საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი საფინანსო ორგანიზაცია “თი-ბი-სი ბანკის” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის პატიოსნება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. პროკურატურამ 2007-2008 წლების საქმე ამოსწია და სასამართლო განჩინების საფუძველზე ამოღებული დოკუმენტაციის შესწავლა დაიწყო. გამოძიება ბანკირს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.
გამოძიების მასალებით, 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს “სამგორი M-მა” და “სამგორი თრეიდმა” “თი-ბი-სი ბანკისგან“ საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის სესხი აიღეს, რაც იმავე დღეს, სესხის სახით ფიზიკურ პირებზე – ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე გაიცა. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, არც “სამგორი M-სა” და არც “სამგორი თრეიდის” მიერ სესხის სახით აღებული თანხა გასტუმრებული არ არის, ხოლო მოგვიანებით, ისინი ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით ჩანაცვლდა და დღემდე, ეს თანხა “თი-ბი-სი ბანკისთვის” არ აუნაზღაურებიათ.
“თი-ბი-სი ბანკთან” დაკავშირებულ გამოძიებას საქართველოს ეროვნული ბანკი გამოეხმაურა, ის ჯანსაღ საკრედიტო ორგანიზაციად დაახასიათა და განმარტა, რომ მიმდინარე საგამოძიებო პროცესი გავლენას არ მოახდენს საბანკო სექტორის ეფექტიან ფუნქციონირებაზე, რასაც უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საზედამხედველო პოლიტიკა. სანაცვლოდ კი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის გასვლა მოითხოვა.
ბოლო დროს “თი-ბი-სი ბანკი” არა ერთ სკანდალში აღმოჩნდა გარეული. ის ქვეყანაში განხორციელებული თითქმის ყველა დიდი პროექტის მონაწილეა. ბანკის მიმართ კრიტიკა არ დაიშურა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმაც. მან “თი-ბი-სიც” და “საქართველოს ბანკიც” “ქვეყნის შეჭმაში” დაადანაშაულა. ივანიშვილის აზრით, ქვეყნის მოსახლეობა თავისი შემოსავლის 1/3-ზე მეტს სესხების მომსახურებაში იხდის, რაც დაუშვებელია. 2018 წლის სექტემბერში “თი-ბი-სი ბანკი” კომპანია “ომეგა გრუპთან” და მის ხელმძღვანელ ზაზა ოქუაშვილთან დაკავშირებულ სკანდალშიც იყო ნახსენები. ეს უკანასკნელი ხელისუფლებას მის ბიზნესზე ზემოქმედებაში ადანაშაულებდა.
27 წლიანი მმართველობის შემდეგ, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძეს “თი-ბი-სი ბანკის” დატოვება მოუხდა. იმედოვნებს, რომ ეს გადაწყვეტილება დადებითად იმოქმედებს ბანკის მომავალ სტაბილურ და მშვიდ განვითარებაზე. იქვე, ანაკლიის პროექტზეც მიანიშნა და შეეცადა შეექმნა განცდა, რომ პროექტი საფრთხეშია.
მისი ინფორმაციით, სკანდალის გამო, ბანკის საერთაშორისო აქციონერებმა ერთ თვეში 200 მილიონი აშშ დოლარი იზარალეს, შესაბამისად, სერიოზულად იზარალა ქვეყანამაც. მამუკა ხაზარაძე ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ არაერთი მიმართვის მიუხედავად, არც ერთ სახელმწიფო მოხელეს, პრემიერის და მისი მინისტრების ჩათვლით, მასთან შეხვედრისა და პრობლემის პირად სივრცეში გარკვევის სურვილი არ გამოუთქვამთ. ხაზარაძე ბიზნესის შევიწროებაზე მიანიშნებს:
“მიზანი ჩემი დისკრედიტაციაა. აქ, ჩვენთან, წარმატებას ებრძვიან. კომპანიის ზრდას საქართველოში, ლიმიტი უნდა ჰქონდეს დაწესებული. ჩემზე ასეთი თავდასხმა პირდაპირ აისახება ჩვენი ბანკის რეპუტაციაზე. ბანკი კი არ შეიძლება ხანგრძლივ სასამართლო დავაში იყოს თავის რეგულატორთან, მით უმეტეს, თუ ეს უკანასკნელი არაა თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებში, მიუხედავად მისი კანონით მინიჭებული მაღალი ხარისხის დამოუკიდებლობისა”.
ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, “თი-ბი-სი ბანკის” მართვის სადავეების ხელიდან გაშვების გადაწყვეტილება მამუკა ხაზარაძემ დამოუკიდებლად მიიღო, ეს არ იყო ხელისუფლებასთან კულუარული გარიგების შედეგი. ის დილემის წინაშე აღმოჩნდა, ან თავის პრობლემებს მიაბამდა ბანკს და ამ შემთხვევაში თავისი სიმართლე რომც დაემტკიცებინა, შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიეყენებინა ბანკისთვის, ან გაემიჯნა ეს ორი საკითხი და გადაერჩინა თავისი “შვილი”.
“მას სხვა არჩევანი არ ჰქონდა. ხაზარაძე გავიდა, მაგრამ ის ბანკის ყველაზე მსხვილ აქციონერად რჩება. ბანკი არის ძალიან ფაქიზი ორგანიზმი, ის მოწყვლადია ნებისმიერი ტიპის რეპუტაციაზე დარტყმის მიმართ, ამან შესაძლოა გამოიწვიოს პანიკური პროცესების პროვოცირება, რასაც შეუქცევადი პროცესი მოჰყვება”, – განაცხადა Dalma News-სთან საუბრისას გია ხუხაშვილმა.
მისივე შეფასებით, ქვეყანა სახელმწიფოებრივად საინტერესო ეტაპზე გადადის. “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ფაქტობრივად, არც ერთ იმ მანკიერებაზე არ თქვა უარი, რასაც “ნაციონალურ მოძრაობას” საყვედურობდა და რის გამოც 2012 წელს, ხალხმა შეცვალა ხელისუფლება. გია ხუხაშვილი მთელს ამ ისტორიაში ბიზნესზე ზეგავლენის მოპოვებისა და ფინანსური ნაკადების გაკონტროლების მცდელობას ხედავს.
“ამ ქმედებით ბიზნესს უთხრეს, წყანარად იყავით, თორემ თქვენც იგივე დაგემართებათო. პროკურატურაში ყველა დიდ კომპანიაზე, რაღაც საქმე ყოველთვის დევს”, – მიაჩნია ხუხაშვილს.
მინიშნება ანაკლიის პორტის პროექტზე, რომელიც მამუკა ხაზარაძემ გააკეთა, გია ხუხაშვილის აზრით, დამაჯერებელია. თუმცა ხელისუფლებაში, ასეთი კავშირის არსებობას გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ ანაკლიის პორტი კონკრეტული პიროვნებების პროექტი არ არის, მასში მთელი კონსორციუმია ჩართული. პროექტს მხარს უჭერს ქვეყნის მთავრობა, რაც დიდი მოცულობის დაფინანსებაში გამოიხატება, იქნება ეს მიწების გამოსყიდვა, ინფრასტრუქტურის მშენებლობა, თუ პირდაპირი ინვესტიცია პროექტის კაპიტალში, რაც 100 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენს.
“არავის უნდა გაუჩნდეს ეჭვი, რომ პროექტის განხორციელებით მთავრობა არ არის დაინტერესებული. გარკვეული გავლენა “თიბისი ბანკსაც” აქვს, თუმცა მის ირგვლივ შექმნილი ვითარება და ანაკლიის პორტის დაფინანსება არანაირ კავშირში არ არის ერთმანეთთან”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ.
როგორც Dalma News-ს გია ხუხაშვილმა განუცხადა, ამ შემთხვევაში საკითხი შემდეგნაირად დგას, რა არის სახელმწიფოს ინტერესი, პროექტის შეჩერება თუ მისთვის მეპატრონის შეცვლა? ხუხაშვილი პირველი ვარიანტისკენ იხრება. იგი პიროვნულად სკეპტიკურად არის განწყობილი პროექტის მიმართ და მიაჩნია, რომ ეს პროექტი გარკვეული რისკის ქვეშ აყენებს ფოთს, თუმცა მეტი კონკრეტიკისგან თავს იკავებს.
“პორტი არ არის ჯერ დაპროექტებული, პარტნიორობა ჯერ არ შემდგარა, ხოლო ინვესტორები, რომლებმაც ასეულობით მილიონი აშშ დოლარი უნდა ჩადონ პროექტში, უცებ გებულობენ, რომ ვისაც ფული უნდა მისცენ, ფულის გამთეთრებელია. ბუნებრივია ეს აფრთხობს მათ. ეს იმის ტოლფასია, სასიძოს უთხრა, – შენი საცოლე პორნოვარსკვლავიაო. ამ დროს ქორწილის ჩაშლის დიდი ალბათობა არსებობს. დაახლოებით ამ ვითარებაშია ანაკლიის პროექტი”, – აცხადებს გია ხუხაშვილი.
“თი-ბი-სი ბანკის” სკანდალის გახმაურებამდე ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის, 2009-2010 წლებში, უკანონოდ ჩამორთმეული 67 მიწის ნაკვეთი მოსახლეობას უკან დაუბრუნდება. საუბარია ანაკლიაში, დარჩელში, ცაისში, ცაცხვში, ორულუში, ერგეტაში, გურიფულსა და ხეთაში მდებარე, საერთო ფართობის 379 403 კვ/მ ტერიტორიაზე. გამოძიებით დადგინდა, რომ 10 წლის წინათ, ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყებას ხელს უშლიდა ის გარემოება, რომ ტერიტორიაზე არსებული მიწის ფართობის გარკვეული ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებად ირიცხებოდა. ისინი კი საკუთრების დათმობის სანაცვლოდ შესაბამის კომპენსაციას ითხოვდნენ. მაშინდელმა ხელისუფლებამ ყალბი საკადასტრო ნახაზით 2000 ჰა-ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაში დაარეგისტრირა. ამგვარად მოსახლეობას კომპენსაცია არ მიუღია.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) პრეზიდენტი შოთა გულბანი მიიჩნევს, რომ 2007-2008 წლებში განხორციელებულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს და საქმის გამოძიება პირველ რიგში მამუკა ხაზარაძის ინტერესებშია. ხაზარაძემ “თი-ბი-სი”-ში პოზიციები დათმო, მაგრამ გულბანი არ გამორიცხავს, რომ ეს უცხოელი პარტნიორებისა და გავლენიანი საფინანსო ორგანიზაციების რჩევის შედეგია.
რაც შეეხება ტრანზაქციას, შოთა გულბანის აზრით, უკანონო შემოსავლების ლეგალიზების მცდელობა თუ დადასტურდა, მამუკა ხაზარაძე არც პირველი ბანკირი იქნება მსოფლიო პრაქტიკაში, არც უკანასკნელი, რომელსაც ფულის გათეთრების ბრალდებით ციხეში ჩასვამენ.ახალგაზრდა ექსპერტი ხელისუფლებას ურჩევს გონივრულად იმოქმედოს, რომ ხაზარაძის დაპატიმრება არ გახდეს საჭირო, რასაც შესაძლოა, მისი პოლიტიკაში წასვლა მოჰყვეს. ეს კი, აბსოლუტურად შებღალავს “თი-ბი-სი ბანკის” რეპუტაციას. ასეთი მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც მაღალი ნდობით სარგებლობს, უნდა იყოს დამოუკიდებელი და არ იყოს პოლიტიკასთან ახლოს.
“პოლიტიკური თვალსაზრისით არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ წმინდა იურიდიული თვალსაზრისით, ის ტრანზაქცია, რასაც ხაზარაძეს პროკურატურა ედავება, გამოსაძიებელი ნამდვილად არის. სანამ არ დასრულდება ობიექტური გამოძიება, არ უნდა გავაკეთოთ წინასწარი დასკვნები, რომ ეს ანაკლიის პორტს უკავშირდება. დღეს, სტაბილურობის განცდა უფრო მაღალია, ვიდრე წინა ხელისუფლების პირობებში იყო. ვერ ვიტყვი, რომ ეს ბიზნესზე ზემოქმედებაა. ეროვნული ბანკის ყველა განცხადებაში იგრძნობა, რომ ეს არის დავა კონკრეტულ პირებთან და არა ბიზნესთან დაკავშირებით. ბანკს არანაირი საფრთხე არ შექმნია”, – განუცხადა Dalma News-ს შოთა გულბანმა.
Dalma News-ის კითხვაზე, მთელს ამ ისტორიაში არსებობს თუ არა ბანკის რეპუტაციის ადგილობრივ მეანაბრეებში შელახვის საფრთხე? თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე აცხადებს, რომ საქართველოში საბანკო სექტორში დეპოზიტების განთავსება მინიმალურ მაჩვენებელზეა დასული. ქვეყნის მოსახლეობა არ ცდილობს ბანკში დანაზოგის შენახვას. ამას ადასტურებს ძალიან ბევრი კვლევა. დანაზოგი აქვს ბიზნესს და სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომლებსაც ამა თუ იმ ბანკში აქვთ გახსნილი ანგარიში.
ოთარ ანგურიძის შეფასებით, პროკურატურის ბრალდება მისთვის დამაჯერებელია, ეს შემდგომ, რამდენიმე ფაქტით დადასტურდა. კერძოდ, “თი-ბი-სი ბანკმა”, გადაწყვიტა ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული ერთ მილიონიანი ჯარიმა გადაიხადოს.
“თვითონ ხაზარაძეც აღიარებს ამ სქემის არსებობას, რომ ამ თანხით შეივსო ბანკის კაპიტალი. არ აქვს მნიშვნელობა რა მიზნით იყო გამოყენებული ეს თანხა, ფაქტია, რომ გარკვეული სახის გადარიცხვები განხორციელდა, რითაც პროკურატურა დაინტერესდა. პროცესი ძალიან მშვიდად მიმდინარეობს. ეს ხელს უწყობს ბანკის საიმედოობასაც და ის, რომ ბანკი არ გაჩერებულა, ეს პროკურატურის მხრიდანაც ჯანსაღ დამოკიდებულებაზე მეტყველებს”, – აცხადებს ოთარ ანგურიძე.
“თი-ბი-სი ბანკის“ გარშემო შექმნილ ვითარებას “კავკასიურ ცარცის წრეს” ადარებენ. ხაზარაძემ თავის „შვილს“ ხელი გაუშვა, რათა ის გადაერჩინა. გადარჩება თუ არა თავად ცნობილი ბანკირის რეპუტაცია, დრო გვიჩვენებს. ის წავიდა ბანკიდან, სადაც ცხოვრების 27 წელი გაატარა და 500 აშშ დოლარით დაწყებული ბიზნესი რეგიონის უმსხვილეს მოთამაშედ აქცია.
შ. ქარჩავა