თანამედროვე მსოფლიო კორონავირუსის Covid-19 მომაკვდინებელმა პანდემიამ მოიცვა. დაავადება, რომელიც ჩინეთიდან გავრცელდა, განვითარებული სამყაროს თავსატეხად იქცა. დაიხურა სავაჭრო და სამრეწველო ობიექტები, გაჩერდა საწარმოები, ერთმანეთის მიყოლებით შეწყდა სასწავლო პროცესი სხვადასხვა ქვეყნებში. დაიხურა ეკლესიები, ზოგმა მათგანმა წირვების მრევლის გარეშე ჩატარება გადაწყვიტა. მუსლიმებმა მექა და მედინა, იარაელმა – სინაგოგები დახურეს, რომის პაპმა საჯარო ღვთისმსახურებები გააუქმა. ამ ფონზე მეხის გავარდნას ჰგავდა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილება, რომელმაც ძნელბედობის ჟამს, წირვის გაუქმებაზე უარი თქვა და მრევლს ლოცვების გაძლიერებისკენ მოუწოდა.
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ საიტზე – Stopcov.ge, გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში Covid-19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობა 67-მდე გაიზარდა, 10 პაციენტი უკვე განიკურნა, კიდევ 252 ადამიანი სტაციონარში, ექიმების დაკვირვების ქვეშ არის, 4055-მდე ადამიანი კარანტინში იმყოფება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორ ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანა პიკის წინარე სტადიაში იმყოფება. პიკურ ვითარებას კი მარტის ბოლოს უნდა ველოდოთ (ინფიცირების პირველი შემთხვევიდან 3-4 კვირის შემდეგ).
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ, სინოდის 20 მარტის სხდომაზე პანდემიის მსოფლიო პრობლემაზე საუბრისას ბრძანა, რომ ღმერთის გარეშე არაფერი ხდება. მან შექმნილ ვითარებაში, საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ზომები დადებითად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ ვირუსულ ინფექციას სწრაფად გავრცელების საშუალება არ მიეცა. ამის შემდეგ, პატრიარქმა ეკლესიის როლსა და მისი პასუხისმგებლობის ნაწილზე გაამახვილა ყურადღება.
“ჩვენზე არის დიდი პასუხისმგებლობა, რათა ჩვენი მხრიდან მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება; გვწამს, რომ სულიწმინდის შეწევნით ეს მოხერხდება”, – განაცხადა ილია II-მ.
20 აპრილის სხდომის შედეგად წმ. სინოდმა საქართველოს მოსახლეობას თავისი გადაწყვეტილება ამცნო. მათი შეფასებით, ახალმა ვირუსმა ადამიანები მორიგი, დიდი გამოცდის წინაშე დააყენა. კაცობრიობას პირველ რიგში, მართებს ამ მოვლენის სულიერი მიზეზები გააცნობიეროს. მთავარი მიზეზი კი, ადამიანის ღვთისგან დაშორებაა.
“განსაცდელები არ არის შემთხვევითი, არამედ ღმერთის დაშვებით მოევლინება ადამიანს, რათა უფრო მეტად შეიცნოს საკუთარი თავი, სინანულისა და ეკლესიური ცხოვრების საშუალებით აღმოფხვრას ცოდვები, რომელიც ანადგურებს პიროვნებას სულიერად და ხორციელად. ჩვენ, ეკლესიის წევრები, არ ვუშინდებით და არ გავურბივართ განსაცდელს, არამედ ვიღებთ თავმდაბლობით და ვეძიებთ მისი დაძლევის გზებს. ასეთ დროს მორწმუნეები აძლიერებდნენ მარხვასა და ლოცვას”, – ვკითხულობთ სინოდის განჩინებაში.
შექმნილ ვითარებაში საზოგადოებაში გაჩენილ ლოგიკურ კითხვებს თუ, რამდენად საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ტაძარში მორწმუნეთა სიმრავლე და ღვთისმსახურებაში მონაწილეობა, სინოდმა უპასუხა, რომ ეკლესიის ყველა საიდუმლოება სული წმინდის მოქმედების სფეროა, სადაც აღესრულება ღვთაებრივი სასწაული.
“წმინდა ზიარება არის საკურნებელი სულისა და ხორცისა მათთვის, ვინც რწმენითა და საეკლესიო წესების დაცვით ეზიარება. ამიტომაც, ეკლესიის წევრებისათვის ზიარების საიდუმლოების არსში დაეჭვება და, მაგალითად, საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია”, – აცხადებენ სინოდის წევრები.
წმინდა სინოდი მიზანშეწონილად მიიჩნევს, ამ კრიტიკულ პერიოდში ეკლესიებსა და მონასტრებში ღვთისმსახურება მარხვითა და ყველა წესის დაცვით ჩატარდეს. გარდა ამისა, ეკლესიებმა უნდა იზრუნონ მრევლის უსაფრთხოებაზე. ყველა მოქმედ ტაძარში და მის გარეთ დამონტაჟდეს გახმოვანების საშუალებები, რათა მრევლმა ღია სივრცეშიც შეძლოს საეკლესიო მსახურებაში მონაწილეობა. ზიარების შემდგომ, მცირე რაოდენობით დასაყოლებელი სასმელის (წყლიანი ღვინის) მიღება დასაშვებია სხვადასხვა ჭურჭლით. ხოლო რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს, ან ვირუსით დაავადებულებს, სურვილის შემთხვევაში სამღვდელოება ადგილზე მოემსახურება.
სინოდი არ აკნინებს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეულ სამუშაოებს და აღნიშნავენ, რომ დასაფასებელია მთავრობის ყველა სტრუქტურის, განსაკუთრებით კი, ჯანდაცვის მუშაკების, თანმიმდევრული ნაბიჯები და მოსახლეობას მოუწოდებენ გაითვალისწინონ ექიმების რეკომენდაციები, სიფრთხილით მოეკიდონ ერთმანეთის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ამგვარად გამხატონ ერთმანეთისადმი ზრუნვა.
სინოდის გადაწყვეტილებიდან, რამდენიმე საათში, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქვეყანაში, საგანგებო რეჟიმის ერთი თვით შემოღების გადაწყვეტილება გამოაცხადა. აქცენტი გაკეთდა 10 და მეტი ადამიანის შეკრების დაუშვებლობაზე. მთავრობისა და სინოდის ურთიერთწინააღდეგობრივ გადაწყვეტილებებს საზოგადოებაში მღელვარება მოჰყვა. მედიასაშუალებებმა ღიად დაიწყეს სინოდის გადაწყვეტილების კრიტიკა და ეკლესიაში მისული ადამიანები ვირუსის გამავრცელებლად შერაცხეს.
საზოგადოების ნაწილი მართლმადიდებლური ზიარების წესის შეცვლას მოითხოვს. ამ მოსაზრების მხარდამჭერები სასულიერო პირებს შორისაც აღმოჩნდნენ. დეკანოზი ალექსანდრე გალდავა მიიჩნევს, რომ ზიარების გაცემის წესი დროებით უნდა შეიცვალოს, თუმცა იქვე დასძენს, რომ მკრეხელობაა ზიარება ადამიანების დასნეულების წყაროდ გამოცხადდეს.
“ჩვენ ზიარების მადლმოსილებას ეჭვქვეშ არ ვაყენებთ, მაგრამ გაცემის წესი საუკუნეების განმავლობაში იცვლებოდა. ის წირვაც, რასაც ახლა ჩვენ ვასრულებთ, სრულიად განსხვავებულია მაცხოვრის საიდუმლო სერობისგან”, – ამბობს დეკანოზი.
ეკლესიას, ზიარებისას ერთჯერადი კოვზის გამოიყენებას ურჩევს ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, რადგან ერთ ჭურჭელთან, რამდენიმე ადამიანის პირის შეხება შესაძლოა, ინფექციის გავრცელების წყარო გახდეს.
“ვერ ჩავერევი რელიგიის კომპეტენციაში, მაგრამ რეკომენდაციას ერთჯერად კოვზს გავუწევდი”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ატეხილ მედიააჟიოტაჟს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძეც გამოეხმაურა და ჟურნალისტებს მოუწოდა, კორონავირუსის საშიშროების გამო ეკლესიების დახურვისა და წირვა-ლოცვის შეწყვეტის მოთხოვნა მორწმუნეების დევნის კამპანიაში არ გადაზარდონ.
“მორწმუნეების დევნის კამპანია ხომ არ იწყება ქვეყანაში? ურწმუნო მორწმუნეს ვერასოდეს გაუგებს, სხვადასხვანაირად უყურებენ ისინი ცხოვრებას. ცოტა ფრთხილად ვიყოთ ამ თემებთან”, – განაცხადა პაატა იმნაძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.
მისივე თქმით, არ შეიძლება, ეკლესიასთან საბჭოთა პერიოდის მსგავსი მეთოდებით ბრძოლა. ჯანდაცვის რეკომენდაციები კი, ეხება, როგორც მორწმუნეს, ისე ათეისტს.
კორონავირუსის საფრთხის მიუხედავად, 22 მარტს, ჯვრის თაყვანისცემის დღესასწაულზე საქართველოს ყველა ეკლესია მრევლით გაივსო. როგორც Dalma News-ს მცხეთის, ციხედიდის ეკლესიის მსახურებმა განუცხადეს, საგანგებო ვითარების გამოცხადების შემდეგ, ეკლესიაში, ისეთი ადამიანებიც კი მივიდნენ, რომლებიც ბოლო ხანებში, წირვებზე აღარ დადიოდნენ.
“ტაძარში, იმიტომ მიდის ადამიანი, რომ ღმერთს გადარჩენა სთხოვოს. ეკლესიაში მოსვლით ეს ადამიანები არავის არ უმტკიცებენ გმირობას. ისინი დღეს აქ, ღმერთისა და ერთმანეთის სიყვარულით არიან”, – გვითხრა ეკლესიის მსახურმა.
საკვირაო წირვას უსიამოვნო ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. თბილისის სამების საკათედრო ტაძარში საპატრულო პოლიცია გამოიძახეს იმ მიზეზით, თითქოს, მომლოცველები ეკლესიაში საჭირო დისტანციას არ იცავდნენ.
პოლიციის თანამშრომლები მღვდელ-მსახურებს გაესაუბრნენ, რის შემდეგაც ტერიტორია უკომენტაროდ დატოვეს. სამებაში წირვა წესისამებრ გაგრძელდა, იმ განსხვავებით, რომ მამაოები მრევლის წევრებს ერთმანეთთან დისტანციის დაცვას ხშირად ახსენებდნენ.
საკვირაო ქადაგების ტრადიცია, არც ილია მეორემ დაარღვია და მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსით დაინფიცირების საშიშროება ასაკოვან ადამიანებში უფრო მაღალია, მხცოვანმა პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა. მან მრევლს შეახსენა, რომ სახლში უნდა ჰქონდეთ ნაკურთხი წყალი და ყოველდღე ისხურონ, ასხურონ ოჯახის წევრებსაც.
“ღვთის განგებითაა ყველაფერი ეს, რაც ხდება. მთავარია, რომ ჩვენ არ განვშორდეთ უფალს. ჩვენ ვამბობთ: ჩვენთან არს ღმერთი – ეს არის მთავარი. დაწყებულია სულიერი განწმენდა ადამიანისა. მტკიცედ იდექით. წყალობა და მადლი ღვთისა თანამავალია, არ შეგეშინდეთ უფალი ჩვენთან არს”, – ბრძანა ილია მეორემ.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის მიერ საგანგებო რეჟიმის შემოღების გადაწყვეტილება ნაწილობრივ საპატრიარქოს ქმედებასაც უკავშირდება. ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ეკლესია ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს და მისი კარი ღია იქნება მლოცველებისთვის. გარდა ამისა, ეკლესია იცავს დეზინფექციასთან დაკავშირებულ წესებს.
ანალიტიკოს ამირან სალუქვაძისთვის მიუღებელია მორწმუნეების შეურაცხყოფა, მათი დევნისა და ეკლესიის ავტორიტეტის დაკნინების ყოველგვარი მცდელობა. მისივე მოსაზრებით, მსგავსი საკითხები არ გვარდება, არც ადმინისტრაციული გზებით, არც ზიზღით, შეურაცხყოფითა და წნეხით. აქ განსხვავებული მიდგომაა საჭირო.
“ჩვენ თუ გვადარდებს არა ეკლესიისთვის ზიანის მიყენება, არამედ საზოგადოების უსაფრთხოება, სხვაგვარად უნდა მოვიქცეთ. შესაძლოა გარკვეული საეკლესიო რიტუალები მართლაც შესაცვლელია, მაგრამ იმ საიდუმლოებებში, რომელზედაც მართლმადიდებლობა დგას, ჩვენი საპატრიარქო ცვლილებებს ვერ შეიტანს, ეს უნდა გვესმოდეს. მსოფლიოს და მათ შორის ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს უამრავი ეპიდემია გადაგვიტანია, მაგრამ თუნდაც, ბოლო 20 წლის განმავლობაში, ვერ ვიხსენებ შემთხვევას, რომ ქრისტიანული ზიარების რიტუალებზე ყოფილიყოს შეტევა. როგორც ჩანს, წლების განმავლობაში შეტევების შედეგად ისე ვერ დაზიანდა ეკლესია, როგორც სურდათ, ამიტომ ახლა, ამ განსაცდელს იყენებენ, არა იმისთვის, რომ საზოგადოება დაიცვან, არამედ ეკლესიაზე ახალი შტურმის მისატანად”, – განუცხადა Dalma News-ს ამირან სალუქვაძემ.
მისივე თქმით, დიდი ხანია ქართულ სოციალურ ქსელებში მიმდინარეობს ეკლესიისთვის შეურაცხყოფის მიყენების კამპანიები. იყო ყბადაღებული თემაც, – ღმერთი არ უნდა გამოსცადო!
“ბიბლია რთული აღსაქმელია…ეს არ არის გასართობი ლიტერატურა. ამიტომ არსებობს ეკლესია, რომ გაგაგებინოს ბიბლია და არა იმისთვის, რომ თავისი წესები დააწესოს. არის გარკვეული რიტუალები, რომლებიც შეიძლება ბიბლიაში ვერ იხილო, მაგრამ ეხებოდეს ზიარების წესსაც, რომელიც არსებობს საუკუნეებით. ამ ვირუსს ეკლესიაზე ზიანის მიყენებისა და რწმენის შესარყევად თუ ვიყენებთ, მაშინ, ტყუილად ვლაპარაკობთ”, – აცხადებს ამირან სალუქვაძე.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას ერთ-ერთი ყველაზე საგულისხმო გარემოება შეკრების თავისუფლების შეზღუდვაა. ამგვარად იზღუდება 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა. როგორც ხელისუფლებაში აცხადებენ, საგანგებო მდგომარეობის შემოღება სინოდის გადაწყვეტილებასთან არ დაუკავშირებიათ. მაგრამ ისიც ცნობილია, რომ 21 მარტის ღამით, პრემიერ-მინისტრი ხანგრძლივ კონსულტაციებს მართავდა ილია მეორესთან. ასეა თუ ისე, შეზღუდვები ძალაში 19 აპრილს, აღდგომის დღესასწაულის დროსაც იქნება. მრევლის წევრებს კი მიაჩნიათ, რომ მთავარი ღმერთია.
შორენა პაპაშვილი