აზერბაიჯანულ სოციალურ ქსელში განგაში ატყდა. აზერბაიჯანში ხილის, თხილის და ფოთლების მოკრეფაც კი აიკრძალა. როგორც აღმოჩნდა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა სატყეო მეურნეობისთვის ზიანის მიყენებასთან დაკავშირებით წესები განაახლა და დამრღვევებისთვის სანქციები გაამკაცრა.
როგორც Sputnik-აზერბაიჯანი იტყობინება, წესები განსაკუთრებულად დაცულ ტერიტორიებს (ეს ტერიტორია კი ფაქტობრივად მთელი ქვეყანაა – Dalma News) ეხება. ამგვარად, ტყეში მოკრეფილი თითოეული კილოგრამი ველური ვაშლის, შინდის, ალუჩისა და მსხლისთვის ჯარიმა შესაძლოა დაახლოებით 50 ევროცენტი დაწესდეს.
აკრძალვა შეეხო ასკილს და სხვა სამკურნალო მცენარეებსაც, როგორიცაა ქაცვი, წაბლი და წიფლის თესლი. უფრო მეტიც, კანონი კრძალავს გამხმარი, ჩამოცვენილი ფოთლების, ტყის ნიადაგის, ლერწმისა და კენჭების აკრეფას.
ამ წესების დარღვევისთვის გათვალისწინებულია ერთიდან სამ მანათამდე ჯარიმა, ტყის მცენარეების, ხილის და კენკრის სხვადასხვა სახეობების მიხედვით.
ამასთან დაკავშირებით, თავის ფეისბუქგვერდზე ინტერნეტმომხმარებლები წერენ: “სუფთა საგიჟეთია?”; “ამ კანონებს დებილები საგიჟეთში წერენ…”
ხალხის აღშფოთება გასაგებია. ძალიან ბევრი აზერბაიჯანელი ოჯახს ტყეებში მოკრეფილი ხილის და კენკრის გაყიდვით არჩენს, რაც მათი უმრავლესობისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. თუმცა, იმავდროულად, ზემოთ აღნიშნულ კანონს მომხრეებიც გამოუჩნდა, რომლებიც ამ მოსაზრებას ეკოსისტემის შენარჩუნების აუცილებლობით ამართლებენ.
როგორც “აზერბაიჯანის მწვანეთა მოძრაობის” თავმჯდომარე ფარიდა ჰუსეინოვამ Dalma News-ის კორესპონდენტთან საუბრისას განაცხადა, ნაკრძალების უმეტესობას ეროვნული პარკების სტატუსი მიენიჭა. “აზერბაიჯანი – მცირე ტყიანი ქვეყანაა, ამიტომ მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილება, რომელსაც, ალბათ საფუძვლად ეკოლოგიის სამინისტროს წინადადება უდევს, მხოლოდ მისასალმებელია”.
“ჩვენს ტყეებში ხილი, კენკრა და თხილი კომერციული მიზნით იკრიფება. შედეგად, ირღვევა საკვები ჯაჭვი – ცხოველები საკვებს ტყეში ვეღარ პოულობენ და ადამიანების თავის გამოსაკვებად ნათესებსა და ეზოებში გადადიან. ეს ბუნებრივიცაა. ასე, რომ მიმაჩნია მინისტრთა კაბინეტის ახალი წამოწყება აბსოლუტურად მისაღები და სწორია”, – დასძინა ჰუსეინოვამ.
ექსპერტის თქმით, ძველად ხალხი ტყეში ხილს, კენკრას და თხილს კვოტირებულად კრეფდა, თუმცა აღნიშნული კვოტების შემოწმება ძალიან რთული იყო. “რაიონების მოსახლეობამ ტყეები პირწმინდად გაკრიფა და ცხოველებისთვის აღარაფერი დარჩა. ხიდან ჩამოცვენილი ფოთლებსაც კი ვერსად ნახავთ, რაც ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლია”.
ჰუსეინოვას მიაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება დიდი ხნის წინათ უნდა მიეღოთ. “იყო დრო, როდესაც სატყეო მეურნეობის მოსავალი ხალხისთვის ერთადერთი შემოსავლის წყარო იყო, მაგრამ ახლა ეს ასე არ არის”, – დასძინა მან.
როგორც რესპოდენტმა განაცხადა, მსგავსი აკრძალვები ძალიან ბევრ ქვეყანაში მოქმედებს და ეს ეროვნულ პარკებს ეხება. “აზერბაიჯანი, როგორც უკვე აღვნიშნე, პატარა ქვეყანაა და ყველა ტყე სახელმწიფო დაცვის ქვეშ არის”, – დასძინა ექსპერტმა.
რაც შეეხება ჯარიმას, ფარიდა ჰუსეინოვამ განაცხადა, რომ ეს არც ისე დიდი თანხაა:
“სოფლის მოსახლეობა ტყის რესურსებს იმაზე უფრო იაფად ყიდის, ვიდრე ხელოვნურად მოყვანილ მოსავალს. აღნიშნული ჯარიმის დაწესების შემდეგ გადამყიდველები დაფიქრდებიან, ღირს თუ არა ასეთ პროდუქტზე მუშაობა. მიმაჩნია, რომ ტყის ნობათის უსასყიდლო მტაცებლობის შემთხვევაში ჯარიმა უნდა გაორმაგდეს და გასამმაგდეს კიდეც. იმედია, მინისტრთა კაბინეტი ამ მოსაზრებამდეც მივა”, – განაცხადა მან.
ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში მცხოვრები ნებისმიერი ბაქოელი კარგად იცნობს მოვაჭრეებს, რომლებიც აზერბაიჯანის რაიონებიდან ჩატანილი ხილით, კენკრით და თხილით საბჭოურ ავტომობილებს ტვირთავენ და შუა ქალაქში ყიდიან.
ანარ ალიევი, ერთ-ერთი ასეთი მოვაჭრეა, რომელმაც ახალი წესების და ჯარიმების დაწესების შესახებ Dalma News-ის კორესპონდენტისგან შეიტყო.
“სეზონის მიხედვით, ბაქოში ვაშლი, მაყვალი ჩამომაქვს. გზაში ტრანსპორტირების გადასახადს ვიხდი და ცხადია, ეს პროდუქტის ფასზეც აისახება. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, იმაზე იაფად ვყიდი, ვიდრე მაღაზიაშია. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ჩვენთვის ტყის ამ პროდუქტის ყიდვა და გადაყიდვა შემოსავლის ერთადერთი წყარო არ არის, ძალიან ცდება”, – დასძინა მან.
მისივე თქმით, მოსახლეობისთვის პროდუქტების დაბალ ფასად შეძენა მომგებიანია. “განა აზერბაიჯანში მხოლოდ ისეთი მდიდარი ხალხი ცხოვრობს, რომლებიც ზამთარში ალუჩას სუპერმარკეტებში 350 მანათად (დაახლოებით 175 ევრო! – რედ.) ყიდულობს? შარშან კიდევ უფრო სიძვირე იყო და ერთი კილოგრამი ალუჩა 700-800 მანათი ღირდა. ვიღაც მართლა იხდის ამხელა ფულს, მაგრამ ასეთები ძალიან ცოტაა. სანამ ასეთ კანონებს მიიღებენ, კარგი იქნებოდა აზრი ხალხისთვისაც ეკითხათ”, – განაცხადა ანარ ალიევმა.
P.S. სანამ მასალა მზადდებოდა გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საზოგადოების მხრიდან ნეგატიური განწყობილების და მრავალრიცხოვანი საჩივრების გათვალისწინებით, მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 27 დეკემბრის, „სატყეო მეურნეობისთვის მატერიალური ზიანის მიყენების პასუხისმგებლობის დაწესების შესახებ“ გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის განკარგულება გასცა.
მამედ მამეზადე