საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გარშემო მორიგი სკანდალი აგორდა. ამჯერად ის პატიმართა შეწყალებას უკავშირდება, რომელთა შორის 2 მძიმე მკვლელობაში ბრალდებული პირია. ერთმა 22 წლის პოლიციელი მოკლა, მეორემ – 18 წლის სტუდენტი. 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა კიდევ, 8 რვა ქალი და ერთი არასრულწლოვანი შეიწყალა.
მკვლელების შეწყალებამ ქართული საზოგადოება აღაშფოთა. სალომე ზურაბიშვილის მოწინააღმდეგეებს მის გასაკრიტიკებლად შესანიშნავი შანსი მიეცათ და ძალიან ეფექტიანადაც გამოიყენეს, პრეზიდენტის მომხრეები კი იმედოვნებდნენ, რომ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი და ქვეყნის პირველი პირი, ყველაფერს ნათლეს ძალიან მალე მოჰფენდა. ამასობაში, სხვადასხვა ვერსიები გაისმა, მათ შორის ის, რომ პრეზიდენტს სია შეაპარეს და მკვლელების შეწყალების შესახებ არაფერი იცოდა; რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კორუფციაა გამეფებული და სალომე ზურაბიშვილი ფულს პატიმრების შეწყალებით შოულობს. პოლიტიკოსების ნაწილმა პრეზიდენტის იმპიჩმენტიც კი მოითხოვეს.
როგორც იტყვიან, ენას ძვალი არ აქვს. კორუფციაში იმ ადამიანის დადანაშაულება, რომელმაც პრეზიდენტის ხელფასზე უარი თქვა, ნაკლებად დასაჯერებელია. საზოგადოებას კარგად ახსოვს ზურაბიშვილის სიტყვები, როცა განაცხადა, რომ მისთვის საფრანგეთის მოქალაქის პენსია სრულებით საკმარისია და პრეზიდენტის ყოველთვიურ სარგოს გადარიცხავს ფონდში, რომელიც ინიციატივების, ქველმოქმედების, ნოვაციის ხელშეწყობას მოხმარდება.
სკანდალის კვალდაკვალ საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი, ერთმანეთის მიყოლებით გააკრიტიკეს იმ პარტიის ლიდერებმაც, რომელი პარტიის მხარდაჭერითაც აღმოჩნდა იგი პრეზიდენტის სავარძელში. საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ნუკრი ქანთარიას შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების მიმართ, სათანადო ყურადღება არ გამოიჩინა, შედეგად, მტკივნეული და მძიმე შეცდომაც დაუშვა, რამაც ჭირისუფლებს გული მოუკლა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ გია ვოლსკის კი, პრეზიდენტის შეცდომამ გული დასწყვიტა და საზოგადოებას დაჰპირდა, რომ ამ ყველაფერს სამართლებრივი პასუხი გაეცემა. პროკურატურა დაინტერესდება ამ სფეროში არსებული მდგომარეობით, სადაც წლებია განუკითხაობაა.
გაცილებით მოზომილი კრიტიკა ჰქონდათ “ქართული ოცნების” ქალ ლიდერებს. დეპუტატ სოფო კილაძია თქმით, “ქართული ოცნების” პირობებში, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და პროკურატურა დაადგენს, იყო თუ არა პრეზიდენტის შეწყალებაში დანაშაულის ნიშნები. მისივე თქმით, გარკვეულ წრეებში ორმაგი სტანდარტი მოქმედებს, კერძოდ, რაც ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისთვის მისაღები იყო, სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში, მათთვის მიუღებელია. “ქართული ოცნება” კი, ორივე შემთხვევაში, ყველაფერს თავის სახელს არქმევს.
ყოველივე ამის ფონზე, საზოგადოებაში მღელვარება მატულობდა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი სდუმდა. ბოლოს, თავად პრეზიდენტმა გამართა ბრიფინგი, სადაც შეწყალების კომისიის მუშაობის ხარვეზებზე გაამახვილა ყურადღება. იქვე აღნიშნა, რომ საზოგადოების აღშფოთება სამართლიანია და ამაზე პასუხისმგებელი თავად არის. მისივე განმარტებით, პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალება, არც მათ გამართლებას ნიშნავს და არც სასამართლოს ხელისუფლების რევიზიას. ეს პრეზიდენტის სუბიექტური გადაწყვეტილებაა და შეცდომისგან არ არის დაზღვეული.
“როდესაც საზოგადოება რომელიმე ჩემს გადაწყვეტილებაზე შფოთავს, ეს ჩემი წუხილიც არის, ამიტომ გამოვდივარ ინიციატივით, რომ შეწყალების წესები გადაიხედოს. იანვრიდან ახალ წესებს ვამზადებთ. ჩვენი ვერსიას გადაეცემა პარლამენტის თავმჯდომარეს და შედგება სამუშაო ჯგუფი, სადაც ყველა პარტია იქნება წარმოდგენილი. მე საზოგადოების შეშფოთება მაწუხებს, თორემ მედია აჟიოტაჟი, რომელიც უცხოეთში ჩემი წარმატებული ვიზიტისას ატყდება ხოლმე, ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელია”, – განაცხადა პრეზიდენტმა და შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრეზიდენტის წინააღმდეგ შეთქმულების ვერსიას არ გამორიცხავს და მოითხოვს, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს, კონკრეტულად რომელმა სამსახურებმა შეიმუშავეს შესაწყალებელი პატიმრების აღნიშნული სია.
“საკმაოდ სამართლიანად მესმის საზოგადოების მზარდი აღშფოთება. არაფერი განსაკუთრებული და უნიკალური – მითები, შეთქმულების თეორიები, ბრალდებები, დეზინფორმაცია და ა.შ. ქარწყლდება სრული სიმართლის თქმით. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტოს კონკრეტულად ვინ, რომელმა სამსახურმა თუ სამსახურებმა შეიმუშავეს აგვისტოს შეწყალების სია!”, – აცხადებს გია აბაშიძე.
როგორც შეწყალების კომისიის ყოფილი წევრი, იურისტი ლია მუხაშავრია განმარტავს, შეწყალების კომისია პრეზიდენტს ეხმარება შეწყალების ძალიან ბევრი მოთხოვნის განხილვაში. ამ საქმეს ძალიან დიდი დრო მიაქვს. მაგრამ კომისიის დასკვნა სავალდებულოდ გასათვალისწინებელი არ არის, შესაბამისად, პრეზიდენტს შეუძლია კომისიის წევრთა კეთილსინდისიერებას ენდოს, ან პირადად განიხილოს ყველას განცხადება, თუ რა თქმა უნდა, ამის დროს და საშუალება აქვს.
როგორც Dalma News-ს იურისტთა წრეში განუმარტეს, პრეზიდენტის შეწყალებაში უკანონო არაფერია. მსჯავრდებულის შეწყალება ქვეყნის პირველი პირის ექსკლუზიური და კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებაა. მეორე საკითხია, პრეზიდენტები ამ უფლებას როგორ იყენებდნენ და რა პოლიტიკას მიმართავდნენ. იურისტების შეფასებით, ქართველი პრეზიდენტები შეწყალების საკითხში ძალიან აქტიურები არიან, მაშინ, როდესაც, დასავლეთელი სახელმწიფო ლიდერები ამ ინსტრუმენტებს გაცილებით იშვიათად იყენებენ. ხოლო ის, თუ რამდენად სწორი ან არასწორია მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალება, საზოგადოების შესაფასებელია.
შეთქმულების სჯერა ყოფილ დეპუტატს, “საქართველოს გადარჩენის მოძრაობის” ლიდერ მირიან მირიანაშვილსაც. მისი თქმით, მართალია სალომე ზურაბიშვილი უნაკლო არ არის, მაგრამ მას ასევე, უამრავი არაკეთილმოსურნე და მტერი ჰყავს, მათ შორის, ახლო გარემოცვაში. პრეზიდენტი პროვოკაციების სამიზნე რომ იქნებოდა, ამაში ყოფილი დეპუტატი ჯერ კიდევ მაშინ დარწმუნდა, როდესაც პრეზიდენტს წასაკითხად, 1989 წლის 9 აპრილის გმირების სია მოუმზადეს და დაღუპულთა შორის არ იყო ნახსენები თამარ ჭოველიძე.
“სალომე ზურაბიშვილი უნდა მიმხვდარიყო, რომ სხვა სკანდალშიც გახვევდნენ. ჯერ კიდევ, რამდენიმე თვით ადრე გავაფრთხილე, რომ შეწყალების პროცესში პროვოკაციას მოუწყობდნენ. იმ ვითარებაში, როცა არასანდო გარემოა და შეწყალების კომისიის ახალი შემადგენლობა არ არის დაკომპლექტებული, მორატორიუმის გამოცხადება ყველაზე გონივრული გადაწყვეტილებაა”, – ამბობს მირიან მირიანაშვილი.
კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, შეწყალება ინდივიდუალური აქტია, რომელსაც სახელმწიფოს მეთაური ჰუმანური, ან სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, კონკრეტული გარემოებების არსებობის შემთხვევაში იყენებს. შეწყალების აქტი საზოგადოებისთვის მისაღები უნდა იყოს. მაგალითად, როდესაც პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად უარესდება, რომ ის სიკვდილის პირასაა, მას ათავისუფლებენ, რათა ოჯახურ გარემოში, თავისი ახლობლების გარემოცვაში აღესრულოს და არა ციხეში. ასეთი პატიმრის შეწყალებით საზოგადოებას არა თუ ზიანი არ მიადგება, ეს იმ ადამიანისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ ჰუმანური დამოკიდებულებაა.
არსებობს შეწყალება სახელმწიფო ინტერესების გამო, კერძოდ, შესაძლოა, ესა თუ ის მსჯავრდებული, შეწყალების სანაცვლოდ სახელმწიფოს ისეთი ინფორმაციის მიწოდებას სთავაზობდეს, რაც სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის არის მნიშვნელოვანი. ვახტანგ ხმალაძის აზრით, ასეთი საჭიროება სახელმწიფოს ნებისმიერ დროს შესაძლოა დაუდგეს, ამდენად ზურაბიშვილის მიერ მორატორიუმის გამოცხადება მისთვის გაუგებარია.
კონსტიტუციონალისტი ვერც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველს ხედავს, რადგან სალომე ზურაბიშვილს არც კონსტიტუცია დაურღვევია და არც დანაშაული ჩაუდენია.
“კონსტიტუციის თანახმად, იმპიჩმენტის პროცედურა პრეზიდენტის მიმართ მხოლოდ ორ შემთხვევაში შეიძლება დაიწყოს. ერთია კონსტიტუციის დარღვევა, მეორე – სისხლის სამართლის დანაშაული, ან დანაშაულის ნიშნები. მაგალითად კორუფცია. პრეზიდენტმა თუ აიღო ქრთამი, მაგრამ ამას სჭირდება ფაქტები”, – განაცხადა Dalma News-თან საუბრისას ვახტანგ ხმალაძემ.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა სიაში მოხვდნენ მკვლელობისთვის გასამართლებულები რამაზ დევაძე და ასლან ბეჟანიძე. რამაზ დევაძეს განზრახ მკვლელობისთვის თავისუფლების 12 წლით აღკვეთა მიესაჯა. მან 2014 წლის 27 დეკემბერს ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაპირისპირების დროს, 22 წლის პოლიციის ოფიცერი, თარაშ მუკბანიანი მისივე ტაბელური იარაღით, თავში გასროლით მოკლა. პოლიციელის “დანაშაული” ის იყო, რომ მან კონფლიქტის მონაწილეებს დამშვიდება სთხოვა. მეორე მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე კი 18 წლის, დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის, 12 წლის განმავლობაში იძებნებოდა. შემთხვევა 2004 წლის 27 ოქტომბერს, თბილისში, პეკინის გამზირზე მოხდა. ბეჟანიძე ოთხმეზურისთვის მობილური ტელეფონის წართმევას ცდილობდა და დანით მოკლა. ის 2016 წლის მარტში დააკავეს პატიმრობის ვადად 6 წელი და 9 თვე განუსაზღვრეს. სამწლინახევრის შემდეგ კი, საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა.
ვფიქრობ, სამართლიანია საზოგადოების განწყობა, რომ საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ, ვინ დგას ამ ყოველივეს უკან? 15 წლის წინ მოკლული დავით ოთხმეზური ცნობილი ისტორიკოსის, მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილია. საზოგადოებაში აჟიოტაჟის ატეხვის შემდეგ, ოჯახს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დაუკავშირდნენ და სალომე ზურაბიშვილის წუხილი გადასცეს იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნის პირველმა პირმა არ იცოდა, ვინ იყო დაზარალებული.
სანამ პრეზიდენტი მორიგ სკანდალში გაეხვევა და სხვა შეწყალებულთა საქმეებს გადაიკითხავს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე, პრეზიდენტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების მუხლით დაიწყო.
გიორგი ქართველი