აზერბაიჯანმა, აზერბაიჯანელმა ხალხმა და აზერბაიჯანულმა ნავთობმა დიდ სამამულო ომში შეუფასებელი როლი შეასრულეს. ომის პირველივე დღეებიდან აზერბაიჯანელი ხალხი ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ სხვებთან ერთად იბრძოდა. მომდევნო წელს მთელი მსოფლიო დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75 წლისთავს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, Dalma News-ის კორესპონდენტი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, მამაც მფრინავს დადეთ ნაბიევს ესაუბრა.

– რამდენი წლის იყავით დიდი სამამულო ომი რომ დაიწყო?

– დავიბადე 1925 წელს, აზერბაიჯანის ვარვარა ევლახის რაიონში. ომი რომ დაიწყო, 17 წლის ვიყავი და წითელ არმიაში მოხალისედ ჩავეწერე. მაშინ, რუსული ენა საერთოდ არ ვიცოდი, მხოლოდ აზერბაიჯანულად ვსაუბრობდი, თუმცა, რუსულიც მალე ვისწავლე. ჩვენ ქალაქ სუმგაითის სარეზერვო ნაწილში ჩაგვრიცხეს. ერთი-ორი თვის შემდეგ, მე და რამდენიმე ჯარისკაცი საქართველოს სამხედრო საავიაციო სკოლისთვის შეგვარჩიეს. კურსების გავლა ყველამ ვერ შეძლო. საბოლოოდ დავრჩით მე, ორი ყაზახი და ერთი რუსი ჯარისკაცი. ჩვენ სამხედრო თვითმფრინავის, რომელსაც ვიტალი სოროკინი ხელმძღვანელობდა, ეკიპაჟად დაგვნიშნეს.
ჩვენი თვითმფრინავი 3-ტონა ბომბს იტევდა.

ჩვენმა ჯგუფმა, პირველი ბელორუსული ფრონტის 221-ე საავიაციო დივიზიის წითელი ვარსკვლავის პოლკის მერვე გვარდიის შემადგენლობაში, 200-ზე მეტი საბრძოლო ფრენა განვახორციელეთ.

– სად განხორციელდა თქვენი პირველი საბრძოლო აფრენა?

– პირველი იყო ვარშავაში. ვმონაწილეობდი უკრაინის, პოლონეთის ფრონტებზეც და ბერლინამდეც მივედით. მეოთხე აფრენის დროს, ჩვენი თვითმფრინავი დაცხრილეს და ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავიდან გადმოვხტი. გვიპოვეს, პოლკის შემადგენლობაში დაგვაბრუნეს და საბრძოლო ფრენები განვაგრძეთ.

გერმანულ-ფაშისტურ არმიას კრაკოვის, ლოძის, პოზნანის რაიონებში ვანადგურებდით და გერმანულ ტერიტორიაზე გადავდიოდით. ბერლინის აღების შემდეგ, ჩვენმა პოლკმა საბრძოლო მოქმედებები შეწყვიტა. ომის დასრულების შემდეგ, უკან ვეღარ დავბრუნდით და დავრჩით გერმანულ ქალაქ ფალკენბერგში.

– ბოლო ფრენა როდის იყო?

– დღევანდელივით მახსოვს… ბოლო აფრენა 1954 წლის 2 მაისს, გამარჯვების დღემდე ზუსტად ერთი კვირით ადრე მოხდა.

– თუ შეიძლება, ყველაზე ბრწყინვალე საბრძოლო ეპიზოების შესახებ მოგვიყევით.

– მეშვიდე აფრენის დროს, ვარშავის თავზე ჩვენი თვითმფრინავი კიდევ ერთხელ დაცხრილეს და სასწრაფოდ ქალაქ ვისლაში დაჯდომა მოგვიწია. თვითმფრინავის ერთი ძრავი ძალიან იყო დაზიანებული, ამიტომ თვითმფრინავის მიწაზე დაშვება ძალიან გამიჭირდა. ჩემი მეგობარი დაიჭრა, თუმცა მისი გადარჩენა შევძელით. ჩემი ბევრი მეგობარი დაიღუპა.

– დაჭრილი ყოფილხართ?

– რა თქმა უნდა. პარაშუტით გადმოხტომის დროს გულშიც დავიჭერი და თავშიც, თუმცა რაც მთავარია, ცოცხალი გადავრჩი. ყოველთვის გვჯეროდა, რომ გავიმარჯვებდით, ამიტომ ჩვენი სირთულეები ამად ღირდა.

– რაიმე სასიხარულო მოვლენა თუ დაგამახსოვრდათ?

– ყველაზე სასიხარულო ომის დამთავრება იყო. მაშინ ტყვიების მთელი მარაგი დავცალეთ! ისეთი მაშხალები გამოგვივიდა! სწორედ ის იყო ყველაზე სასიხარულო მოვლენა, ომის დროს სხვა რა უნდა გაგიხარდეს?!

– ომის დასრულების შემდეგ დიდხანს იყავით გერმანიაში?

– 1946 წელს, მთავარსარდალ იოსებ სტალინის ბრძანებით, ჩვენი პოლკი უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეში გადაიყვანეს, ხოლო ხუთი თვის შემდეგ – დაშალეს. ცალკე საჰაერო დანაყოფი ლენინგრადთან ახლოს, პუშკინის სახელობის ინსტრუმენტალური დაზვერვის სასწავლებელში გაგზავნეს. ჯანმრთელობის გაუარესების გამო, 1949 წელს, ფრენით სამუშაოებს ჩამომაშორეს, რადგან მარჯვენა ხელის, წინამხარის ძვალზე მოტეხილობები მქონდა, ხოლო ზურგზე ასხლეტვითი ჭრილობები. ჰაერის ნაცვლად მუშაობა სახმელეთო არმიაში განვაგრძე.

– აზერბაიჯანში როდის დაბრუნდით?

– ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, ამიტომ სხვაგან ცხოვრება აღარ შემეძლო. 1950 წელს თავდაცვის მინისტრს, საბჭოთა კავშირის მარშალს ჟუკოვს თხოვნით მივმართე, რომ ბაქოში გადავეყვანე. მადლობა ღმერთს, თხოვნა დამიკმაყოფილეს და ბაქოში დავბრუნდი. 1973 წელს საბჭოთა არმიის რიგები თადარიგის მაიორის წოდებით დავტოვე.

– თუ გაქვთ ურთიერთობა მათთან, ვისთან ერთადაც მსახურობდით?

– სამწუხაროდ, არა. ისინი ყველანი გარდაცვლილები არიან. ომში ძალიან ბევრი მეგობარი მყავდა, მაგრამ ჩემი სამეგობრო ყოველწლიურად მცირდება.

– რას უსურვებთ დღევანდელ ახალგაზრდებს?

– ყველაზე მთავარია, რომ ომი არ იყოს, რომ ყველამ ჯანმრთელად და ბედნიერად იცხოვროს.

კამილა სეიდოვა

თრგმანი: ხათუნა პაპაშვილი