აზერბაიჯანულმა სახელმწიფომ დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად ტურისტული ინდუსტრია გამოაცხადა, თუმცა ამ სფეროს ყურადღება, მხოლოდ 4 წლის წინათ დაეთმო. ამ მოკლე პერიოდში, აზერბაიჯანმა პოპულარობა სხვადასხვა ქვეყნის მოგზაურებს შორის მოიპოვა. ამასთან დაკავშირებით Dalma News-ის კორესპონდენტი შეეცადა გაერკვია აზერბაიჯანში ჩასულ ტურისტებს რა ხიბლავთ და რა აღიზიანებთ.
ტურისტული ბაზარი არაპროფესიონალებზე დგას?
Dalma News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე მუზაფერ აგაკერიმოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანში ჩასული სტუმრები აღფრთოვანებით საუბრობენ ბაქოს სილამაზეზე, რბილ კლიმატზე, ეროვნულ სამზარეულოზე, კავკასიურ სტუმართმოყვარეობაზე, უსაფრთხოებაზე, თუმცა უკმაყოფილების მიზეზებსაც საკმარისად პოულობენ.
“ბაქო. აპშერონოს ნახ.კუნძული, შეკინის, გაბალინის, გუსარის რაიონები ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებებია. ამ რეგიონებში აშენებულია თანამედროვე სასტუმროები. მართალია რთულია ეკონომიკური სეგმენტის მოძიება, თუმცა ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. რაც შეეხება უსაფრთხოებას, დღესდღეობით ძალიან ცოტა ქვეყანაა, სადაც ღამის საათებში მშვიდად ისეირნებ. აზერბაიჯანში ამ მხრივ სიმშვიდეა და საბედნიეროდ, პრობლემა არ არის. ცხადია, ყველა სფეროში აქვს ნაკლოვანებები და ამ მხრივ გამონაკლისი, არც ტურისტული სფეროა. არსებობს მთელი რიგი ფაქტორები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს სფეროს განვითარებაზე და სანამ ეს არ მოწესრიგდება, წინ ვერ წავალთ”,- ამბობს აგაკერიმოვი.
ექსპერტის აზრით, ძალზედ მნიშვნელოვანია უცხოელების მოსაზრებების გათვალისწინება – რა მოსწონთ? რა არ მოსწონთ? რესპუბლიკის სტუმრების წყალობით შეგვიძლია არსებული პრობლემები გამოვავლინოთ და გამოვასწოროთ. თუმცა ის პირები, ვისაც ტურიზმის სფეროს განვითარება ეხებათ, ამას უგულებელყოფენ.
“არსებული საერთო პრობლემების გარდა, როგორიცაა ხელოვნურად მომატებული ფასები და უხარისხო სერვისის დონე, არსებობს კულტურული განსაკუთრებულობაც, რასაც ბიზნესმენები ივიწყებენ. რთული მისახვედრი არ არის, რომ რუს და არაბ ტურისტებს განსხვავებული მოთხოვნილებები აქვთ. როგორც სახელმწიფო ორგანოებმა, ისე ბიზნესმენებმა, რომლებიც ამ სფეროზე ზრუნავენ, უფრო მჭიდრო კონტაქტები უნდა დაამყარონ ტურისტებთან, თუ ცხადია, დაინტერესებულები არიან ტურისტული ინდუსტრიის განვითარებით”, – დასძინა მან.
ექსპერტს მიაჩნია, რომ ამ ყველაფრის საფუძველი არაპროფესიონალი სპეციალისტები არიან. მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი სასწავლებლები საკმაოდ ბევრ ახალგაზრდა სპეციალისტებს უშვებენ, ბაზარზე მაღალკვალიფიციური და პროფესიონალური კადრების ნაკლებობაა, რომლებიც შეძლებენ სფეროს განვითარების კონცეფციების, ახალი იდეების შემუშავებას და გატარებას. მაგალითად, როგორიცაა, ახალი მარშრუტები, ტურისტული პროგრამები და სხვა.
“გარდა ამისა, ჩვენთან ბიზნესის განვითარების საკმაოდ უცნაური ტენდენცია შეინიშნება. ადგილობრივი ბიზნესმენები ცდილობენ ევროპულ სტანდარტებს დაეწიონ და ეროვნულ კოლორიტებს ივიწყებენ. ამ ფონზე განსაკუთრებით გამოირჩევიან ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები, სადაც ეროვნული სამზარეულო ელემენტარულ დონეზეც არ არის წარმოდგენილი. ამ სასტუმროების მმართველებს არ ესმით, რომ უცხოელების უმრავლესობას აზერბაიჯანული სამზარეულოს გაცნობა უფრო ესიამოვნება, ვიდრე სტეიკის ჭამა, რომელსაც თავის სამშობლოში ნებისმიერ დროს მიირთმევს”, – დასძინა აგაკერიმოვმა.
სრული სურათის შესაქმნელად, Dalma News-ის კორესპონდენტი გაესაუბრა უცხოელებს, რომლებიც აზერბაიჯანში ცოტა ხნის წინათ სამუშაო და ტურისტული ვიზიტით ჩავიდნენ.
ტაქსისტები ფულს ჩამოსულებზე აკეთებენ
პირველი შოკი, რომელსაც აზერბაიჯანში ჩასული ტურისტები გრძნობენ, ეს არის საერთაშორისო ტერმინალების ტერიტორიაზე მომუშავე ტაქსისტების ქცევა, რომლებიც ტაქტის მომსახურეობის საფასურად ძალიან ბევრ ფულს ითხოვენ. გარდა იმისა, რომ ტაქსის მძღოლები სპეციალურად ირჩევენ გრძელ მარშრუტებს და გულუბრყვილო მგზავრებს გზას შეგნებულად უმრუდებენ, ისინი უცხოელებს უხეშადაც ექცევიან. როგორც Dalma News-თან საუბარში ყირგიზეთის მოქალაქე ნურზად ტინაევამ განაცხადა, როგორც კი ადგილობრივი ტაქსისტები უცხოელ კლიენტს ჩაიგდებენ ხელში, თავიანთი მომსახურების საფასურს აორმაგებენ და ასამმაგებენ.
“უცხოელებისთვის, რომლებიც პირველად ჩამოდიან აზერბაიჯანში გადაადგილების ერთადერთი საშუალება ტაქსია, რადგანაც ძალიან რთულია უცხო ადგილებში ორიენტირება. ცხადია, როგორც ტურისტს ამ მსიამოვნებს, როდესაც ტაქსისტები ჩემზე ფულს აკეთებენ. დიდწილად ეს პრობლემა დსთ-ს ყველა ქვეყანაში აქტუალურია, ამიტომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მცხოვრები ადამიანებისთვის ეს სიახლე ნამდვილად არ არის. კიდევ ერთი მინუსი – ეს არის ძვირადღირებული ავიაბილეთები. დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანში მეორედ ნებისმიერი ტურისტი ისურვებდა ჩამოსვლას, მაგრამ ავიაბილეთები ძალიან ძვირი ღირს”, – დაიჩივლა მან.
“საერთო ჯამში, მინდა ვთქვა, რომ ბაქო მომენტალურად გიყვარდება. მსოფლიოს ბევრ ქალაქში ვარ ნამყოფი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აზერბაიჯანის დედაქალაქის არქიტექტურა, ენერგეტიკა და კოლორიტი გამორჩეულია”, – დასძინა ნურზად ტინაევამ.
ტურისტული ისტორიები
ადგილობრივი ექსპერტების აზრით, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც ტურისტები აზერბაიჯანში მოგზაურობისგან თავს იკავებენ, არის სტერეოტიპები. ბევრი უცხოელი ბაქოში პირველად ჩამოსვლისას ვერ მალავს გაოცებას, რადგანაც მათი წარმოდგენით აზერბაიჯანი არის ქვეყანა, სადაც ქალები და მამაკაცები პარალელურ სამყაროში ცხოვრობენ და ყველა კუთხეში თაღლითები, აგრესიული და არამეგობრულ ადამიანებს მოელიან, რომლებსაც მხოლოდ შავი სამოსი აცვიათ. მაგრამ, როდესაც ყველაფერს საკუთარი თვლით ნახავენ, გულწრფელად აღიარებენ, რომ კავკასია, კერძოდ აზერბაიჯანი არც ისე საშიშია, როგორც წარმოედგინათ. ბაქო, როგორც ჩანს, თანამედროვე ევროპული ქალაქია აღმოსავლური ნოტებით და გასაოცარი სტუმართმოყვარეობით. მაგალითად, მოლდოვადან ჩასული ანა გარდიში, Dalma News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ყვება, რომ ჯერ კიდევ თვითმფრინავში ჯდომისას ფიქრობდა, რომ მიდიოდა ჩვეულებრივ პოსტსაბჭოთა ქალაქში, რომელიც 90-იან წლებში იყო ჩარჩენილი.
“უკვე აეროპორტში და სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე მივხვდი, რამდენად ცუდად ვყოფილვარ ინფორმირებული და ვცდებოდი. არ მოველოდი აღმოსავლურ სტილში შესრულებულ თანამედროვე ევროპულ არქიტექტურას. სხვათა შორის, ღამით ქალაქი სრულიად განსხვავებული სახეს იძენს. გარკვეულწილად ლონდონი და სიდნეი მომაგონა. ბაქო ძალიან შემიყვარდა. მინდა კიდევ დავბრუნდე. ერთადერთი, რაც არ მომეწონა – მაღალი ფასებია. მაგალითად, სავაჭრო ცენტრში შევედი და ფასები არაგონივრულად მაღალი იყო”, – განაცხადა მან.
აზერბაიჯანელი მამაკაცების შესახებ, კიდევ ერთი წვერიანი სტერეოტიპი არსებობს. უცხოელებისგან ძალიან ხშირად მოისმენ, რომ კავკასიაში, ძირითადად, მამაკაცები მკაცრ და აგრესიულ არწივებს ჰგვანან, რომლებსაც უნდა მოერიდო. მაგრამ ბევრი, ვინც ადგილობრივ კულტურას და მაცხოვრებლებს გაეცნო, აღიარებს, რომ ეს უბრად საშინელი ისტორიებია და სინამდვილესთან საერთო არაფერი აქვს.
უზბეკეთიდან ჩამოსული სტუმარი შახლო მამარახიმოვა თავისი გამოცდილებით დარწმუნდა: “ბაქოში სამსახურის საქმეებზე ორჯერ ვიყავი და მალე კიდევ ერთი მოგზაურობა იგეგმება. მართლაც, აზერბაიჯანში განსხვავებული მამაკაცები არიან. გაოცებული ვარ არა იმდენად ქალებისადმი პატივისცემით, არამედ ბავშვებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ბავშვებს ძირითადად დედები ზრდიან, ხოლო მამაკაცის როლი ოჯახში ფულის შემომტანამდე დაიყვანება. ამიტომ, მივეჩვიეთ, რომ ქუჩებსა და პარკებში ბავშვებთან ერთად მოსეირნე ქალებს ვხედავთ. აზერბაიჯანში მთლად ასე არ არის. ვნახე ბევრი მამა, რომლებიც სათუთად ზრუნავდნენ თავიანთ შვილებზე, ასეირნებდნენ და თამაშობდნენ მათთან. ჩემის აზრით, მამაკაცები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ბავშვების აღზრდაში, განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებენ”, – თქვა შახლო მამარახიმოვამ.
მშენებლები ტურისტებს მოდუნების საშუალებას არ აძლევენ
ეკონომიკურ კრიზისის შესუსტების შემდეგ სამშენებლო სექტორმა სტაგნაციიდან გამოსვლა დაიწყო. დღეს, აზერბაიჯანში არა მხოლოდ ფინანსური სირთულეების გამო შეჩერებული ობიექტების მშენებლობები განახლდა, არამედ ახალი პროექტებიც დაიძრა. სამშენებლო სამუშაოები თითქმის მთელი წლის განმავლობაში გრძელდება. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ინტენსიური მშენებლობა ტურისტებს დასვენებაში ხელს უშლის. გასაკვირი არ არის, რადგან სამშენებლო სამუშაოების უმრავლესობა ზღვის პირას, სასტუმროების ან ტურისტული ადგილების მიმდებარედ, ან მთავარი ქუჩების მახლობლად ხორციელდება.
რუსეთის მოქალაქე ელენა პოლიაკოვამ Dalma News-ის კორესპონდენტთან საუბარში განაცხადა, რომ ხმაური და სამშენებელო მტვერი დასვენების საშუალებას არ იძლევა. “ჩემთვის, დასვენების ხარისხი მხოლოდ სასტუმროს კომფორტულობა და ვარსკვლავების რაოდენობა არ არის. ჩემთვის კარგი დასვენების გასაღები – აბსოლუტური სიმშვიდეა. მინდოდა ბაქოში მოსკოვური ხმაურისგან დამესვენა, მაგრამ ბრახუნი, მტვრევის ხმები და მძიმე ტექნიკა მოდუნების საშუალებას არ მაძლევს. უფრო მეტიც, საერთოდ არ არის სასიამოვნო, როდესაც სასტუმროს ფანჯრიდან ზღვის და პლაჟის ნაცვლად უზარმაზარ სამშენებლო ტექნიკას ხედავ. ცხადია, ეს ქალაქის ბრალი არ არის, მაგრამ ფაქტი რჩება ფაქტად”.
“გარდა ამისა, არასასიამოვნო სანახავი იყო ბინძური ზღვა იმ ნაწილში, სადაც ჩვენი სასტუმრო იყო განთავსებული. გაკვირვებული დავრჩი. წყლის ზედაპირზე შავი ლაქები იყო და ზღვაში ცურვა ვერ გავბედე. ზოგადად ბაქო მომეწონა. თუ ოდესმე გადაწყვეტ სხვა ქვეყანაში გადასვლას, აზერბაიჯანს ერთ-ერთ პირველ ვარიანტად განვიხილავ”, – თქვა პოლიაკოვამ.
როდესაც შენიანის გამო გრცხვენია
ბოლო დროს, ძალიან ბევრს წერენ აზერბაიჯანში არაბი ტურისტების სერიოზული ნაკადის შედინებაზე. ეს გასაგებიცაა – 2018 წელს 2017 წელთან შედარებით საუდის არაბეთიდან ჩასული ტურისტების რაოდენობა 2,2-ჯერ გაიზარდა, ბაჰრეინიდან – 2-ჯერ, ქუვეითიდან -1,8-ჯერ, კატარიდან -1,6-ჯერ, ერაყიდან -7,9%-ით, ომანიდან -7,4%-ით. სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან აზერბაიჯანს 554,1 ათასი ადამიანი ეწვია, რაც ქვეყანაში ჩასულ ყოველ მეხუთე უცხოელს ნიშნავს.
სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტმა, ბოლო დროს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 2018 წელს აზერბაიჯანში 196 ქვეყნიდან 2 მილიონ 850 ათასი ტურისტი ჩავიდა. 2017 წელთან შედარებით, ეს 5,7%-ით მეტია. ტრადიციულად, რუსეთის მოქალაქეები სჭარბობენ (30,9%).
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აზერბაიჯანი ძალიან სტუმართმოყვარე ქვეყანაა, თუმცა ადგილობრივი მედიის და სოციალური ქსელების მეშვეობით ადგილობრივი მოქალაქეები შეშფოთებას გამოთქვამენ არაბი ტურისტების მომრავლების გამო. ზოგი მათ უწმინდურებაში ადანაშაულებს, ზოგი კი აცხადებს, რომ არაბი მამაკაცები აქტიურად უჭერენ მხარს ადგილობრივი ბორდელების საქმიანობას და თავხედურად იქცევიან საზოგადოებრივ ადგილებში. ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ არაბ ტურისტებს არ უყვართ იმ ქალაქებში ჩასვლა, სადაც მათი თანამემამულეები ისვენებენ.
ასე, მაგალითად, ქუვეითიდან ჩასულმა ტურისტმა იუსუფ ალასირმა Dalma News-ის კორესპონდენტთან საუბარში აღიარა, რომ ბაქოში ამდენი არაბი ტურისტის ხილვას არ მოელოდა.
“ბაქო სუფთა და ლამაზი ქალაქია, სადაც კეთილი ხალხი ცხოვრობს. ძალიან შემიყვარდა აქაური სამზარეულო. რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ვიტყვი, რომ ერთადერთი, რაც არ მომეწონა, აზერბაიჯანში ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოსული, ბევრი უცხოელის ნახვა იყო. მათმა უმრავლესობამ ელემენტარული ქცევის წესებიც კი არ იცის. მათ გამო ხშირად შემრცხვენია, ამიტომ ვცდილობ მათგან განსხვავებულ გარემოში დავისვენო”, – განაცხადა იუსუფ ალასირმა.
ფარიდა მამედოვა