Covid-19-ის სახით საქართველო მსოფლიო ბიოლოგიურ ომშია ჩართული, რომელიც გამოწვეულია არა ადამიანური ფაქტორით, არამედ ბუნებრივი საფრთხით, რასაც „ტრენდ–ცენტრული გამოწვევა“ ეწოდება, – ასეთია ეროვნული უსაფრთხოების საკითხში პროფესორ ვახტანგ მაისაიას მოსაზრება მსოფლიო პანდემიასთან დაკავშირებით, რომელიც XXI საუკუნის ახალი ათწლეულის ჟამიანობის სახელით შევა ისტორიაში. სპეციალისტი საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს Covid-19-თან ბრძოლის საქმეში სამხედრო ბიოლოგები ჩართოს და თავდაცვის სამინისტროში, სულ მცირე, შეიქმნას ამ სფეროს სპეციალისტებით დაკომპლექტებული შტაბები და ფსიქოლოგიური ოპერაციების მართვის ცენტრი, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის საინფორმაციო–პროპაგანდისტულ თავდაცვას უზრუნველყოფს.
რამდენ ხანს შეძლებს მოსახლეობა კარანტინის რეჟიმში ყოფნას, როგორ იმოქმედებს ეს საქართველოს ეკონომიკაზე და როგორი იქნება პოსტპანდემიური ვითარება მსოფლიოში, ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე Dalma News–ი ვახტანგ მაისაიას ესაუბრა.
– რა არის მსოფლიო ბიოლოგიური ომის სამიზნე?
– კორონავირუსის ადამიანის ორგანიზმში მოხვედრა იწვევს შიდა უჯრედულ დაშლას და განადგურებას. აღნიშნული კი უკვე სამხედრო ბიოლოგებისა და მასობრივი განადგურების იარაღის სპეციალისტების მუშაობის სფეროა. ეს არის ასიმეტრიული სამხედრო გამოწვევა. დღეს, უკვე დადგენილია, რომ Covid-19 უფრო ბიოლოგიური აგენტია, ვიდრე გრიპის ვირუსი. რუსეთის, ჩინეთისა და აშშ-ს სამხედრო სპეციალისტები და ექსპერტები, ამ პანდემიას ბიოლოგიური ომის შეფასებას აძლევენ. ეს არ არის ჩვეულებრივი ტიპის გამოწვევა. ამ ვირუსის შტამს გააჩნია ბევრად უფრო დიდი პოტენციალი, ვიდრე გრიპის ვირუსს. შესაძლოა სიმპტომებით ჰგავდეს, მაგრამ გრიპი ნამდვილად არ არის. ეს არის ცალკე მდგომი ეპიდემიოლოგიური და ბაქტეოროლოგიური ტიპის საშიში აგენტი.
საგანგებო ვითარების ფონზე შეგვიძლია სამხედრო ბიოლოგების მობილიზაცია გამოვაცხადოთ. სამხედროების გარეშე ამ პრობლემას თავს ვერ გავართმევთ. ბიოლოგიური ომი არ ნიშნავს, რომ აუცილებლად გამოწვეული იყოს კონკრეტული სუბიექტების მიერ, ბიოლოგიური ომი შეიძლება გამოწვეული იყოს სტიქიური და ეპიდემიოლოგიური გავრცელების კუთხითაც.
– ბოლო დროს, ჩინეთისა და აშშ-ს მხრიდან ისმის ბრალდებები, ისინი ერთმანეთის ადანაშაულებენ, რატომ?
– ეს არის კლასიკური ფსიქოლოგიური საინფორმაციო ომი. ეს ფაქტობრივად, ჰიბრიდული ტიპის ომია, რომელიც ფსიქოლოგიური ომის კონტექსტში მიმდინარეობს. ჩინეთსა და აშშ-ს მანამდეც არ ჰქონდათ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობები. ამერიკამ ჩინეთი თავის მოწინააღმდეგედ გამოაცხადა, ნატო-მაც აღიარა, რომ ჩინეთი არის მისი მოწინააღმდეგე, რუსეთი კი, მისი მტერი. ეს არის ახალი “ცივი ომის” რეციდივი. თუ ადრე ის რუსეთსა და აშშ-ს შორის მიდიოდა, ახლა “ცივი ომი” გადავიდა ჩინეთსა და აშშ-ს შორის.
– ანალიტიკოსების ნაწილი, კორონავირუსის პანდემიას აშშ-სა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ხასიათის დაპირისპირებას უკავშირებენ, იქნება ეს იაფი მუშახელი, თუ ჩინური პროდუქციის მსოფლიო ბაზარზე დომინირება. რამდენად ლოგიკურია ამ მიზეზთა გამო, მსოფლიოს ბიოლოგიურ ომში ჩათრევა?
– ასეთი მოსაზრება აბსოლუტურად აბსურდულია. ამერიკა ჩინელ მუშახელს იქით იზიდავდა, ახალისებდა მათ. ამერიკას ასეთი პრეტენზია არ წაუყენებია ჩინეთისთვის, მისი პრეტენზია იმაში გამოიხატებოდა, რომ ჩინეთმა, ან დამალა ინფიცირების მასშტაბები, ან დროზე ვერ გააცნობიერა საფრთხის მასშტაბები. მერე ამერიკაში ფსიქოლოგიური ომის კონტექსტში გაკეთდა განცხადებები, თითქოს ჩინელებმა გამოიგონეს ეს ვირუსი, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. არანაკლებ დაზარალდა ამ ვირუსით ჩინეთი, ის თავის თავს ხარაკირს ხომ არ ჩაუტარებდა?
– ამ დროს ჩინეთი, პირიქით, ამერიკელ სამხედროებს ადანაშაულებს კორონავირუსის გავრცელებაში?
– ამ ვითარებაში, არც ერთი მხარე არ არის მართალი.
– როგორი იქნება პოსტპანდემიური ვითარება მსოფლიოში?
– პოსტპანდემიური ვითარების შემდგომ მოსალოდნელია ნაციონალიზმის გაძლიერება. ქვეყნები ჩაიკეტებიან, როგორც ჩაიკეტნენ თავის დროზე, სანამ დაიწყებოდა მასობრივი გლობალიზაცია, გეოპოლიტიკური ერთიანი საერთაშორისო ინტეგრირებული სისტემები შექმნა, როგორიც არის ევროკავშირი, ნატო, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და სხვა.
– მიაყენა თუ არა დარტყმა კორონავირუსმა ევროკავშირს, იტალიის მოსახლეობის მხრიდან გაისმა პრეტენზიები ამ ორგანიზაციის მიმართ. მოსალოდნელია თუ არა ევროკავშირის სახეცვლილება?
– ერთი ხელის მოსმით ვერ ვიტყოდი, რომ დაიშლება ეს გაერთიანება. ეს ასე არ არის. თუმცა ფაქტია, რომ კორონავირუსისთვის ევროკავშირი მოუმზადებელი აღმოჩნდა. იტალია, მიუხედავად ყველაფრისა, ვერ მოახერხებს ევროკავშირიდან იოლად გასვლას, იმიტომ, რომ იტალიის ეკონომიკის 80% სწორედ მიბმულია ამ ინტეგრირებულ მოდელზე. იტალიის უმაღლესი პირების მხრიდან რადიკალურ განცხადებები არ კეთდება. ევროკავშირის პრეზიდენტმაც ბოდიში მოუხადა იტალიას covid-19-თან პირისპირ რომ დატოვეს ქვეყანა და დახმარება აღუთქვა. ეს ჟამიანობა მოულოდნელად დაატყდა თავს სახელმწიფოებს. ახლაც კი არ იციან, ამ უხილავ სენს, როგორ ებრძოლონ. ახლაც იკვეთება არცოდნის ელემენტები. ერთი ჩვენ აღმოვჩნდით, რომ ჯერჯერობით ვუძლებთ და იმედია არ გვეყოლება დიდი რაოდენობის მსხვერპლი იმ ფონზე, რაც სხვა ქვეყნებში ხდება. მსოფლიო პოლიტიკური რუკის სახეცვლილება მოსალოდნელია, მაგრამ რა მიმართულებით წავა პროცესები, ჯერჯერობით მიჭირს ამის პროგნოზირება.
ახლა გავრცელდა ძალიან არასასიამოვნო ინფორმაცია, რომ რუსეთმა შეწყვიტა ხორბლის ექსპორტი. თუ მანამდე რუსეთი 43 მლნ ტონა ხორბლის ექსპორტს ახორციელებდა, დღეს მიიღო გადაწყვეტილება, რომ მხოლოდ 7 მლნ ტონა ხორბლის ექსპორტს განახორციელებს. რუსეთზე მოდიოდა მთელი ბაზრის დაახლოებით 40%, რაც უკვე სერიოზული დარტყმა იქნება. რუსეთ-საქართველოს შორის პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, საქართველო რუსეთის ხორბლის ერთ-ერთი მთავარი მომხმარებელია. მოსკოვის გადაწყვეტილებას ნეგატიური განცხადებები მოჰყვა ჯანმრთელობისა და სურსათის მსოფლიო ორგანიზაციების მხრიდან. ამან შესაძლოა მსოფლიოში სასურსათო დეფიციტი და პანიკაც კი გამოიწვიოს.
– კორონავირუსის შემდგომ, რა მასშტაბის ეკონომიკური კრიზისი გველის?
– პანდემიის მეორე ტალღას ნოემბერ-დეკემბერში ვარაუდობენ. ამ მომენტისთვის კორონავირუსის მესამე თაობის გენერირებული ვარიანტი გვაქვს. პირველი იყო, როცა დაიწყო განვითარება, მერე მეორე დონეზე გადავიდა და ახლა ვართ გენერირების მესამე დონეზე. კიდევ რამდენი დონის გენერირებას მოახდენს, არავინ იცის. ყველა ელოდება ზაფხულის დადგომას, რომ ვირუსი ტემპერატურის მომატებასთან ერთად შესუსტდება. ზაფხულის პერიოდი იქნება სწორედ ის პერიოდი, რომელიც უნდა გამოიყენონ სახელმწიფოებმა.
– დღეს, როცა ბევრმა ადამიანმა მიაშურა სოფლებს, ხომ არ სჯობს ხელისუფლებამ მოსახლეობის სოფლის მეურნეობის მიმართულებით წახალისებაზე იფიქროს, როცა წინ ზამთარია?
– ბიოლოგიური უსაფრთხოების პარალელურად, წინა პლანზე მოდის სასურსათო უსაფრთხოების საკითხი. ეს ძალიან სერიოზული გამოწვევაა. ცუდია, რომ ქვეყნის სტრატეგიული მარაგების პრაქტიკა გავაუქმეთ. ყულევში იყო ნავთობის საკმაოდ მძლავრი ტერმინალი, სადაც შეიძლებოდა ნავთობის დიდი მარაგების შენახვა. სახელმწიფო მარაგები ეს ძალიან კარგი პრაქტიკა იყო. ამ მიმართულებით ამერიკამ დიდი გამოცდილება დააგროვა და აშშ-ს ეკონომიკა დღეს, ამის საფუძველზე ახორციელებს გადატვირთვას. საქართველომ მომავალში, ალბათ, სტრატეგიული მარაგების შექმნაზეც უნდა დაიწყოს ფიქრი.
– კორონავირუსმა თვალსაჩინო გახადა საქართველოს ყველა სფეროში არსებული მძიმე მდგომარეობა. ფაქტობრივად ჩავარდა სასწავლო პროცესი. რამდენად ადეკვატურია დღეს, ხელისუფლება იმ პრობლემების მიმართ, რაც მსოფლიო პანდემიის შედეგად გამოვლინდა საქართველოში?
– პრობლემები, რომლებიც ქვეყანაში არსებობდა მანამდე, სოციალური სიდუხჭირე და კრიზისი, ამან კიდევ ათმაგად იჩინა თავი. უმაღლესმა განათლებამ მეტ-ნაკლებად მოახერხა ამ კრიზისიდან გამოსვლა. 4 უმაღლეს სასწავლებელში ვკითხულობ ლექციებს და დისტანციური სწავლების მეთოდი, აქ უფრო მეტად დანერგილია. საშუალო განათლებას კი დიდი ზიანი მიადგა, აქ არის სერიოზული პრობლემები და ეს ფაქტია.
– რაც არ უნდა კარგი პროგრამები შეიქმნას, დისტანციური სწავლება ყოველთვის ვერ იქნება ეფექტიანი. მუსიკას, სპორტს, ცეკვას და ა.შ, ბავშვი მასწავლებლისგან დისტანცირებულად ვერ ისწავლის…
– გეთანხმებით, იგივე სამედიცინო სფერო, სადაც საჭიროა პრაქტიკული მეცადინეობები. იმედია დროთა განმავლობაში ამასაც მოევლება, იმიტომ, რომ ადამიანი კრიზისული მართვის პირობებში უფრო კრეატიული ხდება. მთავარია, რომ მთავრობამ დაიწყოს სპეციალისტების მობილიზაცია. დისტანციური სწავლების მეთოდთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს, რამდენიმე იდეა შევთავაზე, თუ გაითვალისწინებენ, ძალიან კარგი იქნება. როცა ხელისუფლება პროფესიონალებს დაეყრდნო პანდემიასთან ბრძოლის საკითხში, დადებითი შედეგიც მიიღო. უკვე საქართველოში, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა იზრდება.
– რამდენ ხანს შეიძლება გაუძლოს ადამიანმა კარანტინში ცხოვრებას?
– ჩაკეტილი სივრცის ეფექტმა (ასეთი სინდრომი არსებობს), შესაძლოა, სერიოზული ფსიქოლოგიური ფობიებისა და აშლილობების სპექტრი განავითაროს. სიკვდილის შიში იმდენად მძლავრი ფენომენია, რომ ის ადამიანის ფსიქიკის ფორმირებაზე ახდენს გავლენას. ამან შესაძლოა, ადამიანის ცხოვრების წესი შეცვალოს. გააჩნია, ვის რა მოტივაცია აქვს. თუ ადამიანს არ აქვს შეგნებული რომ ეს ვირუსი რეალურ სიკვდილიანობას იწვევს, მაშინ მას პროტესტი უჩნდება. covid -19-ის გამო გაჩნდა 2 დილემა: პოლიტიკური თავისუფლება, თუ სიცოცხლის უსაფრთხოება. ეს მოიტანა ამ უხილავმა მტერმა. ეს არის ომი ადამიანსა და ბუნებას შორის.
– როგორ მოქმედებს დღეს ოპოზიცია, ხელისუფლებასთან ოპონირებით არის თუ არა ის წამგებიან პოზიციაში?
– პარტიები “ენმ“ და “ევროპული საქართველო” ცდილობენ, მოსახლეობაში პანიკა დათესონ, ამით მათი რეიტინგი ეცემა. შექმნილ ვითარებაში, უფრო რაციონალური წინადადებები წამოვიდა “ლელოსგან”. “პატრიოტთა ალიანსმა” კი, პრაქტიკაში აჩვენა, თუ ასეთ დროს, როგორ უნდა მოქმედებდეს ოპოზიცია. ნაცმოძრაობამ და მისმა ხროვამ კი აჩვენეს, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია. ზუგდიდის პროვოკაციული ქმედებით, როცა პირბადეების აქცია გამართეს, მათ ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას შეუქმნეს საფრთხე. მათი ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ, მათივე სააგიტაციო ტელევიზიების მეშვეობით, ამას მოწმობს. იმის გამო, რომ ეკლესიას მეტი რეიტინგი და ნდომა აქვს, ცდილობენ პანდემია გამოიყენონ და იერიში მიიტანონ ეკლესიაზე. შეარყიონ ხალხის ნდობა და რწმენა. ეკლესია მათ, ყველაზე დიდ დისკომფორტს უქმნის.
– მაგრამ ეკლესია დღეს, დისკომფორტს უქმნის მმართველ პარტიასაც?
– ეს ბუნებრივი წინააღმდეგობებია და არც არის გასაკვირი. ისეთი უძლიერესი კატაკომბური ეკლესიისთვის, როგორიც არის ქართული ეკლესია, რწმენის ელემენტები გაცილებით მყარი და ძლიერია. საქართველოს დედა ეკლესიას ყოველთვის მივიჩნევ ჭეშმარიტი ქრისტიანობის გამომხატველ ინსტიტუტად. ჩვენი ეკლესია ხელის ერთი მოსმით ვერ წაშლის საუკუნეების განმავლობაში შექმნილ ფასეულობებს. აქ საყურადღებოა ის, რომ ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის დღეს, კონსტრუქციული დიალოგი მიმდინარეობს, რათა საერთო გამოსავალი იპოვონ. დესტრუქციული ოპოზიციის მიერ გასროლილი ქვების პირობებში, ეს დიალოგი აშკარად შეიმჩნევა.
ესაუბრა შორენა პაპაშვილი