საქალაქო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე თბილისში და ზოგადად ქვეყნის მასშტაბით, ყოველწლიურად, მილიონობით ლარი იხარჯება. ცხადდება ტენდერები, იმარჯვებენ კომპანიები, მაგრამ ხშირად, საქმე ან გამოცდილების სიმწირის, ან ზერელე დამოკიდებულების გამო, სათანადოდ არ სრულდება. შედეგად, ქალაქი იღებს გაუმართავ ინფრასტრუქტურას, ბიუჯეტი კი წყალში გადაყრილ ფულს.
თბილისს, თავისი რელიეფის გათვალისწინებით, სპეციფიკური ინფრასტრუქტურა სჭირდება. არის ქუჩები, სადაც სახლებს შორის ურმის სიგანეზე დატოვებული მანძილი, ვეღარ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს, მაგრამ ქალაქს კოლორიტს უნარჩუნებს. საერთო სარგებლობის კიბე კი ერთობ აპრობირებული და მიღებულია. დედაქალაქის ერთ-ერთ ისტორიულ ნაწილში, კერძოდ, ჩუღურეთის რაიონში, კიბალჩიჩის ხევის მცხოვრებლები, მრავალი წელია, დანგრეული კიბით სარგებლობენ. ხევის ხშირი სტუმრები არიან ტურისტებიც, რომლებსაც ფეშენებელურ ქუჩებზე მეტად, ვიწრო, მიხვეულ-მოხვეულ ბილიკებზე სეირნობა ხიბლავთ, მით უმეტეს, თუ ეს გზა ტაძართან მიდის. ტაძარი შემთხვევით როდი ვახსენე. კიბალჩიჩის ხევი – სწორედ ის გზაა, რომელიც ჩუღურეთიდან სამების საკათედრო ტაძართან ადის და რომელ მარშრუტსაც ტურისტები აქტიურად იყენებენ.
წლების განმავლობაში, საერთო სარგებლობის კიბე ინგრეოდა. ძლიერი წვიმის დროს, ელიადან წამოსული წვიმის წყალი კიბეზე ნიაღვარივით მიედინება, შედეგად გზა ინგრევა. არ არსებობს სანიაღვრე სისტემა, რასაც მოსახლეობის გულგრილობა ემატება. ვითარება სრულიად უკონტროლოა. ზოგმა კიბის შევიწროვების ხარჯზე ეზო გაიფართოვა, ზოგმა კი, წვიმის წყალი ეზოდან მოიშორა და მილებით, პირდაპირ კიბისკენ მიმართა. ამასობაში კიბეს მიწა გამოეცალა, ზოგან ჩაინგრა, ზოგან საფეხურები მოირღვა, გზა ნაგავსაყრელად იქცა.
ერთ დღესაც, ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ ტენდერი გამოაცხადა. კიბის რეაბილიტაციის უფლება შპს “გიში”-მ მოიპოვა. სამუშაოების დაწყებას ხევის მოსახლეობა სიხარულით შეხვდა, მშენებლებს ყურადღებას არ აკლებდნენ, ყავით და ნაყინით უმასპინძლდებოდნენ. სამუშაო რომ არ შეფერხებულიყო, ერთ-ერთმა მოსახლემ ელექტროშედუღების აპარატის საკუთარ მრიცხველზე დაერთების უფლება მისცა, იმ პირობით, რომ დანახარჯს კომპანია აუცილებლად გადაიხდიდა. მაგრამ სამწუხაროდ, მოხმარებული დენი დღეს მოქალაქეს ადევს ვალად. უფრო მეტიც, მოგვიანებით გაირკვა, რომ ტენდერი კიბის მხოლოდ 6-7 საფეხურის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა და არა მთლიანი კიბის. რეაბილიტაცია ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, რადგან დღეს ის, კიბის გარდა ყველაფერს ჰგავს.
როგორც Dalma News-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, მშენებლების მხრიდან სრული არაკომპეტენტურობა იგრძნობოდა. არც პროექტი ბრწყინავს. ვერც საფეხურების სიმაღლე და, ვერც მათ შორის მანძილი, ახლოსაც კი ვერ მოვა ძველ კიბესთან, რომელიც სიძველის მიუხედავად, გაცილებით კომფორტული იყო. ამ კიბით ყოველდღიურად უნდა ისარგებლონ, როგორც ახალგაზრდებმა, ასევე ასაკოვანმა ადამიანებმა და ბავშვებმა. კიბის არასწორი დახრილობის გამო წყალი საყრდენ კედელთან გროვდება და მცხოვრებელს ეზოში უვარდება. კიბე იმდენად მაღალი გამოუვიდათ, რომ წინ 2 საფეხურის დამატება გახდა საჭირო. შედეგად კიბე მოსახლის ჭიშკარს მოუახლოვდა. ახლა გამვლელ-გამომვლელმა ჭიშკართან უნდა იაროს, რაც სრულებით არ მოსწონთ სახლის მესაკუთრეებს. ერთი სიტყვით, შესრულებული სამუშაო დახარვეზებულია, შპს “გიშმა” კი, სხვა ტერიტორიაზე გადაინაცვლა, სადაც კვლავ კიბის ტენდერი აქვს მოგებული. დარწმუნებული ვართ, იქაც ანალოგიური ისტორია განმეორდება.
კიბალჩიჩის ხევის, მაცესტის შესახვევის მცხოვრებლები კიბის ხელახლა მონგრევას და მთლიანად რეაბილიტაციას, გამართული სანიაღვრე სისტემის მოწყობას და შპს “გიშის” მიერ დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურებას მოითხოვენ (კომპანიამ უკვე გადაიხადა თანხა მოხმარებული ელექტროენერგიისთვის – Dalma News).
“ე.წ რეაბილიტაციის შემდეგ, მაისში, ძლიერი სეტყვა მოვიდა და მთელი ნალექი ჩვენს ეზოში შემოიჭრა. დავიბარეთ გამგეობის წარმომადგენელი, მოვიდა, ფოტოები გადაიღო და გვიპასუხა: – კიბე მართლაც უხარისხოდ არის გაკეთებული. ელექტროენერგიის დანახარჯზე “გიში”-ს მოედავეთ; კიბეზე მეზობლებმა საწვიმარი მილები და ეზოს კანალიზაცია, რომ გადმოუშვეს, ამაზე მერიის ზედამხედველობის სამსახურს მიმართეთო. გამგეობა ტენდერს ისე აცხადებს, ადგილი არ დაუთვალიერებიათ. აგებინებს ისეთ კომპანიას, რომელსაც პროფესიონალი და მცოდნე კადრები არ ჰყავს. ყოველგვარი ზედამხედველობის და გადამზადების გარეშე ამუშავებს მუშებს და ბოლოს, მერიასთან გადაგვამისამართეს. ჩვენთვის არც უკითხავთ, როგორი კიბე გვსურდა. იქნებ 80-იან წლებში გაკეთებული კიბის შენარჩუნება გვინდოდა, ან ზუსტად მსგავსი, რადგან ძველი სახე შენარჩუნებულიყო. პირადად მე ვისურვებდი, ზუსტად იგივენაირი კიბე გაეკეთებინათ. ის ძალიან მოსახერხებელი იყო ზამთარშიც და ზაფხულშიც”, – აცხადებენ ადგილობრივები.
როგორც Dalma News-ს არქიტექტორმა თამაზ დოგრაშვილმა განუცხადა, ყველა სამშენებლო სამუშაოს წინ, აუცილებლად უნდა უძღოდეს საპროექტო გადაწყვეტა, მით უმეტეს, კიბეს, რომლითაც დღის განმავლობაში, უამრავი ადამიანი სარგებლობს. კიბეს, ზოგ შემთხვევაში, სასიცოცხლო მნიშვნელობაც აქვს.
როგორ უნდა დაიგეგმოს სამუშაო? არქიტექტორმა ტერიტორია ადგილზე უნდა ნახოს. შეადგინოს ტოპო-გეგმა და ნახაზის სახით გადასცეს შემსრულებელს. პროექტში მითითებული უნდა იყოს ხარჯის (ცემენტი, სილა, რკინისა მასალა და სხვა), საფეხურების რაოდენობის, სიმაღლის, სიგანის დახრილობის და სხვა ინფორმაცია. პროექტს უნდა მიეთითოს ავტორების სახელი და გვარი, ამით მათ პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ნახაზზე, ანუ არქიტექტორმა იგივე გზა უნდა გაიაროს კიბის შემთხვევაში, რაც მრავალსართულიანი შენობის დაპროექტებისას. პროექტის არსებობა შესრულებული სამუშაოს ხარისხის შემოწმების საშუალებას იძლევა.
თამაზ დოგრაშვილის მოსაზრებით, მოსახლეობის ნერვული სისტემა პირდაპირ კავშირშია უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოსთან. აუცილებლად უნდა აღდგეს ექსპერტიზის ინსტიტუტი. ქვეყანას უნდა ჰქონდეს არქიტექტურისა და მშენებლობის სამინისტრო, ეს სფერო მერიის საქალაქო სამსახურების იმედად არ უნდა იყოს. მერიის თანამშრომელთა კომპეტენცია ხშირად, საკმარისი არ არის, იქ უმეტესად ზოგადი განათლების მქონე ხალხი მუშაობს, სათანადოდ კვალიფიცირებული სპეციალისტები არ ჰყავთ.
“როცა სამშენებლო ორგანიზაცია ერთი პროფილის საქმიდან მეორეზე დახტის და არ ჰყავს კვალიფიციური ხალხი, თავს იჩენს ასეთი სისუსტეები. დავარქვათ ამას მცირე არქიტექტურული ფორმები და შევქმნათ კომპანია, რომელიც აგებს პასუხს ასეთ სამუშაოებზე. ძველად იყო ასეთი პრაქტიკა, რასაც ჩაბარებას ეძახდნენ. დასრულდებოდა ერთი სართულის მშენებლობა, მივიდოდა კომისია, შეამოწმებდა და მხოლოდ დადებითი დასკვნის შემდეგ მისცემდნენ მესამე სართულის აშენების ნებართვას. არქიტექტურისა და მშენებლობის სამინისტრო ისეთი ინსტიტუტია, რომელიც კიბესაც აკონტროლებს, მრავალსართულიან შენობასაც და ყველაფერზე პასუხისმგებელია. მერიის არქიტექტურის სამსახური ამას, როგორ წყვეტს, ვხედავთ. არის კარგი შემთხვევებიც, მაგრამ უმეტესად ცუდი შემთხვევებია”, – განუცხადა Dalma News-ს თამარ დოგრაშვილმა.
მისივე თქმით, ტენდერებში ხშირად ღირსეული სამშენებლო კომპანიებიც მონაწილეობენ, რომლებიც ხარისხის შესაფერის ხარჯს დაასახელებენ და ვერ იმარჯვებენ. პროექტები ხელში უვარდებათ ისეთ კომპანიებს, რომლებიც ხელოვნურად შემცირებულ თანხას წარადგენენ, დამკვეთიც შემცირებული თანხისკენ იხრება.
არქიტექტორის თქმით, შემცირებულ თანხას ყოველთვის უხარისხობა მოჰყვება. პროექტი უნდა შეაფასოს საკითხში ღრმად ჩახედულმა ექსპერტმა, რომელიც სამუშაოს რეალურ ღირებულებას დაასახელებს. საბოლოო ჯამში ზარალდება მოქალაქე და ბიუჯეტი, საიდანაც ხელახლა ფინანსდება განმეორებითი სამუშაოები.
მეორე მხრივ, შესაძლოა კომპანიას მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ჰყავდეს, მაგრამ სამუშაო სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ თანხაში ვერ ჩაეტიოს და იზარალოს. ასეთ კომპანიებს აღარ უღირთ ტენდერებში მონაწილეობა, მით უმეტეს, რომ ხშირ შემთხვევაში დამკვეთი არანაირ ვალდებულებას არ იღებს საკუთარ თავზე.
კომპანია “HIDRO M”-ს თბილისის მერიასთან სასამართლო დავა აქვს. “ჰიდრო ემი” 2013 წლიდან აქტიურად მონაწილეობს ტენდერებში, როგორიცაა სარწყავი და სამელიორაციო სისტემების მოწყობა, არხების გაყვანა, ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობა, სასაწყობო მეურნეობები და სხვა. ძირითადად დიდი მოცულობის პროექტებზე არიან ორიენტირებულნი. ბოლო დროს თბილისის მერიის ტენდერშიც მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ურთიერთობამ სასამართლოში გადაინაცვლა.
“მერიის ნებისმიერი სამშენებლო ტენდერი რომ ნახოთ, ხელშეკრულებების ნიმუშებია ატვირთული, სადაც მერია არანაირ ვალდებულებას არ იღებს და ყველაფერს შემსრულებელს აკისრებს. პასუხისმგებლობას მთლიანად იხსნის. შესაძლოა ეს კომპეტენციის არქონის მიზეზია ან პასუხისმგებლობას მიზანმიმართულად იცილებენ თავიდან. თბილისის მერია ვალდებული არაფერზე არ არის. როცა დაასრულებ სამუშაოს, ფულს ჩაგირიცხავთო”, – განუცხადა Dalma News-ს კომპანიის ხელმძღვანელმა გიორგი ბურკიაშვილმა.
მისივე თქმით, დამკვეთს უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა, რომ სწორი და გამართული პროექტი მოგაწოდოს, რომელიც შეთანხმებული იქნება კონკრეტულ სტრუქტურებთან.
ამ შემთხვევაში საუბარია 3,5 მილიონი ლარის ღირებულების პროექტზე, კერძოდ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან არსებული ქანდაკება “ადამიანი და მზის” რეაბილიტაციაზე და მის ირგვლივ 12 400 კვ.მ ფართობის მწვანე სივრცის მოწყობაზე. ტერიტორიაზე დაგეგმილია ხელოვნური ტბის მოწყობა და გარეგანათების დამონტაჟდება, მაგრამ პარადოქსი ის არის, რომ ახლო-მახლო, არც წლის და არც კანალიზაციის სისტემა არ არსებობს. ამაზე ცალკე ტენდერი უნდა ჩატარდეს და როდის იქნება, მერიაში არ იციან. როდესაც “ჰიდრო ემის” ექსპერტებმა ტერიტორია ადგილზე შეისწავლეს და ყველა ხარვეზი აღმოაჩინეს, ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადეს. ამის გამო, მერიამ კომპანია 60 000 ლარით დააჯარიმა, მათ კი სასამართლოს მიმართეს.
გიორგი ბურკიაშვილის აზრით, ასეთ ხელშეკრულებას არც ერთი თავმოყვარე კომპანია ხელს არ მოაწერს. სწორედ მსგავსი დამოკიდებულებისა და არაკომპეტენტურობის შედეგია ის, რომ თბილისის მერიას 10-დან 8 ტენდერი უვარდება.
“ბუნებაში რაც არ არსებობს, იმაზე პასუხისმგებლობა უნდა აგვეღო. პასუხი ასეთია, – მერე, პროცესში ვნახავდით და რამეს მოვიფიქრებდით. შენ რომ ვერ მოიფიქრო, მერე მე რა ვქნა? პროექტში მითითებულია როგორი განათება უნდა გაკეთდეს და იტალიური ბრენდია დასახელებული, რომელიც ძალიან ძვირია და საქართველოში, ერთადერთ ადამიანს აქვს წარმომადგენლობა”, – აცხადებს ბიზნესმენი.
სახელმწიფო ტენდერში ბრენდის დაკონკრეტება წესით აკრძალულია. თბილისის მერიის მიერ მითითებული იტალიური განათება დაახლოებით 250 ათასი ევრო ღირს. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია ვალდებულია ძვირადღირებული საკუთარი ხარჯით ჩამოიტანოს, დაამონტაჟოს და სამუშაოების დასრულების შემდეგ “სინათლის ქალაქს” გადააბაროს. მხოლოდ ამის შემდეგ გადაუხდის მერია მას თანხას. აღმოჩნდა, რომ მერიას თავისივე პროექტი არ აქვს შეთანხმებული “სინათლის ქალაქთან” და ადვილი შესაძლებელია, სამუშაოების დასრულების შემდეგ ის არ ჩაიბარონ.
“დავსვი კითხვა, ეს შეთანხმებულია “სინათლის ქალაქთან”? ისინი, უსაფრთხოების მიზნით, 3 მეტრის სიმაღლეზე ქვემოთ განთავსებულ განათებას არ იბარებენ. ამის გამოცდილება მაქვს, როცა ჩვენივე ხარჯით შეგვაცვლევინეს განათება. უნდა ჩამოიტანო მილანიდან, გადაიხადო 250 ათასი ევრო და შესაძლოა “სინათლის ქალაქმა” არ ჩაიბაროს. იგივე პრობლემაა გამწვანებაზე და სარწყავ სისტემაზე. გამართული სისტემა უნდა გადააბარო გამწვანების სამსახურს და ამის შემდეგ გადაიხდიან თანხას. წყალი იქამდე მიყვანილი არ არის და როდის იქნება არ იციან. სხვა ტენდერი უნდა ჩატარდეს და იქიდან მოგაწვდით მერე წყალსო. სარწყავ სისტემაში წყალი თუ არ გავუშვი, როგორ შევამოწმო, გამართულად მუშაობს თუ არა, გარდა ამისა, ბალახი უნდა დაითესოს, აგვისტოში მწვანე მოლი ვერ ამოვა. 2 მლნ ლარი კომპანიას საკუთარი თანხა უნდა ჰქონდეს. თბილისის მერია ვერ გთავაზობს სტრუქტურულად გამართულ სისტემას, ამიტომ გარისკვად არ გვიღირდა”, – აცხადებს გიორგი ბურკიაშვილი.
არსებობს გამონათქვამი, – იაფის მყიდველი ორჯერ ყიდულობსო. აქვს კი თბილისის ბიუჯეტს იმის ფუფუნება, უხარისხოდ და არაკომპეტენტურად შესრულებულ სამუშაოში 2-ჯერ გადაიხადოს ფული?!
შორენა პაპაშვილი