იცით, ქორწილში მთავარი ვინ არის? ცხადია, გაიფიქრებთ, ნეფე-დედოფალი. მათ გარეშე ხომ ქორწილიც არ გაიმართება. მთავარი მოქმედი გმირი ფოტოგრაფია. მასზეა დამოკიდებული, როგორ აიკინძება სიყვარულის ისტორია, როგორ დაიდგმება სპექტაკლი და დამონტაჟდება სცენარი. ამ შემთხვევაში ყველაფერი ფოტოგრაფის შემოქმედებითობასა და გონიერებაზეა დამოკიდებული. მან ფსიქოლოგიური კონტაქტი უნდა დაამყაროს ახალდაქორწინებულებთან. სწორედ ამგვარად ფიქრობს პროფესიონალი ფოტოგრაფი, რომელმაც ევროპაში ფოტოგრაფთა კონკურსზე საუკეთესო ფოტოგრაფის სტატუსი მოიპოვა და საქართველოში გამარჯვებული დაბრუნდა.
იური აკოფოვი ევროპელი ფოტოგრაფების ფედერაციის ჯილდოთი დასაჩუქრდა და “საქორწილო გადაღებების” კატეგორიაში “ვერცხლის კამერა” მოიპოვა. 2017 წელს, იურიმ კონკურსში გაიმარჯვა და “ოქროს კამერით” დაჯილდოვდა, ხოლო 2018 წელს – მეოთხე ადგილზე გავიდა.
წარმატების რეცეპტი
– იურა, ჯერ კიდევ ორიოდე წლის წინათ, თქვენი კოლეგები საქორწილო ფოტოგრაფებს ზევიდან უყურებდნენ, ახლა კი ცალკე საკონკურსო კატეგორიად იქცა.
– საქორწილო ფოტოგრაფია ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ფოტოგრაფიაა. მასში გადაღების ყველა სახეობაა თავმოყრილი – დადგმა, პორტრეტი და პეიზაჟი. გარდა ამისა, შეცდომის და სხვა დუბლის უფლება არ გაქვს. ადრე ქორწილებს ვიდეოკამერით იღებდნენ, ბოლო ათი წელია ფოტოსურათები უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს. საინტერესოა ისიც, რომ პროფესიონალური დონეც მატულობს.
კონკურსებში ბევრი არ იღებს ხოლმე მონაწილეობას, მაგრამ მათი ნამუშევრებით ჩანს, რომ ჩვენ მაღალპროფესიონალური ფოტოგრაფები გვყავს. ძირითადად ასეთი სტერეოტიპი არსებობს, რომ ევროპელი სპეციალისტები ყველაზე კარგები არიან. სტერეოტიპები უნდა დავანგრიოთ. ბევრ ფოტოგრაფს ვურჩევ, რომ კონკურსში მიიღონ მონაწილეობა, რადგანაც მიმაჩნია, რომ საქართველოში ძალიან კარგი ფოტოგრაფები გვყავს, რომლებიც ევროპელ სპეციალისტებს არაფრით ჩამოუვარდებიან. როდესაც 2017 წელს “ოქროს კამერით” დამაჯილდოვეს, გული ჩემი ქვეყნისადმი სიამაყით ამევსო. ჩემი მხრიდან დავამტკიცე, რომ წარმატების მისაღწევად სულაც არ არის საჭირო ევროპელობა. სხვათა შორის, იქ ბევრმა პირველად გაიგო, რომ არსებობდა ქვეყანა საქართველო.
– მაღალი ტექნოლოგიები ფართო შესაძლებლობებსაც ნიშნავს, ბევრი იღებს ხელში კამერას და მიდის ფოტოების გადასაღებად. არსებობს რაიმე რეცეპტი წარმატების მისაღებად?
– თუ წარმატების მიღწევა გსურს, ყველა ძალ-ღონე უნდა იხმარო, კონცენტრირდე იმ საქმეზე, რომელიც შენთვის მნიშვნელოვანია. დიდი ხნის განმავლობაში ჩემს საყვარელ საქმეს პარალელურ რეჟიმში ვაკეთებდი. შემდეგ მივხვდი, რომ ამით ფულის შოვნაც შეიძლებოდა.
თავდაპირველად ერთ რესტორანში ვმუშაობდი. იქ ერთი ღონისძიების გადასაღებად მიმიწვიეს. ძალიან მომეწონა. გადავწყვიტე წინ წავსულიყავი და გარკვეული ცოდნა შემეძინა. თვითნასწავლი ვარ. ჩემი მასწავლებელი ინტერნეტ – გაკვეთილები იყო. ახლა უკვე ნებისმიერ პროფესიას თავისუფლად შეგიძლია დაეუფლო.
– გუგლი გედგა გვერდში!
– ზუსტადაც! შემდეგ პირველი ქორწილი გადავიღე და დაიწყო… დავიწყე საჭირო აპარატურის შეძენა. იმ დროისათვის სარეკლამო ბიზნესში ვმუშაობდი. შემდეგ ყველაფერს თავი დავანებე და ახლა მხოლოდ ფოტოგრაფიით ვარ დაკავებული.
– კონკურსში გამარჯვებამ როგორი მოტივაცია შეგძინა?
– გამარჯვებამ დიდი სტიმული მომცა. მივხვდი, რომ საკმარისი ცოდნა მაქვს. კომერციული თვალსაზრისითაც გავძლიერდი და უკვე ერთი წელია, რაც საკუთარი სტუდია მაქვს. 2017 წელი ჩემთვის მოულოდნელობებით აღსავსე იყო. კონკურსში პირველად მივიღე მონაწილეობა და პირველი ადგილი ავიღე. მე და ჩემი მეგობარი – ირაკლი შავგულიძე, რომელმაც პეიზაჟის კატეგორიაში გაიმარჯვა, ორივე ოქროს მედლით დავჯილდოვდით. წლევანდელ კონკურსში მონაწილეთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 300-მდე ფოტოგრაფი მონაწილეობდა.
– არსებობს რაიმე შეზღუდვა?
– აბსოლუტურად არავითარი. მონაწილეობის მიღება ნებისმიერს შეუძლია. მნიშვნელობა არ აქვს პროფესიონალია, თუ მოყვარული. ფასდება ნამუშევარი. ფოტო ტელეფონითაც რომ იყოს გადაღებული და ის გენიალური და ორიგინალური აღმოჩნდეს, ის გაიმარჯვებს.
ქორწილი აქცენტებით და მის გარეშე
– მოდით, საქორწილო ფოტოგრაფიაზე ვისაუბროთ. რაზეა დამოკიდებული წარმატებული საქორწილო ფოტოსესია? რა არის მთავარი იმისათვის, რომ ფოტოები ლამაზი გამოვიდეს?
– პირველ რიგში, ფსიქოლოგიური კონტაქტი უნდა დაამყარო. ადამიანი უნდა გენდობოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კამერის წინ არ გაიხსნება, ხელოვნური და დაძაბული იქნება. მე თვითონაც, როცა ობიექტს მომიშვერენ, ბოლომდე ვერ ვდუნდები. ქორწილებში ჩვეულებრივ, არა მსახიობ ადამიანებთან გაქვს საქმე. გარდა ამისა, კავკასიური ხასიათი სრულად გახსნაში და მოდუნებაში ხელს გვიშლის, შინაგანად მაინც შებოჭილები ვართ. ქორწილამდე რამოდენიმე დღით ადრე წყვილს ვხვდები და მათთან ვათანხმებ გადაღებების სიუჟეტს და ხასიათს. ჩვენი ურთიერთობა მეგობრულ და უშუალო გარემოში მიმდინარეობს. ზოგჯერ ისეც ხდება ხოლმე, რომ წყვილს შენ უნდა უკარნახო რა როგორ გააკეთოს. პირიქითაც ხდება – წყვილი იმდენად თავისუფალი და უკომპლექსოა, რომ კორექტივების შეტანა გიწევს და ეს ძალიან რბილად და დელიკატური ფორმით უნდა გააკეთო.
– უცხოური ქორწილების გადაღება ხშირად გიწევს?
– სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ საქართველო ქორწილების ქვეყანაა. ქორწილების გადასახდელად სხვადასხვა ქვეყნიდან სწორედ აქ ჩამოდიან. მიზეზია ბევრია: პირველი ის, რომ მომსახურეობა აქ უფრო იაფი და ხარისხიანია, ვიდრე სხვა ქვეყანაში, მეორე – უცხო ქვეყანაში ქორწილის გადახდა ეგზოტიკაა, მესამე – საქართველოს ულამაზესი ბუნება, ხედები და პეიზაჟები აქვს. ამ მხრივ, დიდი პოპულარობით სარგებლობს კახეთი. სადღაც სტატისტიკას წავაწყდი: საქართველოში წელიწადში რამოდენიმე ათასი უცხოური ქორწილი ტარდება. თავად მეც ბევრი უცხოელი მყავს გადაღებული: ებრაელები, კანადელები, რუსები, უკრაინელები. ჩვენთან ხომ ქორწინების რეგისტრაციის გამარტივებული სისტემა მოქმედებს.
– ადვილია უცხოელებთან მუშაობა?
– ალბათ, ადვილია. ჩვეულებრივ, მათი ქორწილები უფრო პატარაა და არ არის ძალიან ბევრი ადამიანი, არ არის ტრადიციული მღელვარებები. ისინი ემოციურად ბევრად უფრო გახსნილები არიან. უცხოელების ქორწილში ნაკლებად იღლები.
– იურა, რამდენი ქორწილი გაქვს გადაღებული. კურიოზებიც გექნება…
– რა თქმა უნდა, კურიოზების გარეშე შეუძლებელიც არის. ერთხელ სიძე სტუმრებთან ერთად პატარძალთან ლიფტით ავიდა და გაიჭედა. იქ დაახლოებით 40 წუთი მოუწიათ ყოფნა. ქორწილი ისეთი რამ არის, სადაც ყველაფერი, თითოეული მოქმედება წინასწარ არის გათვლილი. ეკლესიაში ნახევარი საათით რომ დააგვიანო, უკვე სხვისი ცერემონიალი დაგხვდება და ა.შ. ასე, რომ ერთი შეფერხება და შემდეგ ყველაფერი თავდაყირა მიდის.წმინდაზე და ინტიმურზე.
– ვინ არის თქვენთვის უდავო ავტორიტეტი ფოტოგრაფიის სამყაროში?
– სანამ დიდი და ბრწყინვალე მხატვარი გახდები, ბევრი რამ უნდა ნახო, ცნობილი ოსტატების ფოტოები დაათვალიერო. მაგალითად, ავიღოთ 10 საუკეთესო საქორწილო ფოტოგრაფი. ერთის ნამუშევრებიდან მოგწონს ფოტოების დამუშავება, მეორესთან – კომპოზიცია, მესამესთან – ჩრდილები. მანამდე იყენებ სხვის სტილს, სანამ საკუთარს არ გამოიმუშავებ. ამბობენ, თანდაყოლილი ნიჭი უნდა გქონდესო, მაგრამ მე ამის არ მჯერა. შუბლზე არავის აწერია, შეუძლია თუ არა ფოტოგრაფობა, ამიტომაც საჭიროა ცდა და შრომა. შემდეგ კი, ვისაც სურს ყველაფერს ისწავლის. სხვათა შორის,მე ფოტოებზე ტექსტის წერა არ გამომდის.
– ეს აუცილებელია?
– არიან კოლეგები, რომლებსაც შეუძლიათ ფოტოებს მთელი ისტორია დაურთონ. მე ვწერ მხოლოდ ფოტოს გადაღების ადგილს და დროს. მიმაჩნია, რომ დამთვალიერებელმა ფოტოს ნახვით თავად უნდა მიხვდეს, რისი თქმა მსურდა. ანუ ინფორმაცია იმდენად გასაგები უნდა იყოს, რომ საჭირო აღარ გახდეს დამატებითი ტექსტის, ან ახსნის დატანება. გულწრფელად ვაღიარებ, ბარსელონაში ყოფნისას პიკასოს მუზეუმში შევედი და მეორე დარბაზის შემდეგ აღარაფრის ნახვა მინდოდა. შესაძლოა, ვიღაცამ გამაკრიტიკოს კიდევაც, ეს მე არ მაღელვებს. ჩემი სურვილია, ჩემი ფოტოები ყველასათვის გასაგები იყოს. თუ კადრი მხოლოდ მე მესმის, მაშინ ის მხოლოდ ჩემია და მისი სხვისთვის ჩვენება აღარ მომინდება.
– საქორწილო ფოტოების გარდა კიდევ როგორი კადრები მოგწონთ?
– მიყვარს პორტრეტების გადაღება. პეიზაჟებსაც ვიღებ მოყვარულის დონეზე. მომწონს ყველა კადრი, სადაც ადამიანია, სადაც ობიექტი საინტერესოა. აქცენტს ადამიანზე ვაკეთებ.
– არჩევანის შესაძლებლობა რომ გქონდეს, ვის პორტრეტს გადაიღებდი?
– ნებისმიერი ფოტოგრაფის სურვილია ცნობილი ადამიანების გადაღება. ამბობენ, ცნობილი ფოტოგრაფი თუ გინდა იყო, ცნობილი ადამიანები უნდა გადაიღო. როდესაც იღებ ალ პაჩინოს, ყველაზე მაგარი ხარ. ერთხელ, ჩვენთან კარლო პონტი – სოფი ლორენის ვაჟი, ცნობილი დირიჟორი ჩამოვიდა. დამირეკეს ჟურნალიდან “სითი” და მითხრეს, რომ ინტერვიუსთვის უნდა გადამეღო. თანახმა ვიყავი უხელფასოდაც მემუშავა. ასეთ მომენტებში სრულად წვდები საქმის მნიშვნელობას. როდესაც ასეთი სერიოზული ადამიანის გადაღებას გთხოვენ, პირადი თვითშეფასებაც მაღლდება.
– ზოგჯერ ფოტოგრაფს ჟურნალისტზე მეტადაც ენდობიან. ის ხომ თავისი წარმოსახვის უნარით მუშაობს და ონლაინ-რეჟიმში ახდენს რეალობის დოკუმენტირებას.
– დიახ, ასეა. გარკვეულწილად, ეს წმინდა და ინტიმური მოქმედებაა. ისეთი შემთხვევებიც არსებობს, რომ შემდეგ ფოტოგრაფები ვარსკვლავებს დაუმუშავებელი ფოტოების გამოქვეყნებით აშანტაჟებენ (იცინის – რედ.).
– ფოტოგრაფი ხშირად, ცხოვრებას გადაღებული ფოტოებით ხედავს. პირობითად რომ ვთქვათ, მის წარმოსახვაში ყველაფერი კადრებად არის დაყოფილი. თქვენს ცხოვრებას რომელი სამი კადრით გამოსახავდით?
– ალბათ, ეს იქნება ბუნების კადრი, რომელიც ძალიან მიყვარს და ჩემი საყვარელი ადამიანების. მაგრამ ეს ბანალურია, ხომ ასეა? უი, რა ძალიან რთული შეკითხვა დამისვი. იქნებ, ოდესმე ამ შეკითხვაზეც ვიპოვო პასუხი, მაგრამ ახლა – არა…
ეკატერინე მინასიანი
თარგმანი: ხათუნა პაპაშვილი