თბილისის ვაკის რაიონის გამარჯვების პარკი ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი და მშვიდი ადგილია, მაგრამ არა 9 მაისს. ამ დღეს იქ, ტრადიციულად ბევრი ხალხი და ხმაურია. უკანასკნელ წლებში ეს თარიღი დაძაბულობის მიზეზიც კი ხდება. ვეტერანების გარდა პარკში თავს იყრიან ახალგაზრდები თავიანთი წინაპრების ფოტოებით, რომლებიც დიდ სამამულო ომში მონაწილეობდნენ. მიდიან ისეთებიც, ვინც ომში დაღუპული გმირებისთვის პატივის მიგებაში, სამშობლოს ღალატს და შეთქმულებას ხედავენ.
“უკვდავი პოლკის” მსვლელობის და მისი კონტრაქცია – “არ ვზეიმობთ გენოციდს”, მონაწილეები ერთმანეთს პარკის ცენტრალური შესასვლელის სხვადასხვა მხარეს შეხვდნენ. “უკვდავი პოლკის” მხარეს ბევრად უფრო ნაკლები ადამიანი იდგა, ვიდრე მოწინააღმდეგეთა შორის. მთავარია არა რაოდენობა, არამედ ხარისხი. “უკვდავი პოლკის” მსვლელობაში მონაწილეობდნენ უფროსი და ხანდაზმული ასაკის ადამიანები. მათ მოპირდაპირე ბანაკში კი სულ ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდნენ და აქტიურ მოძრაობაზე გადასვლას ისწრაფოდნენ. ადგილიდან პირველები სწორედ ისინი დაიძრნენ. დოლის ხმისა და პატრიოტული ლოზუნგების ფონზე პარკში შევიდნენ.
პარკში მისულებს პოლიციის იმდენი თანამშრომელი დახვდათ, რომ აქციის მონაწილეებისთვის ადგილი ძნელად მოიძებნებოდა. შეიძლება ითქვას, სამართალდამცავები ბევრად უფრო მეტნი იყვნენ, ვიდრე ორივე მოძრაობის მხარდამჭერები.
პარკის შიგნით ახალგაზრდა გუნდს სხვა ორგანიზატორების მიერ მოწყობილი მსვლელობა ელოდა. საბოლოოდ, კონტრაქციის მონაწილეებმა “სირცხვილის დერეფანი” მოაწყვეს, სადაც “უკვდავი პოლკის” წარმომადგენლებმა გაიარეს და უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკეს.
“უკვდავი პოლკის” ორგანიზატორებთან და მონაწილეებთან შესახვედრად კონტრაქციის წარმომადგენლები კარგად იყვნენ მომზადებულები. ისინი აღჭურვილები იყვნენ პლაკატებით, საქართველოს დროშებით და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გიორგი ანწუხელიძის ფოტოთი. მათვე მტკიცებით, უკვდავი პოლკის ორგანიზატორები: რევაზ გოგიძე და ექსპერტი გულბაათ რცხილაძე რუსული სპეცსამსახურების აგენტები, კომუნიზმის და კრემლის აგრესიული პოლიტიკის მიმდევრები არიან. კონტრაქციის ორგანიზატორებს ასევე მიაჩნიათ, რომ მსვლელობის ორგანიზატორები საფრთხეს უქმნიან საქართველოს ევროპულ მომავალს.
“ჩვენი ბრძოლის სიმბოლო გიორგი ანწუხელიძეა. ჩვენ რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ ვიბრძვით. საქართველოს ახალგაზრდობა განვითარების ევროპულ გზას ირჩევს. არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას და დაკარგულ ტერიტორიებს აუცილებლად დავიბრუნებთ. ჩვენ ჩვენი თავისუფლების და გამარჯვებისთვის ვიბრძვით. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ჩვენს გმირს”,- სკანდირებდნენ კონტრაქციის აქტივისტები.
“მარადიული პოლკის” წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა, ე.წ. სირცხვილის დერეფანი მშვიდად, ღირსეულად და თავაწეულად გაიარეს, მიუახლოვდნენ მარადიულ ცეცხლს და დიდი სამამულო ომის წლებში დაღუპულთა საპატივცემულოდ ყვავილები დააწყვეს.
“ომში ჩემი ოჯახიდან შვიდი ადამიანი წავიდა და მათგან ოთხი აღარ დაბრუნებულა. აქ იმისთვის მოვედი, რომ პატივი მივაგო მათ ხსოვნას. მოვედი იმ იმედით, რომ მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდება”, – ამბობს მსვლელობის ერთ-ერთი მონაწილე გია თუთბერიძე.
Dalma News-ის კორესპონდენტის კითხვაზე, თუ რას ეტყოდა იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც “სირცხვილის დერეფანი” მოგიწყვეს, თუთბერიძემ განაცხადა:
“სირცხვილი ყველას. ჩვენ იმიტომ, რომ ასეთი ახალგაზრდობა გვყავს; მათ იმიტომ, რომ მთავარი არ ესმით: თუ კრემლის იმპერიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგი ხარ, რაღატო აღიჭურვე შენი წინაპრების პორტრეტებით, რომლებიც მეფის რუსეთში მსახურობდნენ. თუ ისინი საბჭოთა პერიოდს ოკუპაციად განიხილავენ, მეფის რუსეთის პერიოდიც მსგავსადვე უნდა განიხილონ. ოკუპაციის ათვლა სახელმწიფოებრიობის დაკარგვის მომენტიდან უნდა მოხდეს, რაც XVIII საუკუნეში მოხდა. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ მეფის რუსეთის გენერალი ღირსეულია, ლესელიძე კი, რომელიც საბჭოთა არმიაში ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოდა – ცუდი. რა უნდა ქნას დედამ, რომლის ერთი შვილი განათლებული და ღირსეულია, ხოლო მეორე – არასერიოზული და უსაქმური ადამიანი?! მასზე უარი უნდა თქვას? ცხადია არა. დედას ორივე შვილი ერთნაირად ეყვარება. ისტორიის დაჩეხვა არ შეიძლება”, – განაცხადა მან.
უცნობი ჯარისკაცის საფლავთან ქართულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი, სიმპათიური მოხუცებული იდგა, რომელსაც ხელში ფოტოსურათებით შექმნილი ბანერი ეჭირა. როგორც თავად განაცხადა, ბანერზე მისი მამის, სიმამრის და სიმამრის მეგობრების ფოტოები იყო.
“ბრბოდან ერთი პროვოკაციული შეკითხვა დამისვეს. ვის იცავდა მამაშენი? რომელ სამშობლოს იცავდა? – ჩვენ მაშინ ერთი სამშობლო გვქონდა. ცალ-ცალკეც რომ ვყოფილიყავით, როგორც ახლა ვართ, ისეთი ჭირის წინააღმდეგ მაინც გავერთიანდებოდით. სხვაგვარად შეუძლებელია. გერმანიაში ვიყავი და ვნახე საბავშვო ფეხსაცმელებით სავსე ყუთი. ფეხსაცმელები ტყვეების შვილებს ეკუთვნოდათ. მე თქვენ გეკითხებით, მაშინ გერმანია ჩვენამდე რომ მოსულიყო, ჩემს შვილს თავზე ხელს გადაუსვამდა, თუ კანფეტს მისცემდა? ცხადია, არა. მასაც ისევე მოექცეოდა, როგორც სხვებს”, – ამბობს თომა თომაძე.
რამდენიმე ქალბატონისგან შემდგარმა ჯგუფმა, რომელიც უკვე მესამე წელია მსვლელობაში მონაწილეობს, “სირცხვილის დერეფანი” გაიარა, მარადიულ ცეცხლთან მივიდა და უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკო. ერთ-ერთმა ქალბატონმა განაცხადა, რომ წინა წლებში “მარადიული პოლკის” მხარდამჭერთა შორის უფრო მეტი ადამიანი იყო. როგორც ჩანს, დაანონსებული კონტრაქციის გამო ბევრი ადამიანი შეჩერდა.
“სირცხვილის დერეფანს” როცა გავდიოდით, უსინდისოებს გვეძახდნენ. რაში ვართ დამნაშავეები, იმაში, რომ ჩვენს მამებსა და დედებს პატივს მივაგებთ? არცერთი პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენელი არ ვარ. ეს ჩემი პირადი სურვილია, ამ დღეს აქ მამაჩემის ფოტოთი მოვიდე და პატივი მივაგო სამამულო ომის გმირებს. მამაჩემი ომიდან დაბრუნდა და 73 წლის ასაკში გარდაიცვალა, ხოლო ბიძაჩემი, რომელიც 18 წლის ასაკში ომში მოხალისედ წავიდა – აღარ დაბრუნებულა. ესენი ფიქრობენ, რომ ხალხს ამგვარად შეაშინებენ? მე არ შემშინებია. მე გული მწყდება. უკვდავი პოლკი ხომ მხოლოდ საქართველოში არ არის? ეს მსვლელობა მთელს მსოფლიოშია”, – დასძინა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე აიდა ნაჯიევამ.
სცენაზე სამხედრო ორკესტრი ვეტერანებისთვის მარშს ასრულებდა, რომლებიც შორიახლო ისხდნენ და 9 მაისს, ვაკის პარკში მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებდნენ.
ეკატერინე მინასიანი (თბილისი)
თარგმანი: ხათუნა პაპაშვილი