიძლება ეს საქმე მიანდო ხელოსნებს, რომლებიც გზებს აგებენ პოსტამენტი ძეგლის მხატვრული სტრუქტურის ნაწილია, რაც სამწუხაროდ, მერიაში არ სცოდნიათ”, – აცხადებს ხელოვნებათმცოდნე.
პუშკინის ძეგლის გარშემო სკანდალმა ახალი პრობლემა წარმოშვა. სოციალურ ქსელში დაიწყეს იმის განხილვა, საერთოდ უნდა არსებობდეს თუ არა თბილისში, რუსი პოეტის ძეგლი, თუნდაც ის პუშკინი იყოს? განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, უმრავლესობა თანხმდება აზრზე, რომ ძეგლი არის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი, რომლის განადგურება ისტორიისადმი, კულტურისადმი, წარსულისადმი ვანდალური დამოკიდებულების გამომხატველია.
“აქ უბრალოდ ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ ძეგლები არაპროფესიონალი პროფანების ხელშია და ზიანდება, რა ვიცით რომ უარესს არ დამართებენ ასეთი იდიოტები ხვალ სხვა ძეგლებს, რაც პუშკინის 130 წლის ისტორიის მქონე ავთენტურად შენახულ ძეგლს დამართეს ახლა”, – წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.
აღსანიშნავია, რომ თბილისში პუშკინის ძეგლი XIX საუკუნის ბოლოს დადგეს. ძეგლისთვის ფულის შეგროვება ტფილისის პოლიცმაისტერ ლ.ა. როსინსკის დაევალა. 1890 წლის თებერვალში ქალაქის გამგეობას მან 2281 მანეთი გადასცა. როგორც მაშინდელი გაზეთი “ივერია” წერდა, ა.ს. პუშკინის ძეგლი უნდა ყოფილიყო თეთრი მარმარილოსი, კვარცხლბეკზე კი პოეტის ლექსებიდან რამდენიმე სტროფი უნდა ყოფილიყო დაწერილი, განსაკუთრებით ისეთი, რომელიც კავკასიას შეეხება. ძეგლი სასულიერო სემინარიის პირდაპირ, ერევნის მოედნის ახალ ბაღში უნდა დაედგათ, სადაც ამჟამადაც არის. პუშკინის ძეგლი მიუნხენში, მოქანდაკე ოტტო-გაფს უნდა დაემზადებინა 1,050 მანეთად. ამაში შედიოდა ძეგლის ჩამოტანის ხარჯიც.
პუშკინის ძეგლის საბოლოო პროექტი 1891 წლის 14 მარტს პეტერბურგში დამტკიცდა და თბილისში მცხოვრებ მოქანდაკე ფელიქს ხოდოროვიჩს დაუკვეთეს. პეტერბურგის კ. ვერფელის ქარხანაში ჩამოასხეს ბრინჯაოს ბიუსტი, კვარცხლბეკი კი ქუთაისის წითელი და რუხი ქვისგან გაკეთდა. ქვის სამუშაო მთლიანად შეასრულა თბილისელმა ოსტატმა ვინჩენცო პილეჯიმ. ძეგლის საბოლოო ვარიანტში არ მოხვდა პუშკინის გამონათქვამები, რაც უნდა გაკეთებულიყო კვარცხლბეკზე.
ძეგლი საზეიმო ვითარებაში 1892 წლის 25 მაისს გაიხსნა და ბაღსაც მისი სახელი ეწოდა.
შ. ქარჩავა