თბილისში, კულტურის სამინისტროს შენობის ეზოში, სადაც ამჟამად სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს ძველი აკლდამები და 5 ნეშტი აღმოაჩინეს. 18 ოქტომბერს სამინისტროს ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს თავდაპირველად ორი აკლდამა აღმოაჩინეს, რის შემდეგ სამინისტრომ დაუყოვნებლივ შეაჩერა სამუშაო პროცესი და ადგილზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს არქეოლოგები მიიწვია.
აღმოჩენის შესახებ შეტყობინება სომხურ სათვისტომოსა და ბატონ ვან ბაიბურთს გაეგზავნა.
არქეოლოგებმა სამინისტროს შიდა ეზოს სხვა მონაკვეთებიც დაამუშავეს და აღმოაჩინეს ხუთი ნეშტი. მათგან ორი იდენტიფიცირებულია საფლავის ქვებზე შემორჩენილი წარწერების წყალობით.
ისტორიული წყაროების ცნობით, ამ ტერიტორიაზე წარსულში სომხური ტაძარი, მიმდებარედ კი სასაფლაო იყო, კულტურის სამინისტროს ავტოფარეხის ქვეშ აღმოჩენილი ძველი აკლდამებიდან ნეშტები ავლაბარში, სამების ტაძრის მიმდებარედ, ძველი ხოჯევანქის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა სახელმწიფო პანთეონში გადაასვენეს.
პროცესს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი აშოტ სმბატიანი, სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღოლი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი და საქართველოში სომხური სათვისტომოს წარმოადგინელი ვან ბაიბურთი ესწრებოდნენ.
Dalma News-ი თბილისელ სომეხ საზოგადო მოღვაწეს ლევონ ჩიდილიანს დაუკავშირდა, რომელმაც აღმოჩენის შესახებ საინტერესო ინფორმაცია და ფოტო მასალა მოგვაწოდა.
როგორც ლევონ ჩიდილიანმა გვითხრა, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსთან, ათონეთის ქუჩის მხრიდან, საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე, სადაც დღეს კულტურის სამინისტრო და N104 საჯარო სკოლა მდებარეობს, სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის საკათედრო ტაძარი, იგივე ვანქის ტაძარი იდგა.
ეს იყო საინტერესო არქიტექტურის სამგუმბათიანი ნაგებობა. საუკუნეების განმავლობაში ეკლესია მრავალჯერ იყო რესტავრირებული. ბოლო რესტავრაცია 1902 წელს, მეცენატ ალექსანდრე მანთაშოვის სახსრებით განხორციელდა.
“დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული ეკლესია განეკუთვნება XIV საუკუნის I ნახევარს, თუმცა ამასთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა ვერსია. ზოგი ამბობს, რომ X-XII საუკუნეებში აშენდა”, – გვითხრა ლევონ ჩიდილიანმა.
ვანქის ტაძრის ტერიტორიაზე იყო პანთეონი, სადაც დაკრძალულნი იყვნენ იმ დროის ცნობილი სომეხი მოღვაწეები. აქვე განთავსებული იყო ეპარქიის რეზიდენცია. სხვადასხვა შენობები, მათ შორის სკოლაც.
საინტერესო ფაქტია ის, რომ პანთეონში დაკრძალვას სომეხთა კათოლიკოსის წერილობითი ნებართვა სჭირდებოდა.
აქ იყო დაკრძალული წარმოშობით სომეხი, ცნობილი რუსი პეიზაჟისტ-მარინისტი მხატვრის, ივანე აივაზოვსკის უფროსი ძმა გაბრიელ აივაზოვსკი, რომელიც საქართველოში სომეხთა წინამძღვარი, არქიეპისკოპოსი იყო. ასევე, ცნობილი მეცენატი ალექსანდრე მანთაშოვი და მისი მეუღლე. რედაქტორი კონსტანტინე ბებუთოვი. თბილისის ქალაქის თავი ალექსანდრე მატინოვი, რომელიც 12 წლის განმავლობაში მართავდა საქართველოს დედაქალაქს.
აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე მატინოვი ქალაქის თავად 1878 წელს თბილისის მეორე მოწვევის სათათბიროს არჩევნებში 17 კანდიდატს შორის აირჩიეს. მისი მმართველობის წლებში არქიტექტორ ოზეროვს დაევალა მერიის შენობის სარეკონსტრუქციო პროექტის შემუშავება (1878-1881). 1880 წელს დაიწყო სახაზინო თეატრის მშენებლობა, გაიხსნა სამწლიანი 7 დაწყებითი სკოლა, მდინარე მტკვარზე გაიხსნა ლითონის “ვირის ხიდი”, ამოქმედდა ბათუმი-თბილისი-ბაქოს რკინიგზის ხაზი. 1887 წელს ამუშავდა პირველი თბოსადგური, შეიქმნა სანიტარული ექიმის თანამდებობა.
მატინოვის სახელს უკავშირდება თბილისში ელექტრო ტრამვაის პროექტის განხორციელება, უდედმამო ბავშვებისათვის თავშესაფრების აგება და სხვა.
12 წლიანი მმართველობის შემდეგ მატინოვს თანამდებობის დატოვება მოუხდა. ქალაქის სათათბიროში წინააღმდეგობის გამწვავების შედეგად, ოპოზიციამ 45 ხმოსანის მხარდაჭერა მოიპოვა და ალექსანდრე მატინოვი გადადგა. სიცოცხლის ბოლო წლები საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გაატარა. თბილისზე უსაზღვროდ შეყვარებულმა მოღვაწემ, სიკვდილის წინ ანდერძი დატოვა, რომლის მიხედვითაც თბილისს 200 000 მანეთი უსახსოვრა.
კულტურის სამინისტროს ეზოში, მიწის ქვეშ მოქცეული არტეფაქტები ბევრ საინტერესო ინფორმაციაც ინახავენ. აღმოჩენილი პანთეონში, ასევე, დაკრძალულია პავლე იზმაილოვი, თბილისის ერთ-ერთი საუკეთესო მერი იმ დროისთვის. სწორედ პავლე იზმაილოვის მმართველობის დროს, 1895 წელს ჩაეყარა საფუძველი თბილისში კანალიზაციის პირველ პროექტს, რომელიც ითვალისწინებდა საკანალიზაციო კოლექტორების მტკვარში ჩაშვებას.
აქ იყო დაკრძალული საქართველოს სომეხთა ეპარქიის თითქმის ყველა წინამძღვარი. სომეხი მწერალი, დრამატურგი, სომხურ ლიტერატურაში კრიტიკული რეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი გაბრიელ სუნდუკიანი და მისი მეუღლე სოფია სუნდიუკიანი. მისი საფლავის ქვა XX საუკუნის 30-იანი წლების ეკლესიების ნგრევის დროს შეინარჩუნეს და დღეს ავლაბარში სამების ეკლესიის მიმდებარედ, ძველი ხოჯევანქის პარკის პანთეონშია განთავსებული.
შემორჩენილია ასევე მარიამ აღამალოვა-ბაგრატიონის საფლავის ქვა, რომელიც ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე მეორის რძალი, ალექსანდრე ბატონიშვილის მეუღლე და ირაკლი (ერეკლე) ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკის დედა გახლდათ.
“დაახლოებით 80 სახელი და გვარი მოვიძიე მათი, ვინც კონკრეტულად ვიცი სად იყო დაკრძალული, თავისი თარიღებით და დამსწრე პირებით. პანთეონი საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავდა”, – ამბობს ლევონ ჩიდილიანი.
ბოლშევიკების შემოსვლის დროს, როდესაც ქართული და სომხური ეკლესიები ინგრეოდა, ვანქის ეს ტაძარიც წითლების მსხვერპლი გახდა. 1938 წელს ეკლესია და სასაფლაო მთლიანად დაანგრიეს და ქვები მეორად სამშენებლო მასალად გამოიყენეს. სწორედ აქედან წაღებული ქვებია გამოყენებული იმდროინდელი მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის, იგივე „იმელის“ (რუსული აბრევიატურიდან ИМЕЛ რედ.) შენობის, ამჟამად სასტუმრო „ბილთმორ თბილისი“ და დღევანდელი პარლამენტის შენობის ასაშენებლად. ბაზალტის ქვები კი მტკვრის სანაპიროს მოპირკეთებას მოხმარდა.
ცნობილი ფაქტია, რომ კომუნისტური ხელისუფლების დამყარების შემდეგ, თბილისში ეკლესიებისა და პანთეონების მასობრივი ნგრევით ამოღებული ქვები თბილისში მასშტაბური მშენებლობებისთვის გამოიყენებოდა. ასეთი ქვები ქალაქის თითქმის ყველა ცენტრალურ უბანშია მიმოფანტული.
70-იან წლებში, როდესაც დღევანდელი კულტურის სამინისტროს მეორე შენობა შენდებოდა, იპოვეს გრაფ მიქაელ ლორისმელიქოვი საფლავის ქვა. დღესდღეობით ეს ქვა და მისი ნეშტის რამდენიმე ნაწილი გადმოსვენებულია თბილისის სუბ გევორქის ტაძრის ტერიტორიაზე.
“თეა წულუკიანის დიდი მადლობელი ვართ, მან შეაჩერა მშენებლობა და კულტურის სამინისტროს ეზოში არქეოლოგიური სამუშაოები დაიწყო. არქეოლოგებმა კიდევ რამდენიმე აკლდამა და 2 მარმარილოს ქვა იპოვეს წარწერით. ეს არის ვანქის ტაძრის მღვდლის ტერ ოვანეს ტერ-პოღოსიანის საფლავის ქვა. მეორე კი მისი მეუღლე ქალი (თბილისში გავრცელებული სომეხი ქალბატონების სახელი) ბეკდაბეკოვას საფლავია”, – აცხადებს ჩიდილიანი.
მისივე თქმით, კომუნისტების დროს ბევრი საფლავი გაიძარცვა, ამ დროისთვის, აღმოჩენილ საფლავებს შორის მხოლოდ 2 გადაურჩა მძარცველებს – მღვდლისა და მისი მეუღლის. სხვა საფლავებში გარდაცვლილის ძვლებიც კი გადაადგილებულია. კომუნისტები საფლავებში ძვირფასეულობას ეძებდნენ.
“ყოველ დღე ახალ-ახალი აღმოჩენის მოწმე ვხდებით. ამ ტეროტორიაზე ხომ მთელი 6 საუკუნის განმავლობაში მოქმედებდა სომხური საკათედრო ტაძარი?“, – ამბობს სომეხი საზოგადო მოღვაწე ლევონ ჩიდილიანი.
კულტურის მინისტრისგან მიიღეს დაპირება, რომ არქეოლოგიური გათხრები სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე 2023 წლიდან გაგრძელდება, მხოლოდ იქ, სადაც ამჟამად შენობები არ დგას.
შორენა პაპაშვილი