საქართველოს მთავრობაში მიაჩნიათ, რომ კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო გატარებულმა ანტიკრიზისულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო, ქართული ეკონომიკა თანდათან გადალახავს პანდემიით გამოწვეულ უარყოფით გარემოს და დაიწყებს გამოცოცხლებას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას შეფასებით, ყველა სირთულის მიუხედავად, ივნისის სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ეკონომიკა თანდათან ჯანსაღდება და პირველი ნიშნებიც სახეზეა.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ეკონომიკური დაღმასვლის ტემპი ორჯერ შენელდა და 7.7% შეადგინა. მაისში ეკონომიკის შემცირება 13,5 %, ხოლო აპრილში 16,6% იყო. გაიზარდა საწარმოთა რეგისტრაციის მაჩვენებელი, კერძოდ, 2020 წლის ივნისში, ქვეყანაში 4309 საწარმო დარეგისტრირდა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 10.7%-ით აღემატება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, აღნიშნული რიცხვი კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ მთავრობის ანტიკრიზისულმა პოლიტიკამ შედეგი უკვე გამოიღო. რამდენად რეალისტურია მინისტრის ოპტიმიზმი და როგორ იმუშავა მთავრობის ანტიკრიზისულმა გეგმამ, ამ საკითხზე Dalma News-ს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზების ცენტრის” ვიცე-პრეზიდენტი, ნიკა შენგელია ესაუბრა.
– მსოფლიო პანდემიის ფონზე, როგორ აფასებთ საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას?
– მოგეხსენებათ, კორონავირუსის ფონზე საქართველოს ეკონომიკაც კრიზისში შევიდა. სტატისტიკის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ციფრები, რომლებიც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, რომ აპრილი-მაისის პერიოდთან შედარებით, რაღაც გამოსწორდება, მაგრამ მე შეგახსენებთ, რომ ერთი არის ციფრების ეკონომიკა და მეორე არის ის ეკონომიკა, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა ხედავს, ანუ ცხოვრების დონე. ჩვენი პროგნოზით, ცხოვრების დონის მხრივ განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობა იქნება წლის ბოლოს და საერთოდ, 2021 წლის პირველ და მეორე კვარტალში ეკონომიკა იქნება რეცესიულ პერიოდში. მესამე კვარტლიდან შეიძლება ოდნავ დაეტყოს გაუმჯობესება ეკონომიკურ მაჩვენებელს და შესაძლოა, ცხოვრების დონე ცოტათი გამოსწორდეს. კორონავირუსმა ეკონომიკა მთლიანად შეცვალა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. შეიმჩნევა ახალი ეკონომიკის ჩასახვის ნიშნები.
– ახალ ეკონომიკაში რას გულისხმობთ?
– დგება ახალი ეკონომიკური წესრიგი, იცვლება ძველი ეკონომიკური სისტემა, რომელიც აქამდე არსებობდა და დგება ახალი პერიოდი. იწყება ახალი ერა იმისა, რომ ფული, რომელიც არსებობს მსოფლიოში ჩანაცვლდეს და ელექტრონული ფული შემოვიდეს, ხოლო ქაღალდის ფულის მოძრაობა შეიზღუდოს. ამგვარად გადავდივართ ახალ ფინანსურ წესრიგზე. არ გამოვრიცხავ, ფულის ბეჭდვა გადანაწილდეს რეგიონალური მასშტაბებით. ჩამოყალიბდეს რეგიონალური ეკონომიკურ-სავალუტო ზონები. ყოველივე ეს 2021 წელს თუ არა, უახლოესი 3 წლის განმავლობაში აუცილებლად მოხდება. სისტემა ისე არის ჩამოშლილი, სხვაგვარად უკვე არ შეიძლება. ძველი სისტემა უკვე იშლება.
– ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ქართული ეკონომიკის გაჯანსაღების პირველი ნიშნები უკვე სახეზეაო. თქვენ თუ ხედავთ ქართული ეკონომიკის გაჯანსაღების ნიშნებს?
– თურნავამ ეს განცხადება გააკეთა იმ სტატისტიკაზე და იმ მაჩვენებელზე დაყრდნობით, რომელიც გამოქვეყნდა. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ აპრილი-მაისთან შედარებით ვარდნა შემცირდა. მიმაჩნია, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი აღარ არის ადამიანის კეთილდღეობის გამომხატველი. კეთილდღეობისა და ეკონომიკის კარგი მაჩვენებელი არის წარმოება, ანუ გარკვეული დროის შუალედში გამოშვებული პროდუქტის ოდენობა.
მაგალითისთვის რომ ვთქვათ, ახლახანს წყალდიდობა იყო საქართველოში, კერძოდ რაჭაში. ნახევარი საქართველო რომ წაეღო ამ წყალდიდობას და შემოსულიყო დახმარება უცხოეთიდან, ესეც მშპ-ს ზრდა იქნებოდა, იმიტომ, რომ ეს ფული შემოვიდა და დაიხარჯა. ის, როცა მშპ გაქვს 7.7% და 16.6%, ეს არაფრის მაჩვენებელი არ არის, მით უმეტეს იმის, რომ ეკონომიკა ფეხზე წამოდგა. ეს იმის შედეგია, რომ შეზღუდვები მოიხსნა. ჩვენი ორგანიზაციის წლიური პროგნოზის თანახმად თანახმად, მშპ-ს მაჩვენებელი საქართველოს ეკონომიკაში 5 და 8%-ს შორის იქნება, ისიც იმ შემთხვევაში, თუ სექტემბერში ისევ ჩაკეტვები არ დაიწყო, რისი ნიშნებიც უკვე არსებობს. დიდი ალბათობით, 15-20 სექტემბრიდან მთავრობა დაიწყებს ჩაკეტვების მექანიზმის ამოქმედებას.
ეს დაკავშირებულია არა კორონავირუსის მეორე ტალღასთან, არამედ იმასთან, რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ფული არ აქვს. მთავრობა იძულებული იქნება, დამატებითი დახმარებები მთელს მოსახლეობაზე გასცეს. ამის საფუძველი რომ ჰქონდეს, მათ მოუწევთ სექტემბერში, კორონავირუსთან დაკავშირებით კარანტინი გამოაცხადონ და შემდეგ, გამართლდეს უკვე ფულადი დახმარებების გაცემა, თავიდან მოხდეს საბანკო პროცენტების გადავადება და სხვა. ამის ნიშნებიც არის. ის მონაცემები, რომლებიც გამოქვეყნდა, რომ თითქოს ხალხმა 200-300 ლარის დახმარებები მიიღო, ეს დახმარება ყველასთვის არ დარიგებულა, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას, გარკვეული შერჩევითობა იყო. ოქტომბერში მოსახლეობა ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება.
გული შემტკივა. ჩვენს ეკონომიკის მინისტრს ვურჩევ, ნუ გააკეთებს მაინცადამაინც ოპტიმისტურ განცხადებებს, როგორსაც აკეთებდა ლარის კურსთან დაკავშირებით. კი ბატონო, ციფრებში არის ზრდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოსახლეობამ რაიმე უკეთესობა იგრძნო. 2021 წლის ბოლომდე იქნება ცხოვრების ისეთი დონე, როგორც გვაქვს ახლა. ცხოვრების დონის მაჩვენებლის მიხედვით, 2012 წელს ვიყავით 61-ე ადგილზე მთელს მსოფლიოში, წელს უკვე 123-ე ადგილზე ვართ.
ცხლოვრების დონის ყველაზე კარგი განმსაზღვრელი მოსახლეობისთვის არის ის, თუ რა შემოდის ოჯახში. ამ პარამეტრებით, რასაც მშპ ჰქვია, მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა დიდად ხელმძღვანელობს. ზოგიერთი იმასაც კი ამბობს, ჩვენთან მშპ-მა 6 თვის მონაცემებით 7,7%-ით დაიკლო და აშშ-ში 32%-იანი კლება არისო. ამერიკის ეკონომიკას შეადარეს ჩვენი, დაქცეული ქვეყნის ეკონომიკა. ეს უკვე სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ეკონომიკის გამოსწორებას ჯერჯერობით ვერ ვხედავ, მაგრამ ის ნაბიჯები, რასაც მთავრობა დგამს გარკვეული პროექტებით, მოიტანს გარკვეულ შედეგს, მაგრამ ეს შედეგი არ იქნება ერთ და ორ წელიწადში.
– მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის, რომელმა ზომამ იმუშავა და რომელმა ვერ?
– ანტიკრიზისულ გეგმას, არც ერთ ნაწილში არ გაუმართლებია. ანტიკრიზისული გეგმის ის ნაწილი, რომელიც უკავშირდება სოფლის მეურნეობის მხარდამჭერ პროექტებს, 2022 წლიდან გაამართლებს. ამ წუთში, ჯერჯერობით, ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ რაიმემ გაამართლა. აქაც ბევრი პრობლემაა, როგორც საბანკო პროცენტების გადავადებასთან, შეღავათებთან დაკავშირებით, ასევე, ტყუილია ის, რომ ფასები კონტროლდება გარკვეულ პროდუქტებზე. დასაწყისშივე გაძვირდა ის 9 პროდუქტი, რომლებიც მთავრობის მიერ სუბსიდირებულად გამოცხადდა. ასევე, ტყუილი გამოდგა ის, რომ ფერმერი 1 ლარით იაფად მიიღებდა დიზელს. საწვავზე ფასი მაშინვე მოუმატეს და სხვაობამ 50 თეთრამდე დაიწია. ამაზე დღეს არავინ ლაპარაკობს. მე არ ვარ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომ ამ ხარვეზებზე პოლიტიკური ზეგავლენით ვსაუბრობდე.
– პანდემიის უკვე დაანონსებულ მეორე ტალღას, როგორ უნდა შეხვდეს საქართველოს ეკონომიკა?
– რა იქნება პანდემიის მეორე ტალღის დროს, არ ვიცი, მაგრამ სექტემბერში, ამის გარეშეც რომ იქნება ჩაკეტვები, ამას ვასაბუთებ. მთავრობამ ბანკებს რომ აიძულოს გადავადებები, ამას სჭირდება საფუძველი – გამოცხადდეს პანდემიის საშიში დონე და იყოს ერთთვიანი დაკეტვა, რომ არჩევნებამდე, როგორმე გასტანონ და ერთი თვის განმავლობაში საფუძველი მიეცეთ, რომ მოსახლეობას დაურიგონ ერთჯერადი დახმარებები. მოსახლეობის 70% დღეს, გაჭირვების ზღვარზეა მისული.
– წლის ბოლოს, როგორი ეკონომიკით შეხვდება ქვეყანა?
– წლის ბოლოს ციფრებში იქნება უკეთესი მდგომარეობა და საუბარი, რომ გადაწყდა ეს კრიზისი, მაგრამ რეალურად მოსახლეობას ეკონომიკურად ექნება იმაზე ცუდი მდგომარეობა, ვიდრე იყო 2019 წლის დეკემბერი. ფასები იქნება გაზრდილი, ლარის კურსი კიდევ უფრო დაეცემა, ამ წელსაც დავამთავრებთ ინფლაციით და 2021 წლის 2 კვარტლის განმავლობაში ინფლაცია გვექნება, რასაც ჩვენ ვუყურებთ, გამომდინარე აქედან პროგნოზი არის პესიმისტური, მაგრამ იმაზე ცუდი არ იქნება, ვიდრე ეს იყო აპრილი-მაისის პერიოდში.
– რას ურჩევთ ხელისუფლებას, ყველა ამ პესიმისტური პროგნოზის თავიდან ასაცილებლად?
– ჩვენი რჩევა იქნება პირველ რიგში, დააბრუნონ ზედმეტი დღგ. იმპორტირებულ პროდუქტებზე წინსმწრებად ნუ ახდევინებენ დღგ-ს. მაგალითად, ადამიანს შემოაქვს საქონელი და წინასწარ ახდევინებენ დღგ-ს გადასახადს. ეს იყო შემოღებული 1994 წელს, მაშინ ფინანსთა მინისტრი იყო დავით იაკობიძე და დროებით იყო შემოღებული ეს ღონისძიება, მაგრამ დღემდე მოქმედებს. ასევე, მთავრობას ვურჩევდი, რომ თუ კი სოფლის მეურნეობის დახმარების პროექტებს დებენ, აღსრულებამდეც მიიყვანონ მინიფიცირებული ადმინისტრაციული რესურსებით. ძალიან გართულებულია პროცესი, ძალიან ბევრ საბუთებს ითხოვენ და დროში იწელება მოქმედება. მთავრობამ სოფლის მეურნეობის დახმარება, რომ გადაწყვიტა და ეს პროგრამა აამუშავა, იყო 20 მაისი, გაიწელა პროცესი 30 მაისამდე, საქართველოში კი, ერთწლიანი კულტურები, უკვე აპრილის ბოლომდე უნდა იყოს დათესილი. გამომდინარე აქედან მთავრობამ გადაწყვიტა მაქსიმალური დახმარებები დაემიზნებინა შემოდგომისთვის. შემოდგომისთვის გამოყოფილი დახმარების ძირითადი ნაწილი კი, მიწის დამუშავებას და სავარგულების გაზაფხულისთვის გამზადებას მოხმარდება.
ერთწლიანი კულტურების კუთხით მთავრობის დახმარება, რაც გამოიყო, ვერ იმუშავებს. რადგან მთავრობამ პრიორიტეტად აირჩია ტურიზმი, მაშინ უნდა განვითარდეს მისი ქვეშემადგენელი ეკონომიკა: ქვეყანამ აწარმოოს საკვები პროდუქტები, ხორცი (საქონლის, ქათმის) იყოს ადგილობრივი. ადგილობრივმა სამკერვალოებმა შეკერონ ტურისტისთვის კარგი ხარისხის ხალათი, პირსაწმენდი და ოთახის ფაჩუჩები, რადგან ეს ყველა ნივთი სხვა ქვეყნებიდან არ შემოგვქონდეს. რა სჭირდება ტურისტს? შემოდის სასტუმროში და ყველაფერს ახვედრებენ იმპორტირებულს. ამ კუთხით თუ გადაწყვიტეს მუშაობა, ახლა მაინც მიიყვანონ საქმე ბოლომდე.
ესაუბრა შორენა პაპაშვილი