სანამ პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” იმაზე ფიქრობს, თუ როგორ დააჩქაროს საქართველოში ოლიგარქის მმართველობის დასასრული (იგულისხმება “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი), შესაძლოა თავად აღმოჩნდეს დაშლის პირას.
მას შედეგ, რაც საქართველოში “ნაცმოძრაობის” ძალაუფლების ხანა დასრულდა და 2012 წელს ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” მოვიდა, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ძლევამოსილი პარტია დროდადრო იშლება. “ნაცმოძრაობის” ძველმა ლიდერებმა საკუთარი პარტიები შექმნეს, თუმცა დღემდე “ენმ”-ს ორბიტაზე რჩებიან. პარტიაში დარჩენილი “ძველები” ცდილობენ მოპოვებული გავლენა და ავტორიტეტი შეინარჩუნონ, “ახლები” კი ამბობენ, რომ დიდი ხანია სჭირდებათ გადატვირთვა.
“ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდა წევრი ნიკა ობოლაძე მიიჩნევს, რომ ბრენდი “ნაციონალური მოძრაობა” დღეს არ ასხივებს იმას, რასაც უნდა ასხივებდეს. გაუმართავია გადაწყვეტილების მიღების სისტემაც.
მისი აზრით, “ნაციონალური მოძრაობა” უნდა იყოს არა დაშლის, არამედ თავიდან დაბადების პირას.
“ისტორია, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ საქართველოს მომავალში მიიღოს გადამწყვეტი მონაწილეობა. ამისთვის საჭიროა განახლება, დარესტარტება“, – განაცხადა ობოლაძემ.
“ნაციონალური მოძრაობის” რომელი “ისტორია” გამოადგება საქართველოს უკეთეს მომავალს, ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტია, რომ შიდადაპირისპირების გარდა “ენმ” ოპოზიციაში განხეთქილების შემტანია. ამასობაში, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პარტიამ “ომის პარტიის” იარლიყი შეიძინა.
ძირითადი იერიში ნიკა მელიაზე მოდის. პარტიაში მიაჩნიათ, რომ გადატვირთვისთვის პირველი ნაბიჯი მელიას პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომა უნდა იყოს.
რამდენიმე დღის წინ პარტიის პოლიტსაბჭო დატოვა შიდა ქართლში პარტის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა ბადრი ბასიშვილმა. ის არ ეთანხმება პარტიის თავმჯდომარა ნიკა მელიას პოლიტიკას და საჭიროდ მიიჩნევს ცვლილებებს, როგორც პარტიის წესდებაში, ასევე სტრუქტურულ რეორგანიზაციას.
“არ უნდა გმართავდეს დიქტატორი ან ოლიგარქი, თუ გიყვარს სამშობლო“, – პოლიტიკოსმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.
ბასიშვილის პოლიტსაბჭოდან წასვლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ პარტიაში დაიწყო დუღილის პროცესი. ძნელი წარმოსადგენია უახლოეს მომავალში ამას პარტიის დაშლა მოჰყვეს, თუმცა, ასეთი პროცესები თუ გაგრძელდა, შესაძლოა მოვლენები უფრო პესიმისტური სცენარით წარიმართოს.
“როგორც ჩანს ბასილაშვილმა ჩათვალა, რომ ის სათანადოდ არ დააფასეს, არადა ის იყო “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი წამყვანი კურატორი რეგიონებში და ზონდერ ჯგუფების ხელმძღვანელი. სიმპტომატურია ისიც, რომ სააკაშვილი არ ეხმაურება მის პარტიაში მიმდინარე პროცესებს და მხოლოდ უკრაინის მოვლენებზე წერს”, – განუცხადა Dalma News-ს ზაალ ანჯაფარიძემ.
ზაალ ანჯაფარიძის მოსაზრებით, “ენმ”-ში შიდა უთანხმოების რამდენიმე ფაქტორი არსებობს: ერთია ფული.
პარტიის კონკრეტული ჯგუფები მელიას გვერდის ავლით იღებენ ფინანსებს დავით კეზერაშვილისგან (რომელსაც “ქართულ ოცნებაში” ოლიგარქს უწოდებენ). ასევე, ირკვევა, რომ კეზერაშვილი “ენმ”-დან გამოყოფილ რამდენიმე პარტიასაც აფინანსებს. როგორც ნიკა მელიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, თავდაცვის ექსმინისტრი დავით კეზერაშვილი მისი პარტიისთვის სახიფათოა, რადგან არაფორმალური მმართველობის საფრთხეს ხედავს.
“როგორც ჩანს მელიასა და კეზერაშვილს შორის კვიპროსზე შემდგარმა შეხვედრამ, დაფინანსების განაწილებასთან დაკავშირებით არსებული კონფლიქტი ბოლომდე ვერ მოაგვარა. შესაბამისად ეს ყველაფერი სააშკარაოზე გამოვიდა და მელიამ პირდაპირ კეზერაშვილს დაარტყა”, – აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.
მეორე ფაქტორია პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი.
როგორც ჩანს, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ციხიდან გასათავისუფლებლად ქვეყანაში რევოლუციის მოხდენის გეგმამ დაბნეულობა თვითონ პარტიაში შეიტანა, რადგან ამ მიმართულებით სააკაშვილის ოჯახსა და პარტიის ლიდერებს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა.
“ის ჯგუფი, რომელიც დღემდე ცდილობს, რომ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი იყო პარტიის მთავარი თემა, ვერ პოულობს ურთიერთგაგებას პარტიის თავმჯდომარესთან. ეს “ნაცმოძრაობას” ამომრჩეველს აკარგვინებს. იმიტომ, რომ სააკაშვილის გათავისუფლება რომ ყოფილიყო პრიორიტეტული “ნაცმოძრაობისთვის”, ციხესთან მრავალრიცხოვან რიგებს ვნახავდით, მაგრამ ვნახეთ, რომ ციხესთან 500-დან 1000 კაცამდე გროვდებოდა. მართლმორწმუნე მიშისტებს თუ არ ჩავთვლით, სააკაშვილის გათავისუფლება არ არის პრიორიტეტული თემა “ენმ”-ს მომხრეებისთვის”, – განუცხადა Dalma News-ს ზაალ ანჯაფარიძემ.
მისივე თქმით, უთანხმოების მესამე წყარო შესაძლოა იყოს ის, რომ ნიკანორ მელიამ დაიწყო პარტიაში საკუთარი თამაშის წესების დამკვიდრება. ამის გამო, პარტიის ვეტერანები შესაძლოა უკმაყოფილონი არიან, რადგან შიშობენ, პარტიაში მათი გავლენები არ შესუსტდეს.
“როცა ნიკანორ მელია ამბობს, – სანამ მოვიდოდი პარტიაში მთელი სტრუქტურები ჩამოშლილი იყოო, – ეს პარტიის ლიდერებისთვის მაინცადამაინც კარგი მოსასმენი არ იქნებოდა. “ნაცმოძრაობა” ორგანიზაციულად და სტრუქტურულად ჩამოშლილი რომ ყოფილიყო, ის ვერ აჩვენებდა არჩევნებზე იმ შედეგებს, რაც აჩვენა და ვერ დარჩენოდა მთავარ ოპოზიციურ ძალად. მელია ფაქტობრივად გაწყობილ სუფრაზე მივიდა. ის, რომ მელიამ დაიწყო პარტიის აშენება, გადაჭარბებულია”, – მიაჩნია ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს.
პარტია, რომელიც ხელისუფლებას “ცხელ შემოდგომას” ჰპირდებოდა, თავად აღმოჩნდა ცხელ პოლიტიკურ ველზე, – ასე აფასებს “ენმ”-ში მიმდინარე მოვლენებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე. მისივე თქმით, პროცესები საოცარი სისწრაფით ვითარდება, საზოგადოებისთვის განსაკუთრებით სახალისო გახდა ის, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ორბიტის პარტიების კულუარებიდან საჯარო სივრცეში გადმოაქვთ ერთმანეთის ლანძღვა-გინება.
გია აბაშიძის აზრით, მოსალოდნელია, რომ “ენმ”-ს ნამსხვრევებიდან გარკვეული ახალი პოლიტიკური სუბიექტები შეიქმნა, თუმცა ისიც საკითხავია, ვინ იქნებიან მათ ნამსხვრევებზე შექმნილი ახალი პოლიტიკური პარტიების ლიდერები?
“მოვისმინე “ნაცმოძრაობის” რამდენიმე აქტივისტის საჯარო განცხადება, რომ მათ თავიდან ბოლომდე სჭირდებათ ე.წ რესტარტი, თუ ეს უნდა მოხდეს, მაშინ ახალი პოლიტიკური ფიგურები უნდა შემოიყვანონ პარტიაში, იმიტომ, რომ ძველი სახეები, რომლებმაც ძალიან მოაბეზრეს უკვე თავი საქართველოს ელექტორატს, წარმატებებს ვერანაირად ვერ მიაღწევენ, რაც არ უნდა მილიონები დახარჯოს ამაში ოლიგარქმა კეზერაშვილმა”, – განუცხადა Dalma News-ს გია აბაშიძემ.
მისივე მოსაზრებით, სწორედ ამ ძველი სახეების ვერცხლისმოყვარეობამ და ანგარებმა პარტიის ფინანსებსა და გავლენებზე მიიყვანა პარტია ბუნებრივი დასასრულის ფაზაში. ძველი პოლიტიკური დინოზავრები არ უშვებენ ახლებს წინა პლანზე. არც მათ გახუნებულ მესიჯებს: მთავრობის ჩამოგდება, ვადამდელი არჩევნები და ა.შ აქვს დიდი ხანია მასობრივი მხარდაჭერა. ამას ემატება რუსეთ-უკრაინის ომი და რეგიონში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე ნაცლიდერების საომარი რიტორიკა.
“ეს არის სავსებით ლოგიკური და კანონზომიერი დასასრულის დასაწყისი. საქართველოს და ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად სჭირდება მშვიდობიანი ცხოვრება, მათ შორის, “ენმ”-ს მხარდამჭერებსაც. ქაოსი ქვეყნის განვითარების საწინდარი ნამდვილად ვერ იქნება. სწორად ამ ერთ-ერთმა ფაქტორმაც იქონია გავლენა “ნაციონალური მოძრაობის” დაშლაზე. “ენმ”-ს მხარდამჭერების დაკვეთაც არ არის ომი და უბედურება ქვეყანაში. ის, რომ სააკაშვილის პარტიამ შეიძინა “ომის პარტიის” იარლიყი, ეს მისივე ქმედებებიდან გამომდინარეობს. მათ თავად დააჩქარეს პარტიის დასამარება”, – მიაჩნია გია აბაშიძეს.
საქართველოს მოსახლეობას ჯერ კიდევ ახსოვს “ენმ”-ს თავმჯდომარე ნიკა მელიას დაკავების გამო, თანამდებობიდან პრემიერ გიორგი გახარიას ბუნდოვანი გადადგომა. გახარიამ თავისი საქციელით, მაშინ, ახალი სიცოცხლე შესძინა თუ არა “ნაციონალურ მოძრაობას” როგორც პოლიტიკურად გაკოტრებულ პარტიას, არამედ ნიკა მელიაც მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურად წარმოაჩინა. დღეს კი, სწორედ გახარიას პარტიის წევრები უპირისპირდებიან მელიას და მას ლაჩარსა და ოპოზიციაში განხეთქილების შემტანს უწოდებენ.
“პრაქტიკულად წარმოუდგენელია, რომ ასეთ ხალხთან ერთად რაიმე ბრძოლას ჰქონდეს აზრი. ნიკა მელია, პირდაპირ ვასახელებ მას. ეს ადამიანი არის ჩვეულებრივი ლაჩარი, რომელიც აფარებული არის დაცვას და ისე “ებლატავება” ხალხს”, – აცხადებს პარტია “საქართველოსთვის” წევრი გიორგი მუმლაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ “ენმ”-ს ოფისში შეიჭრა.
ანალიტიკოს გია აბაშიძის მოსაზრებით, გახარიას უპრეცენდენტო ღალატმა “ქართული ოცნებისადმი” “ნაციონალურ მოძრაობას” პოლიტიკური ჟანგბადი მისცა, თუმცა გახარიას მიერ მიცემული პოლიტიკური ჟანგბადიც მალევე ამოიწურა.
ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ რუსეთ-უკრაინის შეიარაღებულ კონფლიქტში ნაცმოძრაობის ლიდერების აქტიურობამ იქონია გავლენა პარტიის შიდა რეიტინგზეც. ამას მოწმობს NDI-ის ბოლო გამოკითხვაც, სადაც გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ არ სურთ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და ქვეყნის რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვა. “ნაცმოძრაობის” საომარმა რიტორიკამ მისი მხარდამჭერებიც კი განხიბლა.
შორენა პაპაშვილი