დაახლოებით 3 წლის წინ, უფრო კონკრეტულად, 2015 წლის 23 დეკემბერს, ახალგაზრდა და პერსპექტიულმა პოლიტიკოსმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა და სახლში წავიდა. ბუნდოვანი და მოულოდნელი იყო პოლიტიკიდან მისი წასვლა და არანაკლებ მოულოდნელი კვლავ დაბრუნება. ერთ დღეში მიღებულ გადადგომის გადაწყვეტილებას მიზეზთა განმარტება არ მოჰყოლია. თუმცა გაისმა მოსაზრებები, რომ ეს “ქვეყნის ჩრდილოვანი მმართველის”, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნა იყო. მას შემდეგ ბევრჯერ ითქვა, რომ ღარიბაშვილის პოლიტიკური კარიერა ამით არ დასრულდებოდა და ივანიშვილი მას რეზერვში მოიტოვებდა.
2019 წლის 5 მარტს, ირაკლი ღარიბაშვილმა, პრემიერის სავარძელთან შეჩერებული კარიერა მმართველი პარტია “ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივნისა და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის თანამდებობიდან განაგრძო. ის “ქართული ოცნების” ერთ-ერთი გამორჩეული სახე იყო. 2012 წელს შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა და მალევე ქვეყნის პრემიერის თანამდებობაზე დაწინაურდა, თუმცა 2-წლიანი მმართველობის შემდეგ კვლავ ჩრდილში აღმოჩნდა. ამბობენ, – ღარიბაშვილი მეუღლის ნათესავების თავგასულობას გადაჰყვაო.
მისივე თქმით, 2012 წელს, საზოგადოებამ არჩევნების გზით შეცვალა ის ხელისუფლება, რომელიც აბსოლუტურ წინააღმდეგობაში იყო საზოგადოებასთან.
ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება უკომენტაროდ არ დაუტოვებია ქვეყნის მოქმედ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს. მისი თქმით, ღარიბაშვილის გამოცდილება, მოტივაცია და ენერგია ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური იქნება “ოცნებისთვის”, პარტიული სტრუქტურების მუშაობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება და მეტად ეფექტიანი გახდება.
“ირაკლი ღარიბაშვილი ყოველთვის იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი და ბუნებრივია, მასთან კომუნიკაცია მქონდა. ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, ყველა მივესალმებით, რომ ირაკლი დაბრუნდა პარტიაში ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე. ის პარტიაში, მისი შექმნის დღიდან ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდა”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
“ქართულ ოცნებაში” ვითარების გამოსწორების მოლოდინი არც ოპოზიციაში აქვთ. პოლიტიკური პარტია “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” პოლიტიკური მდივნის გიგლა ბარამიძის აზრით, ღარიბაშვილი რომ ნახავს, რა დღეშია მმართველი პარტია, რამდენი რამ არის გაფუჭებული, შესაძლოა, “ოცნების” პირველი ოპოზიციონერი გახდეს.
“ის ადამიანები, ქალი თუ კაცი, ვისაც მილიარდერმა ჩააცვა, დაახურა, დაბანა, აჭამა, გვერდზე გახტნენ და ცდილობენ, ყველა ცოდვა ივანიშვილს აჰკიდონ. ასეთი რამე დაემართათ თავის დროზე შევარდნაძესაც და სააკაშვილსაც”, – აცხადებს გიგლა ბარამიძე.
როგორც Dalma News-ს ანალიტიკოსმა პეტრე მამრაძემ განუცხადა, ივანიშვილმა ღარიბაშვილს რამდენჯერმე მოსთხოვა კლანური მმართველობის სტილი შეეცვალა, რაც მისთვის სიკეთის მომტანი არ იქნებოდა.
“ირაკლი ღარიბაშვილი, თავის დროზე, ნამდვილად გადააყენეს. მას ივანიშვილმა შეუთვალა, გადამდგარიყო. ამის შესახებ, თავად ივანიშვილმაც თქვა ინტერვიუში, – ღარიბაშვილს ერთხელ ვუთხარი, რომ მისი ცოლის ნათესავები იყვნენ პრობლემა, არაფერი გააკეთა. მეორედ ვუთხარი, რომ ეს პრობლემას ქმნიდა მთელი ქვეყნისთვის და თავად ღარიბაშვილისთვისაც. კვლავ არაფერი გააკეთა, მესამედ აღარაფერი ვუთხარი და შევუთვალე გადადექი – მეთქი”, – აცხადებს პეტრე მამრაძე.
მისივე თქმით, თითქმის ერთი წლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა ჯანყარაშვილების, ზედელაშვილებისა და თამაზაშვილების კლანი ჩააჩოჩა და ისინი თითქმის გაქრნენ. გადის დრო და ღარიბაშვილს კვლავ აბრუნებენ. თუმცა ეს ქვეყნის საშინაო, ან საგარეო პოლიტიკისთვის არაფრით მნიშვნელოვანი არ იქნება, ანუ “ჩიტი ბრდღვნად არ ღირს”. უბრალოდ, ივანიშვილი იძულებული გახდა ადამიანები 2 კრიტერიუმით ეძებოს: ვინც იქნება მორჩილი და ვისაც საზოგადოებაში ასე თუ ისე პოზიტიური რეიტინგი აქვს.
“ღარიბაშვილის გადაყენების შემდეგ, ბევრისგან მომისმენია, – ეროვნული ბიჭია და იმიტომ გაუშვეს, რომ ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ ხმა ამოიღოო. მაშინვე აშშ-მ თითი დაუქნია ჩვენს მთავრობას და გააშვებინესო. არ ვიცი, ვინ ავრცელებდა ამ ხმებს, მაგრამ საკმაოდ მოარული მოსაზრება იყო”, – აცხადებს პეტრე მამრაძე.
ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არ იყო კარგი პრემიერი და ტრაქტორების საქმეს იხსენებს, რომელიც მის მმართველობას შავ ლაქად აჩნია: “იმის გამო, რომ ვიღაცეებს, იმ ფულის მიმართ გაუჩნდათ ინტერესი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა სოფლის მეურნეობაში ჩადო, პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები ჯერ დააპატიმრეს, შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გაუშვეს”.
მამრაძის შეფასებით, ღარიბაშვილის “ოცნებაში” დაბრუნება უკან გადადგმული ნაბიჯია. მაგრამ მთელს ამ ისტორიაში სულ სხვა რამ არის საყურადღებო. კერძოდ ის, რომ ჯერ კიდევ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ამბობდა ივანიშვილი, რომ “ქართული ოცნება” დაიშლებოდა. მან ძალიან კარგად იცის როგორი განწყობაა პარტიის შიგნით.
“ძველებმა დაინახეს, რომ შესაძლოა ისინი, 2020 წლის საარჩევნო სიაშიც ვეღარ მოხვდნენ. განაწყენებული ნაწილი “ოცნებას” გაერიდა. ისინი, ვინც პარტიას 2012 წლის გამარჯვება მოუტანა, განსაკუთრებით იმან გაანაწყენა, რომ ვისაც ებრძოდნენ – ნაციონალები, მოხვდნენ “შიგნით”, ისინი კი, “გარეთ” დარჩნენ”, – აცხადებს პეტრე მამრაძე.
მისივე თქმით, ადვილი შესაძლებელია, ივანიშვილი ცდილობდეს ღარიბაშვილის დახმარებით ის ელექტორატი შეინარჩუნოს, ვისაც “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ ღარიბაშვილის რადიკალური განცხადებები ახსოვთ.
“ღარიბაშვილმა კარგად იმუშავა ფონდ “ქართუში”, პატიოსნად ემსახურებოდა თავის საქმეს, მერე აღმოჩნდა, რომ თურმე ვერ აკონტროლებს თავის კლანს”, – აცხადებს პეტრე მამრაძე.
3 წლის შემდეგ, პარტიის გასაძლიერებლად, პოლიტიკური მდივნის სტატუსით დაბრუნებული ირაკლი ღარიბაშვილი კვლავ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებებზე საუბრობს. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი რომ არა, “ქართული ოცნების”, როგორც პოლიტიკური პარტიის გამარჯვება, აბსოლუტურად შეუძლებელი და წარმოუდგენელი იქნებოდა. ის “ოცნების” წევრებს შეახსენებს, რომ არასდროს დაავიწყდეთ მთავარი, ვინც “ქვეყანას სისხლიანი რეჟიმი ჩამოაშორა”.
“ხალხს ყოველთვის სჭირდება ლიდერი. ლიდერი, რომელიც გააერთიანებს და კონსოლიდაციას გაუკეთებს პოლიტიკურ პროცესებს, ეს ლიდერი იყო, არის და იქნება ბიძინა ივანიშვილი, რომლის თაოსნობით შეუძლებელი შევძელით”, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
ღარიბაშვილის წასვლის შემდეგ, “ქართულ ოცნებაში” ბევრი რამ შეიცვალა. პარტიამ ბევრი ახალი წევრი შეიძინა, თუმცა კიდევ უფრო მეტი დაკარგა. შინაგან საქმეთა ექსმინისტრი კობა ნარჩემაშვილი, პარლამენტში სწორედ “ოცნების” სიით მოხვდა და არც თუ დიდი ხნის წინ, უმრავლესობის რიგები დატოვა.
“როცა მე მივედი, ირაკლი გუნდის წევრი უკვე აღარ იყო და როცა მე წამოვედი, შემდეგ მოვიდა. მაინც ვფიქრობ, რომ მისი დაბრუნება იქნება კონსოლიდაციის მცდელობა ძველსა და ახალს შორის, თუმცა ეს თემა, როგორც მკვეთრად გამოკვეთილი და გამიჯნული, “ქართულ ოცნებაში” არ არსებობს. როგორც ჩანს ირაკლი თავის შესაძლებლობებს საზოგადოების ფართო ფენებთან ურთიერთობაში გამოიყენებს. დღეს საზოგადოება აბსოლუტურად სხვა რამეს ელოდება, – დესტრუქციული ძალა არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში”, – განუცხადა კობა ნარჩემაშვილმა Dalma News-ის ჟურნალისტს.
ექსპერტი ვახტანგ მაისაია, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების სამ მიზეზს ასახელებს და აცხადებს, რომ მისი დაბრუნება ადასტურებს იმას, რომ მმართველ პარტიაში კრიზისია, ხოლო რამდენად გადავა ეს სახელისუფლებო კრიზისში დრო გვაჩვენებს. როგორც Dalma News-ს მაისაიამ განუცხადა, უმრავლესობის დაშლა უკვე შემდგარი ფაქტია. ღარიბაშვილი დაბრუნდა იმის გამო, რომ “ქართულმა ოცნებამ“ ის ელექტორატი შეინარჩუნოს, ვისი წყალობითაც ხელისუფლებაში მოვიდა. 2020 წლის არჩევნებისთვის არის სერიოზული საფრთხე, რომ “ოცნებამ” თავისი მხარდამჭერები ვერ შეინარჩუნოს.
“მეორე მომენტი არის ის, რომ ღარიბაშვილს საკმაოდ შეკრული გუნდი ჰყავს, თუმცა არც თუ სახარბიელო რეპუტაცია აქვთ; მესამე – ღარიბაშვილი მოვიდა, როგორც ძალთა ბალანსის განმახორციელებელი, რომ ახლებმა “ქართულ ოცნებაში” პოლიტიკური მართვის ბერკეტების მონოპოლიზაცია ვერ შეძლონ. კრიზისულ ვითარებაში რამდენჯერმე გაიჟღერა ღარიბაშვილის დაბრუნების შესაძლებლობამ, მათ შორის 2016 წლის საპარლამენტო და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ღარიბაშვილის გვარი ისმოდა, როგორც მაშველი რგოლი. მას ინახავდნენ დეჟავიუ სიტუაციისთვის”, – აცხადებს ვახტანგ მაისაია.
მისივე ინფორმაციით, პარტიის ახალგაზრდული გუნდის მოქმედების ტაქტიკა ივანიშვილს არ მოსწონს, მაგრამ იძულებულია გაითვალისწინოს პარტიაში შექმნილი რეალობა. ექსპერტის თქმით, “ოცნების” ახალგაზრდული ფრთა სუფთად ტექნოკრატიული მმართველობის საფუძველზე მოვიდა, მათ არც პოლიტიკური წონა გააჩნიათ და არც პროფესიონალიზმით გამოირჩევიან. მათ შორის არის პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და უმრავლესობის სხვა წევრები – მდინარაძე, ზარდიაშვილი…
“კვირიკაშვილი ივანიშვილის წინააღმდეგ პარტიული გადატრიალების მოწყობას აპირებდა, ისე, როგორც 1964 წლის ოქტომბერში, ხრუშჩოვი თავისივე გუნდმა გადააყენა. ამ შემთხვევაში მას ივანიშვილმა დაასწრო, დაბრუნდა პარტიაში და კვირიკაშვილის დაჯგუფება დაამარცხა. ღარიბაშვილი, უკომპრომისო მებრძოლი იყო კვირიკაშვილისა და ბახტაძისგან განსხვავებით”, – აცხადებს ვახტანგ მაისაია.
რაც შეეხება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ რიგგარეშე არჩევნების საჭიროების წინაშე სწორედ მმართველი პარტია დადგეს. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ განვითარდება პროცესები სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით.
შორენა პაპაშვილი