ძველით-ახალი წელი საქართველოში 13 იანვრის ღამეს და 14 იანვარს აღინიშნება. Dalma News-ის კორესპონდენტი ეკატერინე მინასიანი ამ დღესასწაულის ისტორიით და სიმბოლიკით დაინტერესდა.
ამბობენ, ახალ წელს, როგორც შეხვდები, მთელი წელი ისეთი გექნებაო. საერთოდ კი, ეს ხომ ოჯახური დღესასწაულია და მნიშვნელოვანია, რომ ოჯახურ წრეში აღინიშნოს. ამიტომ, სადაც არ უნდა ვიყოთ 31 დეკემბერს, 12 საათის დადგომამდე სახლებში თავქუდმოგლეჯილები გავრბივართ. თუმცა ეს ყოველთვის შესაძლებელი არ არის.
ამ მასალაში ჩვენ თავი მოვუყარეთ იმ ადამიანების ისტორიებს, რომლებიც ბედის ირონიით ახალი წლის ღამეს ოჯახიდან შორს მოხვდნენ. ისტორიები სასაცილო, სახალისო, თბილი და კეთილია, ზუსტად ისე, როგორიც თავად ახალი წელი უნდა იყოს.
თითქმის “მიმინო”
ეს ძალიან ადრე, რამდენიმე წლის წინათ მოხდა. მაშინ მატარებლები აფხაზეთიდან თბილისში და შემდეგ სომხეთში დადიოდნენ. სხვათა შორის, საკულტო ფილმის მოქმედებები, რომელიც ქართველის და სომხის მეგობრობაზე მოგვითხრობს, 70-იანი წლების ბოლოს ვითარდება.
– ერთხელ, მე და ჩემი მეუღლე 31 დეკემბერს გაგრიდან ერევანში მივემგზავრებოდით,- ყვება ლევონი. – უფრო ადრე გამოსვლა ვერ მოვახერხეთ. თან მიგვქონდა, როგორც ამ დღეს შეეფერება, შამპანური და არაყი. მატარებლის კუპეში, ჩვენთან ერთად კიდევ ერთი სომეხი იჯდა. გზაზე ერთი ქართველი პატარა ბიჭთან ერთად შემოგვიერთდა. ეტყობოდა უბილეთო მგზავრი იყო, რადგანაც ძალიან მორიდებულად იქცეოდა. ბავშვი დააძინა, თავად დერეფანში გავიდა და იქ იდგა. შუა ღამე რომ ახლოვდებოდა სუფრის გაშლა დავიწყეთ. ქართველი ისევ დერეფანში იდგა. ძალიან მორიდებული ადამიანი სჩანდა. გავედი და ჩვენს სუფრასთან მოვიპატიჟე. დიდი ხვეწნის შემდეგ დამთანხმდა და შემოგვიერთდა. იგი რომელიღაც სოფელში ცხოვრობდა და თბილისში უფროს, სტუდენტ შვილთან მიდიოდა. ჩვენს სომეხ თანამგზავრს კონიაკი ჰქონდა, ხოლო ქართველს ჭაჭა და ღვინო. ერთი სიტყვით, კარგად მოვილხინეთ. მალე ყველას დაეძინა და სუფრასთან მხოლოდ მე და ქართველი დავრჩით. დიდხანს ვისხედით და საინტერესოდ ვსაუბრობდით, შემდეგ დერეფანში გადავინაცვლეთ და საუბარი იქ განვაგრძეთ. ქართველი პატარა ბიჭთან ერთად თბილისში ჩავიდა, ჩვენ გზა ერევნამდე განვაგრძეთ.
ახალი წლის წინ აბანოში სიარული. საინტერესოა, ეს ტრადიცია უფრო ადრე გაჩნდა, თუ კინოფილმი “ბედის ირონია”? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა იგივეა, რაც უპასუხო კითხვას: რომელი გაჩნდა პირველი – ქათამი, თუ კვერცხი? აღნიშნული ფილმის ტელეეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა, მაგრამ ახალი წლის წინ აბანოში წასვლის ტრადიცია უცვლელად დარჩა.
– კლასელთან ერთად მოსკოვის ოლქში წავედით. ტრადიციულად, ახალი წლის წინ რუსულ აბანოში წაგვიყვანეს. აბანოში საქართველოდან ჩასული სამი და ორი ადგილობრივი გოგო ვიყავით, – იხსენებს ოქსანა.
– ვსხედვართ აბანოში, ვიორთქლებით და ერთმანეთს დავცინით. მუხის ცოცხები ჩვენს ზურგებზე გადადიან და გადმოდიან. კარის მიღმა ხმა მოისმა, რომ 12 საათამდე 15 წუთი დარჩაო. გუდა-ნაბადი ავიკარით და ღამის ყინვაში სახლისკენ გავიქეცით. წინ ძაღლი გადაგვეღობა, გოგონები დაფრთხნენ და აქეთ-იქით გაიქცნენ. მე ერთ ადგილზე გავიყინე. ძაღლი ჩემს წინ დგას, პირდაპირ თვალებში მიყურებს და უბრალო გატოკებაზე მიღრენს. დაქალები ამასობაში სახლში შეცვივდნენ, სასწრაფოდ გადაიცვეს, ბოკლებით ხელში და ყვირიან : ვაშა -ვაშა! შემდეგ აღმოაჩინეს, რომ მათთან არ ვიყავი. გაახსენდათ, სადაც დამტოვეს და სახლიდან ჩემსკენ ჩემი წილი შამპანურით ხელში გამოიქცნენ. ძაღლი მომაშორეს, სასწრაფოდ სახლისკენ გავქანდი. სპირტით დამზილეს, ცხელი, თაფლიანი ჩაი დამალევინეს და ასე გადავრჩი გაციებას. იქნებ იმიტომაც არ გავცივდი, რომ ძაღლის შიშით ყინვაც დამავიწყდა.
ემირ კუსტურიცა ისვენებს
იგივე “ბედის ირონიის” სიუჟეტის მიხედვით, ჯერ იყო აბანო, შემდეგ ალკოჰოლი და თვითმფრინავი. ლუკაშინისგან განსხვავებით, შემდეგი ისტორიის გმირი ფრენამდე აბანოში არ ყოფილა, თუმცა ალკოჰოლი მიიღო.
– 31 დეკემბერს მოსკოვიდან თბილისში მივფრინავდი, – ყვება მარინა. – ბოლო რეისით მოვფრინავდი. დაახლოებით საღამოს 7-8 საათი იყო, რომ რეისის 22.00 სთ-მდე გადადება გამოცხადდა. მოსაცდელ დარბაზში ვისხედით, ვქეიფობდით და მილოცვებს აქეთ-იქით ვარიგებდით! როგორც იქნა თვითმფრინავში ავედით. ახალმა წელმა ჰაერში მოგვისწრო. მგზავრები სტიუარდესებს სასმელს პირდაპირ ბოთლებით ართმევდნენ. იყო მთელი მხიარულება და ჟრიამული. ყველაფერი ძალიან უჩვეულო იყო. ემირ კუსტურიცა ნამდვილად ისვენებდა… დილით საშინელ ბახუსში ვიყავი და სიცივეს საერთოდ ვერ ვგრძნობდი.
თითქმის ლუკაშინი
მორიგი ისტორიის გმირს, რიაზანოვის კინოკომედიის გმირის მსგავსად მისამართი აერია. თუმცა, სანქტ-პეტერბურგის ნაცვლად, მშობლიურ თბილისში დაიკარგა.
მაშინ გაზეთის რედაქციაში ვმუშაობდი,- ყვება ირაკლი. – დასვენების დღეები არ გვქონია. დღესასწაულებზეც ჩვეულებრივ ვმუშაობთ, კოლეგები დამეთანხმებიან. 31 დეკემბერსაც ვმუშაობდი და ახალ წელს სამსახურში შევხვდით. შემდეგ გადავწყვიტე ბანკეტი მეგობართან სახლში გამეგრძელებინა. მოკლედ, გზას გავუყევი და ნაცნობ მისამართზე მივედი. თუმცა,სადარბაზო შემშლია. იმ დროისათვის უკვე კარგად ნასვამი ვიყავი და სიბნელეში ვერ შევამჩნიე სად შევედი. კარს უცხო ადამიანები მიღებენ და სახლში მეპატიჟებიან. რა გაეწყობოდა, შევედი და ახალი წელი უცხო ადამიანებთან ერთად ვიზეიმე.
როდესაც ახალი წელი სახლიდან ორ ნაბიჯში მოგისწრებს
ცხოვრებაში ისეთი შემთხვევებიც არსებობს, როდესაც ახალი წლის დადგომისას სახლიდან ორ ნაბიჯში ხარ. სწორედ ასე მოხდა შემდეგი ისტორიის გმირის შემთხვევაში.
– მეგობრის მშობლები, სადღაც წავიდნენ და სახლში მხოლოდ ის და მისი უფროსი ძმები იყვნენ, – იხსენებს ანიტა. – ახალი წლის აღნიშვნა სწორედ მასთან გადავწყვიტეთ. მოვამზადეთ ყველაფერი, რისი მომზადებაც შეიძლებოდა, მოვიკაზმეთ და ვსხედვართ. მოულოდნელად შეწყდა წყალი. მე კი თავის დაბანას ვაპირებდი. ახალ წელს, ხომ განახლებული უნდა შეხვდე?! მოკლედ, გადავწყვიტეთ, მე და ჩემი მეგობარი მეზობელ კორპუსში მეგობარ გოგონასთან გადავედით, სადაც დღესასწაულის აღსანიშნავად დაახლოებით 18 კაცს მოეყარა თავი. საბედნიეროდ, მასთან წყალი მოდიოდა. უკან დაბრუნებულებს კარი ჩაკეტილი დაგვხვდა. აღმოჩნდა, რომ მეგობრის ძმა, სადღაც წასულა, კარი ჩაუკეტავს და გასაღებიც წაუღია. როგორ არ ვეცადეთ, მაგრამ კარი, ვერც გავაღეთ და ვერც შევამტვრიეთ. ჰოდა, ახალ წელს სადარბაზოში, ნაგვის ბუნკერთან შევხვდით.
კალენდრის პირველი დღე საბავშვო აბანოში
და ბოლოს, ახალი წლის ღამის ყველა კურიოზის მოსმენის შემდეგ, ლოგიკურ დასასრულს – მომდევნო დღის დილას მივუახლოვდით.
– პირველი იანვარი, დილის 6 საათი, – იხსენებს ელენა. – ვიღაცას სძინავს, ვიღაც – დღესასწაულობს. სადარბაზოდან საშინელი ხმაური, ყვირილი და უცენზურო სიტყვების კორიანტელი შემომესმა. მეზობლის ქალის ხმა შევიცანი (საკმაოდ სოლიდური ქალბატონი, პედაგოგი). ხალათი შემოვიცვი და გავედი.
– ის თავის მეუღლესთან ერთად კიბეზე საბავშვო აბანოთი დაეშვა. ერთი სიტყვით, ახალი წლების დღეებში მეზობელმა ბინაში რემონტი გააკეთა და საბავშვო აბანო გარეთ, სადარბაზოში დატოვა. დილით, თავისი ბინიდან ქალბატონი თავის ქმართან ერთად გამოვიდა და ორივეს ფეხი პირდაპირ ამ აბანოში აღმოჩნდა. როგორც მიხვდით, ახალი წლის პირველი დილა კიბეზე, საბავშო აბანოთი დაშვებით დაიწყეს. მეზობლებმა საჭმელ-სასმელი გამოვიტანეთ და ქეიფი გავაჩაღეთ.
საერთოდ, ალბათ, მთავარი ის კი არ არის, სად ხვდები ახალ წელს, არამედ ის, თუ ვისთან ერთად ხარ. კარგი განწყობის, სამომავლო იმედების საფუძველი ალბათ, სწორედ ეს არის. თუ საყვარელი და ძვირფასი ადამიანები გვერდით გყავს, სხვა ყველაფერი უმნიშვნელოა.
ყველას გილოცავთ ახალ წელს!