ექვსთვიანი ბოიკოტისა და პოლიტიკური კრიზისის შექნის შემდეგ, ოპოზიციის დიდი ნაწილი, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებდა, დღეს პარლამენტშია და მმართველ პარტიასთან არჩევნების შესახებ კანონში ცვლილებებზე მუშაობს. ბოიკოტის ერთგული რჩება მთავარ ოპოზიციურ პარტიად მონათლული “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, მისი ტყუპისცალი “ევროპული საქართველო” და შვილობილი – ლეიბორისტული პარტია.
მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის შემდეგ, საქართველოში ცხოვრების დონე მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა, ემიგრაციაში წასვლის მსურველთა რიგი კვლავ დიდია, სოფლებში ხალხს აღარ დაედგომება და მსოფლიო პანდემიის გამო, კიდევ უფრო დამძიმდა ქვეყანაში არსებული ისედაც მძიმე სოციალური ფონი, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” საპროტესტო მუხტის სადავეების ხელში აღება სულ უფრო უჭირს. იმ რეალობის გააზრების შედეგად, რომ დედაქალაქის მთავარ მოედანზე საპროტესტო განწყობის მქონე საჭირო რაოდენობით ხალხის მობილიზება გაუჭირდებოდათ, მაისში დაანონსებული აქცია გააუქმეს.
საქართველოში დიდი ხანია, პოლიტიკური ელიტის პრობლემები ხალხის პრობლემებთან თანხვედრაში აღარ არის. ექსპერტთა ნაწილისთვის გაუგებარია, რა საჭირო იყო გაერთიანებული ოპოზიციის ქუჩაში დგომას, თუ კი პარლამენტში შესვლის შემდეგ მმართველ პარტიასთან კონსტრუქციულობანას თამაშს აპირებდნენ. უმჯობესი იქნებოდა პირველივე დღიდან აეღოთ პარლამენტის მანდატები და საკუთარი ამომრჩევლის ინტერესი სწორედ საკანონმდებლო ორგანოში დაეცათ.
მას შემდეგ, რაც დაბალრეიტინგულმა პარტიებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით შემუშავებულ დოკუმენტს ხელი მოაწერეს და შეიძლება ითქვას, ნაციონალების იძულებით მძევლობას დააღწიეს თავი, ახლა პარლამენტში იმაზე დარდობენ, საარჩევნო ადმინისტრაცია იმგვარად დაკომპლექტდეს, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიმართ სანდოობა მაქსიმალურად გაიზარდოს.
ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტი წყალგამყოფად იქცა გაერთიანებული ოპოზიციისთვის. პარტიებმა, რომლებმაც შეთანხმებას ხელი ამ მოაწერეს და ბოიკოტის რეჟიმში დარჩნენ, ცალკეული რეიტინგული პოლიტიკური სახეები დაკარგეს. ასე, მაგალითად, სალომე სამადაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” პოზიციები, მას შემდეგ გაიყო, რაც პარტიამ უარი თქვა შარლ მიშელის შეთანხმებაზე. სამადაშვილს კი მიაჩნია, რომ ეს ხელმოწერა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის არის მნიშვნელოვანი.
“ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი არ არსო”, – თქვა და დოკუმენტს ინდივიდუალურად შეუერთდა.
პარლამენტში ასევე არ შედიან “ევროპული საქართველო” და ლეიბორისტები. ამასობაში “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მზადყოფნას აცხადებს, 2021 წლის არჩევნებში თბილისის მერობის ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი იყოს.
“ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, ჩვენ ყველაზე პატარა დანახარჯებით თბილისში მე-3 ადგილზე გავედით. შესაბამისად, ჩვენს პარტიას აქვს ამბიცია, რომ თბილისში ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი. გიჟი უნდა ვიყო, რომ ამაზე ვთქვა, – არა. რატომ არ უნდა მინდოდეს?!”,- აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.
ანალიტიკოს ლადო ბოჟაძის მოსაზრებით, ოპოზიციის ერთიანობა არის საზოგადოების მოტყუება, რადგან ვნახეთ, რომ არავითარი ერთიანი ოპოზიცია არც არჩევნების შემდეგ არსებობდა და დღეს, ეს “ერთობა” კიდევ უფრო ცუდად გამოიყურება, – ზოგი კარავშია, ზოგი ქუჩაში, ზოგი პარლამენტში.
Dalma News-ის კითხვაზე, თუ რა შეიცვალა 6-თვიანი ბოიკოტის შემდეგ, ლადო ბოჟაძე აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” და ოპოზიციის ამ ნაწილის მიზანი იყო, ტელეკომპანია “მთავარი არხის” მეწილე, გიორგი რურუას (ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) გათავისუფლება. რაც შეეხება თავად პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიას, მისი გათავისუფლების მექანიზმები მანამდეც არსებობდა, – გირაოს გადახდა. „ენმ“-სთვის შეიცვალა ის, რომ ოპოზიციურად და რადიკალურად განწყობილი ამომრჩეველი მაქსიმალურად თავისკენ წაიყვანა, რაც მომავალი არჩევნების შედეგებზე აისახება.
“მეორე მხრივ, შეიცვალა ის, რომ რეალურად დავიწყეთ მართლმსაჯულების და საარჩევნო კანონის რეფორმა. ხოლო, პარლამენტში არშესვლით, “ენმ”, “ევროპული საქართველო” და ლეიბორისტული პარტია მაქსიმალურად ცდილობენ შეინარჩუნონ ამომრჩევლის რადიკალური ნაწილი, რომლისთვისაც თვითმმართველობის არჩევნებზე სათქმელი ექნებათ, რომ ბოლომდე დარჩნენ ბოიკოტის რეჟიმში, რაც, არაგონივრულია”, – აცხადებს ბოჟაძე.
ექსპერტის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ნაწილი საბოლოო ჯამში შევიდა პარლამენტში, მაინც დაზარალდნენ. 6-თვიანი ბოიკოტის ნაცვლად პარლამენტში პირველივე დღეებიდან, რომ შესულიყვნენ, აღარ მოუწევდათ წნეხის გადატანა “ენმ”-სა და მის მიერ მართვადი ტელევიზიების მხრიდან: – “გაიყიდნენ”, “მიეყიდნენ, “ოცნების თამაშს თამაშობენ“ და მსგავსი შინაარსის ეპითეტებს აიცილებდნენ თავიდანვე.
რადიკალურად განწყობილი ამომრჩევლის ის ნაწილი, რომელიც მანამდე სხვა პარტიებზეც იყო გადანაწილებული, ახლა მთლიანად ნაციონალებს დარჩათ, მაგრამ, საინტერესოა, რა რჩებათ აქედან „ევროპულ საქართველოს“ და ლეიბორისტებს?
ლადო ბოჟაძის თქმით, ლეიბორისტულ პარტიას, არც არაფერი დარჩება, იმიტომ, რომ, არც არაფერი ჰქონდა. მისი რეალური რეიტინგია 1%-ზე ნაკლებია. პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი 0%-იან ბარიერსაც ვერ გადალახავდა გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რომ არ ყოფილიყო. საბოლოო ჯამში, დიდი ალბათობით, ნათელაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” სიაში აღმოჩნდება.
“ნათელაშვილი დიდი ხანია გამოირჩევა „ენმ“-სთან აქტიური თანამშრომლობით, თუმცა თავისი ერთი მანდატით პარლამენტში არშესვლა, როცა ფაქტობრივად ყველა შევიდა ნაციონალების გარდა, ნიშნავს იმას, რომ ის სამომავლოდაც მყარად აპირებს „ენმ“-სთან თანამშრომლობას. სხვანაირად მას არანაირი პერსპექტივა არ აქვს”, – აცხადებს ბოჟაძე.
რაც შეეხება გახარიას და ვასაძის შანსებს, ლადო ბოჟაძის მოსაზრებით, თუ ვინმეს დააზარალებს გახარია და ვასაძე, პირველ რიგში იმ პარტიებს, რომლებიც ახლა პარლამენტში შევიდნენ. მათი პირველი სამუშაო არეალი იქნება ის 500 000 ამომრჩეველი, რომელმაც ხმა, არც “ქართულ ოცნებას” და, არც “ენმ”-ს არ მისცა.
ბოჟაძის აზრით, გახარიაც და ვასაძეც ამომრჩეველს “ქართულ ოცნებასაც” წაართმევენ, თუმცა “ოცნებას” ჰყავს თავისი მყარი ელექტორატი და 2021 წლის არჩევნებზე 43 %-იან ბარიერს გადალახავს. სხვა შემთხვევაში ქვეყანას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ელის.
ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე მიიჩნევს, რომ ამ 6-თვიანი კრიზისის გამო, ქვეყანას გამოუსწორებელი ზიანი მიადგა. საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში საქართველოს მიმართ შეფასებები გაუარესებულია.
“მიუხედავად ექსპრეზიდენტ შევარდნაძის დროს სერიოზული კორუფციული გარემოსა და სააკაშვილის დროინდელი ავტორიტარიზმის ძალიან ძლიერი ნიშნებისა, ქართულ დემოკრატიაზე გარკვეული წარმოდგენა არსებობდა სამეზობლოშიც და დასავლეთშიც. დღეს, ეს წარმოდგენები აღმოჩნდა მითი, რადგან ქვეყანა, რომელიც არჩევნებზე ვერ ატარებს და, რაც მთავარია არჩევნების შედეგების მიმართ დამოკიდებულებას ვერ აყალიბებს, ასეთი ქვეყანა ძალიან ძნელია დემოკრატიულ ქვეყნად იქნას მიჩნეული. როცა ამას ქართველი ანალიტიკოსები ვამბობთ, ყურადღებას არავინ გვაქცევს, მაგრამ, როცა ამას საერთაშორისო ორგანიზაციები, ისევ ქართველი ანალიტიკოსების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობენ, ეს უკვე სწორი და მნიშვნელოვანია”, – აცხადებს ვაჟა ბერიძე.
მისივე თქმით, საქართველოში არჩევნები სულ ლეგიტიმურობის ზღვარზეა და თავს იმით ვიმშვიდებთ, რომ დასავლეთი ცნობს არჩევნების შედეგებს. ამასობაში კი პოლიტიკური ელიტისა და ქართული საზოგადოების ინტერესები ძალიან შორი-შორს არის. როგორც Dalma News-ს ვაჟა ბერიძემ განუცხადა, ხალხი ბევრი რამის გამო არის იმედგაცრუებული, – ქვეყანა არ ვითარდება, უკეთესობა არ ჩანს, ეკონომიკა არ იზრდება, ყველაფერს პანდემიაც დაერთო და ა.შ.
ოპოზიციის ერთობისა და მათი საერთო სტრატეგიის, არც ვაჟა ბერიძეს სჯერა. მისივე მოსაზრებით, ოპოზიციას საერთო მიზნები, არც მაშინ ჰქონია, როცა ლეიბორისტების ოფისში იკრიბებოდნენ და თითქოს იყვნენ ერთსულოვანნი სტრატეგიასა და ტაქტიკაში. მათი მთავარი გამაერთიანებელი ერთი პიროვნების – პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებელ, მილიარდელ ბიძინა ივანიშვილის სიძულვილი და მისი პოლიტიკიდან გაგდების სურვილი.
“ძლიერი ოპოზიცია ქართული საზოგადოების წარმატება იქნებოდა. მაგრამ გარკვეული სუბიექტების უკიდეგანო ამბიციებზე დაფუძნებული ოპოზიცია, სამწუხაროდ, საზოგადოების დაკვეთას ვერ შეასრულებს. მეორე მხარეს არის ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ, იმიტომ ინარჩუნებს ძალაუფლებას, რომ ქართველ ამომრჩეველს არ უნდა ხელისუფლებაში „ენმ“-ს დაბრუნების თეორიული შესაძლებლობის დაშვებაც კი”, – აცხადებს ვაჟა ბერიძე.
რაც შეეხება ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის მიმართ მოლოდინებს, მისი პარტია ჯერ კიდევ ვერ იშვა. ვაჟა ბერიძე არ გამორიცხავს, რომ გახარიას პარტია 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, არც კი იყოს წარმოდგენილი. მაგრამ, თუ “ქართული ოცნება” ვერ აიღებს დათქმულ 43%-ს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება, ივანიშვილი იძულებული გახდება გახარიაზე გააკეთოს აქცენტი.
“როცა ქვეყნის მთავარ მოედანზე 30 000 კაცს ვერ შეკრებ, ასეთ პარტიას არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია, გადაიბაროს ხელისუფლება ისეთი ძალისგან, რომელიც, არც არაფერს აკეთებს მაგრამ, არც არაფერს აფუჭებს და რომლის უკანაც დგას ადამიანი განუსაზღვრელი ფინანსური რესურსით. „ენმ“-ს ერთი მუჭა აგრესიული ამომრჩეველი ვერ შველის საქმეს. ერთხელ მაინც საქართველოში არჩევნებზე ობიექტურად დავითვალოთ ხალხის ხმა და ხალხი დავაბრუნოთ პოლიტიკაში, რომელიც 1990 წლის შემდეგ, გაგდებულია ხელისუფლებიდან”, – აცხადებს ანალიტიკოსი.
მისივე თქმით, დემოკრატიულ ქვეყანაში არჩეულ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია სასამართლომ უნდა მისცეს და არა აშშ-მ, ან ევროპამ. ამისთვის კი, საჭიროა სასამართლო თავისუფალი იყოს.
შორენა პაპაშვილი