საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჯერ კიდევ ახალი შეცვლილი იყო, რომ დაირხა ხმები – პრემიერის სავარძლისთვის შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას ამზადებენო. პროფესიით ისტორიკოსისა და პოლიტოლოგის, თბილისისა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულ გიორგი გახარიას პოლიტიკური კარიერა 2013 წელს დაიწყო, როცა ბიზნესომბუდსმენი გახდა. იყო ეკონომიკური საბჭოს მდივანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და ამჟამად შსს აბარია. იკავებს ვიცე-პრემიერის პოსტს. გახარია, ყოფილი სახელისუფლებო პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიმართ, უკომპრომისო განცხადებებითა და გამოსვლებით გამოირჩევა. საპარლამენტო უმრავლესობაშიც აღიარებენ, რომ ის აშკარა ლიდერია და საჭირო ქარიზმაც გააჩნია.

საკადრო ცვლილებების საჭროებაზე “ქართული ოცნების” დეპუტატებიც საუბრობენ. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად გადაყვანის საკითხი, ამ ეტაპზე არ განიხილება. ბოლოს და ბოლოს, ახლგაზრდა და პერსპექტიული მამუკა ბახტაძე ხომ პრემიერად სულ რამდენიმე თვეა დაინიშნა. გახარიას კი ჯერ შსს-ში აქვს წამოწყებული რეფორმები დასამთავრებელი, რომელთა შუა გზაში მიტოვება სწორი არ იქნება. ესეც რომ არ იყოს, მამუკა ბახტაძემაც ხომ უნდა დააგროვოს სათანადო გამოცდილება პრემიერის თანამდებობაზე.

 

“ხალხს აქვს განცდა, რომ გიორგი გახარია არის სწორედ რესპექტაბელური პერსონა და ის შსს-ს ძალიან კარგად უძღვება. მას ძალიან ბევრი რეფორმა აქვს დასამთავრებელი და გზაში მიტოვება არ იქნება სწორი. მეორე მხრივ, მამუკა ბახტაძე, ახლგაზრდა კაცი მოვიდა. საშუალება უნდა მივცეთ, რომ ამ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე გამოცდილება შეიძინოს”, – აცხადებს ნუკრი ქანთარია.

მისი აზრით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის შეცვლა ამ ეტაპზე საჩქაროდ გადასაწყვეტი საკითხი არ არის, თუმცა მმართველი გუნდის საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით არსებობს საკითხები, რომლებიც 2019 წლის ბოლომდე უნდა გადაწყდეს და საზოგადოებას მიეცეს განცდის საფუძველი, რომ “ეს ადამიანები თანამდებობასა და სკამებზე არ არიან ჩაბღაუჭებულები და ხვალ თუ ზეგ, მათ ადგილს სხვა კადრი დაიკავებს.

“სულ რაღაც წელიწადნახევარია დარჩენილი მომავალ არჩევნებამდე და ძალიან კარგად უნდა ესმოდეს ჩვენი გუნდის ყოველ წევრს, როგორი პოლიტიკური ამინდია დღეს ქვეყანაში. რა პრეტენზიები, რა კითხვები აქვს მოსახლეობა “ოცნების” მიმართ. ამ პერიოდის განმავლობაში უნდა მოვახერხოთ, რომ ხალხს, მწვავე კითხვების დასმის საფუძველი აღარ ჰქონდეს”, – აცხადებს ნუკრი ქანთარია.

ახალი კონსტიტუციის თანახმად, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდა, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტს კიდევ უფრო გაეზარდათ უფლებები. პრემიერ-მინისტრისგან მარტო ციფრების ანალიზი უკვე აღარ იქნება საკმარისი, მის მიმართ სულ სხვა მოლოდინები და მოთხოვნები გაჩნდება. მას პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაც მოუწევს.

როგორც Dalma News-ს ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ განუცხადა, შს მინისტრი გიორგი გახარია, დღეს არსებულ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, ყველაზე რეალისტური არჩევანი და ეფექტიანი პოლიტიკური ფიგურაა. მოქმედი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მისი წინამორბედის, გიორგი კვირიკაშვილის მსგავსად ტექნოკრატია. კიდევ უფრო შორს თუ წავალთ და “ქართული ოცნების” პირველ პრემიერს – ირაკლი ღარიბაშვილს გავიხსენებთ, მაისაიას აზრით, მას გააჩნდა პოლიტიკოსის პოტენციალი.

ხოლო ოპოზიციაში თუ გავიხედავთ, ამ მიმართულებით იქ, სრული დეგრადაციაა.

“ბაქრაძე და უგულავა, კორუმპირებული ჩინოვნიკები არიან და სისხლიან რეჟიმთან ასოცირდებიან. “ნაციონალური მოძრაობა” სუპერ მარგინალურ გაერთიანებად გადაიქცა. არც “პატრიოტთა ალიანსში” არიან ეფექტიანი მენეჯერები. სხვაგან საერთოდ უდაბნოა”, – აცხადებს ვახტანგ მაისაია.

მისი აზრით, როცა პოლიტიკოსის იმპულსი არ იგრძნობა და პრემიერ-მინისტრი ტექნიკურად ასრულებს თავის მოვალეობას – არც არაფერს აფუჭებს, მაგრამ არც პოზიტიურ შედეგებს დებს, ეს “ქართული ოცნების” მთავრობის რუხი ლაქაა. შესაძლოა სხვა ქვეყნები ამას იტანდნენ, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში, რომელიც არის პატარა ქვეყანა და საკმაოდ რთული სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშეა, ტექნოკრატიული მმართველობა პერსპექტიულად ვერ ჩაითვლება. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ქვეყანაში დღეს, დიდი საკადრო შიმშილია.

ვახტანგ მაისაია

ექსპერტ ვახტანგ მაისაიას აზრით, სახელმწიფო სტრუქტურებში, სამწუხაროდ, არ ჰყავთ მაღალი დონის სპეციალისტები. აქედან გამომდინარე ქვეყანაში არსებული პრობლემების ძალიან სერიოზული ნაწილი ამ ფაქტორს ეხმიანება.

“გახარიას ფაქტორი იმ ფონზე, რაც დღეს არსებობს ქართულ პოლიტიკაში, ყველაზე უკეთესია. ის იყო ეკონომიკის მინისტრი, დღეს კი ძალოვანი უწყების ხელმძღვანელია, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით. ის მოვიდა შსს-ში, რომელიც აბსოლუტურად არაპროფესიონალების მიერ იყო მართული. მეტ-ნაკლებად შეძლო ამ სექტორის რეფორმირება. მართალია პრობლემები დღესაც არსებობს, მათ შორის მოიმატა კრიმინალის მაჩვენებელმა, მაგრამ პოზიტიური ძვრებიც არის. გახარიამ აჩვენა, რომ მას საკმაოდ ეფექტიანად შეუძლია კრიზისები მართვა”, – აცხადებს ვახტანგ მაისაია და დასძენს, რომ გახარიაში პრემიერ-მინისტრობის დიდი პოტენციალია.

2020 წელი გარდამტეხი იქნება ქვეყნისთვის. სხვა სახელისუფლებო შტოებთან შედარებით იზრდება პარლამენტის უფლებამოსილება. 5-დან 3% -ზე დაიწია საარჩევნო ბარიერმა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი პარლამენტი გაცილებით ჭრელი იქნება, საკონსტიტუციო უმრავლესობა ერთი რომელიმე პარტიის ხელში აღარ ექნება. დიდი შანსი ეძლევათ სხვა პოლიტიკურ პარტიებს შევიდნენ პარლამენტში და შექმნან კონკურენტული გარემო. თუმცა, მეორე მხრივ არის სხვა საშიშროება. ადვილი შესაძლებელია ისეთი პარლამენტი მივიღოთ, რომელიც საპარლამენტო კრიზისებს გამოიწვევს და ვერ შეძლონ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება.

ანალიტიკოსი და ექსპერტი ეკონომიკის სფეროში ვაჟა ბერიძე მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია “ქართული ოცნების” საკადრო პოლიტიკა საკმაოდ არათანმიმდევრული და ბუნდოვანია. აქ განმსაზღვრელია მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიდგომები.

ის კადრებს თავისი გარემოცვიდან არჩევს და ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს. დრო და დრო თავის თანამოაზრეებსაც ეთათბირება, მაგრამ თავისი ცხოვრებისეულ გამოცდილებას ეყრდნობა. ვისზეც ჩათვლის, რომ წარმატებული იქნება, საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, ყოველგვარი ბეგრაუნდის გარეშე ამტკიცებს. ვაჟა ბერიძის აზრით, ივანიშვილის მიერ შერჩეული, ბევრი წარუმატებელი პრემიერი და მინისტრები იხილა უკვე საზოგადოებამ.

ვაჟა ბერიძის მოსაზრებით, ივანიშვილი კადრებს ცდისა და შეცდომის მეთოდით არჩევს. თუ არ ივარგა – შეცვლის. ეს კი არასტაბილურობის განცდას ქმნის, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებაში და დამაზიანებელია ქვეყნისთვისაც.

“ამ ეტაპზე ივანიშვილი საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია. ფაქტობრივად წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დამთავრებისთანავე. ამომრჩევლის წინაშე ის ავტორიტეტული ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდით უნდა წარდგეს, მაგრამ ჯერჯერობით აყოვნებს”, – აცხადებს ვაჟა ბერიძე, თუმცა იქვე დასძენს, რომ ქართული საზოგადოება მალე, საკმაოდ საინტერესო ცვლილებების მომსწრე გახდება.

ანალიტიკოსის აზრით, პრემიერის თანამდებობაზე გიორგი გახარიას კანდიდატურა ნამდვილად თუ განიხილება, ამის წინაპირობა ოპოზიციის შექმნილია, რომელიც აქტიურად ცდილობს გახარიას დისკრედიტაციას. აღმოჩნდა, რომ გახარია ძლიერი ფიგურაა და მას აქვს შანსი, მთავრობის მეთაურის თანამდებობა დაიკავოს. თუმცა, ჯერჯერობით აუგის თქმა არც მამუკა ბახტაძეზე შეგვიძლია.

Важа Беридзе

“ის საკმაოდ განსწავლული და პერსპექტიული ადამიანია, ზედმეტი კომპრომატების გარეშე, თუმცა რაღაც მას მაინც აკლია – პოლიტიკოსის უნარ-ჩვევები, საკუთარი გუნდის არყოლა. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ახალბედებისგან გუნდი ჩამოაყალიბა. გუნდი არ არის ივანიშვილთან დაახლოებული რამდენიმე კაცი, გუნდი არის ლიდერებისგან დაკომპლექტებული საკრებულო. ერთი შეხედვით გახარიაც კრებს ასეთ გუნდს და ამას ძალიან ყურადღებით აკვირდებიან როგორც მის პარტიაში, სადაც არიან ჯგუფები, რომლებსაც მისი გაძლიერება არ მოსწონს, ასევე, პოლიტიკურ ოპოზიციაში. ვნახოთ რა იქნება. ივანიშვილისთვის ბახტაძის შეცვლის საჭიროება ჯერ არ დამდგარა, მაგრამ რეზერვი არის გახარია, რომელსაც პრინციპული და თანმიმდევრული პიროვნების იმიჯი აქვს”, – აცხადებს ვაჟა ბერიძე.

მისივე თქმით, მომავალ უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი რეზერვი თბილისის მერი კახა კალაძეა.

საქართველოს სახელისუფლებო პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მოსახლეობას სამთავრობო ცვლილებებს დაჰპირდა. კადრების შესარჩევ კრიტერიუმებს, ლიდერის მიმართ ერთგულების გარდა, პროფესიონალიზმიც დაემატა. ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს თუ დავეყრდნობით, მმართველ გუნდში პროფესიონალების გაცხოველებული ძებნა უნდა მიდიოდეს. მაგრამ, ერთადერთი, რასაც შეუიარაღებელი თვალით ვხედავთ, მმართველი პარტიის რიგებში გამოკვეთილი ლიდერების მიერ, საკუთარი გუნდის გაძლიერების მცდელობაა. თანაპარტიელები, არც ერთმანეთის კრიტიკას ერიდებიან.

პოლიტოლოგთა ნაწილის აზრით, “ქართული ოცნება” დაშლის პირასაა, ნაწილი კი ამბობს, რომ მათ, საერთო ღირებულებებზე უფრო ძლიერი რამ აერთიანებთ – ფინანსური ინტერესი. ასეა თუ ისე, თუ ვინმეს არ სურს დღეს “ქართული ოცნების” დაშლა-დასუსტება, ისევ და ისევ, “ოცნების” წევრებს. შესაძლოა ბევრ მათგანს ერთმანეთზე მზე და მთვარე არ ამოდიოდეთ, მაგრამ კარგად აქვთ გააზრებული ერთობის ძალა და მნიშვნელობა.

შ. ქარჩავა