კორონავირუსის მსოფლიო პანდემიასთან დაკავშირებით, საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც არ გულისხმობს: საკომენდანტო საათის შემოღებას, სატრანსპორტო გადაადგილების შეზღუდვას და ინფრასტრუქტურული პროექტების გაჩერებას. ასევე, არ შეიზღუდება მედიის მუშაობა. საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატებისთანავე, ქვეყნის მთავრობამ სასწავლო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. გამოცხადდა ორკვირიანი არდადეგები, სკოლებსა და ბაგა-ბაღებში დეზინფექციის სამუშაოები ჩატარდა.
ქვეყანაში პროცესების შემდგომ განვითარებასა და კორონავირუსით ინფიცირებულების მატებასთან ერთად, ნათელი გახდა, რომ სწავლა კიდევ დიდი ხნით ვერ განახლდება. საგანგებო რეჟიმის გამოცხადების შემდეგ კი, ეჭვიც აღარ რჩება, რომ სასწავლო პროცესი 26 აპრილამდე კი არა, შესაძლოა მთელი წლითაც ჩაიშალოს.
განათლების სამინისტრომ სკოლებს ონლაინსწავლების მეთოდზე გადასვლა შესთავაზა, თუმცა მის ეფექტიანობაში ეჭვი თავად პრემიერ-მინისტრსაც ეპარება. გიორგი გახარიას შეფასებით, საქართველოს განათლების სისტემა დღეს არ არის მზად იმისთვის, რომ ბავშვებმა დისტანციური მეთოდით, სრულფასოვანი განათლება მიიღონ. ამასთან დაკავშირებით, მთავრობის მეთაური განათლების სამინისტროსგან კონკრეტულ გეგმას ელოდება.
“ჩვენი განათლების სისტემა დღეს მზად არ არის დისტანციურად, სრულფასოვანი განათლება მისცეს ჩვენს ბავშვებს, ეს ფაქტია და აქ თავი არ უნდა მოვიტყუოთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ბავშვი გვყავს რეგიონებში, სადაც ელემენტარულად, ინტერნეტზე წვდომა არის პრობლემა, ამიტომ ადეკვატურად უნდა შევაფასოთ, სად ვართ და რისი შესაძლებლობები გვაქვს”, – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სატელევიზიო ინტერვიუში.
გიორგი გახარია დასძინა, რომ სასწავლო პროცესი 26 აპრილამდე თუ არ განახლდა, უკვე მთლიანად წლის სასწავლო პროცესი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. მისივე თქმით, შექმნილ ვითარებაში პრიორიტეტულია მოქალაქეების და პირველ რიგში ბავშვების ჯანმრთელობა.
საუბარია ასევე, ტელეგაკვეთილების დაწყებაზეც, რისთვისაც სატელევიზიო ეთერი საზოგადოებრივი მაუწყებლის “მეორე არხზე” გამოთავისუფლდება. ამ მიზნით, უკვე გაფორმდა მემორანდუმები საზოგადოებრივ მაუწყებელსა და განათლების სამინისტროს შორის.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლების ადმინისტრაციას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის Microsoft-ის 15-ზე მეტი პროდუქტის გამოყენება შესთავაზა, რაც ონლაინ ინტერაქტიული გაკვეთილების წარმართვაში უნდა დაეხმარონ.
როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, დისტანციურ სასწავლო პროცესს მორგებული პროგრამები, მათ შორის, Teams-ი, ვიდეო გაკვეთილების, მათი ჩანაწერების, დავალებების მომზადების, თემების ჯგუფურად განხილვისა და სამუშაო ფაილების გაზიარების შესაძლებლობას იძლევა. პროგრამა ვირტუალური საკლასო ოთახების მოწყობასა და ციფრული დაფის გამოყენებასაც ითვალისწინებს, სადაც, რამდენიმე ადამიანი ნახაზებისა და ნახატების ერთად აწყობას, აზრების გაცვლასა და დავალებებზე მუშაობას შეძლებს.
როგორც Dalma News-ს განათლების სამინისტროში განუმარტეს, Teams-ში ინტეგრირებულია OneNote Class Notebooks-ი, სადაც მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის დავალებებისა და სასწავლო რესურსების ასატვირთად შექმნილია პირადი სამუშაო სივრცე. მოსწავლეებისთვის შექმნილია ელექტრონული ფოსტა, რომელზეც უსაფრთხოების მაღალი ხარისხის მისაღწევად გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული. გარდა ამისა, გზამკვლევები და პროგრამების წარმატებით გამოყენების მაგალითები განთავსებულია პორტალზე: mes.gov.ge.
აღსანიშნავია, რომ პროდუქტების გამოყენებისთვის ყველა მასწავლებელსა და მოსწავლეს უნდა ჰქონდეს გააქტიურებული Office 365-ის მომხმარებლის პროფილი.
ექსპერტი განათლების საკითხებში, მანანა ნიკოლეიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლების სიტემა ასეთი კრიზისული ვითარებისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა. მისი თქმით, ამ ვითარებაში ყველაზე მეტად XII კლასელები დაზარალდებიან, რომლებსაც წინ, ერთიანი ეროვნული გამოცდები ელით. იმ შემთხვევაში, თუ სასწავლო პროცესი ჩაიშლება, ერთიანი ეროვნული გამოცდები უნდა გაუქმდეს და აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში უგამოცდოდ ჩარიცხონ.
“უამრავი აბიტურიენტი ზის სახლში და კერძოს მასწავლებლებთანაც ვერ დადიან. ხალხი პანიკაშია, ელოდებიან პანდემიის შეწყვეტას. არც ხელისუფლება არ ამბობს, რას უპირებენ ან ბავშვებს. არაფერს ამბობენ ერთიანი ეროვნული გამოცდების გადატანაზე, როგორ აპირებენ კლასიდან კლასში ბავშვების გადაყვანას? სტუდენტებთან უფრო ადვილად არის საქმე. ამ შემთხვევაში არსებობს ელექტრონული სწავლების პრაქტიკა. იქნება ლექციები, სემინარები თუ პრაქტიკული სამუშაოები ელექტრონულად ვასრულებთ. სკოლის მოსწავლეები კი ამ მხრივ ძალიან დაზარალდნენ. განათლების სამინისტროს არ აქვს აღრიცხული, 600 000 მოსწავლიდან, რამდენს აქვს სახლში კომპიუტერი და ინტერნეტთან წვდომა”, – განუცხადა Dalma News-ს მანანა ნიკოლეიშვილმა.
მისივე თქმით, შექმნილ ვითარებაში ყველაზე ეფექტიანია სატელევიზიო გაკვეთილები, რის პრაქტიკა და გამოცდილება საქართველოში, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში არსებობდა, როცა სახელმწიფო არხით ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე, უცხო ენების გაკვეთილები გადაიცემოდა. მანანა ნიკოლეიშვილის თქმით, “საშინაო სკოლის” კარგი ჩანაწერები აქვს გაკეთებულ კომპანია “სილქნეტს” («Silknet»), რომელიც თავისუფლად შეიძლება კერძო ტელეკომპანიების ეთერით გადაიცეს.
“ტელეკომპანიებმა, რომლებსაც დაფარვის დიდი ზონა აქვთ – საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, “იმედმა” და “რუსთავი 2″ -მა, რომ გადაინაწილონ სატელევიზიო გაკვეთილები კლასების, ან საგნების მიხედვით, ამაზე კარგ საქმეს ვერ გააკეთებენ. რამდენი სულელური სერიალი გადის ტელეეთერებში, მათ ნაცვლად სატელევიზიო გაკვეთილები ჩასვან”, – აცხადებს მანანა ნიკოლეიშვილი.
ონლაინმეთოდით სწავლების ეფექტიანობაში ეჭვი თავად საჯარო სკოლების მასწავლებლებსაც ეპარებათ. ბევრი მათგანი სათანადოდ, ვერც სამინისტროს მიერ შეთავაზებულ პროგრამულ სისტემაში ერკვევა, ან ტექნიკური პრობლემები ექმნებათ და პროგრამისტების დახმარება სჭირდებათ.
როგორც ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელხევის საჯარო სკოლის მასწავლებელი თეონა მენაფირე აცხადებს, მოსწავლეებს ჯერ კიდევ, 18 მარტიდან მოყოლებული უკავშირდება ფეისბუქზე მესენჯერის ვიდეო ქოლით და ყველა მათგანის მობილიზება დღემდე ვერ შეძლო.
“ეს ბავშვებთან დასაკავშირებლად საუკეთესო საშუალება არ არის და კიბერბულინგის საფრთხეს შეიცავს, მაგრამ იმავდროულად ყველაზე სწრაფი და მოკლე გზაა ბავშვებთან დასაკავშირებლად. როგორც წავიკითხე სამინისტრომ დროებითი მოხმარებლის პროფილები და პაროლები უკვე გაგზავნა სკოლებში, მაგრამ ჩვენს სკოლაში ჯერ არაფერი მოსულა. ველოდები, როდის შეიქმნება ონლაინ კლასი და გავაგრძელებთ მუშაობას”, – აცხადებს ახალგაზრდა მასწავლებელი.
პედაგოგი და თარჯიმანი ნინო ჩიკვაიძე მიიჩნევს, რომ “ზუმში” გაკვეთილების ჩატარება, უმეტესწილად უაზრობაა, გამოკითხვა არაეფექტიანი და ძალიან დამღლელია.
“ამ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალია გამოცდილი პედაგოგების მიერ 10-15 წუთიანი ვიდეოგაკვეთილების მომზადება, რომელიც ასევე მოსწავლეებს დავალებას მისცემს. დაფაზე რომ მუშაობდეს მასწავლებელი და დასწრების ეფექტს ქმნიდეს. ონლაინ რეჟიმში გაკვეთილის ახსნა პრაქტიკულად შეუძლებელია. ინტერნეტი ხშირად, ამის საშუალებას არ იძლევა”, – განუცხადა Dalma News-ს ნინო ჩიკვაიძემ.
ცხადია, როცა საუბარია მსოფლიო პანდემიაზე, ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გარდა, ყველა სხვა საკითხი მეორეხარისხოვანი ხდება. ერთ წუთში შეცვლილი რეალობა, რომელიც დღითი დღე მძიმდება და გამოსავალი არსად ჩანს, კოშმარულ სიზმარს ემგვანება. სკოლის გარდა ბავშვები მუსიკას, ცეკვას, ხატვას სწავლობენ, დადიან სპორტზე, სხვადასხვა წრეებზე. სკოლებთან ერთად ყველაფერი დანარჩენიც გაჩერდა. ქუჩაში გასვლა შეზღუდულია, იქ, უხილავი მტერი დაიარება.
შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით Dalma News-ი პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილს გაესაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლების უმთავრესი საზრუნავი დღეს, არის ის, რომ, პანდენიამ, რაც შეიძლება ნაკლებად დააზარალოს ქვეყანა. ხოლო სკოლის არდადეგები 1 თვით გადაიწევს თუ 2 კვირით, ნაკლებად მნიშვნელოვანია. ამის ანაზღაურება შესაძლებელია, ადამიანების სიცოცხლის კი არა.
სასკოლო პროგრამის ონლაინსწავლებას რაც შეეხება, დეპუტატი დადებითად აფასებს მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებს, თუმცა აცხადებს, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის უწყვეტობის საკითხში, ქვეყანა მოუმზადებელი აღმოჩნდა. მაგრამ, ანალოგიური პრობლემის წინაშე დღეს, საქართველოზე მეტად განვითარებული ქვეყნებიც არიან.
“მსგავსი გამოწვევის წინაშეა დღეს გერმანიაც, სადაც მაღალი დონის ტექნოლოგიებია განვითარებული და ინტერნეტზე წვდომაც პრობლემა არ არის. ასე, რომ ეს გამოწვევა თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მივიღოთ და იმაზე ვიფიქროთ, რომ ხვალ, უკეთესი მდგომარეობა იქნება. რეგიონებში, სადაც არ არის ინტერნეტიზაცია სწორედ ტელევიზიები უნდა მოგვეხმარონ. მთავარია სწორი მათემატიკური მოდელი გვქონდეს. ჩვენ ფაქტობრივად, გვინდოდა კიდეც ახალი სკოლის მოდელზე გადასვლა, რომ ბავშვის აზროვნება ყოფილიყო პირველ პლანზე წამოწეული. არც ერთი ბავშვი ჩრდილში არ უნდა დარჩეს”, – აცხადებს დეპუტატი.
იმ პირობებში, როცა განათლების სამინისტრომ არ იცის რა იქნება ხვალ, როგორ და რა შედეგით დასრულდება 2019-2020 სასწავლო წელი, როცა მასწავლებლებისა და მოსწავლეებისგან დამოუკიდებლად იცვლება სწავლების ხარისხი, ბუნებრივად უნდა შეიცვალოს მოსწავლეთა ცოდნის შეფასების კრიტერიუმებიც. თუმცა ეს ყველა ის საკითხია, რაზედაც, როგორც განათლების სამინისტროში გვითხრეს მუშაობა მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვთ. ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე ზუსტად არის ცნობილი, საქართველოს განათლების სისტემა მთლიანად ინტერნეტპლატფორმებზეა დამოკიდებული.
შორენა პაპაშვილი