2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში არ იქნება, მხოლოდ ქალაქების მერებისა და საკრებულოს წევრების არჩევნები, ის გადაწყვეტს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ბედს. პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა, რომელიც ქვეყანაში 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიქმნა, მხოლოდ ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტის წყალობით მოხერხდა, სადაც ერთ-ერთ პირობად სწორედ ეს არის გათვალისწინებული. კერძოდ, თუ თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტია “ქართული ოცნება” პროპორციულ ნაწილში ხმების 43%-ს ვერ აიღებს, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.
ამ დროის განმავლობაში შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმომწერი პატარ-პატარა ოპოზიციური პარტიები საკანონმდებლო ორგანოში, ავად თუ კარგად შევიდნენ. მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პარტია “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”, თუმცა შევიდა პარლამენტში. ხელი, არც ლეიბორისტებს მოუწერიათ, მაგრამ თავიანთი ერთი მანდატი პარლამენტს გარეთ დატოვეს. “ნაციონალური მოძრაობა” თავის ამპლუაშია, ის ცდილობს პოლიტიკური ამინდის შემქმნელი ქვეყანაში თავად იყოს.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს არჩევნებიც მკვეთრად პოლარიზებული იქნება. მთავარმა მოთამაშეებმა თავიანთი “ფალავნები” უკვე გამოიყვანეს. „ქართულმა ოცნებამ“ და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის მერობის საკუთარი კანდიდატების წარდგენით საარჩევნო კამპანია დაიწყეს. დედაქალაქში “ოცნების” მერობის კანდიდატი მოქმედი მერი კახა კალაძე იქნება, ხოლო ნაციონალების მხრიდან პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია.
თავის გარშემო მთელი ოპოზიციური ძალების გაერთიანების მსურველი მელია დანარჩენ ოპოზიციას დაჰპირდა, რომ დედაქალაქის მერად მის კანდიდატურას თუ დაუჭერენ მხარს, “ნაციონალური მოძრაობა” თბილისის, არც ერთ რაიონში საკუთარ მაჟორიტარს არ დაასახელებს.
ნიკა მელიამ საკუთარი კანდიდატურა მოსახლეობას თავადვე წარუდგინა – ელენე ხოშტარიასთან ერთად ვიდეომიმართვის ჩანაწერით. “ქართულმა ოცნებამ” კი, თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიება, ტრადიციულად, მთაწმინდის პარკში გამართა. კახა კალაძე პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ წარადგინა და “თბილისის ყველა დროის საუკეთესო მერი” უწოდა.
კახა კალაძე თბილისის მერად კენჭს მეორედ იყრის. 2017 წელს მან არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვა. მეორედ იყრის კენჭს ნიკა მელიაც, თუმცა 2014 წელს ის “ქართული ოცნების” კანდიდატ დავით ნარმანიასთან მეორე ტურში დამარცხდა. 2017 წლის არჩევნებში კი, “ენმ”-მ ფალავანი შეცვალა და კახა კალაძეს ტელეწამყვანი, “რუსთავი-2”-ის გენ.დირექტორის მოადგილე, ზაალ უდუმაშვილი დაუპირისპირდა, რომელმაც პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება მაშინ უეცრად, არჩევნებამდე 4 თვით ადრე მიიღო.
მმართველ პარტიაში მელიას ძლიერ მეტოქედ არ აღიქვამენ და ამბობენ, რომ უმჯობესი იქნებოდა მას თბილისის მერობის კანდიდატობაზე უარი ეთქვა, რადგან კარგად იცის, რომ მისთვის ეს წაგებული თამაში იქნება.
“მაგრამ, ვინაიდან, მაინც დათანხმდა, ეს ნიშნავს, რომ უკრაინის მოქალაქე რომ ჰყავთ, გიჟი, ეტყობა, ის აწვებათ, რომ მონაწილეობა მიიღოს”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ.
მისივე თქმით, მელია განწირულია წაგებისთვის. ის 8 წელია პოლიტიკაშია და ქალაქისთვის არაფერი გაუკეთებია.
“იყო ძველი თბილისის გამგებელი, მანამდე აღსრულების ბიუროს ხელმძღვანელი, სადაც დაახლოებით 36 000 ადამიანის ქონების წართმევასა და გამოსახლებაზე აქვს ხელი მოწერილი. როგორ უნდა შევადაროთ კალაძეს, რომელსაც 4 წლის განმავლობაში მერის ხელფასი არ აუღია, მაშინ, როდესაც მისი წინამორბედები ხელფასს, პრემიას და დანამატს იღებდნენ”, – აცხადებს ზარქუა.
ანალიტიკოს ლადო ბოჟაძის შეფასებით, “ქართულ ოცნებას” ამ არჩევნების პროპორციულ ნაწილში 43%-იანი ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდება. ყველა მუნიციპალიტეტში ეყოლებათ ისეთი კანდიდატები, რომლებიც არჩევნების პირველივე ტურში შეძლებენ გამარჯვებას. რაც, მისივე თქმით, ჩანს უკვე, არა მხოლოდ მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიიდან, არამედ თავად ოპოზიციასაც დაეტყო, როდესაც კალაძეს საკუთარი „ფალავნის“ სახით, ნიკა მელია გამოუყვანეს.
“არადა მელია, დანარჩენ ოპოზიციას არწმუნებდა იმაში, რომ არ აპირებდა თბილისის მერობას, არამედ იქნებოდა საერთო ეროვნული პარტიის თავმჯდომარე, რომ მათი საარჩევნო კამპანია ქვეყნის რეგიონებში გაიშლებოდა და ის პირადად ჩავიდოდა ყველგან, შეხვდებოდა ადგილობრივ მოსახლეობას. მაგრამ, როგორც ჩანს, დედაქალაქში ამჯობინა დარჩენა. თბილისი იქნება მელიას ბრძოლის ველი”, – განუცხადა Dalma News-ს ლადო ბოჟაძემ.
მისივე შეფასებით, „ენმ“-ს რეიტინგი განსაკუთრებულად მაღალი, არც სხვა არჩევნებზე ყოფილა. 2017 წელს კახა კალაძეს „ენმ“-დან ჯერ ზაალ უდუმაშვილი “დაეჭიდა”, ახლა მელიას რიგია.
ბოჟაძის პროგნოზით, კახა კალაძის შანსები დედაქალაქში, მაქსიმალურია. ამას ემატება მისი მერობის პერიოდში გაკეთებული საქმეები, რაც თბილისს მნიშვნელოვნად დაეტყო: დედაქალაქს შეემატა რეკრეაციული ზონები, ქალაქს დაუბრუნდა კალაძის წინამორბედების დროს გაყიდული 138 ჰა მიწა და სატყეო ზონა; შექმნა სოციალური დახმარების მთელი რიგი პაკეტები; განახორციელა მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმა და, როგორც იქნა, თბილისელებისთვის საძულველი, უგულავას (“ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების მერი) მიერ შემოყვანილი ძველი, ყვითელი ავტობუსები მოაშორა ქალაქს და სხვა.
შთამბეჭდავია კალაძის დედაქალაქის მოსახლეობასთან კომუნიკაციის პრაქტიკაც.
“სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ, როგორც თანამდებობის პირი, საკმაოდ აქტიურია სოციალურ ქსელში და მაქსიმალურად ცდილობს უყურადღებოდ არ დატოვოს მოქალაქეების ნებისმიერი თხოვნები, თუ პრეტენზია. კალაძე საკმაოდ კარგად იყენებს სოციალურ ქსელს მერიის საქმიანობის პიარისთვის, ყოველი ახალი პროექტის შესახებ ინფორმაციას მოსახლეობას თავად აწვდის. მართლია მელიას სურს გაერთიანებული ოპოზიციის საერთო კანდიდატი იყოს და რამდენიმე პარტიამ მხარდაჭერა უკვე გამოუცხადა, მაგრამ “გირჩი”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “მოქალაქეები” და “ევროპული საქართველოც” კი, ცალკე რჩებიან. “ლელოს” ჯერჯერობით ორჭოფობს, ლეიბორისტები კი, დამოუკიდებლად ბრძოლას აპირებენ, – განუცხადა მან.
“ენმ”-დან აღმოცენებულ პარტია “ევროპულ საქართველოში” ამბობენ, რომ მელია გრავიტაციის ერთი ცენტრია, საჭიროა გრავიტაციის კიდევ მეორე ცენტრის შექმნა და ასეთი ცენტრი მათი იქნება, მათთვის, ვისაც აღარც “ოცნება” სურს და აღარც ნაციონალები.
ფსიქოლოგისა და პოლიტოლოგის, რამაზ საყვარელიძის თქმით, როგორც ჩანს, “ევროპულ საქართველოს” გრავიტაციაზე საკუთარი წარმოდგენა აქვს, რადგან ამ ბრძოლაში პოლიტიკური სუბიექტების შემოსვლის პროცესი ჯერ კიდევ წინ არის. ასეთია, თუნდაც ექსპრემიერ გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდი, რომლის მიმართაც მესამე ძალის შექმნის მოლოდინები არსებობს.
რამაზ საყვარელიძე ოპოზიციას სტრატეგიას უწუნებს და ურჩევს, “წონიანი” ფიგურები სწორედ რეგიონებში გაუშვან, რადგან, მისი აზრით, ოპოზიციას თბილისში ხმების აღება ძალიან გაუჭირდება.
“მარტო იმის ძახილი, რომ მელია არის გრავიტაციის ცენტრი, ცოტა გადაჭარბებულია. ისევე, როგორც თბილისში მელიას პერსონის და მისი პარტიის შანსების შეფასება. ყველას მიაჩნია, რომ თბილისში კალაძე გაიმარჯვებს. მერის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი რამეა”, – ამბობს რამაზ საყვარელიძე.
თვითმმართველობის სპეციფიკიდან გამომდინარე, 2 ოქტომბრის არჩევნებზე პროგრამების ჭიდილი უნდა იყოს, პარტიული სუბიექტები ერთმანეთს რეგიონების პრობლემების კარგად ცოდნასა და მოსახლეობისთვის მათი მოგვარების გზების შეთავაზებაში ეჯიბრებოდნენ, რასაც ჯერჯერობით ვერ ვხედავთ. ოპოზიციის პოლიტიკურ-რევოლუციური გეგმები კვლავ ერთი ადამიანის,”„ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის გარშემო ტრიალებს.
ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძის თქმით, 2012 წლის შემდეგ, ქართული ოპოზიცია სულ ამ სტრატეგიით მუშაობს და ვერც ერთ ეტაპზე, ვერ იმარჯვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია არა ივანიშვილის “გადაგდება”, არამედ ის, თუ ვინ მოვა იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი ჩამოშორდება ხელისუფლებას. ოპოზიცია ასეთ “მომსვლელად” საქართველოს მოსახლეობას ექსპრეზიდენტ სააკაშვილს სთავაზობს. არადა სააკაშვილი საქართველოს მოსახლეობამ, 2012 წელს, უკვე გაუშვა ხელისუფლებიდან თავის პარტიასთან ერთად. მას შემდეგ “ნაციონალური მოძრაობა” პატარა-პატარა ნაწილებად იშლება, სახელსაც ახალს ირქმევენ, მაგრამ ყოველ არჩევნებზე ამომრჩეველი მათ ეუბნება: – არა!
“მთელი ამ ხნის განმავლობაში „ენმ“, არც ერთი იმ კომისიის მუშაობაში არ მონაწილეობს, რომელმაც უნდა გაარკვიოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იყო თუ არა დარღვევები. არც ცესკოს თავმჯდომარის არჩევნებში არ მონაწილეობენ. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ოპოზიცია ემზადება არა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის”, – ამბობს რამაზ საყვარელიძე.
ექსპერტების აზრით, მკვეთრად პოლარიზებულ გარემოს ახლა, ღიად პოლარიზებული მედიაც დაემატა. ერთი სიტყვით, გამორიცხული არ არის 3 ოქტომბერს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კვლავ დაიწყოს არჩევნების გაყალბებაზე საუბარი და ხელოვნურად გამოწვეული პოლიტიკური კრიზისი. როგორც ეს იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” სხვა ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტში შესვლის უფლებას არ აძლევდა.
შორენა პაპაშვილი