ცნობილი საეკლესიო სკანდალის შემდეგ, საქართველოს ეკლესიაზე შეტევა უკვე პოლიტიკურ ხასიათს იძენს. ჯერ IRI-ის კვლევებმა გვამცნო საპატრიარქოს რეიტინგის ვარდნის შესახებ, შემდგომ კი პოლიტიკურმა გაერთიანება “გირჩმა” აბუჩად აიგდო მართლმადიდებელ ქრისტიანთა გრძნობები და საეკლესიო ხატები გააშარჟა. მართლმადიდებელი წმინდანების სახის ნაცვლად, სხვადასხვა ხატების ასლზე, მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მილიარდელ ბიძინა ივანიშვილის სახე გამოსახეს და ასეთი პლაკატებით აღჭურვილებმა მსვლელობა მოაწყვეს.
1%-იანი რეიტინგის მქონე “გირჩის” ამ ქმედებამ ქართული საზოგადოება აღაშფოთა. მათ ამ აქციაში ამოიკითხეს არა ბიძინა ივანიშვილის, არამედ მართლმადიდებელთა სულიერი ღირებულებების შეურაცხყოფა. მოქალაქეები სოციალურ ქსელში გამოხატავდნენ პროტესტს, “გირჩს” აკრიტიკებდნენ, ხელისუფლებისგან ეკლესიის, არასამთავრობოებისგან კი მართლმადიდებელთა გრძნობების დაცვას მოითხოვდნენ.
არასამთავრობოები დადუმდნენ, ეკლესიის დასაცავად, არც სახალხო დამცველს დასცდენია სიტყვა, მაშინ, როცა გაცილებით აქტიურია რელიგიური უმცირესობების თუ “ნაცმოძრაობის” პოლიტიკური ინტერესების დაცვისას.
ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა მიიჩნევს, რომ “გირჩის” მიზანია მორწმუნე მართლმადიდებლების პროვოცირება, მათი რელიგიური გრძნობების პერმანენტული, ცინიკური შეურაცხყოფის გზით, რათა უკიდურესობამდე მიყვანილმა ქრისტიანებმა ექსტრემისტულ მეთოდებს მიმართონ. ჟურნალისტის შეფასებით, მართლმადიდებლური ხატების ბაზაზე პოლიტიკოსების დაკოლაჟება კონკრეტული პოლიტიკოსების გაშარჟებად არ აღიქმება და ამის გამკეთებელი პროვოკატორები უცხო სპეცსამსახურების დაკვეთის შემსრულებლები არიან.
“მართლმადიდებლობა არანაირად არ არის აფილირებული რელიგიურ ექსტრემიზმთან. მართლმადიდებლობის სახელით არ ხდება ტერორისტული აქტები. მართლმადიდებლობის სახელით ადამიანებს არ აჭრიან თავებს. მართლმადიდებლობა არ ღვრის სისხლს. რა უნდა მოხდეს, რომ ეს მოცემულობა შეიცვალოს? უნდა მოხდეს ნომინალური თუ მორწმუნე მართლმადიდებლების პროვოცირება მათი რელიგიური გრძნობების პერმანენტული, ცინიკური შეურაცხყოფის გზით”, – მიაჩნია კაბა ხუბუას.
დავუბრუნდეთ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის – IRI-ის ბოლო კვლევას, რომლის თანახმად, წინა წლებში, რეიტინგის სათავეში მყოფმა ეკლესიამ 89% -იანი მხარდაჭერა დაკარგა და პოზიციები ჯარის სასარგებლოდ დათმო. საქართველოს ეროვნულ არმიას ახლა მოსახლეობის 87%-ი მიიჩნევს ავტორიტეტად. მას მოსდევს ქართული მედია 70%-ით, პოლიცია – 52%-ით და ხელისუფლება 48%-ით. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე IRI-ის კვლევას უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ ეს ორგანიზაცია “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებს ემსახურება. მას კითხვები აქვს ზოგადად ქვეყანაში სოციოლოგიური კვლევების სიმწირესთან დაკავშირებით. ამ თვალსაზრისით გამოუყენებელია სამეცნიერო პოტენციალი, პროფესიონალი სოციოლოგები და მკვლევრები, რაც რეიტინგების მიმართ ნდობას გაზრდიდა.
ამის შემდეგ, ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ, ღია წყაროებიდან ამოღებული საკმაოდ ყურადსაღები ინფორმაციის საფუძველზე, IRI-ის ვიცე-თავმჯდომარე რენდი შენემანი “ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირში ამხილა და ის მათ ლობირებაში დაადანაშაულა. მისი ინფორმაციით, შენემანი “ნაცმოძრაობის” ოფიციალური აგენტია აშშ-ში და ამაში იღებს ფულს. შესაბამის დოკუმენტს თავად რენდი შენემანი აწერს ხელს.
მისივე თქმით, IRI-მ, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისგან 14 მლნ აშშ დოლარის დაფინანსება მიიღო, რომლის ფარგლებში უნდა უზრუნველყოს საქართველოში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი და დემოკრატიული საარჩევნო გარემოს განვითარების ხელშეწყობა. რენდი შენემანი ასევე, ფლობს პიარკომპანია Orion Strategies-ს.
“როგორ შეიძლება ამიერიდან, ენდო ორგანიზაცია IRI-ს, რომლის ვიცე-თავმჯდომარე ნაცმოს ოფიციალური საერთაშორისო აგენტია? როგორ უნდა ირწმუნოს ქართულმა საზოგადოებამ ამ პროცესში IRI-ს მიუკერძოებლობა”, – აცხადებს გია აბაშიძე.
მისივე ინფორმაციით, 1938 წლიდან, აშშ – ში მოქმედებს კანონი უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ [The Foreign Agents Registration Act, FARA], რომლის თანახმად, ის აგენტები/ლობისტები, რომლებიც აშშ- ში უცხო ქვეყნების სახელმწიფოს ან უცხო ქვეყნების პარტიების პოლიტიკურ ან კვაზი-პოლიტიკურ ინტერესებს ატარებენ, ვალდებულნი არიან ამის შესახებ ღიად განაცხადონ, მათ შორის, ფინანსურ ნაწილზეც და დარეგისტრირდნენ “ფარას” საიტზე. კანონს ადმინისტრირებას აშშ- ს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტი უწევს ადმინისტრირებას.
IRI-ის კეთილ ზრახვებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ექსპერტი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაიაც და აცხადებს, რომ ეს ორგანიზაცია ფაქტობრივად, ამერიკული ნეოკონსერვატორული ძალების მიერ მართული პოლიტიკური ინსტრუმენტია. ის თავის დროზე, კარგად გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყნებში გადატრიალების მოსაწყობად. მისივე თქმით, საუბარია ამერიკულ რადიკალურ პოლიტიკურ დაჯგუფებებზე, რომლებიც დღესაც მხარს უჭერენ “ნაცმოძრაობას” და მის ნარჩენებს.
როგორც ვახტანგ მაისაიამ Dalma News-ს განუცხადა, შენემანი საკმაოდ დიდ თანხებს იღებდა გიგა ბოკერიას უშუალოდ ხელმოწერის საფუძველზე, ამდენად, საქართველოს პროკურატურამ უნდა აღძრას სისხლის სამართლის საქმე და დაიწყოს სააკაშვილის კორუფციული სქემების გამოძიება.
“სხვათა შორის, ასეთი კორუფციული სქემები კარგად გაიშიფრა უკრაინაში, პეტრე პოროშენკოს პრეზიდენტობის პერიოდში და საკმაოდ სერიოზული კავშირი აღმოაჩინეს მაიდანის მოვლენებთან. ეს პროცესი ჩვენთანაც უნდა დაიწყოს. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია და აშშ-ს ჯანსაღი ძალები დემოკრატების სახით, თავიდანვე გაემიჯნენ სააკაშვილის პოლიტიკას და მას ფეხი ამოეკვეთა აშშ-ში. ამერიკაშიც არიან რადიკალური ჯგუფები, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ ძირგამომთხრელ საქმიანობას აწარმოებენ და ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება”, – აცხადებს ვახტანგ მაისაია.
მისი აზრით, მორიგი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების სურვილით შეპყრობილი “ნაცმოძრაობის” უმთავრესი მიზანი, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაა. IRI-ის კვლევა კი საამისოდ ფონის შექმნას ემსახურება. არმიის წინ წამოწევა, დავით ბაქრაძის რეიტინგულ ფიგურად წარმოჩენა, სააკაშვილის მიზანს ემსახურება – საქართველოს ჯურღმულში ჩაგდება.
“ბაქრაძე, რომელიც ნომერ პირველი დეზერტირია, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, პირველი გარბოდა ქვეყნიდან. როცა ასეთი არაკაცები გამოჰყავთ პოლიტიკურ ველზე და სურთ არმიაც ჩაითრიონ, უკვე, გასაგებია, როგორი ძალები, როგორ ცდილობენ ვითარების აღრევას ქვეყანაში”, – აცხადებს მაისაია.
არც “გირჩის” პერფორმანსი ყოფილა შემთხვევითი უნიჭო პოლიტიკური პროტესტი. მისი მოსაზრებით “გირჩთან” არაფერი აქვს საერთო თანამედროვე ქართველ ახალგაზრდობას, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ 1%-იან პოლიტიკურ გაერთიანებას ხელისუფლებამ თვალი უნდა მოუხუჭოს.
P.S. სანამ არასამთავრობო სექტორი და უფლებადამცველები სდუმან, “გირჩის” პოლიტიკური პროტესტის სამართლებრივ სივრცეში გადატანას ადვოკატები ცდილობენ. ისინი “გირჩის” ქმედებებში დანაშაულის ნიშნებს ხედავენ და ითხოვენ გამოძიება დაიწყოს. ასევე, პროკურატურა დაინტერესდეს ამ ორგანიზაციის საქმიანობითა და კავშირებით. როგორც იურისტები განმარტავენ, “გირჩის” მიერ, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის რელიგიური გრძნობების უხეშმა ხელყოფამ შესაძლოა, ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ადვოკატებმა პროკურატურაში განცხადება შეიტანეს.
შორენა პაპაშვილი