პოლიტიკური გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატები პარლამენტში, აქტიური საკანონმდებლო მოღვაწეობით გამოირჩევიან. მათ მიერ წარდგენილი ბევრი ინიციატივა, ჯერ კიდევ, კოლეგების მხარდაჭერის მოლოდინშია, თუმცა ხმაურიანი თემით თუ სათაურით, ისინი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობია. ანტიდისკრიმინაციული კანონიდან ტერმინების – “სექსუალური ორიენტაცია” და “გენდერული თანასწორობის” ამოღება; ორგანულ კანონში ქართველობის ხაზგასასმელად ახალი ცნების – “ეთნიკურად ქართველის” შემოღება; კანონი შშმ პირების დედებისთვის ხელფასის დანიშვნის შესახებ და სხვა. Dalma News-ი ყველა ამ საკანონმდებლო ინიციატივის ავტორს, “პატრიოტთა ალიანსის” წევრს, პარლამენტის დეპუტატ ემზარ კვიციანს ესაუბრა.
– როგორ შეაფასებთ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკური ვითარებას, არის თუ არა კრიზისი მმართველ გუნდში?
– შეიძლება ითქვას, რომ მთლად კრიზისი თუ არ არის, კრიზისთან მიახლოებული სიტუაცია ნამდვილად არის. რასაც ჩვენ ვუყურებთ, მმართველ გუნდში შიდა კონფლიქტებია. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სამართლიანად თუ ჩატარდა, პარტია “ქართულ ოცნებას” დამარცხების დიდი შანსი აქვს. დღემდე არ არის მიღებული არც ერთი ეროვნული და პატრიოტული კანონი, რაც “პატრიოტთა ალიანსმა” შევიტანეთ პარლამენტში. საზოგადოების არც ერთი დაკვეთა არ შესრულდა. ამ თვალსაზრისით პარლამენტში შერჩევითობას ვხედავ. მე ვუყურებ, რომ კანონპროექტები, რომლებიც უცხოეთიდან გადათარგმნილი და დირექტივებით მოდის, ისინი ლიწინ-ლიწინით გადის და კანონად იქცევა ყველა კანონპროექტი, ხოლო ის, რაც ეროვნულია და ჩვენი ქვეყნისთვის არის აუცილებელი და საჭირო – შეჩერებულია. პირადად ჩემს მიერ მომზადებული ყველა საკანონდებლო ინიციატივა აბსოლუტურად არის ქართველი ხალხის შეკვეთა. ახლა კიდევ ვამზადებ კანონპროექტებს, რომელსაც შევიტან და ვნახოთ რას იზამენ.
– რის შესახებ არის ახალი კანონპროექტები?
– ერთ-ერთი არის სამართლიანობის აღდგენისთვის საჭირო კანონპროექტი, რომელიც კონსტიტუციის 426-ე მუხლში ცვლილებას ითხოვს, რომ 5-წლიანი ხანდაზმულობა შეიცვალოს ან უვადოდ და თოთხმეტ წლიანი პერიოდით. პროკურატურაში შექმნილია ნადარეიშვილი დეპარტამენტად წოდებული სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი, რომელიც ფაქტობრივად ვერაფერს ან არაფერს აკეთებს. 37 000 განცხადებიდან 1% არ არის შესრულებული. გვინდა მათ მივეშველოთ. თვითონ პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა მთხოვა ამ კანონპროექტის მომზადება. ეს უნდა მოემზადებინა ხელისუფლებას, მაგრამ არ მოამზადეს. უახლოეს დღეებში შევიტან პარლამენტში ამ კანონპროექტს. კიდევ არის სხვადასხვა საკითხები. კიდევ ერთი კანონპროექტი შეეხება, შშმ პირების დედებს და მათთვის ხელფასის დანიშვნას გულისხმობს. ამ ადამიანებს, როგორც ყველაზე მძიმე სამუშაოს შემსრულებლებს, ხელფასები ეკუთვნის. ისინი მთელი ცხოვრების განმავლობაში უვლიან შშმ შვილს. მიუხედევად იმისა, რომ პირველი შვილი შშმ პირი ჰყავთ, კიდევ 4 და 5 შვილი გააჩინეს და უზრდიან ქვეყანას. მათ ეკუთვნით ხელფასი და ჩემი ვარაუდით მინიმალური ოდენობა 800 ლარი უნდა იყოს. ამაზე მიდის მსჯელობა, მუშაობენ იურისტები. ამ კანონის მიღება აუცილებელია და ამით საქართველო პირველი არ იქნება, მსგავსი პრაქტიკა არსებობს ევროპის ქვეყნებში.
– თქვენი ინიციატივაა ანტიდისკრიმინაციული კანონიდან ტერმინების – სექსუალური ორიენტაცია და გენდერული თანასწორობის ამოღება. რატომ?
– იმიტომ, რომ დანარჩენი საზოგადოება მოხვდა დისკრიმინაციაში. კანონში წერია, რომ არ შეიძლება ადამიანის დისკრიმინაცია. დანარჩენ ყველა ტერმინს ამოვიღებდი, რომელიც აკონკრეტებს ადამიანის კანის ფერს, სექსუალურ ორიენტაციას, სარწმუნოებას თუ ეროვნებას. არ შეიძლება ადამიანის დისკრიმინაცია და მორჩა. ევროკავშირის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციით, ადამიანის დისკრიმინაციის შესახებ არის მე-14 მუხლი, სადაც სწორედ ადამიანის დისკრიმინაციის დაუშვებლობაზე წერია. ყველაფერია ჩამოთვლილი და არ არის ზუსტად ის, რაც ჩვენებმა დაამატეს, ანუ ევროპას არ აქვს და ჩვენ უნდა გვქონდეს შეტანილი. მით უმეტეს, რომ პატრიარქმა და ხალხმა გთხოვა, არ გააკეთოო. 2014 წლის 2 მაისს, მაინც გააკეთეს ეს ჩვენმა პარლამენტარებმა. ვინ დააძალა? რისთვის? ჩემი კანონპროექტი სწორედ საზოგადოების დაკვეთაა.
– 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როგორი მიდის ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები?
– მექმნება შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები დაპაუზდა. საერთოდ არაფერი შეცვლილა. ზუსტად იგივე მიმართულებით მიდიან. 2012 წელს, ხალხისთვის მიცემული არც ერთი დაპირება არ სრულდება. გველის ნაკბენივით გაშეშებულები არიან და ვერაფერს აკეთებენ, ყველა თითს ზევით რომ იშვერს.
– თითის ზევით აშვერაში რას გულიხსმობთ?
– ვგულისხმობ იმას, რომ, როდესაც მე მივდივარ და ვეკითხები რას აკეთებ ბოლოს და ბოლოს აღადგენთ სამართლიანობას თუ არა? მე თვითონ ვარ რეპრესირებული, დღემდე ვერ დავიბრუნე, 13 წლის წინ ნივთმტკიცებად ამოღებული მიკროავტობუსი, რომელიც ჩემს ეზოში იდგა. შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ახლა დამიბრუნა. “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს წამართვეს ქონება, თუ რამე გამაჩნდა. წაართვეს ჩემს ნათესავებს და ახლობლებს. საფუძვლად დაუდეს სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც სასამართლო არ იყო საერთოდ ჩატარებული და განაჩენი არ იყო დამდგარი, ანუ დაარღვიეს ძველი კონსტიტუციის 41-ე მუხლი. ციხეში ჩამსვეს. რომ დაიწყო ძიება და მომეხსნა ყველა ბრალდება, ქონება ჩამორთმეული დარჩა. 2018 წლის ივნისში გავიგე, თუ რა იყო ჩემთვის ქონების ჩამორთმევის საფუძველი. სასამართლოში შევიტანე განცხადება, 20 თებერვალს გაიმართება სასამართლო. ჩემი და, ნორა კვიციანი, 6 წლის განმავლობაში ჰყავდათ ტყვეობაში. გაამართლა სასამართლომ და 50 000 ლარის კომპენსაცია დააკისრა სახელმწიფოს. ეს სამარცხვინოა. უსამართლო ქვეყანაში ცხოვრობთ. ხშირად ისმის საუბარი ქურდებთან დაკავშირებით. ქურდებს რა აძლიერებთ? უსამართლო მოსამართლეები. კომუნისტების დროს, როდესაც ადამიანები სასამართლოში ვერ პოულობდნენ სამართალს, გაძლიერდნენ ქურდული მენტალიტეტის ადამიანები.
– როგორ გესახებათ აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტების მოგვარების გზა?
– ამ კონფლიქტების მოგვარების გზა ყოველთვის არსებობს. სახალხო დიპლომატია ამისთვის ყველაზე კარგი გზა იყო. როცა კოდორის ხეობაზე საქართველოს იურისდიქცია ვრცელდებოდა, ჩვენ პირისპირ ვხვდებოდით აფხაზებს და არსებობდა შერიგების დიდი რესურსი. მაშინ რაც გააკეთა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დავალებით, ყველამ ნახეთ.
– დღეს თუ გაქვთ კომუნიკაცია აფხაზებთან?
– პირადი კომუნიკაცია მაქვს იმ ხალხთან, რომლებიც სამკურნალოდ ჩამოდიან. ამით ძალიან კარგი საქმე კეთდება. რა თქმა უნდა, მე გვერდში ვუდგავარ მათ, თუ რაიმე გაუჭირდებათ. ჩვენთან თანაცხოვრების დიდი სურვილი აქვთ, მაგრამ ამაზე არ მიდის ქართული მხარე. რა ნდობაზეა საუბარი, როცა ჩვენს ხელისუფლებას, უცხო ქვეყნები, მათ შორის ამერიკა არ აძლევს აფხაზებთან დიალოგის დაწყების საშუალებას.
– ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ უამრავი წელი გავიდა, თაობა შეიცვალა. როგორ ფიქრობთ, ახალ თაობასთან კომუნიკაცია არ არ არის ძნელი?
– აი რა კარგი კითხვაა. ახალ თაობასთან პრობლემა იქნება, სანამ მასმედია არ იმუშავებს ამ მიმართულებით. ჟურნალისტებმა ამაზე მასალები უნდა დაწერონ, რომ აფხაზები არიან ჩვენი ძმები, რომ ჩვენ მათთან კონფლიქტი არ გვჭირდება, არამედ გვჭირდება შერიგება. აუცილებლად უნდა დაიწყოს მონანიება ორივე მხრიდან და არ ის, რომ NDI-მ და IRI-იმ სოციოლოგიური კვლევა რომ ჩაატარეს და საქართველოს მოსახლეობას მე-5 ადგილზე აქვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაო. ეს ყოველთვის ნომერ პირველი საკითხი იყო ჩვენი საზოგადოებისთვის, მაგრამ ლგბტ თემაა ქართული ტელევიზიებისთვის პოპულარული, იმიტომ, რომ ამით იშოვება ფული.
ძალიან კარგი კანონი მივიღეთ, რომელიც პირველ იანვარს შევიდა ძალაში. რატომღაც ამაზე არ საუბრობენ ტელევიზიები და საქართველოს მოსახლეობას საქმის კურსში არ აყენებენ. საუბარია იმაზე, რომ თავისუფლად შეგვიძლია საქმიანი ურთიერთობა აფხაზებთან და ოსებთან, რომ იქაური სოფლის მეურნეობის პროდუქტები შემოვიდეს დანარჩენი საქართველოს ბაზარზე, ხოლო აქაური პროდუქცია იქ შევიტანოთ. ეს არის ძალიან კარგი ინიციატივა, რომელიც თავის დროზე ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ დაანგრიეს და გაანადგურეს, დააშორეს აფხაზები და ოსები საქართველოს და ქართულ მოსახლეობას.
– თქვენის აზრით, უნდა აღიაროს საქართველომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია?
– ჩვენ გვყავს მსოფლიოში აღიარებული ბრძენი პატრიარქი, უნდა დაველოდოთ ჩვენ ყველა, რასაც პატრიარქი იტყვის და ისე მოვიქცეთ. ჩემს კოლეგებსაც იმავეს ვეტყოდი, რომ პატრიარქზე მეტი ქრისტიანები ნუ იქნებიან. თუ ის გადაწყვეტს, რომ მხარი დაუჭიროს უკრაინის ავტოკეფალიას, მე ამას მივიღებ, იმიტომ, რომ ის იქნება მართალი. მას ეს საკითხი უკეთესად ესმის.
– როგორ შეაფასებთ საქართველოს სამეზობლო პოლიტიკას?
– არც ერთ მეზობელ ქვეყანასთან არ გვაქვს ეფექტიანი და სწორი სამეზობლო პოლიტიკა. ყველა მუშაობს იმაზე, რაც შეიძლება მეტი ტერიტორია წაგვართვან. ჩვენ არაფერს ვაკეთებთ ამ მიმართულებით. ან უნდა ილაპარაკო, ან იომო. სამართლიანი უნდა იყო და სიტყვას, რომელსაც იტყვი, უნდა შეასრულო.
ესაუბრა შორენა პაპაშვილი