საქართველო კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლით მსოფლიო ქვეყნებს შორის 123-ე ადგილზეა. საკარანტინე ზონები საქართველოს 22 000-ზე მეტმა მოქალაქემ გამოიარა, გარდაცვლილია 12 ადამიანი. 2-თვიანი კარანტინის შემდეგ, საქართველოში დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება. 29 მაისიდან ამოქმედდა ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, ხოლო 8 ივნისიდან გაიხსნება საქალაქთაშორისო მიმოსვლა. სრულად ამოქმედდება ყველა სახის სავაჭრო ობიექტი და მოლები, 8 ივნისიდან ამოქმედდებიან ყველა სახის რესტორნები და ის სასტუმროები, რომლებიც აკმაყოფილებენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს, შესაბამისად მთელი რიგი შეზღუდვების მოხსნა გადაწყდა.
ჩაკეტილი საზღვრების, გაჩერებული ტურიზმისა და დაკარგული ინვესტიციების ფონზე, საქართველოს ბიუჯეტი 1 მილიარდ 800 მილიონი ლარის შემოსავალს ვეღარ მიიღებს. კრიზისული ბიუჯეტის საპროგნოზო პარამეტრების მიხედვით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა იქნება მინუს 4%. მთავრობამ მიმდინარე და კაპიტალური ხარჯები 600 მილიონი ლარით შეამცირა. მათ შორის ზოგიერთი ტურისტული პროექტი. ამის პარალელურად 3 მილიარდი ლარის დახარჯვა იგეგმება ბიზნესის მხარდასაჭერად და სოციალური პროგრამებისთვის.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა, ვერც ერთ დამატებით ხარჯს ვერ გასწევს, თუ დაბალანსებული ბიუჯეტი არ იქნება ეკონომიკურად დასაბუთებული. ბიუჯეტის დასაბალანსებლად კი სახელმწიფოს 3 მილიარდ 900 მილიონი ლარი აკლია.
როგორც გახარიამ პარლამენტში Covid-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, Covid-19-ის შემდეგ, ახალ მსოფლიოში გლობალური კონკურენციის ახალი წესები და ახალი მდგომარეობა იქნება. თუმცა, საქართველოს აქვს შესაძლებლობა გახდეს უფრო წარმატებული, როგორც სოციალური ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში, ასევე ეკონომიკის თვალსაზრისით.
საქართველოს ვირუსი ჯერ არ დაუმარცხებია, როდის დაუბრუნდება საქართველოს ეკონომიკა პანდემიამდელ მდგომარეობას, ჯერ კიდევ უცნობია. საქართველოს მთავრობამ 1 მლრდ 500 მლნ აშშ დოლარის დახმარება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხრიდან მიიღო. კერძო და საბანკო-საფინანსო სექტორისთვის კი, დამატებით 1 მლრდ 500 მლნ აშშ დოლარის დახმარებას მიიღებენ.
კორონავირუსთან ბრძოლა საქართველომ იმაზე ადრე დაიწყო, ვიდრე ქვეყანაში პირველი ინფიცირებული გაჩნდებოდა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ხელისუფლებამ შეძლო ვირუსის კონტროლი და მასობრივი სიკვდილიანობის თავიდან აცილება. პანდემიის გავრცელების გეოგრაფიას თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეშ აღმოჩნდა ყველა ის ქვეყანა, ვისთანაც საქართველოს მჭიდრო ეკონომიკური და ლოჯისტიკური ტრაფიკი ჰქონდა: ჩინეთი, ირანი, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია და ა.შ.
“ძალიან კარგად გვესმის, რომ გლობალური პანდემია ეკონომიკაზე თავისი ზემოქმედებით თითოეული ქართველის ოჯახში მივიდა. ბევრ ადამიანს გაუჭირდა. ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი, სახელმწიფოს დახმარება მოქალაქისთვის უნდა იყოს უფრო მეტი, ქმედითი და სწრაფი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა ადამიანმა, ვისაც ამის საჭიროება ექნება, მთავრობის მხრიდან მიიღოს თანადგომა. ჩვენ გველის ურთულესი 6 თვე, რომლის განმავლობაში ისევ ჩვენი მოქალაქის გონიერების და თანადგომის იმედი გვაქვს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით, ამ დროისთვის ფულადი დახმარება უკვე მიიღო 72 175-მა კონტრაქტით დასაქმებულმა, ან დეკრეტულ შვებულებაში მყოფმა და კორონავირუსის პანდემიის დროს სამსახურდაკარგულმა ადამიანმა. ისინი ნახევარი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებენ. ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება ჩაერიცხა 52 151 თვითდასაქმებულს, რომლებმაც შესაბამისი ცნობა წარმოადგინეს.
მთავრობა გეგმავს 135 მლნ აშშ დოლარის გამოყოფას დეველოპერული სექტორისთვის და იქ დასაქმებული საქართველოს მოქალაქეებისთვის. საქართველოს მშპ-ში სამშენებლო სექტორის წილი დაახლოებით 9%-ს შეადგენს, დასაქმებულთა რაოდენობა კი – თითქმის 120 ათასს. ამდენივე მოქალაქეა დასაქმებული სამშენებლო სექტორთან დაკავშირებულ სფეროებში. ხელისუფლების განცხადებით, სექტორის გაჯანსაღება და კრიზისიდან გამოყვანა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა პოსტკრიზისულ პერიოდში.
რაც შეეხება ტურიზმს, როგორც გახარიამ განაცხადა, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც შეძლებს ეკონომიკის გახსნას და ტურიზმის ამოქმედებას. ამისთვის მზად უნდა იყოს ჯანდაცვის სისტემა და ლაბორატორიული ქსელები. მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა იყო ტურიზმი და უცხოური ინვესტიციები, რაც დიდი რისკის ქვეშ დადგა.
საქართველოს მთავრობის მეორე მიზნობრივი მიმართულებაა სოფლის მეურნეობა, რომელსაც სახელმწიფო უნდა დახმარებოდა. აქ პრობლემაა მიწის რეგისტრაცია.
“თითოეულ ფერმერს ვუთხარით, რომ თუ მიწას წლის ბოლომდე დაირეგისტრირებენ, 1 ჰა-ზე 200 ლარიან დახმარებას წლის შემდგომაც მიიღებენ. უნდა გახდნენ ფერმერები, რათა სისტემურად მოიხმარონ მთავრობის მიერ დაწესებული სერვისები. ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ მიწაზე და რომელთა ხარჯებში აგროდიზელი არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი გასავალი, საბაზრო ფასზე, რომელიც ბენზინ-გასამართ სადგურებზეა დაფიქსირებული, 1 ლარამდე შეღავათი ექნებათ. ეს არის სისტემური გადაწყვეტილება და გაგრძელდება კრიზისის დაძლევის შემდგომაც. 1 ჰა – ზე პირდაპირი ფინანსური დახმარება გაიზომება 435 ლარით, არაპირდაპირი 1000 ლარზე მეტი იქნება”, – განაცხადა გახარიამ.
პრემიერის თქმით, ქვეყანა ვირუსის გავრცელების მეორე ტალღისთვის ბევრად უფრო მომზადებული იქნება, მათ შორის, ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფის თვალსაზრისით. დაკორექტირებულ ბიუჯეტს მთავრობა პარლამენტს უახლოეს 10 დღეში წარუდგენს.
ექსპერტები ნიკა შენგელია და გია ხუხაშვილი დღევანდელ ვითარებაში ხელისუფლების მიერ ტურიზმის სფეროსა და დეველოპერული ბიზნესის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდირებას მიუღებლად მიიჩნევენ და ხელისუფლებას იმ ინტერესთან ჯგუფების ლობირებაში ადანაშაულებენ, რომლებიც მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ორბიტაზე ტრიალებენ.
ექსპერტების შეფასებით, ხელისუფლება ცდილობს ისე წარმოაჩინოს ვითარება, თითქოს ტურიზმი და სამშენებლო ბიზნესი ქართული ეკონომიკის ხერხემალია, მაშინ, როდესაც ძირითადი ინვესტიცია დღეს, სწორედ სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში უნდა ჩაიდოს. იმ ვითარებაში, როცა პანდემიის ფონზე მიმდინარე მსოფლიო მოვლენები ჯერ არ დასრულებულა, საქართველოში წლეულს, ტურისტულ ბუმს არ უნდა ველოდოთ.
ექსპერტ ნიკა შენგელიას მოსაზრებით, შიდა ტურიზმს რაც შეეხება, ამ მომსახურებით ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 30% თუ ისარგებლებს, ისინიც ისეთები, ვინც სახელმწიფო სამსახურშია დასაქმებული და მაღალი ხელფასები აქვთ.
“ხალხი დღეს ფიქრობს თვიდან თვემდე, როგორმე გაიტანონ თავი. სოფლის მოსახლეობა ძირითადად თვითდასაქმებული არიან, ზოგი სარემონტო სამუშაოებზე, ზოგი სეზონურ საქმეზე. ეს ხალხი ყოველგვარი დახმარების გარეშე დარჩა. რეგიონებში ნამდვილად არ არის კარგი ვითარება”, – განუცხადა Dalma News-ს ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ნიკა შენგელიამ.
მისივე თქმით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა ფაქტობრივად პოლიტიკური პიარკამპანიის ნაწილია და რეალურ ეკონომიკურ შედეგს არ გამოიღებს. რამდენიმე კომპანია დაფინანსდება, გაპიარდება სოფლის მეურნეობის სესხი, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ფული სხვადასხვა ფენებზე განაწილდება.
ნიკა შენგელიას მოსაზრებით, საეჭვოა მთავრობის მიერ წარმოდგენილი ციფრებიც, თითქოს საქართველოში 200 000 ფერმერია დარეგისტრირებული. ამ ლოგიკით, თითო ფერმერს სულ მცირე 5 ადამიანი მაინც რომ ჰყავდეს დასაქმებული, უკვე მილიონი ადამიანია.
“მთავრობა, ფაქტობრივად ეხმარება თავის ხალხს, თავიანთი ოჯახის წევრების ბიზნესს. ძირითადად ყველაფერი გათვლილია იმაზე, რომ დიდმა ბიზნესმა და გარკვეულმა წრეებმა ისარგებლონ. მე რეგიონში ვიმყოფები და აქ ძალიან ბევრი ბიუროკრატიული ბარიერია გადასალახავი, რათა ადამიანებმა გარკვეული დახმარება მიიღონ, საბუთები შეაგროვონ. მთავრობის წევრები ფაქტობრივად გადაწყვეტილებებს ისე იღებენ, რომ ადგილზე არც ეცნობიან ვითარებას, რეალურად გლეხს რა უნდა? გარკვეულ ფენაზე მთავრობის დახმარება იმოქმედებს, მაგრამ მოსახლეობის უმრავლესობა უკმაყოფილო დარჩება”, – აცხადებს ნიკა შენგელია.
მისივე თქმით, კორონავირუსის გამო ადამიანების უმეტესობამ სამსახურები დაკარგეს. გლეხს მიწის დასამუშავებელი თანხა რომ ჰქონოდა, ამას მაინც ვერ მოახერხებდა. აღდგომის წინა დღეებში გადაადგილებაზე 2კვირიანი შეზღუდვა დაწესდა, გლეხმა ფაქტობრივად მარტო თავის საკარმიდამო ბოსტანი დაამუშავა, სხვა მიწები ფაქტობრივად დარჩა დაუთესავი და დაუხვნელი დარჩა. ამან დაღი დაასვა სოფლის მეურნეობას, რის მძიმე შედეგსაც ქვეყანა შემოდგომით მოიმკის.
ექსპერტ გია ხუხაშვილის მოსაზრებით, ხელისუფლება ეკონომიკას უკუღმა უყურებს, რადგან, ამ ვითარებაში დეველოპერული ბიზნესის სუბსიდირება უადგილო და არაეფექტიანია. ხუხაშვილის თქმით, დეველოპერული ბიზნესი არის ეკონომიკის მეორადი სექტორი. ის ვითარდება მაშინ, როდესაც მთლიანობაში ვითარდება ეკონომიკა, შესაბამისად ჩნდება მოთხოვნა დასაქმებული, მაღალანაზღაურებადი, გადახდისუნარიანი მყიდველის მხრიდან. როდესაც ეკონომიკური კრიზისია და უმუშევრობა იზრდება, ქრება მომხმარებელი.
“მომხმარებელი ამ შემთხვევაში სისტემურად გადახდისუუნაროა და იპოთეკური სესხის პროცენტის შემცირება პრობლემას ვერ წყვეტს. ეს არის კუდით თევზის დაჭერის მორიგი მცდელობა, უკუღმა დანახული ეკონომიკა. ადამიანებმა მასობრივად დაკარგეს სამუშაო ადგილები. შესაბამისად იპოთეკური სესხის პროცენტის სუბსიდირება ვერ იქნება ეფექტიანი”, – აცხადებს გია ხუხაშვილი.
რეგიონებში განსხვავებული რეალობაა. მთავრობის სოფლის მეურნეობის დახმარების გეგმამ ცოტა არ იყოს დააგვიანა. ამას ემატება მიწების საკითხთან დაკავშირებული ბიუროკრატიული პრობლემები. სოფლებში ხვნა-თესვის პერიოდი ჯერ კიდევ 20 მაისისთვის იყო დასრულებული, ყველა ერთწლიანი კულტურა აპრილის ბოლოსთვის უკვე უნდა იყოს დათესილი.
შორენა პაპაშვილი