აზერბაიჯანი და თურქეთი ინტენსიურად დაახლოებას და ურთიერთობების ახალი შეთანხმებებით განმტკიცებას ცდილობენ. ერთ-ერთია ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ბაქოს კონტროლის ქვეშ მოხვედრილ ქალაქ შუშაში ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაცია მეგობრობის და ყოვლისმომცველი თანამშრომლობის განვითარებაზე.
15 ივნისს გაფორმებული დოკუმენტი ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრშიც მოექცა. მისმა ნაწილმა აღნიშნული დოკუმენტი აზერბაიჯანისთვის მისი საიმედო პარტნიორის – თურქეთის მიერ გაწეული მოკავშირული მხარდაჭერის მორიგ მტკიცებულებად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ ანკარა, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მას დაეხმარება, არა მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, არამედ ნატო-სთან დიდი ხნის სასურველი ინტეგრაციის პროცესში.
აღნიშნულმა შეთანხმებამ საზოგადოების მეორე ნაწილის, რომელიც განსხვავებული რწმენის მქონე თურქეთისადმი, არც ისე ოპტიმისტური და მეგობრულია, შეშფოთება გამოიწვია. მაგრამ ისინი შეშფოთდნენ არა მეზობელი სომხეთის გამო, რომელსაც თურქეთმა და აზერბაიჯანმა “კეთილმეზობლობის საკმარისად მწარე გაკვეთილი” ჩაუტარეს, არამედ საქართველოს გამო, რომლისთვისაც “შუშას დეკლარაციამ”, შესაძლოა, არაპროგნოზირებადი შედეგები გამოიწვიოს.
იმავე დღეებში, საქართველოს სოც.ქსელში გამოქვეყნდა და მასობრივად გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელშიც თურქეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი კითხულობს “თავისი მშობლიური მხარის – მესხეთისადმი” მიძღვნილ ლექსს, რომელიც სავარაუდოდ, თავად მის მიერ უნდა იყოს დაწერილი. ქართულად ნათარგმნი ტექსტით თუ ვიმსჯელებთ, თურქ ლიდერს “მშობლიური მესხეთის” მიმართ ნოსტაგია აქვს და იმედოვნებს, რომ ოდესღაც მას დაიბრუნებს. თანაც, ამას თავისი მამაცი არმიის დახმარებით გააკეთებს.
ერდოღანის გამოსვლის ტექსტის ქართული თარგმანის სანდოობაზე ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ, თუმცა, აშკარაა, რომ ქართულ სოც. ქსელში ამას არამეგობრული და უკიდურესად აღშფოთებული რეაგირება მოჰყვა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ერდოღანის ვიდეოჩანაწერი, რამდენიმე წლის წინ არის გაკეთებული, თუმცა ყურადღება სწორედ შუშას დეკლარაციის შემდეგ მიიქცია.
აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ალიანსი საქართველოში, რიონის ხეობაში ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის მშენებლობის პროექტის გარშემო, ანტითურქული განწყობების ფონზე განმტკიცდა. აღნიშნული ჰიდროელექტროსადგურის მოწინააღმდეგეები განსაკუთრებით აღაშფოთა იმან, რომ მშენებლობა დაევალა თურქულ კომპანიას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ ასობით ჰექტარი მიწა, ფაქტობრივად, უანგაროდ გადასცა. ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განმარტებამ, რომ თითქოს მიწა ინვესტორს ამ საქმეში ქართული მხარის შენატანის სახით გადაეცა, მომიტინგეები არ დააკმაყოფილა. ნამახვანში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის წინააღმდეგ გამართული პროტესტი ცალკე თემაა, რომელშიც პოლიტიკური და გარემოსდაცვით საკითხები მჭიდროდაა გადაჯაჭვული და ცალკე საუბრის საგანია.
რაც შეეხება უშუალოდ შუშას დეკლარაციას, საქართველოს ექსპერტთა საზოგადოებაში ეს დოკუმენტი არაერთმნიშვნელოვნად მიიღეს. თურქეთისადმი კეთილად განწყობილი ანალიტიკოსებიც ლატენტური შფოთვის საბაბს ხედავენ და ცდილობენ გაარკვიონ, თუ რა მნიშვნელობა აქვს მას საქართველოსთვის.
ქართველ ექსპერტს, სტრატეგიებისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევითი ფონდის წარმომადგენელ ზურაბ ბათიაშვილს მიაჩნია, რომ შუშას დეკლარაციის ხელმოწერით, თურქეთმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აზერბაიჯანთან მოკავშირული ურთიერთობებისადმი ერთგულებას და მის წინაშე არსებულ ვალდებულებებს.
„თურქეთი შუშაში თავისი საკონსულოს გახსნას გეგმავს. ეს იმ განსაკუთრებულ როლს ნიშნავს, რომელიც თურქეთმა ყარაბაღის მეორე ომის დროს შეასრულა. აზერბაიჯანისთვის გაწეული მხარდაჭერა ყარაბაღის საკითხში ერთჯერადი არ ყოფილა და თურქეთს ამ მიმართულებით ბევრად უფრო გრძელვადიანი გეგმები აქვს. ვფიქრობ, ერთ-ერთი გეგმა შუშაში ერდოღანის ვიზიტია. ამით მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ თურქეთის მიერ აღებული მოვალეობები ძალაშია. რაც იმას ნიშნავს, რომ თურქეთი სამხრეთ კავკასიაში აქტიური მოთამაშე იქნება“, – განაცხადა ზურაბ ბათიაშვილმა Dalma News-თან საუბარში.
მისივე აზრით, “კონტრნაბიჯები” რუსეთის მხრიდანაც არის მოსალოდნელი, რომლისთვისაც რეგიონში თურქეთის გაძლიერება ნამდვილად არ არის სულერთი.
“რაც შეეხება მეორე მხარეს, რუსეთს, რომელიც ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებს კავკასიაში განვითარებულ მოვლენებს, განსაკუთრებით თუ მათში გარე ძალები ერევიან, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის, სამომავლოდ, თანამშრომლობა უფრო მკვეთრი მოქმედებებით თუ გამოიხატება და აზერბაიჯანის თურქეთის სამხედრო ბაზის გახსნაზე ალაპარაკდებიან, ვფიქრობ, რუსეთისთვის ეს ერთგვარი სიგნალი გახდება “კონტრნაბიჯების” გადასადგმელად”, – თქვა ზურაბ ბათიაშვილმა.
მისი შეფასებით, საქართველოსთვის ეს მოვლენები მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, იმით, რომ პროცესები “მის გარშემო” ხდება და საქართველოს ხელისუფლებამ მეტი დაკვირვებულობა და წინდახებულება უნდა გამოიჩინოს.
“ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან მოვლენები ჩვენს გარშემო ხდება. ყურადღებით უნდა ვიყოთ. საქართველომ ნათლად და მკაფიოდ გამოხატა თავისი პროდასავლური ორიენტაცია, რომელიც ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციას ნიშნავს და მან ეს გზა უნდა გააგრძელოს. თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა და ამ მხრიდან ჩვენთვის საინტერესოა მისი, როგორც ალიანსის წევრის აქტივობა კავკასიაში”, – განაცხადა ზურაბ ბათიაშვილმა.
რაც შეეხება საქართველოში გაძლიერებულ ანტითურქულ გამოსვლებს, ექსპერტი მათ რუსეთს უკავშირებს, რადგან მიაჩნია, რომ ქართული ორგანიზაციები, რომლებმაც საპროტესტო აქციები გააძლიერეს, “რუსული ფულით ფინანსდებიან”.
ქართველ ექსპერტ დემურ გიორხელიძეს, შუშას დეკლარაციას “წარმომავლობით ძალიან ახლოს მდგომ ხალხებს შორის გაფორმებულ ურთიერთშეთანხმებად” აფასებს. იგი თურქეთის პრეზიდენტის განცხადებებში “დიდ ამბიციებს” ხედავს და მიაჩნია, რომ ეს საქართველოსთვის ნამდვილად არ არის პერსპექტიული.
“უპირველეს ყოვლისა, ეს არის ორმხრივი შეთანხმება ორ სახელმწიფოს შორის, რომელთა ხალხები წარმოშობით ძალიან ახლოს არიან. თუ, არ ჩავთვლით, თურქეთის პრეზიდენტის განცხადებებს, რომლებშიც დიდი ამბიციები იგრძნობა, მაშინ ასეთი დეკლარაციების გაფორმება ნორმალურია. ეს ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობას ნიშნავს. ჩვენ თურქეთთანაც ვთანამშრომლობთ და ჩვენს შორის მტრობა არ არის, მაგრამ ერდოღანის აზრის ზოგიერთი მიმართულება საქართველოსთვის იმედისმომცემი არ არის და მათთან ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან სხვა რეალობა ყალიბდება”, – თქვა დემურ გიორხელიძემ Dalma News– თან ინტერვიუში.
მისი აზრით, არსებულ რეალობაში, საქართველოს ხელისუფლებამ ყურადღება უნდა მიაქციოს საკუთარი ქვეყნის განვითარებას და მსოფლიოში მრავალმხრივი კავშირების გამყარებას.
”რა თქმა უნდა, დღეს ღიად არავინ ამბობს, რომ ის ახალი გაერთიანების მფლობელი იქნება, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ კეთილი ზრახვებია პოლიტიკისა და ინტერესების გარეშე. თურქეთის სახელმწიფოს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ კარგად მესმის მათი მიზნების და მისწრაფებების. პატივს ვცემ თურქეთს, მაგრამ არ მსურს ჩემი ქვეყანა, თუნდაც ირიბად, მისი გავლენის ქვეშ მოექცეს. ვფიქრობ, ჩვენი ვექტორი უფრო პერსპექტიულია. უნდა განვავითაროთ ურთიერთობები დასავლეთის ქვეყნებთან, უნდა მოვაწესრიგოთ ურთიერთობები რუსეთთან, ამ ყველაფერთან კონტექსტში უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი უსაფრთხოების საკითხები და არ ვიყოთ პოლიტიკურად განუვითარებლნი, როგორებიც ქართველი პოლიტიკოსები ბოლო 30 წლის განმავლობაში არიან”, – თქვა გიორხელიძემ.
ინტერნეტ ტელევიზია “წიწაკის” დამფუძნებლის, არჩილ ჭყოიძის თქმით, სახეზეა თურქეთის და აზერბაიჯანის გაძლიერება ეკონომიკური, დემოგრაფიული და სამხედრო თვალსაზრისით. ამავდროულად, მიმდინარეობს ქრისტიანული სახელმწიფოების, იგივე საქართველოსა და სომხეთის მდგომარეობის და პოზიციების შესუსტების პროცესი.
“ამის მიზეზი (ქრისტიანული ქვეყნების დასუსტება) არის არა თურქეთის, ან აზერბაიჯანის გაძლიერება, არამედ თავად სახელმწიფოების – საქართველოს, სომხეთისა და რუსეთის მცდარი პოლიტიკა. იმ დროს, როდესაც თურქეთი და აზერბაიჯანი სხვა ქვეყნებში, მათ შორის რუსეთსა და საქართველოშიც, ინვესტიციების განხორციელებით და უცხოურ მედიაში ლობის ძიებით არიან დაკავებულები, ჩვენთან ის ადამიანები, რომლებსაც თურქული პროექტების წინააღმდეგ საკუთარის შექმნა, სხვადასხვა გაერთიანებისა, თუ ასოციაციის ჩამოყალიბება შეუძლიათ, სინამდვილეში შიდა შუღლით არიან დაკავებულები. ვხედავთ, რომ იგივე რუსეთი, რომელიც ყოველთვის მართლმადიდებლობის საყრდენად განიხილებოდა, დღეს უკრაინასთან, საქართველოსა და მოლდოვასთან საომარ მდგომარეობაშია”, – განაცხადა არჩილ ჭყოიძემ.
მისი აზრით, სანამ ქრისტიანული სახელმწიფოები არ გაიგებენ, რომ ისინი ერთობლივ მოქმედებებზე, ერთობლივ ეკონომიკურ პროექტებზე, დემოგრაფიული სიტუაციის ერთობლივად გამოსწორების გზაზე უნდა გადავიდნენ, იგივე თურქეთი და აზერბაიჯანი ყოველთვის მათზე წინ იქნებიან.
“პრობლემა აქ მხოლოდ შუშას დეკლარაციაში არ არის. იგი უფრო ღრმაა. ვხედავთ, რომ საქართველოსა და სომხეთის მოსახლეობა საზღვარგარეთ გარბის, რადგან ხალხს აქ ცხოვრება არ სურს. მიტოვებულ მიწებს, ცხადია, თურქები, ჩინელები, ან პაკისტანელები დაეპატრონებიან. ამიტომ პრობლემის მოგვარებას სისტემურად და ერთობლივად უნდა მივუდგეთ”, – განმარტა ექსპერტმა.
ჯერჯერობით, ერთი რამ ცხადია. იმ ფონზე, როდესაც საქართველო და სომხეთი მთლიანად ჩაფლულები არიან შიდა პოლიტიკური პრობლემების მოგვარებაში, თურქეთი და აზერბაიჯანი ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას განაგრძობენ და ანკარა ბაქოსთან მოკავშირეობის წყალობით რეგიონში თანდათან უფრო გავლენიანი მოთამაშე ხდება.
ირინა ხაჩიძე