ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი, სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსი, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 60-70 კმ-ში, გარეჯის სერზე მდებარეობს, ბოლო ხანებში უსიამოვნო დაპირისპირებების ადგილად იქცა. მორიგი ხმაურიანი ინციდენტი 14 ივლისს მოხდა, როდესაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა, ქართული ტაძრიდან ხატები გამოიტანეს, ქართველ მესაზღვრეებს გადასცეს და უთხრეს, რომ მათ ტერიტორიაზე ამ ხატების ადგილი არ იყო. აღშფოთებულმა მრევლმა სიწმინდეები კვლავ კელიებში დააბრუნა. ქართველმა სასულიერო პირებმა აზერბაიჯანული მხარე უდაბნოს მონასტრის ძალით დაკავებაში დაადანაშაულეს და მისი დაუყოვნებლივ გახსნა მოითხოვეს.

მომხდართან დაკავშირებით, ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები ქართულ საზოგადოებას დაჰპირდნენ, რომ ვითარება ძველ რეჟიმს, რამდენიმე დღეში დაუბრუნდება და მოქალაქეები, მომლოცველები და ტურისტები თავისუფლად შეძლებენ იმ ტერიტორიაზე გადაადგილებას, სადაც აქამდე გადაადგილდებოდნენ.

რაც შეეხება ინციდენტს, სამინისტროს ინფორმაციით, 14 ივლისს, ადგილობრივი მოსახლეობა საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე ავიდა, აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც, მათ შორის მცირე ინციდენტი მოხდა. ქართველი მესაზღვრეების ჩარევის შედეგად კი ვითარება დროულად განიმუხტა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საზოგადოებას და საქართველოს ყველა მოქალაქეს, ნუ აჰყვებიან პროვოკაციებს, რათა დელიმიტაციის კომისიას მშვიდ ვითარებაში მუშაობის საშუალება ჰქონდეს.

დავით გარეჯში ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” წარმომადგენლები პატრულირებენ. აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ უდაბნოს მონასტრებიდან ხატების თვითნებურად გამოტანის შესახებ ინფორმაციაც მათ გაავრცელეს. მათივე თქმით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ქრისტიანული სამონასტრო კომპლექსის კელიებს საპირფარეშოებად იყენებენ. ამ ინფორმაციამ ქართული საზოგადოება კიდევ უფრო აღაშფოთა. მათი უმეტესობა აღნიშნულში საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს.

უკვე 22 ივლისს, “ძალა ერთობაშია” მოძრაობის ხელმძღვანელი დავით ქაცარავამ განაცხადა, რომ ინციდენტიდან 8 დღის შემდეგ, კომპლექსის რამდენიმე ტაძართან (ჩიჩხიტურის კოშკი, აღდგომის ტაძარი და უდაბნოს მონასტერი Dalma News), რომლებიც სადაო ტერიტორიებზე მდებარეობს, მისასვლელი გზა ჯერ კიდევ ჩაკეტილია, ხოლო ქართველი მესაზღვრეები 10-ჯერ უფრო ნაკლებნი არიან, ვიდრე – აზერბაიჯანელები.

“არსებობს შეთანხმება, რომ დავით გარეჯისკენ ყველა მიმართულების გზა ერთ კვირაში უნდა გახსნილიყო. ამის ნაცვლად ახალ სამხედრო ბაზას ვხედავთ, რომელიც აზერბაიჯანულმა მხარემ გარეჯის მთის ქედზე აქტიურად ააგო და სამხედრომოსამსახურეებით გაავსო”, – განაცხადა მან.

დავით გარეჯში მოღვაწე სასულიერი პირები სადემარკაციო კომისიას არაეფექტიან მუშაობაზე საუბრობენ და საჭიროდ მიიჩნევენ კომისიამ აზერბაიჯანის ექსპრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის მიერ ხელმოწერილი შეთანხმებით იხელმძღვანელონ, რომელიც 1938 წელს დადგენილ პოლიტიკურ საზღვრებს აღიარებს. სულიერი მამების შეფასებით, ამ ხნის განმავლობაში, კომისიას ქართული მხარისთვის სასიკეთო გადაწყვეტილება არ მიუღია.

არქიმანდრიტი ილარიონი

“არ ვიცი, ეს კომისიები სხვაგან, როგორ მუშაობენ, მაგრამ გარეჯის შემთხვევაში ვერ ვიტყვი, რომ მათი მუშაობა ეფექტიანია”, – აცხადებს არქიმანდრიტი ილარიონი.

იგი დავით გარეჯში 2004 წლის მაისიდან მსახურობს და ეკლესიის წინამძღვრის მოადგილეა (დავით გარეჯის წინამძღვარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II არის).

როგორც მამა ილარიონი აცხადებს, პოლიტიკოსები ხშირად, ცდილობენ დავით გარეჯის პრობლემა კომუნისტებს მიაწერონ, თითქოს აღნიშნული ტერიტორია აზერბაიჯანს ბოლშევიკებმა გადასცეს, რაც ასე არ არის.

“მათ თავიანთი შეცოდებანიც ეყოფათ, ეს რომ არ დავაბრალოთ”, – აცხადებს იგი.

არქიმანდრიტის ინფორმაციით, საქართველოს პირველი რესპუბლიკის შემდეგ, ამიერკავკასიის ფედერაციის დროს, საბჭოთა აზერბაიჯანსა და საბჭოთა საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულებები ცალსახად განსაზღვრავს, რომ საქართველო-აზერბაიჯანს შორის პოლიტიკური საზღვრები ხელშეუხებელია.

მისი თქმით, კომუნისტებს აზერბაიჯანისთვის არაფერი გადაუციათ, ყველა ხელშეკრულებაში არის ხაზგასმული, რომ პოლიტიკური საზღვრები ხელშეუხებელი რჩება. მიწები კი, დროებით ადმინისტრაციულ სარგებლობაშია გადაცემული. მაგალითად, ასეთივე პრინციპით ფლობდა საქართველო საბჭოთა კავშირში ყოფნისას ყიზლარის საძოვრებს.

“ჩრდილო კავკასიაში, კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარე ყიზლარის საძოვრებზე საქართველოს იურისდიქცია ვრცელდებოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, გამოვედით ყიზლარიდან და ის ტერიტორია რუსეთს დაუბრუნდა. ასევეა დავით გარეჯის შემთხვევაში. ეს ტერიტორია აზერბაიჯანის მხარეს ადმინისტრაციულ სარგებლობაში აქვს გადაცემული, რათა მწყემსებმა საძოვრებით ისარგებლონ. იქ ჩვენი მეცნიერები, არქეოლოგები, რესტავრატორები ყოველთვის დაუბრკოლებლად მუშაობდნენ. საუბარი იყო ბერთუბნის გადმოცემაზე, რომელიც 2005 წელს დაკეტეს, მანამდე მისი მოლოცვა ყველას თავისუფლად შეეძლო. ახლა, იქ აღარავის შეუძლია გადასვლა. ახლა ლამის უდაბნოს მონასტერში აღარ შეგვიშვან. ბერთუბანი დიდი ხანია მიტაცებულია, იქ სამხედრო ქალაქია აშენებული. ახლა ცდილობენ ჩვენი მონასტერი შუაზე გადაჭრან”, – აცხადებს მამა ილარიონი.

მისივე თქმით, დავით გარეჯთან დაკავშირებით ვითარების არსი კარგად იციან ბაქოშიც, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების გულგრილობით სარგებლობენ. თუმცა, გაუგებარია, რატომ უნდა სურდეთ საქართველოსთან ურთიერთობის გამწვავება?.

“ჩვენ არ ვამწვავებთ პრობლემას, მოვითხოვთ სამართლიანობას. ხელისუფლების მხრიდან გარეჯის თემაზე წაყრუება, სიკეთის მომტანი არ იქნება. მოსახლეობას ატყუებენ, თითქოს პრობლემა არ არის. აზერბაიჯანელი მესაზღვრეები კანონის დარღვევით არიან შემოსულები საქართველოს ტერიტორიაზე და ჩვენ გვეუბნებიან ხელს ნუ გვიშლითო. როცა გავჩუმდით, მოაყენეს ბულდოზერი ჩიჩხიტურის მონასტერს და გადათხარეს. 21-ე საუკუნეში გვიცვლიან ისტორიულ მოცემულობას”, – აცხადებს არქიმანდრიტი ილარიონი.

მისივე თქმით, აზერბაიჯანულმა მხარემ, 2005-2007 წლებში, ჩიჩხიტურის მონასტერთან ყაზარმის მშენებლობა დაიწყო, რომელიც ისე იყო შენიღბული, რომ ადგილობრივებს ეგონათ, ფერმა შენდებოდა.

ჩიჩხიტური

“ტერიტორიებს ვკარგავთ სიჩუმით. არ გავამწვავოთ, არ გავაღიზიანოთ. დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდება, თუ ამ პრობლემას ხელისუფლებამ არ მიხედა. არსებობს მამა კირიონის მიერ თავმოყრილი რუკები, ისტორიული დოკუმენტები, საბუთები, მაგრამ კომისია არ იყენებს ამ მასალას. 15 წელია ამ განსაცდელში ვცხოვრობ. ეს ძალიან ​მგრძნობიარე ​საკითხია და მისი მიფუჩეჩება არ გამოვა. ქართველი ერი არ შეურიგდება გარეჯის მიმართ დაუდევრობას. ბუნებაში არ არსებობს საბუთი, რომელიც დაადასტურებს, რომ ეს ტერიტორია გადაცემულია აზერბაიჯანული მხარისთვის. ტელევიზიები სიცრუეს ავრცელებენ, თითქოს აქ პრობლემა აღარ არის. მე არ ვიცი ვინ რა დივიდენდებს ელის აზერბაიჯანული მხარისგან, მე ვალდებული ვარ საზოგადოება ჩავაყენო საქმის კურსში”, – აცხადებს მამა ილარიონი.

მისი აზრით, ვითარებიდან გამოსავალი მხოლოდ ერთია, არ მოეწეროს ხელი არანაირ დოკუმენტს საზოგადოებასთან შეთანხმების გარეშე.

“ასეთი უსუსური ხელისუფლების პირობებში მე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ”, – აცხადებს იგი.

Vox Populi

დავით გარეჯის თემას, სოციალურის ქსელით საქართველოში მცხოვრები, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე, ეთნიკური აზერბაიჯანელი, შ​ირვან ალიევი გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველო, მისი მიწა, მთა, ბარი, ჰაერი, ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივაა, საქართველოში მცხოვრები მრავალათასიანი აზრბაიჯანელის დასაცავიცაა.

“გულგრილი ვერ დავრჩები იმ მოვლენების შემხედვარე, რაც ხდება საქართველოს, ჩვენი დედა სამშობლოს ისტორიული მიწის, დავით გარეჯის ირგვლივ. მე დედა სამშობლო შემთხვევით არ მიხსენებია, ვაფიქსირებ, რომ ქართულ და არა მარტო ქართულ ისტორიულ წყაროებში, შავით თეთრზე დაფიქსირებულია, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ქართული კულტურის ძველი და მეტად ღირებული ძეგლია, რომელმაც იმ დროიდან, როცა ის დაარსდა, ეს კი VI საუკუნის I ნახევარში იყო, ერთ-ერთი ასურელი მამის, დავითის მიერ, საქართველოში ქრისტიანობის განმტკიცებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. მწამს და მჯერა სამხრეთ კავკასიის ორი უძველესი ერის, ქართველების და აზერბაიჯანელების სიბრძნის და რომ ამ საკითხს მათი მთავრობები და ხალხი უმტკივნეულოდ და ბრძნულად გადაწყვეტენ, რათა, როგორც იტყვიან „სამართალმა პური ჭამოს”, – აცხადებს შირვან ალიევი.

ინციდენტის შემდეგ, პარლამენტის დეპუტატებმა, პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერებმა ეკა ბესელიამ და ზვიად კვაჭანტირაძემ, 17 ივლისს გამართულ ბრიფინგზე, დავით გარეჯში განვითარებული მოვლენების შესახებ საკომიტეტო განხილვების გამართვა მოითხოვეს. დეპუტატების მოსაზრებით, დავით გარეჯის პრობლემა სიმშვიდის საფუძველს არ იძლევა.

ზვიად კვაჭანტირაძემ, ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე

როგორც ეკა ბესელიას აცხადებს, საგარეო საქმეთა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ფარგლებში, დახურულ ფორმატში შეიძლება გაიმართოს დეტალური მოსმენა იმის თაობაზე, თუ რას აკეთებს აღნიშნული კომისია, რათა პარლამენტმა განსაზღვროს ამ კომისიის შემდგომი მუშაობის მანდატი, მისი მოქმედების არეალი და კანონმდებლებს ჰქონდეს მუდმივი ინფორმაცია, რათა დაიგეგმოს ნაბიჯები, რომლებიც მთავრობას სამოქმედო ჩარჩოს განუსაზღვრავს. ეკა ბესელიას განცხადებით, ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს საქართველოს საპატრიარქოც.

“განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ამ საკითხს სჭირდება პარლამენტის კომპლექსური ხედვა. დავით გარეჯის თემაზე წლების განმავლობაში სპეციალური სამთავრობო კომისია მუშაობს, მაგრამ მუშაობის შედეგები არ არის ცნობილი პარლამენტისთვის. ამ საკითხის მიმართ ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება არის ფრთხილი და საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრული ურთიერთობის ჭრილში განსახილველი”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის ექსთავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ გარეჯის საკითხში აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად საუკეთესო გამოსავალი მოიძებნება, რადგან არაფერია ისეთი, რაზეც არ შეიძლება მოლაპარაკება. ამ გამოსავლის მოსაძებნად კობახიძე ბაქოში, ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა, მაგრამ აზერბაიჯანის პრეზიდენტს ვერ შეხვდა, რადგან 20 ივნისის ე.წ. გავრილოვის ღამის გამო, მას თბილისში მოუხდა დაბრუნება. ამის შემდეგ კი, თანამდებობიდან გადადგა.

შორენა პაპაშვილი