12 აგვისტო საქართველოს მოსახლეობისთვის აბსოლუტურად განსაკუთრებული თარიღია. 1121 წელს, ამ დღეს, ქართველმა მეფეთ-მეფე დავით IV აღმაშენებელმა დიდგორის ველზე თურქ-სელჩუკთა მრავალრიცხოვანი არმია დაამარცხა. ეს გამარჯვება ქართველი ხალხისთვის ისეთივე საბედისწერო აღმოჩნდა, როგორც კულიკოვის და ბოროდინოს ბრძოლები რუსეთის, ხოლო ტრაფალგარის ბრძოლა ინგლისის ისტორიაში.
დავით აღმაშენებლის მმართველობას წინ უძღოდა ქართველი ხალხის ისტორიაში ყველაზე მძიმე ეტაპი – “დიდი თურქობა”. სელჩუკები აღარ სჯერდებოდნენ მხოლოდ ტერიტორიების დაპყრობას, ისინი ქართველი ხალხისა და მათი საცხოვრებლების განადგურებასაც ცდილობდნენ. ისინი ქართველებს ხოცავდნენ და ტყვედ მიყავდათ, ხოლო მათ კარ-მიდამოს, ბაღ-ვენახებს, მინდორ-ველებს მიწასთან ასწორებდნენ. ეს იყო ნამდვილი გენოციდი. მეფე დავითმა სახელმწიფო არა მხოლოდ დაღუპვას გადაარჩინა, არამედ მას ძლიერებაც დაუბრუნა. დიდგორის ველზე მან სელჩუკთა ურიცხვი არმია, რომელსაც ძალიან დიდი რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა, გაანადგურა.
ტრადიციულად, 12 აგვისტოს დიდგორის მემორიალის ტერიტორიაზე, რომელიც ფაქტობრივი მუზეუმია ღია ცის ქვეშ, იკრიბება საზოგადოება და აწყობს თეატრალიზებულ წარმოდგენას, ქართული ტრადიციული სამოსის, ხელოვნების ნიმუშების, ხელნაკეთი ნივთების და კულინარიის გამოფენა-გაყიდვას, ასევე ეწყობა ფოლკლორული ანსამბლებისა და ქართული ესტრადის წარმომადგენლების კონცერტები და ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების წარმომადგენლების და სპორტსმენების შეჯიბრებები.
სავსებით ბუნებრივია, რომ მსგავსი მასშტაბის სახალხო სეირნობას ხელისუფლების წარმომადგენლები ხსნიდნენ. 2018 წელს საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დიდგორობის დღესასწაულის გახსნისას განაცხადა, რომ ეს ბრძოლა თითოეული ქართველის გულში დღემდე გრძელდება. აბსოლუტურად ბუნებრივი იყო ისიც, რომ ადრე მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტში კანონპროექტი შეიტანა, რომელიც ითვალისწინებდა ცვლილებას შრომით კოდექსში, კიდევ ერთი სახელმწიფო დღესასწაულის – დიდგორობის შემოღების მიზნით.
სავსებით ბუნებრივი იყო ის, რომ საქართველოს პარლამენტმა ამ ინიციატივას პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი, თუმცა არაბუნებრივი ის იყო, რომ მოულოდნელად საკითხი “დაიხურა”. ამ მოულოდნელი დახურვის მიზეზი მალე გაირკვა. საქმე იმაში იყო, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკა თურქეთის ყოფილმა ელჩმა საქართველოში. თურქეთის აღშფოთება დიპლომატიურად შემდეგი სიტყვებით შეფუთეს: “თურქეთის საელჩომ მეგობრულად ითხოვა კანონპროექტი აღნიშნული ფორმით არ მიეღოთ”. თურქეთის საელჩოში განმარტეს, რომ ეს დღე თურქების დამარცხების დღეა და, რომ ქართული მხარის მიერ, ამ დღის დღესასწაულად გამოცხადება ორმხრივ ურთიერთობებში უსიამოვნებას გამოიწვევდა.
თურქეთის პოზიცია აბსოლუტურად მკაფიო იყო. მაშინ, არავინ დაფიქრებულა იმ დეტალზე, რომ დიდგორის ომში თურქ-სელჩუკები დამარცხდნენ, ხოლო დღევანდელი თურქების წინაპრები თურქ-ოსმალები არიან. თურქეთის ხელისუფლების დღევანდელი პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ აზერბაიჯანელებსაც და შუა აზიის მოსახლეობასაც თურქებად მიიჩნევენ. ერდოღანი, არც მალავს, რომ თურქული იმპერია უნდა აღდგეს და დიდებული თურქეთი ხმელთაშუა ზღვის ნაპირებიდან წყნარ ოკეანემდე გადაიჭიმება.
წლეულს, დიდგორობის აღნიშვნისას სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირები საერთოდ არ გამოჩენილან. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება თურქეთის ხელისუფლების სურვილისამებრ, უფრო სწორად, ბრძანებით, მზად არის ქართველი ხალხის ყველაზე მნიშვნელოვანი და საბედისწერო გამარჯვებისადმი მიძღვნილი დღესასწაული “დაამუხრუჭოს”, რათა არ გააღიზიანონ თავიანთი მეზობლები და “ორმხრივ ურთიერთობებში უსიამოვნებებს” არ წააწყდნენ.
რატომღაც მსგავს სიფრთხილეს, შიშსა და სიბრძნეს იგივე ქართული ხელისუფლება ბევრად უფრო ძლიერი ჩრდილოეთელი მეზობლის, რომელსაც ოკუპანტად მოიხსენიებს, მიმართ არ იჩენს. თურქეთი საელჩოს და თურქული სახელმწიფოს პოზიცია ცხადია: დიახ, ჩვენ გძარცვავდით, გხოცავდით, მონობაში მიგვყავდით, გწვავდით და განადგურებდით, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენზე გამარჯვების დღესასწაულად ქცევის უფლებას არ გაძლევთ, რადგანაც ეს ჩვენ გვაღიზიანებს.
პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი თავის მადას არ მალავს: “ჩვენი ინტერესების სფერო მოიცავს ერაყს, სირიას, ლიბიას, ყირიმს, ყარაბაღს, აზერბაიჯანს, ბოსნიასა და სხვა მოძმე რეგიონებს. მრავალ ისტორიკოსს მიაჩნია, რომ თურქეთის საზღვრებში უნდა შედიოდეს კვიპროსი, ალეპო, მოსული, ერბელი, კირკუკი, ბათუმი, სალონიკი, ვარნა, დასავლეთ თრაკია და ეგეოსის ზღვის კუნძულები”.
ერდოღანის სიტყვები თითქმის პირდაპირი მხარდაჭერაა ისლამისტი ტერორისტების და სუვერენული სირიული სახელმწიფოს ტერიტორიაზე უკანონო შეჭრისადმი. წმინდა სოფიას ტაძრის მეჩეთად დემონსტრაციული გადაქცევა მთელი ცივილიზებული მსოფლიოსათვის უდიდესი სილის გაწვნის ტოლფასია. თურქეთის და მისი ერთგული სატელიტი – აზერბაიჯანი ხმამაღლა იყენებენ ე.წ. რბილ ძალას საქართველოს რეგიონებში, სადაც მუსულმანი მოსახლეობის კომპაქტური დასახლებებია.
პირველ რიგში, ეს არის აჭარა, ქვემო-ქართლი, კახეთი. ძირითადი ყურადღება ეკონომიკურ, საგანმანათლებლო და რელიგიურ კომპონენტებზე მახვილდება. საქართველოში უზარმაზარი პრო-თურქული საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ჰუმანიტარული პროექტები ფუნქციონირებს. ოფიციალურად მიჩნეულია, რომ მათ საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარებისთვის თურქეთის სამთავრობო სააგენტო მფარველობს.
ქართულ ეკონომიკაში თურქეთის შეღწევა და შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაზე მუდმივი გავლენა უკვე ზღვარს აღწევს. როგორც ცნობილია, თურქეთის სამშენებლო კომპანიებმა ააშენეს, განაახლეს და ექსპლუატაციას უწევენ საქართველოს ორ – თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს. ბათუმის აეროპორტი ნამდვილ პოლიტიკურ სკანდალს წარმოადგენს, რადგანაც მას თურქები იყენებენ, როგორც თავის საკუთარს და დამატებითი შეღავათებიც აქვთ.
საქმე იმაშია, საქართველოს (ჯერ კიდევ) ბათუმიდან თურქეთის ქალაქ ჰოფამდე არც ისე შორი მანძილია. თურქეთის მოქალაქეები ბათუმის აეროპორტში ჩამოდიან, სადაც მათ სპეციალური ავტობუსი ხვდება და თურქეთის ტერიტორიაზე, საბაჟო პუნქტების გვერდის ავლით გადაჰყავს. ეს იმას ნიშნავს, რომ თურქები აჭარაში, როგორც საკუთარ ტერიტორიაზე ისე მოძრაობენ.
საქართველოს სამხრეთ რეგიონების ისლამიზაცია და ქართველების „თურქეთიფიკაცია“ ისეთი სისწრაფით მიმდინარეობს, რომ შეუძლებელია განგაშს არ იწვევდეს. ახალგაზრდები, რომლებსაც უმაღლესი განათლების მიღება სურთ, თურქეთის სამთავრობო ინსტიტუტებისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR- სგან სერიოზულ დაფინანსებას იღებენ. ამ ქვეყნებში სწავლის მსურველთათვის სირთულეები არ არსებობს. ამავე დროს, გასათვალისწინებელია ის სამწუხარო ფაქტიც, რომ საზღვარგარეთ განათლებული ქართველი სტუდენტების დიდი უმრავლესობა სამუშაოდ და საცხოვრებლად იმავე ქვეყნებში რჩებიან, ხოლო თურქეთში განსწავლული სტუდენტები უკან ბრუნდებიან და სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე განაგრძობენ აქტიურ მუშაობას. ამასთან, საქართველოს ხელმძღვანელობა მშვიდად არის და ამ პროცესებს გვერდიდან ადევნებს თვალს.
რას უნდა ველოდოთ იმ შემთხვევაში, როდესაც სიონის ტაძარი მეჩეთად გადაკეთდება?!
დავით კუპატაძე (ბათუმი)