2018 წელი მიიწურა. კიდევ ერთი პოლიტიკურად და ეკონომიკურად დაძაბული და საინტერესო წელი ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში. იყო გამოწვევები, პრობლემები და წარმატებებიც. საქართველოს ამომრჩეველმა ამ წელს საბოლოოდ გამოიყენა პრეზიდენტის არჩევის უფლება. მომავალში ამას უკვე პარლამენტი გააკეთებს. პოზიტიური და მომავლის იმედებით გაჯერებული იყო, პრემიერ – მინისტრ მამუკა ბახტაძის წლის შემაჯამებელი ბრიფინგიც. მისი თქმით, საქართველო ასე ახლოს ევროპულ ოჯახთან და ნატოსთან არასოდეს ყოფილა.
საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, წლის განმავლობაში უპრეცედენტო რაოდენობის მაღალი დონის ვიზიტები შედგა. 10 წლის შემდეგ საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. საქართველო განაგრძობს სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებას თურქეთთან და აზერბაიჯანთან, რომლის შედეგად გაგრძელდა რეგიონული თანამშრომლობა მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტებზე. შედგა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთი-ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების ოთხმხრივი შეხვედრა, რომლის შედეგად შეიქმნა თანამშრომლობის ახალი ფორმატი. 2018 წელს დამყარდა პარტნიორული ურთიერთობები სომხეთის ახალ ხელისუფლებასთან და დაისახა ურთიერთქმედებისა და თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. საქართველოში გაიმართა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი, კორეის ხელისუფლებამ კი, საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გამარტივების გადაწყვეტილება მიიღო.
როგორი იყო 2018 წელი საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკასა და ეკონომიკაში, ამის შესახებ Dalma News-ი სფეროს ექსპერტებს ესაუბრა.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე: 2018 წელი, საკმაოდ დაძაბული და საინტერესო წელი იყო, ბევრი პრობლემით, მაგრამ საგარეო პოლიტიკის საკითხებში მიღწევებიც გვქონდა. მივაღწიეთ უპრეცედენტო, ორპარტიულ მხარდაჭერას აშშ-ს კონგრესში და გაისმა მოწოდებები, რომ საქართველოსთან გაფორმდეს თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება, რაც ჩვენი დიპლომატიის ძალიან დიდ მიღწევად მიმაჩნია. ასევე, არანაკლები წარმატება იყო ბრიუსელში, ევროკომისრებთან საქართველოს მთავრობის დელეგაციის შეხვედრა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. ეს იყო უმაღლესი დონის შეხვედრა თანამშრომლობის ახალი და უნიკალური ფორმატი, რომლის მსგავსი ევროკავშირს სხვა ქვეყნებთან არ გააჩნია. ამით კიდევ უფრო მაღლა აიწია ორმხრივი კონსულტაციების დონემ ევროკავშირთან. გაგრძელდა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, თუმცა გარკვეული შეფერხებები იყო, იქ დამრჩენთა თუ პოლიტიკური თავშესაფრის მთხოვნელთა მხრივ, მაგრამ სერიოზული საფრთხე ამ შეთანხმებას არ ემუქრება. გარღვევა მოხდა საგარეო ურთიერთობებში, საფრანგეთთან, გერმანიასთან, პოლონეთთან და სხვებთან მიმდინარეობს უკვე აქტიური მოლაპარაკებები, რომ საქართველოს მოქალაქეები ლეგალურად დასაქმებისთვის კვოტები გამოიყოს. თუმცა ეს არ ნიშნავს, საქართველოს მოქალაქეების მასობრივ დასაქმებას სხვა ქვეყნებში. არ უნდა გაჩნდეს ცრუ მოლოდინები.
რა ეტაპზეა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა?
გია აბაშიძე: რუსეთთან ურთიერთობაში წინსვლა არ გვქონია, გარდა იმისა, რომ სავაჭრო ბრუნვამ მოიმატა. მდგომარეობა სტაბილური და შეიძლება ითქვას ნორმალიზებულია. ერთი შეხედვით მიმდინარეობს სავაჭრო-ეკონომიკური და ტურისტული ურთიერთობის აღმასვლა. მაგრამ მეორე მხრივ არის ძლიერი წითელი ხაზები, რასაც საქართველო არასდროს დათმობს. ჟენევისა და აბაშიძე-კარასინის ფორმატი გაგრძელდება. ჯერჯერობით არანაირი ნიშან-წყალი არ ჩანს, რომ შედგება უმაღლეს ლიდერების შეხვედრა. კომუნიკაცია, განსაკუთრებით დაპირისპირებულ მხარეებს შორის, იქნება ეს პარლამენტის, თუ ექსპერტ-ჟურნალისტების დონეზე ყოველთვის აუცილებელია.
– გამოწვევები საშინაო პოლიტიკაში?
გია აბაშიძე: სერიოზული გამოწვევა იყო საპრეზიდენტო არჩევნები. არც ისეთი სამართლიანი და დემოკრატიული. ბევრი ხარვეზი გამოვლინდა, რომლებიც უნდა აღმოიფხვრას. მაგრამ 2018 წელი, უდიდესი გამოწვევა იყო თავად მმართველ პარტია “ქართულ ოცნებაში”. პოლიტიკაში დაბრუნდა ამ პარტიის დამფუძნებელი, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ “ქართული ოცნება” კატასტროფის წინაშე დადგა. გუნდში ბზარი გაჩნდა, მომავალ წელს შესაძლოა “ოცნებაში”, ძალთა გადანაწილებაც ვიხილოთ.
პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე: 2018 წელს განვითარებული პოლიტიკური პროცესები ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო. საპრეზიდენტო არჩევნები ერთგვარ სახალხო რეფერენდუმში გადაიზარდა. ეს კი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა. მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა გუნდმა სრულად გამოიყენა თავისი ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსი, პირველ ტურში არჩევნების შედეგი სავალალო იყო. მეორე ტურში კი, მივიღეთ მოცემულობა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებისთვის ხმის მიცემით, ამომრჩეველი ირჩევდა ან ივანიშვილს, ან სააკაშვილს. ეს იყო კატასტროფა. ხელისუფლებამ რეალურად წააგო პირველ ტურში. ბიძინა ივანიშვილმა კი, ქვეყანაში არსებული რეალური მდგომარეობა გააცნობიერა. მიხვდა, რომ ხალხს ნამდვილად ჰქონდა გაბრაზების მიზეზი. ამის შემდეგ იკადრა “ოცნებმა” ეღიარებინა შეცდომები.
მმართველი პარტია, რომელსაც ჯერ ალტერნატივა არ ჰყავს, იძულებული გახდა რეალობისთვის თვალებში შეეხედა. აქ მთავარი პრობლემა ის არის, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატები თავს ვალდებულად ხალხის წინაშე კი არ გრძნობენ, არამედ ივანიშვილის წინაშე. მათთვის კეთილდღეობის წყარო არის ერთი ადამიანი – ბიძინა ივანიშვილი. ამ ერთმა ადამიანმა კი პირდაპირ თქვა, რომ ადამიანების შერჩევა საჭიროა არა პირადი ერთგულებით, არამედ მათი პროფესიონალიზმით. საქართველოში არ არსებობს საშუალო ფენა, არ იყო და ამის შემდეგაც ვერ შეიქმნება. არ მაქვს ილუზია, რომ ისინი ხალხის კეთილდღეობაზე იფიქრებენ. მიხედავენ კაზინოებს, სადაც ქართველმა ხალხმა, მარტო წელს, 6 მილიარდი ლარი დახარჯა? გაცილებით მეტი, ვიდრე საკუთარი ოჯახისა და შვილების საჭმელზე. ან როდის დაიწყება კატასტროფული საგარეო ვალის შემცირება.
– რომ არა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები…
პეტრე მამრაძე: ეს არჩევნები რომ არა, ხალხის ბრაზი დაგროვდებოდა და მოთმინების ძაფი სადღაც გაწყდებოდა. შესაძლოა სოციალური აფეთქებაც მომხდარიყო. თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის გამორიცხული. ეს შეიძლება გამოიწვიოს ლარის კუპონიზაციამ, სოციალური ფონის დამძიმებამ. მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება. არის საშიშროება, რომ ქართულ პოლიტიკაში ახალი პოლიტიკური დემაგოგი გამოჩნდეს. მცირე ნაწილი განაგრძობს გამდიდრებას, უფრო დიდი ნაწილი კი გაღარიბებას. 2-3 -ჯერ შევიდა პარლამენტში ფინანსთა სამინისტროს კანონპროექტი კაზინოების დაბეგვრაზე და ეს საკითხი არ გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში ზიან ის პირები, რომლებიც კაზინოებიდან მოგებას იღებენ.
– შეიქმნება მესამე ძალა?
– ნაკლებად მოსალოდნელია. საამისო განწყობა არ იგრძნობა ბიზნესელიტაში, რომელიც ასეთ ძალას დააფინანსებდა. ბიძინა ივანიშვილი მართლა უდიდესი ქველმოქმედია და კეთილი ზრახვები ამოძრავებს. მან თუ გააკეთა სხვა არჩევანი და გამოყო სხვა გუნდი, ამ შემთხვევაში შესაძლებელია მესამე ძალის შექმნა. თუ გადაწყვეტს, რომ “ქართულმა ოცნებამ” არ გაამართლა. მაგრამ ეს არ იქნება მესამე ძალა, ეს იქნება ივანიშვილის ახალი გუნდი. მესამე ძალის შექმნის საფუძველი საქართველოში არ არსებობს.
როგორი იყო 2018 წელი საქართველოს ეკონომიკისთვის?
ექსპერტი ეკონომიკის სფეროში ვახტანგ ჭარაია: გამოწვევები წლიდან წლამდე გვაქვს და ბევრი არ მოგვარებულა. ვერაფერი ეშველა ბაზარზე კონკურენციას, თავისუფალი თამაშის წესები ჯერაც ვერ ჩამოყალიბდა ნავთობინდუსტრიაში, ფარმაცევტულ ბაზარზე, ტელეკომუნიკაციის სისტემაში და ა.შ.
ეს პრობლემები იყო, არის და, ალბათ, კიდევ კარგა ხანს იქნება, იმიტომ, რომ მათ მოგვარებას ძალიან დიდი პოლიტიკური ნება სჭირდება. თუმცა არის ისეთი გამოწვევებიც, რომელიც მოგვარდა, მაგალითად სესხების განულება. მიუხედავად იმისა, რომ ეს დაემთხვა არჩევნების მეორე ტურს, არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკური ნაბიჯი იყო თუ არა, მნიშვნელოვანია ის, რომ სუფთა ეკონომიკური თვალსაზრისით წარმატებული პროექტია, თუ ბოლომდე კარგად შესრულდება. ამით ჩვენ მივიღებთ ჯერ ერთი იმას, რომ უცხოელი ინვესტორების თვალში საქართველო სოლიდური ქვეყანა გახდება.
ძნელია ესაუბრო უცხოელ ინვესტორს, როცა ქვეყანაში 600 ათასზე მეტ ადამიანს ბანკის ვალი ვერ გადაუხდია და სიღარიბის ზღვარს მიღმაა. ბევრ მათგანს უკვე ჰქონდა დაყადაღებული ქონება, ან სასამართლოს გზით, მომავალში დაუყადაღებდნენ. ის თანხა, რასაც ვალების გასანულებლად გადაიხდის ფონდი “ქართუ”, მეორე მხრივ, ფინანსური რესურსი იქნება იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ვალს ისედაც ვერ იღებდნენ, ან მიიღებდნენ წლების შემდეგ. ახლა მათ გაუჩნდათ რესურსი, რომელიც შეუძლიათ ისევ ეკონომიკაში დააბრუნონ, უფრო დაბალ პროცენტში და სანდრო კლიენტებზე გასცენ სესხები. ეს პროექტი არ გულისხმობს იმას, რომ ამ ადამიანებს ხვალვე შეეძლებათ ახალი სესხების აღება. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსაც აღარ მიეცემათ უპასუხისმგებლო სესხების გაცემის უფლება, თუმცა ამას თავისი უარყოფითი მხარეც აქვს. სესხების გაცემის გართულება, შეამცირებს სამომხმარებლო სესხებს, ეს კი, ბიზნესს შესყიდვებს შეუმცირებს.
2018 წელს მიღწეული წარმატებები…
ვახტანგ ჭარაია: საერთაშორისო რეიტინგებში უამრავი მიმართულებით წინ წავიწიეთ, ბიზნესის განვითარების, კონკურენტუნარიანობის თუ დემოკრატიის ინდექსის, პრესის თავისუფლების მხრივ. რეიტინგებში ყველგან წინსვლა გვაქვს. ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 5%-იან ნიშნულზე გვექნება. საქართველოსთვის საკმაოდ პოზიტიური მოვლენა იყო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. 2018 წელს ქართველებმა საზღვარგარეთ მილიარდნახევარი ლარი დახარჯეს. საქართველოში, რომ არ იყოს გარკვეული პროგრესი, 1,5 მლრდ ლარის დახარჯვას ვერ შეძლებდა ხალხი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ხალხს უფრო მეტი შემოსავალი აქვს, თუმცა ეს არ არის საკმარისი. თუნდაც ის, რომ კონკურენცია ვერ ლაგდება და ბევრად მეტის გადახდა უწევს ხალხს წამლებში, საწვავში და ა.შ, ეს ძალიან დიდი პრობლემაა. კონკურენციის სააგენტოს მეშვეობით უნდა მიაღწიოს ხელისუფლებამ იმას, რომ ამ სფეროში კონკურენტული გარემო ჩამოყალიბდეს. ეს ეხება საბანკო სექტორსაც. ბევრად უკეთესი ქვეყანა გვექნებოდა, ეს პრობლემები თუ მოგვარდებოდა.
– 2019 წლიდან “საპენსიო ფონდი” ამოქმედდება, რომლის მიმართ გარკვეული სკეპტიკური დამოკიდებულება არსებობს. რა მოლოდინი გაქვთ, იქნება თუ არა ეფექტიანი ეს რეფორმა?
ვახტანგ ჭარაია: საპენსიო ფონდის მიმართ ძალიან ბევრი კითხვის ნიშნებია, თუ სად უნდა დააბანდონ ამ ფონდში აკუმულირებული თანხები. რა თანხას მიიღებს ადამიანი პენსიაში გასვლის შემდეგ, როგორი იქნება იმ დროისთვის ლარის მსყიდველუნარიანობა, რამდენად დაცული იქნება ამ თანხების უსაფრთხოება და ხომ არ მოხდება ისე, რომ ხელისუფლება “საპენსიო ფონდიდან” აღებულ თანხას თავისი მიზნებისთვის გამოიყენებს? უამრავი კითხვის ნიშნებია, რომელზეც პასუხები ჯერ არ გაცემულა, თუმცა, ისიც ფაქტია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი საპენსიო ტვირთს ვეღარ უძლებს. დღეისთვის თუ 700-800 ათასამდე პენსიონერი გვყავს, 2030 წლისთვის, გაეროს კვლევის თანახმად, ეს რიცხვი ერთ მილიონს მიაღწევს. ამასთანავე, უნდა გაიზარდოს პენსია, ის ვერ დარჩება 200 ლარზე. ყველაფერ ამას თუ გავითვალისწინებთ, სახელმწიფო ბიუჯეტი ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარდება, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება ხელისუფლებაში.
პენსიონერებს ემატება დაახლოებით 400-450 ათასი სოციალურად დაუცველი და დევნილი მოსახლეობა. სოციალური პაკეტი, რომელიც ხელისუფლებამ უნდა გასწიოს, ძალიან დიდი ტვირთია, მას ძალიან ცოტა თანხა რჩება, თუნდაც მასწავლებლების, ჯარისკაცების, პოლიციელების ხელფასებისთვის, ინფრასტრუქტურისთვის და ა.შ. ამიტომ სასურველია ახალი ფორმა მოიძებნოს. ბიუჯეტის ალტერნატივა უნდა გამოჩნდეს. ეს ინიციატივა თუ დაიხვეწება, შეიძლება ერთ-ერთ გამოსავლად მივიჩნიოთ.
– როგორია მცირე ბიზნესის ხელშეწყობა?
ვახტანგ ჭარაია: ამ მხრივ გარკვეული ძვრები არის. 5-დნ 1%-მდე დაიწია მოგების გადასახადმა, 100 000-დან 500 000 -მდე აიწია დაუბეგრავმა მინიმუმმა. მთლიანობაში, ბიზნესგარემო კი არის საქართველოში მიმზიდველი და ამას სხვადასხვა რეიტინგებიც მოწმობს, მაგრამ უამრავი სხვა საკითხია მოსაწესრიგებელი. კერძოდ, მოსახლეობის დაბალი მსყიდველობითი უნარი, ბიზნესის განვითარების სირთულეები, რაც უკავშირდება საბანკო სესხთან წვდომას და მის საპროცენტო განაკვეთს, დაცულობა სასამართლოს კუთხით, დაფინანსების მოპოვების ალტერნატიული წყაროების ბანკების გარდა და სხვა.
ესაუბრა შორენა პაპაშვილი