საქართველოში, 31 ოქტომბერს, მორიგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. არჩევნებზე მოსახლეობის 56%-ზე მეტი მივიდა და 60 -ზე მეტ საარჩევნო პარტიულ სუბიექტსა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს შორის საკუთარი არჩევანი გააკეთა. არჩევნების მეორე დღეს, 1 ნოემბერს სანამ ცენტრალური საარჩევნო კომისია საბოლოო შედეგებს დადებდა, ოპოზიციური პარტიების ნაწილი უკვე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ იდგა და არჩევნების შედეგებს აპროტესტებდა.
აქციის ძირითადი ორგანიზატორები ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და მისი განშტოება, პარტია “ევროპული საქართველო” იყვნენ, თუმცა გზადაგზა მათ შეუერთდნენ საარჩევნო ბლოკი “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” “ლელოს” და ლეიბორისტული პარტიის ლიდერები, ასევე, პარლამენტის ექსსპიკერი, პარტია “ერთიანი საქართველოს” ლიდერი, ნინო ბურჯანაძე. ისინი 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების ცნობაზე უარს აცხადებენ და პარლამენტის სხდომის ბოიკოტით იმუქრებიან. მაგრამ, როგორც ჩანს, ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია არ არის ოპოზიციაში, რადგან ზოგი ლიდერი კონსულტაციებისთვის დროს ითხოვს, მათ შორის პარტია “გირჩი”, რომლის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აქციაზე არ გამოჩენილა.
არჩევნების შედეგებით უკმაყოფილოა ოპოზიციის სრული სპექტრი, თუმცა ერთმანეთთან მკვეთრად დაპირისპირებულ პარტიებს ერთ მიტინგზე დგომა არ სურთ, სწორედ ამ მიზეზით არ შეუერთდა ნაციონალების მიერ ორგანიზებულ აქციას “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” და “ქართული მარში”. არჩევნების შედეგებით ისინიც უკმაყოფილონი არიან და “ქართულ ოცნებას” მათი ხმების მითვისებაში ადანაშაულებენ.
დანარჩენმა ოპოზიციამ ერთობის შენარჩუნების მეტად ორიგინალური გზა მონახა. ერთმანეთისგან პირობას ითხოვენ, რომ სანამ ხელისუფლებიდან ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პარტიას არ გაუშვებენ, ერთმანეთის კრიტიკისგან თავს შეიკავებენ, რაც არ უნდა ძლიერი იყოს ცდუნება.
პარტია “კანონის და სამართლის” დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი დანარჩენ ოპოზიციას მოუწოდებს არ შევიდნენ პარლამენტში.
“მოვუწოდებ კოლეგებს, რომლებმაც კონსულტაციისთვის ითხოვეს ერთი დღე. თუ არ შევალთ პარლამენტში, გადაწყვეტილება უნდა იყოს საერთო. ქართული სახელმწიფოებრიობა დღეს, დიდი საფრთხის წინაშეა”, – განაცხადა მიტინგზე ჩარკვიანმა.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს “ევროპული საქართველოდან”, ელენე ხოშტარიას თქმით, ბიძინა ივანიშვილს სურს უიმედობა დათესოს ხალხში და ასე შეინარჩუნოს ძალაუფლება.
“ივანიშვილმა ჩვენ მოგვპარა სასამართლო. ჩვენ ვიბრძვით არა ჩვენი უფლებებისთვის, არამედ თქვენი უფლებებისთვის”, – მიმართა ხოშტარიამ მხარდამჭერებს.
მოგვიანებით ტრიბუნიდან გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს ლეიბორისტების ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმაც მიმართა და მათ საპროტესტო მუხტის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.
“ეს მუხტი თუ გაგრძელდება, აქ მივიღებთ პატაკს, რომ ეს ხელისუფლება მიდის. მთავარია არ დავიღალოთ, არ გავჩერდეთ, არ შევწყვიტოთ ბრძოლა. ეს არჩევნების კი არა, ეს იყო ფიცხელი ბრძოლა”, – განაცხადა ნათელაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, მიტინგის გამართვამდე მის ოფისში შეიკრიბა ოპოზიციური პარტიების ნაწილი და შეთანხმდნენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადონ და მისი შედეგები არ აღიარონ.
“ჩვენ დღეს, ერთმანეთის გვჭირდება ისე, როგორც არასდროს, მიუხედავად წარსულისა”, – განაცხადა ნაციონალების ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ.
ლიდერები შეთანხმდნენ, რომ პარლამენტის წინ მორიგ აქციას ერთი კვირის შემდეგ გამართავენ, მანამდე კი, რუსთაველის გამზირზე კარავი დადგეს და საპროტესტო შეძახილებით ბიძინა ივანიშვილის სასახლისკენ დაიძრნენ.
დღის ბოლოს ცესკომ არჩევნების შედეგები და საარჩევნო ოქმები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, X მოწვევის პარლამენტში, არჩევნებში მონაწილე 60 პარტიიდან მხოლოდ 9 მოხვდა. პარლამენტის გარეთ დარჩნენ: “ქართული მარში”, ნინო ბურჯანაძე, ეკა ბესელია, ირაკლი ოქრუაშვილი და სხვა.
ცესკოს მონაცემებით ამომრჩეველთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – 48,15%, ანუ 926 959 ხმა; პარტია “ენმ” – 27,14%, ანუ 522 463 ხმა; პარტია “ევროპული საქართველო” – 3,78% – 72 752 ხმა; “ლელო” – 3,15%, ანუ 60 691 ხმა; საარჩევნო ბლოკი “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი” – 3,15%, ანუ 60 592 ხმა; “პატრიოტთა ალიანსი” – 3,14% – 60 493 ხმა; “გირჩი” – 2,89%; ალეკო ელისაშვილი “მოქალაქეები” – 1,33% და ლეიბორისტები – 1%.
სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოწვია ცესკოს საიტზე გამოქვეყნებულმა საარჩევნო ოქმებმა, სადაც ბევრი ხარვეზი, უზუსტობა, დარღვევა და არაკომპეტენტურობა აღმოაჩინეს, როგორც ოპოზიციის ლიდერებმა, ისე რიგითმა მოქალაქეებმა. ფეისბუქის მომხმარებელთა ნაწილი წერს, რომ ასეთი გაყალბებული შედეგების აღიარებას და მიღებას ისინი არ დაუშვებენ და ეს ხარვეზები თუ არ გამოსწორდა, საპროტესტო მუხტი კიდევ უფრო გაიზრდება.
საქართველოში ჩატარებული არჩევნები დადებითად შეაფასეს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებაც და ოპოზიციას, პრეტენზიის შემთხვევაში, გასაჩივრების სამართლებრივი გზის გამოყენებისკენ მოუწოდეს.
როგორც Dalma News-ისთვის გახდა ცნობილი, ფეისბუქში ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ, საარჩევნო კომისიის ზოგიერთ წევრს დაურეკეს და უბანზე მისვლა სთხოვეს, ოქმის გასასწორებლად.
“არჩევნები ტოტალურად და სამარცხვინოდ გაყალბდა! შეუძლებელია, “პატრიოტთა ალიანსს” 3% მიეღო, როცა ჩვენს საპროტესტო აქციებში გაცილებით მეტი ადამიანი მონაწილეობს, ვიდრე არჩევნებში მოგვცა ხმა! არ ვაპირებთ დათმობას! იქნება აქციებიც და იქნება მოწოდებებიც! ჩვენ ვემზადებით დიდი ბრძოლისთვის. მკაფიოდ ვამბობთ: არ ვცნობით ამ არჩევნების შედეგებს!”, – განაცხადა პატრიოტების ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა.
ღამით, “ქართული ოცნების” პარტიულ ოფისთან გამაფრთხილებელი მსვლელობა მოაწყო “ქართულმა მარშმაც”. როგორც ერთ-ერთი ლიდერი, სანდრო ბრეგაძე აცხადებს, “ოცნებამ” საქართველოს მოსახლეობას “გირჩის” საქართველო შესთავაზა და დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდა მრთლმადიდებლების მტრებთან.
“მამათმავლობის, ნარკოტიკების, უღმერთობის საქართველო შემოგვთავაზა “ოცნებამ”. ის შევიდა დანაშაულებრივ გარიგებაში ნაცებთან, ევრონაცებთან, “გირჩთან”. “ოცნებამ” გადააგდო მთელი საქართველო!”, – აცხადებს ბრეგაძე.
31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებით მხოლოდ ერთადერთი პარტიაა კმაყოფილი. “ქართული ოცნების” ლიდერებმა საქართველოს მოსახლეობას მადლობა გადაუხადეს მესამე ვადით გამოჩენილი ნდობისთვის, თუმცა აღნიშნეს, რომ გაცილებით მაღალი პროცენტის იმედი ჰქონდათ. ოპოზიციის პროტესტს რაც შეეხება, “ოცნების” ლიდერების განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” შანტაჟს თუ განაგრძობს და პარლამენტში არ შევა, ერთი წლის განმავლობაში, თვითმმართველობის არჩევნებამდე “გაუფორმებენ ამ უპასუხისმგებლობას”. დანარჩენი პარტიები კი, ტესტის წინაშე დგანან.
“თუ ჩააბარებენ ტესტს, რომ გაემიჯნონ ამ შანტაჟს და შევიდნენ პარლამენტში, ისინი არ იქნებიან დესტრუქციულები”, – განაცხადა მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.
საკმაოდ ხანგრძლივი დუმილი დაარღვია ექსპრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და არჩევნებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი შეფასებით, მმართველი პარტიის “პოლიტიკური სიხარბე, გადაჭიმული სიმები და ბეწვის ხიდი” შესაძლოა, ძალიან ძვირად დაუჯდეს ხელისუფლებასაც და ქვეყანასაც.
“როდესაც გაქვს პანდემიით გამოწვეული უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი და, შესაბამისად, ურთულესი სოციალური ფონი ქვეყნის შიგნით, ცხელი კონფლიქტი და სახიფათო ნიშნულს მიღმა გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკები სამხრეთ კავკასიაში… ასეთ დროს ნახევარ ნაბიჯსაც კი არ დგამ პოლარიზაციის შემცირებისკენ”, – წერს გიორგი კვირიკაშვილი.
“პირველ რიგში, ნახონ, რა შედეგები არსებობს, შემდეგ გადახედონ მათ, თუ საჭირო იქნება, გამოიყენონ გასაჩივრების შესაძლებლობები და მერე გამოიტანონ დასკვნები”, – განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, ტინი კოქსმა.
განცხადება გააკეთა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, ოსმან ასკინ ბაკიმაც. მისი თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო მნიშვნელოვანი, რადგან საქართველო მმართველობის საპარლამენტო სისტემაზე გადადის.
“ჩვენ დავაკვირდით კონკურენტულ არჩევნებს, სადაც ფუნდამენტური თავისუფლებები ზოგადად დაცული იყო და პროცედურების უმეტესობა ნამდვილად გათვალისწინებული იყო, თუმცა ეს ნამდვილად არ იყო უნაკლო. არჩევნები გაიმართა მოწესრიგებულ საარჩევნო ფარგლებში, რაც ბევრჯერ იყო განხილული ინკლუზიური საკონსულტაციო პროცესის მეშვეობით, თუმცა ბევრი საკითხი მაინც განსახორციელებელია, ამაში შედის როგორც მედიის პოლარიზება, ასევე არასაკმარისი საკითხების გათვალისწინება კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ოსმან ასკინ ბაკმა.
ექსპერტი ლადო ბოჟაძე მიიჩნევს, რომ პარლამენტში არშესვლა ოპოზიციური პარტიების მხრიდან დიდი შეცდომა იქნება. პარლამენტში შესვლით კი აქვთ შანსი, რომ 3%-იანი მხარდაჭერა 2024 წლის არჩევნებისთვის, როცა აღარ იქნება 0%-იანი ბარიერი, მნიშვნელოვნად გაზარდონ და ამომრჩეველმა მათ კიდევ უფრო მეტი ნდობა გამოუცხადოს. მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტი ყველა შემთხვევაში შეიკრიბება, შევა თუ არა იქ ოპოზიცია. თუმცა, რა ფორმით შეიძლება გამოხატონ მათ ეს ბოიკოტი, შეიჩერებენ თუ არა უფლებამოსილებას, რომ მათი მანდატები საერთოდ არ იყოს პარლამენტში წარმოდგენილი, ბოჟაძეს უჭირს წინასწარ პროგნოზირება.
ლადო ბოჟაძე Dalma News-სთან საუბრისას 2008 წლის არჩევნებს იხსენებს, როცა გაერთიანებული ოპოზიციის სიით იყრიდა კენჭს და დღევანდელი გადასახედიდან ფიქრობს, რომ მაშინ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა სააკაშვილის წინააღმდეგ გაერთიანებულმა ოპოზიციამ, როცა არ შევიდნენ პარლამენტში. ამბობს, რომ ბოიკოტის გადაწყვეტილებამ მაშინ ძალიან დააზარალა ოპოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელი არჩევნების მიმართ უარყოფითი იყო საერთაშორისო გამოხმაურებაც.
“საინტერესო პარლამენტი გველის. ახალი პარლამენტის შეკრებას სამართლებრივი თვალსაზრისით, წინ არაფერი უდგას. რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერებში ცვლილებებს, როგორც ჩანს, მათ მიმართ წარმოებულმა პროპაგანდამ მაინც იმუშავა. მას პრორუსული პარტიად მოიხსენიებენ ოპონენტები. როგორც ჩანს, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა სამხედრო ნეიტრალიტეტი”, – მიაჩნია ბოჟაძეს.
შორენა პაპაშვილი