საქართველოს მთავრობამ, 9 იანვარს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო და “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” საინვესტიციო ხელშეკრულება გაწყვიტა. მიზეზად ვადების დარღვევა და დაფინანსების ვერმოძიება სახელდება. მთავრობის გადაწყვეტილებამდე ცოტა ხნით ადრე, კონსორციუმი ავრცელებდა ინფორმაციას, რომ მოიძიეს ინვესტორი და მთავრობას მათ მიერ წაყენებული პირობები გააცნეს. სანამ კონსორციუმი მთავრობის მხრიდან ინვესტორის პირობების დაკმაყოფილებაზე – პირდაპირი მხარდაჭერა და კეთილგანწყობა – პასუხს ელოდა, მთავრობაში ანაკლიის პროექტის შეჩერებაზე მსჯელობდნენ.
როგორც “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი განმარტავს, პროექტი, რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, ერთ-ერთი ოპერატორი შემოყვანაა, რასაც გაცილებით მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე ამისთვის იყო გათვალისწინებული. კონსორციუმმა ამის გამო მთავრობისგან პროექტის გადავადებაც კი ითხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო. ლევან ახვლედიანის განმარტებით, ანაკლიის პორტის პროექტზე კონსორციუმსა და მთავრობას შორის დადებულ ხელშეკრულებაში ნებადართული ბანკების სიაც კი ჩაიდო, ჩამოთვლილი იყო დაახლოებით 20 ბანკი, საიდანაც დაფინანსება უნდა მიეზიდათ.
“ის განცდა, რომ ეს ბანკები მოვიდოდნენ და ხელშეკრულებებს გააფორმებდნენ არ ყოფილა. ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მოგვეძიებინა თანხები. ბანკებმა აიღეს ვალდებულებები და პროექტის მიმართ მოთხოვნები წამოაყენეს. თავიდან მთავრობის განწყობა იყო სხვანაირი, მერე რატომღაც შეიცვალა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მთავრობას არა აქვს უფლება, შეწყვიტოს ხელშეკრულება და წერტილი დაუსვას პროექტში კონსორციუმის მონაწილეობას”, – აცხადებს ლევან ახვლედიანი.
“ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე “თი ბი სი ბანკის” დამფუძნებლები და ხელმძღვანელები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე იყვნენ. ერთი წლის წინ, როდესაც ხაზარაძესა და ჯაფარიძეს „ფულის გათეთრებაში“ დაედოთ ბრალი და გენპროკურატურამ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო, გაჩნდა მოლოდინი, რომ საქმე ანაკლიის პროექტამდეც მივიდოდა. ამის შემდეგ ბანკირებმა პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტეს და გაავრცელეს განცხადება, რომ ანაკლიის პროექტის სასიკეთოდ, კონსორციუმში დაკავებული თანამდებობებიდან გადადგნენ. როგორც ჩანს, ეს საკმარისი არგუმენტი არ აღმოჩნდა ხელისუფლებისთვის, რომ ოპოზიციაში წასული ბანკირების კომპანიისთვის მიენდოთ ქვეყნისთვის ერთობ მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პორტის მშენებლობა. ასეა თუ ისე პროექტი დაზარალდა და მასთან ერთად სახელმწიფო ინტერესიც.
ამ თემაზე კომენტარი გააკეთა საქართველოს ექსპრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, მოსაზრება, რომ ანაკლიის პროექტის განხორციელება მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს სურდა, არასწორია. თუმცა, ვერც ვერავინ დაუშლიდა მას პროექტში ჩართვას.
“ივანიშვილის ფაქტორი გაცილებით მეტი გარანტია იქნებოდა უცხოელი ინვესტორებისთვისაც. მაგრამ ეს პროცესი იყო აბსოლუტურად გამჭვირვალე და მიშვებული, გავიდა სამი წელი, პორტი არ აშენდა. გარდა მხარდაჭერისა, რა მიიღო ხაზარაძემ?”, – აცხადებს ღარიბაშვილი.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიას შეფასებით, ხელისუფლების სურვილი იყო ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი სწორედ კონსორციუმთან ერთად განეხორციელებინა. ამისთვის სახელმწიფომ გააკეთა ყველაფერი და თითქმის არაფერი გააკეთა კონსორციუმმა. სახელმწიფომ 251 ჰა მიწა შეისყიდა და სახმელეთო სამუშაოებისთის გადასცა კონსორციუმს, ხოლო საზღვაო სამუშაოებისთის – 225 ჰა მიწა, 100 მლნ. სუბორდინირებული სესხი გამოიყო. სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო პორტის ტერიტორიამდე რკინიგზის მიყვანა. მისივე თქმით, კონსორციუმს 400 მლნის აშშ, დოლარის მობილიზების ვალდებულება ჰქონდა და მხოლოდ 75 მლნ-ს შეგროვება მოახერხა. ამიტომ, სახელმწიფო იწყებს შესაბამის პროცედურებს, რათა პროექტი ხელახლა გავიდეს ტენდერზე გავიდეს.
“ევროკავშირმა ტრანსევროპულ სატრანსპორტო პოლიტიკის პრიორიტეტად განსაზღვრა ანაკლიის პორტი და ესეც ხელისუფლების ძალისხმევის შედეგია”, – აცხადებს ზაზა გაბუნია.
საკითხს კიდევ ერთი ყოფილი პრემიერი, მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა და მამუკა ხაზარაძე ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
მამუკა ბახტაძის თქმით, ხელისუფლების ინიციატივით, ანაკლიის განსაკუთრებული მნიშვნელობა საკონსტიტუციო ჩანაწერითაც ხაზგასმულია, რაც, მტკიცე გარანტიაა საერთაშორისო ინვესტორებისთვის და პროექტს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. გარდა ამისა, 2016 წლიდან – დღემდე, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” მოთხოვნით, ხელშეკრულებაში 40-ზე მეტი ცვლილება შევიდა, პროექტის დაწყებიდან კი, სახელმწიფომ კონსორციუმს საკუთარი ვალდებულებების შესრულების დრო 7-ჯერ გადაუვადა, მაშინ, როდესაც კონსორციუმმა ვერ შეძლო პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი ვერც ერთი ძირითადი პირობის შესრულება.
“მე ვიყავი მთავარი ლობისტი, რომ კონსორციუმს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან თანხების მოზიდვის შესაძლებლობა ჰქონოდა; ამასთანავე კი ყველა საერთაშორისო პლატფორმას ვიყენებდი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებისთვის. ჩემი, როგორც პრემიერ-მინისტრის აქტიური ჩართულობით, ევროკავშირმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) პრიორიტეტული პროექტების ნუსხაში შეიტანა. ვფიქრობ, ეს საკმაოდ მკაფიო და გასაგები პასუხია იმ სიცრუეზე, რითაც მამუკა ხაზარაძე საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის“ პროექტის ირგვლივ ქართული საზოგადოება მხოლოდ პოლიტიკურ ინტრიგებს ხედავს და ისმენს, საქმე კი წინ ვერ წავიდა და დაიკარგა ძვირფასი დრო. საქართველოს სატრანზიტო პოტენციალისა და ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების რეალიზაციისათვის.
“ღრმაწყლოვანი პორტის არსებობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და ანაკლია აუცილებლად აშენდება. პროექტი უნდა განახორციელოს შესაბამისი გამოცდილებისა და რესურსის მქონე კომპანიამ, ან კომპანიათა ერთობლიობამ”, – აცხადებს ექსპრემიერი.
იურისტი ლევან ალაფიშვილი ერთ-ერთია, ვინც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სახალხო პროექტად გამოცხადებას და ტენდერის გამჭვირვალედ ჩატარებას ითხოვს, რათა თავიდან იქნეს აცილებული პროექტის ოფშორული ზონებიდან შემოსული ფულით განხორციელება. მისი მოსაზრებით, ეს არ არის ის ფული, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
ლევან ალაფიშვილის შეფასებით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, ანაკლიის პორტის მშენებლობა, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური, ეკონომიკური, თუ უსაფრთხოების თვალსაზრისით, მაქსიმალურად გაჭიანურებულიყო. ამით “ქართულმა ოცნებამ” დაიზარალა თავიც და სახელმწიფო ინტერესებიც.
“ჩვენ დავკარგეთ საკმაოდ დიდი დრო და სავარაუდოდ კიდევ დავკარგავთ. ამასობაში შესაძლოა, შანსიც გავუშვათ ხელიდან, რადგან დაჩქარებული ტემპებით მიდის ტამანის ნავსადგურის მშენებლობა, რომლის ამოქმედების შემდეგ ანაკლიის პორტს განვითარების რეალური საფრთხე შეექმნება. ტამანის ან ნოვოროსიისკი პორტები დინამიური თუ გახდა და ტვირთები მისკენ წავიდა, მერე მათი ანაკლიისკენ გადმომისამართება ადვილი აღარ იქნება”, – განაცხადა Dalma News -სთან საუბრისას ლევან ალაფიშვილმა.
მისივე თქმით, ანაკლიის პროექტის გადარჩენის შანსი ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა, მიაჩნია, რომ “ქართული ოცნების” პირობებში ეს უკვე შეუძლებელია. გარდა ამისა, 2020 წელი საარჩევნო წელია, საპარალამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყება ახალი მთავრობის ფორმირების პროცესი და შანსის ხელიდან გაშვების ალბათობაც გაიზრდება.
“მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, რომელიც ვამბობდი ამ პროექტთან დაკავშირებით, რომ ის სახალხო პროექტად უნდა იქცეს და მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს. პარლამენტსაც მივმართე, მთავრობასაც და კონსორციუმსაც. საზოგადოებამ არ იცის რა წერია ხელშეკრულებაში. გადავადებას რომ აყვედრის კონსორციუმს, დარწმუნებული ვარ ხელისუფლების ინტერესებში, რომ არ ყოფილიყო, არ გადაავადებდა. ასეთი ხელგაშლილი იქნებოდა მის მიერვე შექმნილი პოლიტიკური ოპონენტის მიმართ? არ მგონია”, – აცხადებს ლევან ალაფიშვილი.
საწინააღმდეგო პოზიცია აქვს ანალიტიკოს გია აბაშიძე, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას. მისი მოსაზრებით, კონსორციუმის დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის უპასუხისმგებლობის გამო, საქართველომ 4 წელი დაკარგა, ხოლო რამდენი ლარი იზარალა ბიუჯეტმა, კიდევ დასათვლელია. ექსპერტის შეფასებით, ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება კეთილსინდისიერად შეასრულა.
“კონსორციუმს უნდა შეესრულებინა ინტერესების გამოხატვაში მის მიერ აღებული ვალდებულება, მაგალითად, კაპიტალის შევსება 120 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით და 2017 წლისთვის 400 მილიონი დოლარის სესხის აღებით. ხაზარაძე – ჯაფარიძის მიერ 17 მლნ აშშ დოლარის გათეთრების შესახებ ცნობილი გახდა მხოლოდ 2019 წლის იანვარში. უპასუხისმგებლო ხაზარაძე მიხვდა, რომ მან ვერ შეძლო პროექტისთვის საჭირო სახსრების მოზიდვა და მარტივი ხრიკი გამოიგონა – ნახტომი პოლიტიკაში. 2019 წლის ზაფხულში მან ჩამოაყალიბა “ლელო”. ფულის გათეთრების სავარაუდო საქმეს სჭირდება პოლიტიკური “მაშველი რგოლი”, რათა იმ შემთხვევაში თუ დანაშაული დადასტურდება, ხაზარაძემ თავი წარმოგვიდგინოს პოლიტიკურ დევნილად, ერთგვარი ხოდორკოვსკის მსგავსი. ხაზარაძის უპასუხისმგებლობის გამო, საქართველომ დაკარგა 4 წელი, ხოლო ბიუჯეტისთვის დაკარგული შემოსავლები ჯერ კიდევ დასათვლელია”, – აცხადებს გია აბაშიძე.
ამ ყველაფერში ტრაგედიას ვერ ხედავს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე და მიაჩნია, რომ ანაკლიაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტების მშენებლობის შესახებ სპეკულაციები უნდა დასრულდეს.
“ანაკლიის პორტის შესახებ სპეკულაციები უნდა დასრულდეს. არიან ინვესტორები. ვფიქრობ, მისასალმებელია ყველა დაინტერესებული ქვეყნის მონაწილეობა – აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან თუ სამხრეთიდან. არა მგონია, რომ აქ უნდა ვსაუბრობდეთ იმაზე, რომ თუ ვინმე მიიღებს მონაწილეობას ამ კვანძის მშენებლობაში, ეს მისი საკუთრება იქნება. ეს არის საქართველოს საკუთრება, მაგრამ ის შეიძლება გადაეცეს გრძელვადიან პერსპექტივაში სამართავად რომელიმე კომპანიას, ყველა მონაწილის ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით და რა თქმა უნდა, ქართული მხარის”, – აცხადებს გიორხელიძე.
მთავრობის მიერ გაცხადებული ინფორმაციით, ანაკლიის პორტის სიღრმე (20,5 მეტრი) შესაძლებელს გახდის პანამაქსისა და პოსტპანამაქსის ტიპის გემების მიღებას. პორტის გამტარუნარიანობა, წელიწადში 100 მლნ ტონა იქნება. შვიდეტაპიანი მშენებლობის გეგმის პირველ სამ ეტაპზე, რაც 12-წლიან პერიოდს გულისხმობს, ნავარაუდევია 40 მლნ ტონა ტვირთის გამტარუნარიანობის უზრუნველყოფა. კერძოდ, მესამე წელს – 7 მლნ ტონა, მეშვიდე წელს – 20 მლნ ტონა, ხოლო მეთორმეტე წელს – 40 მლნ ტონა. პროექტის ღირებულება 2,5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. ანაკლიის პროექტი ითვალისწინებს 32 ნავმისადგომის აგებას. ახალი პორტი, რომელიც 3000 ჰექტარზე მეტ ფართობს დაიკავებს, წელიწადში 60-70 მილიონი ტონა მოცულობის ტვირთის გადამუშავებას შეძლებს.
შორენა პაპაშვილი