მთავარი ოპოზიციური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საკუთარ მხარდამჭერებს კვლავ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს. როგორც პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, ქვეყანაში შექმნილია პოლიტიკური კრიზისი, რომლის დაძლევის გზას ვადამდელ არჩევნებში ხედავს. საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მელიამ მხარდამჭერებს პარტიის სტრატეგიული გეგმაც გააცნო და განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში საქართველოს ევროპულ მომავალს ექმნება საფრთხე, რომ “ოლიგარქის რუსული ოცნება” ყველაფერს ევროპული ღირებულებებისა და ფასეულობების საწინააღმდეგოდ აკეთებს.
მართალია საქართველოს ევროპისკენ სწრაფვა საუკუნეებს ითვლის, მაგრამ ნიკა მელიასთვის ამ ბრძოლას 30-წლიანი ისტორია აქვს, საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე.
“ენმ”-ს თავმჯდომარეს თქმით, “დასაკარგი დრო” აღარ აქვს, ამიტომ პარტიას “ისტორიული ამოცანის შესასრულებლად” გეგმას სთავაზობს:
- მრავალფეროვანი პოლიტიკური აქტივობები და სხვადასხვა სახისა და ფორმის საპროტესტო ღონისძიებები;
- უწყვეტი ურთიერთობა მოქალაქეებთან ქალაქებსა თუ სოფლებში, სკვერებსა თუ ქუჩებში;
- ადამიანებს პირადად მოუყვებიან პარტიის ევროპულ ხედვაზე, თუ როგორ მიაღწევენ ევროკავშირის კანდიდატობას უახლოეს თვეებში.
ერთი სიტყვით, ის, რაც ამომრჩევლამდე “ვერ მიიტანეს” ოპოზიციური მედიასაშუალებებითა და სატელევიზიო ეთერებიდან, ახლა კარდაკარ სიარულით და ქუჩებში აგიტაციის გზით უნდა გააკეთონ. პარალელურად ინტენსიური კომუნიკაცია ექნებათ უცხოელ პარტნიორებთან. რაც მთავარია, ნიკა მელია ამომრჩეველს ჰპირდება, რომ გამორიცხული იქნება ძალაუფლების ადამიანების ერთი ჯგუფის ხელში კონსოლიდაცია.
“ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური კრიზისია და ჩვენ ეს კრიზისი უნდა ვაქციოთ ახალ შესაძლებლობად და ვადამდელი არჩევნებით შევქმნათ ახალი რეალობა”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიას განცხადებას მმართველი პოლიტიკური ძალის, “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე გამოეხმაურა. მან აბსურდული და დიდი სისულელე უწოდა ვადამდელ არჩევნებზე საუბარს და განაცხადა, რომ არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, როგორც ეს ამას ითვალისწინებს ქვეყნის კონსტიტუცია.
მისივე თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ არის, მაგრამ პოლიტიკური კრიზისი აქვს ოპოზიციას და კონკრეტულად “ნაციონალური მოძრაობა”.
“ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მისთვის პოლიტიკური შესაძლებლობების უნიკალური ფანჯარა იხურება და თურმე, რაღაც უნდა მოასწროს. ნიკა, თქვენთვის ეს ფანჯარა უკვე დახურულია, თქვენი პოლიტიკური თითები შეიძლება, ამ ფანჯარაშია მოყოლილი და ეს გაწუხებთ”, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.
უმრავლესობის წწვრი ასევე მელიას მეგობრულ რჩევას აძლევს, რომ პოლიტიკაში შესვლას ფანჯრიდან ნუ ეცდებიან, რადგან ჯანსაღი ოპოზიცია პარლამენტში კარიდან დადის, კარები ჩვეულებრივად იღება.
“მალე დადგება დრო და ეს იქნება რიგითი არჩევნები, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის პოლიტიკური საბოტაჟისთვის. მის სივრცეს დემოკრატიული არჩევნებით ჯანსაღი ოპოზიცია დაიკავებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ვადამდელი არჩევნების მოთხოვნამ სკეპტიკურად თავად “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები განაწყო. ბუნებრივად გაჩნდა კითხვა, არის კი დღეს ოპოზიცია ისეთ ფორმაში, რომ არჩევნებში 2 წლის წინანდელზე უკეთესი შედეგი დადოს?
ექსპერტები თითქმის ერთხმად აღნიშნავენ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, ოპოზიცია იმაზე ნაკლებ ხმას აიღებს, ვიდრე 2020 წლის არჩევნებში აიღეს. ეს თავად ოპოზიციის მომხრეებსაც კარგად ესმით. არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიცია იტყვის, რომ არჩევნები გაყალბდა და პროცესები უკვე ერთხელ ნანახი სცენარით განვითარდება. ოპოზიციის ნაწილი უარს იტყვის მანდატებზე, ნაწილი საპარლამენტო სხდომებს გამოუცხადებს ბოიკოტს და პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანას ეცდებიან. ერთი სიტყვით, ეს ფილმი ხალხს უკვე ნანახი აქვს.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის მოსაზრებით, რეგიონში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე ვადამდელი არჩევნების მოწოდებებს ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერა არ ექნება. მწვავე პოლარიზაციის ფონზე ასარჩევი თითქმის არაფერია.
“თვით ამერიკაც კი აღმოჩნდა იმ რეალობის წინაშე, როცა 2 ალტერნატივიდან მოსაწონი არც ერთი არ არის. მაგრამ არჩევანი აუცილებელია, იმისათვის, რომ ხელისუფლება არსებობდეს. ტრამპსა და ბაიდენს შორის ალტერნატივის წინაშე აღმოჩნდა ყველაზე დიდი დემოკრატიული ტრადიციების მქონე ქვეყანა”, – აცხადებს საყვარელიძე.
მისი თქმით, საქართველოში პარტიული ცხოვრება ერთ წერტილზე გაიყინა.
“იმდენი ტალახი ვესროლეთ ჩვენს ქვეყანას, რომ ახალგაზრდებს აღარ აქვთ ხალისი, რომ საქართველოში პოლიტიკას მოჰკიდონ ხელი. ურჩევნიათ უცხოეთში წავიდნენ. ასეთი კრიზისისკენ მიგვყავს ქვეყანა. პარტიები თუ არ იქნებიან, ალტერნატივაც არ იქნება”, – ამბობს რამაზ საყვარელიძე.
პოლიტოლოგის შეფასებით, პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყნის ომსა და დესტაბილიზაციაში ჩათრევისთვის ძალ-ღონეს არ იშურებს, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან შესაძლო აგრესიასაც სათავისოდ გამოიყენებს. ოპოზიციას გაუჩნდება პროცესების რევოლუციური გზით წარმართვისა და ხელისუფლებაში მოსვლის შანსი, რათა არჩევნების გარეშე აიღონ ხელისუფლება ხელში.
რა შემთხვევაში შეიძლება დადგეს ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საჭიროება კონსტიტუციური და დემოკრატიული გზით? ამ შემთხვევაში მმართველ პოლიტიკურ ძალაში უნდა შეიქმნას პოლიტიკური კრიზისი, “ქართულმა ოცნებამ” ვერ დააკომპლექტოს მთავრობა და ჩიხური ვითარებიდან გამოსასვლელად პრეზიდენტმა ვადამდელი არჩევნები დანიშნოს.
“კონსტიტუციურად ნიკა მელიას იდეა მიუღწეველია და კურიოზული იქნება მისი მხრიდან, „ქართულ ოცნებას“ მოუწოდოს, – დაიშალოს, მთავრობა ვერ შექმნას და პრეზიდენტმა გამოაცხადოს ვადამდელი არჩევნების თარიღი. მხოლოდ ამ შემთხვევაში იძლევა საქართველოს კონსტიტუცია ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საშუალებას”, – განუცხადა Dalma News-ს ლევან ალაფიშვილმა.
მისივე შეფასებით, ამგვარი პოლიტიკური ბზარი „ქართულ ოცნებაში“, რომ მან უმრავლესობა დაკარგოს და აღმასრულებელი ხელისუფლების ლეგიტიმაცია ჰაერში გამოკიდებული დარჩეს, არ არსებობს, შესაბამისად არ არსებობს კონსტიტუციური საფუძველი და პერსპექტივა იმისა, რომ თუნდაც საშემოდგომო სესიების განმავლობაში ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნას.
ლევან ალაფიშვილის მოსაზრებით, ნიკა მელიას განცხადებას სხვა მიზანი აქვს, ვადამდელი არჩევნების თემის წინ წამოწევით, ის საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებას ცდილობს, რომ “ენმ” ბრძოლას განაგრძობს. Dalma News-ის კითხვაზე, კოალიციური მთავრობის შესაქმნელად არიან თუ არა მზად წამყვანი პოლიტიკური პარტიები, ლევან ალაფიშვილმა განაცხადა, რომ კოალიციური მთავრობა გააჯანსაღებს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას და აამაღლებს პოლიტიკურ კულტურას. განსხვავებული მოსაზრების მოსმენას ასწავლის პოლიტიკოსებს. მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად რეალურია ეს საქართველოში.
ლევან ალაფიშვილი არ გამორიცხავს, რომ 2024 წელს კოალიციური მთავრობის შექმნის საფუძველი გაჩნდეს. “ქართული ოცნება” შეეცდება ეს დრო გამოიყენოს და თავისივე განაწყენებული მომხრეების შესანარჩუნებლად ახალი პოლიტიკური ძალები წამოსწიოს წინ, რათა შეძლოს კოალიცია მისთვის მისაღებ პოლიტიკურ ძალებთან შექმნას.
რაც შეეხება იმას, დაშორდა თუ არა საქართველო “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ევროპულ გზას, როგორც ლევან ალაფიშვილმა განუცხადა, ძნელი სათქმელია საქართველო როდის იყო ევროპულ გზასთან უფრო ახლოს და დღეს რამდენით დავშორდით ევროპულ ღირებულებებს. განსაკუთრებული წინსვლა და მაღალი ხარისხის დემოკრატია არც “ენმ”-ს პირობებში ჰქონია ქვეყანას.
ევროპული გზა, რამდენიმე მთავარ ფუნდამენტურ საკითხს ეფუძნება. უპირველესი არის ადამიანი და მისი უფლებების პატივისცემა, დამოუკიდებელი ინსტიტუტები, პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი სასამართლო და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ფართო ჩართულობა. ამ ოთხივე საკითხს თუ განვიხილავთ, ვნახავთ, რომ საქართველო მოიკოჭლებს.
შ. ქარჩავა