რუსულ-უკრაინული საეკლესიო დაპირისპირება ბოლო დროს, მსოფლიო მნიშვნელობის პოლიტიკურ მოვლენად იქცა. პროცესების ეპიცენტრში კი, უნებურად საქართველოც მოექცა. უნდა აღიაროს თუ არა საქართველოს საპატრიარქომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, ეს საკითხი, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ლამის პოლიტიკური განსჯის საგნად იქცა. ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია საპატრიარქოშიც არ აქვთ. ცალკეული სასულიერო პირები საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამენ და ხშირად ამ მოსაზრებებს პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს. ოფიციალური პოზიციის დაფიქსირებას, არც საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლება ჩქარობს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პატრიარქის გადაწყვეტილების წინმსწრებად მოქმედება არასწორია. მოსაზრებები გაყოფილია ოპოზიციაშიც. ნაწილი მსგავს აღიარებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, ნაწილი კი ქართულ-უკრაინული მეგობრობის თემით მანიპულირებს.

უკრაინაში, დღეისათვის, შეიძლება ითქვას, 3 მართლმადიდებლური ეკლესია ფუნქციონირებს: უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც მოსკოვის პატრიარქს ექვემდებარება (რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის სტრუქტურაში შედის), მისი მიმდევრები არიან ქვეყნის რელიგიური მოსახლეობის 12-დან 39%-მდე და 2 სხვა ეკლესია – კიევის პატრიარქისა და ე.წ ავტოკეფალიური ეკლესია, რომელიც 1990-იან წლებში შეიქმნა და მისი მიმდევარი, სხვადასხვა მონაცემებით, უკრაინის მორწმუნე მოსახლეობის 25-28%-ია.

მაგრამ ეს უკანასკნელი მართლმადიდებლურ სამყაროში არაკანონიკურად მიიჩნევა. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შემდეგ, კიევში ამ ორი ეკლესიის გაერთიანებაზე დაიწყეს საუბარი, რათა ისინი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მფარველობაში გადავიდეს და მისგან ავტოკეფალია, ანუ დამოუკიდებლობა მიიღოს. შესაბამისად უნდა აღიარონ მისი კანონიკური სტატუსი. როგორც ცნობილია კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ, უკრაინაში უკვე დანიშნა თავისი ორი ეპისკოპოსი წარმომადგენლებად. შედეგად რუსეთის პატრიარქმა კირილმა, მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეოსის ლოცვებში მოხსენიება შეწყვიტა.

რუსეთის პატრიარქმა კირილი და მსოფლიო პატრიარქი ბართლომეო

მოსაზრებების ჭიდილს საქართველოს საპატრიარქოშიც ადასტურებენ და აცხადებენ, რომ უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის მინიჭებამ, მთელს მართლმადიდებელ სამყაროში, როგორც საერო, ისე სასულიერო წრეში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. გამოიკვეთა ორი მხარე. ამ ვითარებაში საპატრიარქო ყველას მოუწოდებს გაითავისონ პასუხისმგებლობა და აჩქარებული, წინდაუხედავი ნაბიჯი არ გადადგან, რაც არავისთვის იქნება სიკეთის მომტანი.

“მთავარია მართლმადიდებელთა ერთობის შენარჩუნებაზე ზრუნვა, რომ დაცხრეს დაძაბული ვითარება და სამართლიანობაზე დაფუძნებული მშვიდობიანი გარემო შეიქმნას”, – აცხადებენ საპატრიარქოში.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა მიუღებლად მიიჩნევს პოლიტიკოსებმა მიუთითონ საქართველოს საპატრიარქოს აღიაროს თუ არა მან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია. მისი შეფასებით, ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ გონივრული გადაწყვეტილება მიიღო, რომ ამაზე წმინდა სინოდი იმსჯელებს და მხოლოდ ამის შემდეგ გამოხატავს საქართველოს ეკლესია თავის ოფიციალურ პოზიციას.

გოგა ხაინდრავა

გოგა ხაინდრავას მოსაზრებით, ავტოკეფალიის გამოცხადება არ არის მხოლოდ რელიგიური საკითხი, მას პოლიტიკური ელფერი გაჰკრავს. ამიტომ, როგორი მჭიდრო მეგობრული ურთიერთობაც არ უნდა ჰქონდეს საქართველოს უკრაინასთან, ქართული პოლიტიკური სპექტრი, თუ თითოეული მოქალაქე პირველ რიგში საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებზე უნდა ფიქრობდეს. ხოლო საუბარი იმაზე, რომ ავტოკეფალია სახელწიფოს დამოუკიდებლობას უკავშირდება, ხაინდრავას აზრით, სასაცილო არგუმენტია.

“აღრევის ხანაა მთელს მსოფლიოში. პოლიტიკოსები სასულიერო საკითხებზე მსჯელობენ, ხოლო სულიერი მოძღვრები პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ. არც ერთ ევროპულ ქვეყანას, რომლებიც დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყნების სახეს წარმოადგენენ, ავტოკეფალია არ გააჩნიათ, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ევროკავშირის ქვეყნებისთვის იყვნენ დამოუკიდებელნი და დამოუკიდებელი საშინაო და საგარეო პოლიტიკა აწარმოონ”, – აცხადებს გოგა ხაინდრავა.

მისივე თქმით, არც იერუსალიმის, არც ანტიოქიისა და ელადის ეკლესიებს, არ გამოუხატავთ თავიანთი პოზიცია ამ საკითხზე, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირატესი ეკლესიები ამ საკითხზე დუმილს ამჯობინებენ. შესაბამისად, არც საქართველოს ეკლესია უნდა უსწრებდეს ურემს წინ. უკრაინის ეკლესიის თემაში პოლიტიკოსების ჩართვას მეტიჩრობად აფასებენ პოლიტიკურ გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსშიც”. ამ საკითხთან დაკავშირებით ალიანსის ლიდერებმა ილია მეორესა და სინოდს ოფიციალური წერილითაც კი მიმართეს, სადაც გმობენ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას და ამბობენ, რომ “მსოფლიო პატრიარქი უკრაინაში თავისი გავლენის ქვეშ მყოფ ეკლესიას აფუძნებს”.

ირმა ინაშვილი

მისივე თქმით, არც იერუსალიმის, არც ანტიოქიისა და ელადის ეკლესიებს, არ გამოუხატავთ თავიანთი პოზიცია ამ საკითხზე, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირატესი ეკლესიები ამ საკითხზე დუმილს ამჯობინებენ. შესაბამისად, არც საქართველოს ეკლესია უნდა უსწრებდეს ურემს წინ. უკრაინის ეკლესიის თემაში პოლიტიკოსების ჩართვას მეტიჩრობად აფასებენ პოლიტიკურ გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსშიც”. ამ საკითხთან დაკავშირებით ალიანსის ლიდერებმა ილია მეორესა და სინოდს ოფიციალური წერილითაც კი მიმართეს, სადაც გმობენ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას და ამბობენ, რომ “მსოფლიო პატრიარქი უკრაინაში თავისი გავლენის ქვეშ მყოფ ეკლესიას აფუძნებს”.

“მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო პატრიარქის მიერ აღიარებულ ეკლესიას ავტოკეფალური ეწოდება, დღეს ამ ეკლესიას ნაკლები უფლებები აქვს, ვიდრე უკრაინის თვითმმართველ მართლმადიდებელ ეკლესიას რუსეთის ეკლესიის შემადგენლობაში. ამგვარად, მსოფლიო პატრიარქი უკრაინაში თავისი გავლენის ქვეშ მყოფ ეკლესიას აფუძნებს, ქმნის მონასტრებს და თავის დაქვემდებარებაში გადაჰყავს უკრაინელი მრევლი ამერიკაში, კანადასა თუ სხვა ქვეყნებში. საბოლოო ჯამში ამ ყველაფერმა, ფაქტობრივად, უფსკრული გააჩინა მართლმადიდებლობის წიაღში”, – ნათქვამია “პატრიოტთა ალიანსის” ოფიციალურ წერილში.

“ერეკლე მეორის საზოგადოების” თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძეს არ სჯერა უკრაინული მეგობრობის და არც საეკლესიო საკითხებში პოლიტიკის გარევა მოსწონს. როგორც მან Dalma News-ს განუცხადა, ილია II -ის ტრადიციულად ბრძნული გადაწყვეტილების იმედი აქვს. ამ თემის პოლიტიზირებით კი, გარკვეული პოლიტიკური ძალები ქულების დაწერასა და დაფინანსების მოპოვებას ცდილობენ. ზოგს სურს ქულები რუსეთის თვალში დაიწეროს, ზოგს კი დასავლეთისგან სურს გრანტების მიღება. ამ ვითარებაში საჭიროა საპატრიარქომ დროულად მიიღოს გადაწყვეტილება, რათა ამ თემით ვაჭრობა შეწყდეს.

არჩილ ჭყოიძე

არჩილ ჭყოიძის აზრით, ეს საკითხი პოლიტიკისგან უნდა გაიმიჯნოს და თვითონ ეკლესიებმა მოაგვარონ. რუსეთსა და უკრაინას, რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკურად დაძაბული ვითარება არ ნიშნავს, იმას, რომ იგივე ურთიერთობაა ეკლესიებს შორის.

 

“რუსეთის ეკლესია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ეკლესიებს საქართველოს პატრიარქის იურისდიქციაში აღიარებს. პირველ რიგში უნდა გავერკვეთ ვითარებაში. ბერძნებმა არ აღიარეს, ძალიან ბევრმა ეკლესიამ არ აღიარა. მართალია ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენც ამოს გამო არ ვაღიაროთ, მაგრამ, უმჯობესია დავაცადოთ საპატრიარქოსა და პატრიარქს, რომ მიიღონ ჭეშმარიტი გადაწყვეტილება. თუ მათ ეკუთვნით აღიარება, მაშინ უნდა ვაღიაროთ. ამაზე სერიოზულად უნდა იმუშაოს საპატრიარქომ და არა ისე, ცალკეული სასულიერო პირები გამოვიდნენ და პოლიტიკური განცხადებები აკეთონ”, – მიაჩნია არჩილ ჭყოიძეს.

Dalma News-ის კითხვას, შესაძლებელია თუ არა არაღიარება გახდეს საქართველო-უკრაინის მეგობრობაში ბზარის მიზეზი, არჩილ ჭყოიძემ განაცხადა, რომ მას არ სჯერა ისეთი მეგობრობის, როცა საქართველოს მიერ ძებნილად გამოცხადებულ პირებს უკრაინა იფარებს და მათ ექსტრადაციას არ ახორციელებს.

მისი თქმით, ბოლო წლების მოვლენებს თუ გადავხედავთ, უკრაინის ხელისუფლება საქართველოსადმი დიდ მეგობრობას არ იჩენს. საქართველოში ძებნილად გამოცხადებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰყავდათ შეფარებული და მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლება მის გადმოცემას ითხოვდა, უკრაინა მიხეილ სააკაშვილს უჭერდა მხარს და მიმალვაში მყოფ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს სახელმწიფო სამსახურებში აწინაურებდნენ.

“მხოლოდ მაშინ გახდნენ საქართველოს კეთილმოსურნეები, როდესაც თავად იგრძნეს საფრთხე სააკაშვილის და მისი გუნდის წევრებისგან. კარგად გვახსოვს, უკრაინის ხელისუფლება, 3-4 წლის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებდა”, – აცხადებს არჩილ ჭყოიძე.

მეცნიერი ქეთევან პავლიაშვილი მთელს ამ პროცესებში გარეშე ძალების მიერ საქართველოს ეკლესიაში განხეთქილების შეტანის მცდელობას ხედავს, რასაც, მისი აზრით, საეჭვოა ვერ ხედავდეს ქართული ეკლესიის, როგორც პრორუსული, ისე პრობერძნული სასულიერო დასი.

ისტორიკოსის აზრით, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, მხოლოდ საბაბია, რეალურად კი მიმდინარეობს ბრძოლა საქართველოს ეკლესიაში ბერძნული, ან რუსული საეკლესიო ინტერესების გატარებისთვის:

“იმდენ დოკუმენტს (ისტორიულ წყაროს) გავეცანი და ისეთ დასკვნებამდე მივდივარ, რომ რის უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია? ვის აინტერესებს ეს? ჩვენ, კონსტანტინოპოლს თუ მოსკოვს? ცოტა გონს მოუხმეთ სხვის ეკლესიაზე გადაფარებულებო თუ მაგინებელნო, გაიაზრეთ შედეგები, გააკეთეთ ანალიზი. ვერ ხვდებით, რომ საქართველოს საეკლესიო ცენტრის ჯერი დადგა? გასაგებია, რომ ამ ძალებს ხალხი სრულად უგონო ჰგონიათ, მაგრამ თავმოყვარეობა საერთოდ აღარ აწუხებთ?”.

უკრაინაში განვითარებულ მოვლენებში, საპატრიარქოს ზოგიერთი წარმომადგენელი მართლმადიდებელი სამყაროსთვის ისტორიულ მოვლენას ხედავს და მიაჩნია, რომ ამ საკითხს დღეს, თუ ხვალ, აუცილებლად უნდა დაუჭიროს მხარი საქართველომ. ამ გადაწყვეტილებას წმინდა სინოდი მიიღებს. სინოდის სხდომას კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხელმძღვანელობს და წელიწადში ორჯერ იკრიბება. ბოლო სხდომა სინოდმა 2018 წლის 21 ივნისს გამართა.

შ. ქარჩავა