საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის მოსახლეობას მედიკამენტებზე ფასების არა თუ მატების შეჩერებას, არამედ ფასების კლების მიმართულებით კონკრეტული ზომების მიღებას ჰპირდება. ამ თვალსაზრისით იგეგმება თურქეთის ბაზრის გახსნა და საკანონმდებლო ბაზის შეცვლა.
“ფარმაცევტული ბაზრის ანგარიში დასრულებულია, კონკურენციის სააგენტომ დაასრულა მუშაობა, ახალი მინისტრი უკვე შეხვდა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს, მათ ერთად დაგეგმეს შემდგომ გასატარებელი ღონისძიებები”, – განაცხადა პრემიერმა 10 იანვრის მთავრობის სხდომაზე.
მედიკამენტებზე ფასების შემცირების დაპირებამ მმართველი პარტია “ქართული ოცნების” შერყეულ რეიტინგს შესაძლოა მართლაც უწამლოს, მაგრამ პოლიტიკური შემადგენლის გარდა, რამდენად ეფექტიანი და გრძელვადიანი იქნება ეს რეალური ცხოვრებაში, ამის გარკვევას Dalma News-ი შეეცადა.
როგორც კონკურენციის სააგენტოს მიერ საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის 3-წლიანი კვლევის შედეგმა ცხადყო, საქართველოში არ არსებობს, არც წამლების და არც ბაზრის ეფექტიანი კონტროლის სისტემა. არც იმპორტიორი და არც გამსაღებელი არ არის პასუხისმგებელი მედიკამენტის ხარისხზე. ასევე, არ არსებობს არაკეთილსინდისიერი სამედიცინო პერსონალისგან პაციენტის დაცვის მექანიზმი, მის ინტერესებს არღვევს არსებული სარეცეპტო პოლიტიკაც, როდესაც ადამიანს იძულებულს ხდიან წამალი კონკრეტულ აფთიაქში შეიძინოს და პრეპარატის ანალოგებზე ხელი არ მიუწვდება.
გარდა ამისა, ექიმები ფარმაცევტული კომპანიებიდან ბონუსების მისაღებად პაციენტებს ხშირად, საჭიროზე მეტი რაოდენობით წამლებს უწერენ. არ არსებობს სახელმწიფო კონტროლი იმისა, თუ რა წამლები ინიშნება, რა რაოდენობით და როგორ? გაძვირებული მედიკამენტების პირობებში კი, საქართველოს მოქალაქე ცდილობს გამოსავალი თავად მონახოს და ესა თუ ის მედიკამენტი 3-ჯერ და 4-ჯერ იაფად თურქეთში შეიძინოს. საქართველოში ეს უკვე დანერგილი პრაქტიკაა.
უცხოური ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლობათა ასოციაციის პრეზიდენტის, ირაკლი მარგველაშვილის თქმით, თურქეთში მედიკამენტებზე დაბალი ფასი ამ სახელმწიფოს ძალიან დიდი ფინანსური ჩარევის შედეგია და ამ მიმართულებით, რამდენიმე მექანიზმი მოქმედებს. უმთავრესი ის არის, რომ თურქეთის მთავრობას მედიკამენტების იმპორტზე გაცვლითი კურსი აქვს დაფიქსირებული და ლირას დევალვაციით გამოწვეულ რისკებს სახელმწიფო ფარავს. თურქეთის მთავრობა თავისი მოსახლეობისთვის მედიკამენტების ღირებულებას თითქმის 90%-ით აფინანსებს.
ირაკლი მარგველაშვილის მოსაზრებით, მართალია საქართველო თავისი ფინანსური შესაძლებლობებით ვერ შეძლებს მედიკამენტებზე გაცვლითი კურსის დაფიქსირებას, თუმცა შესაძლებელია ფასნამატების რეგულაციის შემოღება და სხვა მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა.
Dalma News-ი შეეცადა გაერკვია, რა კავშირი აქვს საქართველოში წამლებზე ფასის დაწევას თურქეთის ბაზრის გახსნასთან, მით უმეტეს, რომ თურქული იმპორტისთვის საქართველო ჩაკეტილი არც აქამდე ყოფილა?
როგორც ირაკლი მარგველაშვილი განმარტავს, თურქეთი აქამდე არ შედიოდა იმ ქვეყნების სიაში, საიდანაც საქართველოში მედიკამენტები გამარტივებული წესით შემოდის. თუმცა, თურქეთის ამ სიაში ჩართვა, რამდენად გამოიწვევს ფასების შემცირებას ძნელი სათქმელია. არსებობს მეორე მხარეც, გაძლიერდება კი საქართველოში წამლებზე კონტროლი, რაც დღეს ფაქტობრივად არ არსებობს? მით უმეტეს, რომ თურქეთში მედიკამენტების ხარისხის კონტროლი, არც თუ მაღალ დონეზეა.
“2019 წელს, როდესაც იმპორტის ბაზარი მზარდი იყო, მედიკამენტების 28% თითქმის თურქეთიდან შემოდიოდა. ახლაც შემოდის საკმაოდ ბევრი მედიკამენტი, მათ შორის, “ფორმა ასის” მეშვეობით ინდივიდუალური შემოტანის გზით, როცა პაციენტი „ფორმა ასით“ მიდის სააფთიაქო ქსელში და მათ სთხოვს მედიკამენტის ინდივიდუალურად შემოტანას”, – განუცხადა Dalma News-ს ასოციაციის პრეზიდენტმა, ირაკლი მარგველაშვილმა.
ისმის კითხვა, თურქეთი აქამდე, რატომ არ იყო გამარტივებული იმპორტის სიაში იმ 38-ქვეყანას შორის, საიდანაც საქართველოში მედიკამენტები შემოდის?
ირაკლი მარგველაშვილის განმარტებით, საქართველოს მთავრობის 188-ე დადგენილებით, 2009 წელს „ფარმაცევტული პროდუქციის შესახებ“ მიღებული კანონის საფუძველზე განისაზღვრა ის, თუ რომელი ქვეყნებიდან შეიძლება შემოვიდეს მედიკამენტები გამარტივებული წესით. ეს სია შედგა სტანდარტების საერთაშორისო კლასიფიკაციის (ICS) მიხედვით, ანუ, რომელ ქვეყნებშიც არის დაცული ხარისხის კონტროლი. სწორედ ამ მიზეზით ვერ მოხვდა თურქეთი აღნიშნულ სიაში.
როგორც ირკვევა, საქართველოში წამლების ხარისხის კონტროლის ძალიან შეზღუდული შესაძლებლობებია. ამდენად დამოკიდებულნი ვართ სხვა ქვეყნების ხარისხსა და კეთილსინდისიერებაზე. საქართველოში არსებობს მარეგულირებელი ორგანო – წამლის სააგენტო, რომელმაც 2021 წელს 2-ჯერ მეტი უხარისხო მედიკამენტი ამოიღო ქსელიდან, ვიდრე 2020 წელს. სააგენტოს ძალიან მწირი შესაძლებლობები აქვს, როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსის მხრივ. წამლის შემოწმება თანხებს უკავშირდება.
“მედიკამენტის ხარისხზე არ არის პასუხისმგებელი, არც მისი იმპორტიორი და არც გამსაღებელი, რაც თავისთავად, არასწორი მიდგომაა. 38 ქვეყანას შორის საქართველოს ძირითადი მომწოდებელია საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი, შვედეთი, სადაც მაღალი დონის ხარისხის კონტროლია, თუმცა არავინ აკონტროლებს წამლების ტრანსპორტირების, შენახვის პირობებს, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რეგულატორმა უნდა იცოდეს, მწარმოებლიდან პაციენტამდე მედიკამენტმა რა გზა განვლო, ინახებოდა თუ არა შესაბამის პირობებში და სხვა. ასეთი მონიტორინგის საშუალებას საქართველოს კანონმდებლობა არ იძლევა”, – აცხადებს ირაკლი მარგველაშვილი.
მისივე თქმით, ამ დროის განმავლობაში წამლების ხარისხის კონტროლი თურქეთში არ გაუმჯობესებულა, ამას მოწმობს რამდენიმე საერთაშორისო წყარო. ამდენად, საქართველოს მთავრობის დადგენილებამ შესაძლოა გარკვეული რისკები გაზარდოს.
“ახლა, უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ საქართველოში უხარისხო ან კონტრაბანდული მედიკამენტების შემოტანა მინიმუმამდე შევამციროთ, რომ საერთაშორისო კომპანიებს არ დავუკარგოთ საქართველოში მუშაობის ინტერესი“, – ამბობს მარგველაშვილი.
ამდენად, პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივას შესაძლოა მოკლევადიანი ეფექტი ჰქონდეს და მედიკამენტებზე ფასების დიდი ხნით დაწევა ვერ გახდეს შესაძლებელი, თუ არ განხორციელდა ფარმაცევტული სფეროს სრულად რეფორმირება. ასევე, შესაძლოა ბაზარზე გარკვეული ტიპის მედიკამენტებზე დეფიციტიც კი შეიქმნას.
კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე დღეისთვის 3 გიგანტური კომპანიაა, რომლებსაც ქვეყნის აფთიაქების ქსელის მესამედი – 3 213 აფთიაქიდან 927 ეკუთვნით, დანარჩენებს კი კერძო პირები და მცირე კომპანიები ფლობენ. აფთიაქები საქართველოში 10 450 დასახელების მედიკამენტს ყიდიან, რომლებიც სამ ჯგუფად არის დაყოფილი. რეცეპტის გარეშე მხოლოდ მესამე ჯგუფის მედიკამენტები იყიდება. სანამ წამალს მოქალაქე შეიძენს, მან შემდეგი გზა უნდა გაიაროს: მწარმოებელი ან იმპორტიორი, შემდეგ ბაზარი, აფთიაქი, კლინიკა, ექიმი ან სადაზღვევო სისტემა.
2016-დან 2020 წლამდე საქართველოში წამლების იმპორტს 200-მდე კომპანია ახორციელებს. სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში შეიმჩნევა ფასების 41%-იანი ზრდაც. კონკურენციის სააგენტოში განმარტავენ, რომ ინფლაცია მედიკამენტების თვითღირებულების 7%-ს შეადგენს აშშ დოლარებში. ასევე, აღსანიშნავია, რომ მედიკამენტის იმპორტი გათავისუფლებულია დამატებითი ღირებულების გადასახადისგან.
მონიტორინგის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ ფასწარმოქმნა არაერთგვაროვანია. გენერიკულ მედიკამენტებზე, რიგ შემთხვევებში, ფიქსირდება 200%-იანი ფასნამატი. (გენერიკული მედიკამენტები ასლია ორიგინალური წამლების, რომელთაც არ აქვთ საპატენტო დაცვა. ამის გამო, ისინი ხელმისაწვდომია ნებისმიერი მწარმოებლისათვის). რიგ შემთხვევებში, მცირე კომპანიების მხრიდან ფიქსირდება მაღალი ფასნამატი, რაც შეიძლება აღწევდეს 1000%-ს და მეტს. სააგენტოს პოზიციით, ასეთ მედიკამენტებზე მოთხოვნა განპირობებულია ბაზარზე ინტერესთა კონფლიქტის შემცველი ურთიერთობებით.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ნიკა შენგელია მიიჩნევს, რომ საქართველოში მედიკამენტებზე ფასები დიდ ფარმაცევტულ კომპანიებს შორის კარტელური გარიგებით დგება. წამლებზე ფასების ზრდას, როგორც წესი, ვალუტის გაუფასურებით ხსნიან.
მისივე თქმით, საქართველოში ფარმაცევტული კომპანიების გამსხვილების პროცესი XX საუკუნის 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან იწყება. მაშინ ძირითადი ძირითადი იმპორტიორები იყვნენ: “ავერსი”, “პსპ” და “კრისტალი”, რომლებიც საბითუმო ბაზარს ფლობდნენ. ისინი თავიანთ ფასებს აწესებენ, ამ შეთანხმებას მოგვიამებით „სახალხო აფთიაქი“ შეუერთდა და ჩამოყალიბდა გარკვეული კარტელი, რომლებიც აკონტროლებდნენ ბაზარს და ფასებს. “ავერსმა” და “პსპ”-მ დაიწყო ფარმაცევტული წარმოება – შემოტანილი წამლების დაფასოება. მალე, ეს კომპანიები სადაზღვევო კომპანიების მფლობელებიც გახდნენ და ბაზარი მთლიანად მოიცვეს.
ნიკა შენგელია მიესალმება პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, თუმცა, ეჭვობს ამან რეალური შედეგი გამოიღოს.
“არახალია, რომ ექიმები შეთანხმებულები არიან აფთიაქებთან. “ავერსის” და “პსპ”-ს ბლანკებზე წერენ რეცეპტებს, რაც სწორედ კარტელური შეთანხმების არსებობაზე მეტყველებს. როგორ შეიძლება ფასი 200%-ით იყოს გაზრდილი? შუაში აყენებენ თავიანთ ოფშორულ კომპანიებს, რომლის მეშვეობითაც დიდი ოდენობით ვალუტა გაედინება ქვეყნიდან. კონკურენციის სააგენტო აქ ვერაფერს გახდება, ამას უნდა კარგი საკანონმდებლო ბაზა და საკითხში კარგად ჩახედვა. ქვეყანა “ევექსის” კლინიკების ქსელად გადაიქცა”, – განუცხადა Dalma News-ს ნიკა შენგელიამ.
მისივე თქმით, ისევე, როგორც საწვავის ბიზნესს, ფარმაცევტულ სფეროსაც თავისი ლობისტები ჰყავს ხელისუფლებაში. ამდენად, არაფერი შეიცვლება მანამდე, სანამ მოსახლეობა არ ამოიღებს ხმას და ფასების მატების გამო, უკმაყოფილებას არ გამოხატავენ.
შორენა პაპაშვილი