კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო გამოცხადებული საყოველთაო ლოქდაუნისა და გაჩერებული ეკონომიკის მძიმე შედეგების შესამსუბუქებლად, 2020-2021 წლების ზამთრის სეზონზე მოსახლეობას მოხმარებული ელექტროენერგიისა და გაზის 4 თვის საფასური ბიუჯეტმა საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ინიციატივით სრულად დაუფარა. მაშინ შეღავათი მოსახლეობის იმ ნაწილს შეეხო, ვინც თვეში 200-კილოვატსაათ ელექტროენერგიას და 200-კუბურმეტრ გაზს მოიხმარდა. ამგვარად, მთავრობის სუბსიდირების პროგრამაში მაშინ, ყველა სოციალური ფენა თანაბარ პირობებში აღმოჩნდა. გაზის, დენის, წყლისა და დასუფთავების გადასახადები, სახელმწიფო სუბსიდიით, 2021 წლის მარტში, აპრილსა და მაისშიც დაფინანსდა. ამას გარდა, ყოფილმა პრემიერმა კერძო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების სუბსიდირებაც განახორციელა.
კოვიდპანდემიის პარალელურად საქართველოში დენის და გაზის ტარიფები დრო და დრო იმატებს. ენერგორესურსები ჯერ ბიზნესისთვის გაძვირდა, 2022 წლის თებერვლიდან კი, გაზრდილ ტარიფებს საკუთარ ჯიბეზე, უკვე ქვეყნის მოსახლეობაც იგრძნობს. ამასთან დაკავშირებით მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდი 2022 წელს, მხოლოდ მილიონამდე აბონენტეს დაუსუბსიდირდება. ერთწლიანი შეღავათი მხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებს – 150 000 და ნაკლები ქულის მქონე მოსახლეობას შეეხება.
“აღნიშნული პროგრამა პანდემიის დაწყების დღიდან გვქონდა. იანვარში სუბსიდირების პროგრამა შეწყდა და ახლა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული პროგრამა გავაგრძელოთ და მოსახლეობის ყველაზე მეტად გაჭირვებული ფენას დავუსუბსიდიროთ ელექტროენერგიის ნაზარდი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გიორგი გახარიას შემდგომ, ახლა უკვე, პრემიერ ღარიბაშვილის დაქვემდებარებაში მყოფი მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ შემუშავებული სუბსიდირების თემა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განავრცო. ელექტროენერგიის ტარიფის ნამატის სუბსიდირებას “ქართული ოცნების” ხელისუფლების სერიოზული დახმარება უწოდა და დასძინა, რომ დღეს, მთავარი გამოწვევაა ინფლაცია და ფასების ზრდა.
“სწორედ ის ინფლაციური კომპონენტი, რაც მოიტანა პანდემიამ 2020 წელს, კომპენსირებული იქნება იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც ეს რეალურად ესაჭიროებათ და ყველაზე მეტად წაადგებათ. 2020-2021-წლებში, მთავრობის გადაწყვეტილებით განხორციელდა სუბსიდირება, თუმცა ის მიბმული მოხმარებული კილოვატების ოდენობაზე, რაც საბოლოო ჯამში, განპირობებული იყო რთული ეკონომიკური ვითარებით, იყო პანდემიის პიკი. ახლა ზოგადი ხედვაა, რომ ასეთი სუბსიდია იყოს მეტად ადრესირებული სწორედ იმ მოსახლეობისკენ, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს”, – განაცხადა მინისტრმა თურნავამ.
როგორც მინისტრის განცხადებიდან ჩანს, “ქართული ოცნების” მთავრობამ უარი თქვა მოხმარებულ კილოვატებზე მიბმულ გახარიასეულ მიდგომაზე, რომელიც, თურნავას შეფასებით, არ იცავდა სოციალურ სამართლიანობას. კერძოდ, კომუნალური ხარჯი ერთნაირად უსუბსირდებოდათ შეძლებულ და გაჭირვებულ ოჯახებს.
არის კი, ეს რეალურად “სერიოზული დახმარება” იმ პირობებში, როდესაც ყოველდღიურად იზრდება ფასები საკვებსა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, გაძვირებულია საწვავი, ძვირდება ტრანსპორტი; როდესაც ქვეყანაში მცირე ბიზნესი სულს ღაფავს და უმუშევართა რიგები იზრდება?
როგორც Dalma News-ს ეკონომიკის საკითხებში ექსპერტმა, ნიკა შენგელიამ განუცხადა, 3,7 მილიონიან მოსახლეობაში 1 მილიონი სოციალურად დაუცველი ოჯახი საგანგაშოდ მაღალი ციფრია. არავითარი ეფექტი არ ექნება ამ სუბსიდირებასაც, გარდა იმისა, რომ მილიონამდე აბონენტს ზამთარს გადააგორებინებენ. მთავრობა ამით ცდილობს მოსახლეობის გარკვეული ფენის გული მოიგოს, მაგრამ გაძვირებულ პროდუქტებს ხალხს არავინ დაუსუბსიდირებს.
ექსპერტის თქმით, ამ ვითარებაში ყველაზე მეტად მცირე ბიზნესი ზარალდება. სუბსიდირება მათ არ ეხება. იზრდება კომუნალური გადასახადი, ამას დამატებული არენდა და ა.შ. საცხობები და წისქვილები იხურებიან.
“რუსეთს გაზრდილი აქვს ხორბალზე ექსპორტის გადასახადი, საქართველოში ბევრი წისქვილ-კომბინატი ჩერდება, იმატა პირდაპირ ფქვილის იმპორტმა. არ გამოვრიცხავ, რომ გაზრდილი კომუნალური გადასახადების ფონზე, კვლავ გაძვირდეს პური. ფასების ზრდა მაქსიმუმ 2 კვირის განმავლობაში დაფიქსირდება”, – აცხადებს ნიკა შენგელია.
მისივე თქმით, გაზისა და დენის ტარიფის გაზრდა გარდაუვალი იყო, რადგან ბუნებრივი აირის ფასი მსოფლიოში გაძვირებულია, ნავთობის ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია – 1 ბარელი 88 აშშ დოლარი გახდა. ნავთობის ფასი კი, პირდაპირ კორელაციაშია სამრეწველო და სამომხმარებლო ინფლაციასთან და იწვევს ფასების მატებას ენერგომატარებლებზე. ქვეყანა, სოფლის მეურნეობის პროდუქტების მხრივ, კვლავ მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული.
ნიკა შენგელიას თქმით, საქართველოს ეკონომიკა პანდემიამდე პერიოდის პარამეტრებს დაეწია, მაგრამ 2019 წელთან შედარებით დღეს, ლარის მსყიდველუნარიანობა მკვეთრად დაცემულია.
“ინფლაციის მაჩვენებელი პირველი კვარტლის შემდეგ ოდნავ შემცირდება რიცხვებში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფასები დაიწევს”, – ამბობს შენგელია.
ექსპერტის აზრით, გაცილებით უკეთესი იქნებოდა, ელექტროენერგიაზე ფასნამატის სუბსიდირება ქვეყნის ყველა მცხოვრებს შეხებოდა გარკვეულ ზღვრამდე და მთავრობა მოსახლეობას გაზრდილ გადასახადში შეხიდებოდა.
“გადასახადების გაზრდა დაიწყო ნოემბრიდან. საშუალოდ 70 %-ით არის გაზრდილი ჯამურად. ეს შესამჩნევად დაარტყამს მოსახლეობის ჯიბეს იანვარში, როცა გაზრდილ ტარიფებს მიიღებენ. გარდა ამისა, 2021 წლის ბოლოს მოქალაქეებს კომუნალური გადასახადების 2 თვის ერთად გადახდა მოუხდათ, რადგან კომპანიებმა წლის ბოლოს დააჯამეს გადასახადები. 2022 წლიდან ახალი სისტემით განხორციელდება აღრიცხვა, ანუ იანვრის გადასახადს თებერვლის დასაწყისში გადაიხდიან”, – ამბობს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ნიკა შენგელია.
მისივე შეფასებით, გრძელვადიანი სუბსიდირება ეფექტიანი არ არის. სუბსიდირების არსი არის დროებითი ეფექტი, რომ სოციალური აფეთქება არ მოხდეს.
ეკონომიკის საკითხებში ექსპერტი, ოთარ ანგურიძეც იზიარებს მოსაზრებას, რომ დენის და გაზის ტარიფების გაზრდა გარდაუვალი იყო და ეს საქართველოზე არ არის დამოკიდებული, მსოფლიო ბაზარზე არის მზარდი ტენდენცია.
“ყველა წინა პირობა არსებობდა იმისა, რომ ყოფილიყო ტარიფების ზრდა. მთავრობამაც მიიღო სუბსიდირების გადაწყვეტილება. მგონი უპრეცედენტო გადაწყვეტილება იყო და პოზიტიური იმ თვალსაზრისით, რომ წინასაარჩევნოდ არ ყოფილა მიღებული”, – აცხადებს ანგურიძე.
მისი აზრით, 2020 და 2022 წლებში საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარებას შორის პარალელის გავლენა არასწორია. გიორგი გახარიას დროს, როცა ყოფილმა პრემიერმა უფრო ფართო მასშტაბის სუბსიდია განახორციელა და მოსახლეობის გაცილებით დიდი ნაწილის კომუნალური საჭიროებები დააფინანსა, სრულიად განსხვავებული ვითარება იყო ქვეყანაში.
“კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, ქვეყანაში იყო მძიმე სოციალური ფონი, არაპროგნოზირებადი სიტუაცია. მრავალი მიმართულებით იყო დაძაბული სიტუაცია, მარტო კომუნალურების სუბსიდირება არ გაუკეთებელია მაშინ სახელმწიფოს, სხვა მიმართულებითაც დაიხარჯა ბიუჯეტიდან თანხები. არავინ იცოდა, როგორ განვითარდებოდა პროცესები. ახლა უკვე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაშიც აღიარებენ, რომ პანდემია დასასრულის პირასაა. ფიქრობენ რომ 2022 წელს დასრულდება, ამიტომ პირდაპირ აღება და შედარება ამ პერიოდების იქნება არასწორი. დღეს გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული სურათი”, – აცხადებს ექსპერტი.
სწორია ასეთი შედარება, თუ არასწორი, გონივრული თუ პოლიტიკურად ანგაჟირებული, ეს შედარებაც და პარალელებიც ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას ეკუთვნის. ის გახარიას პრემიერობის დროსაც მინისტრი იყო და ღარიბაშვილის მთავრობაშიც იმავე სავარძელზეა გამწესებული. ექსპერტების აზრით, სუბსიდირება არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს გრძელვადიანი. ის საჭიროა გარკვეული მიზნის მისაღწევად.
“ამ კონკრეტულ შემთხვევაში მცდელობა არის ის, რომ გაძვირება მოსახლეობამ ერთბაშად არ იგრძნოს. სხვა პროდუქტების გაძვირებას, ვერ გავექცევით, ეს არის მსოფლიო ტენდენცია და უნდა მივიღოთ, როგორც მოცემულობა. ჩვენი ქვეყანა არ არის, არც ფქვილის, არც გაზისა და არც ელექტროენერგიის მწარმოებელი, შესაბამისად, სხვა ქვეყნების გაძვირებულ ტარიფებზე ვართ დამოკიდებული”, – განუცხადა Dalma News-ს ოთარ ანგურიძემ.
შეგახსენებთ, 2022 წლიდან, საქართველოს მთავრობა ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს მხოლოდ მიზნობრივი ჯგუფებისთვის დაასუბსიდირებს, კერძოდ, სუბსიდირება შეეხება ელექტროენერგიის ძველსა და 2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედ ტარიფებს შორის სხვაობას. მიმდინარე წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით სუბსიდიით სარგებლობა შეეძლება სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ, 150 000 და ნაკლები ქულის მქონე მოსახლეობას. სუბსიდიის ახალი პროგრამის შესაბამისად, მიზნობრივ ჯგუფებს დაუსუბსიდირდებათ 200 კვტ.სთ-ის ჩათვლით მოხმარებული ელექტროენერგია.
შორენა პაპაშვილი