საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ბოლო დროს, ქართული საზოგადოების წყრომას იმსახურებს. ჯერ იყო და მარიხუანის ლეგალიზება დააკანონა, ახლა სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გაყიდვა დაუშვა. მიწების უცხოელებზე გასხვისების აქტიური პროცესი, რომელიც ჯერ კიდევ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლებამ დაიწყო, როგორც ჩანს “ქართული ოცნებისთვისაც” მიმზიდველია. ხუმრობა ხომ არ არის, ქვეყანას ეკონომიკური გაუმჯობესება ერთ წელიწადში უნდა დაეტყოს, უცხოელი ინვესტორები კი გარანტიებს ითხოვენ, გარანტია კი უძრავი ქონება – მიწაა.
ქართული საზოგადოების დიდი ძალისხმევის შედეგად კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გაყიდვა იკრძალება, ხოლო დაუმუშავებელი სავარგულები მფლობელებს ჩამოერთმევათ. პრობლემა იმაშია, რომ ახალი კონსტიტუცია 16 დეკემბრიდან შევა ძალაში. საკონსტიტუციო სასამართლომ სახელმწიფო კონსტიტუციის საპირისპირო გადაწყვეტილება კი, რამდენიმე დღით ადრე, ადამიანის უფლებათა დამცველის, ნინო ლომჯარიას სარჩელის შესაბამისად მიიღო.
სასამართლო გადაწყვეტილებამ აღაშფოთა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური პარტიების ნაწილი. იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქცია ლოზუნგით – “ქართული მიწა არ იყიდება!”, გაიმართა. XIX საუკუნეში გაჟღერებული იდეა – “მამული, ენა, სარწმუნოება”, XXI -შიც აქტუალურია. მიწების უცხოელებზე გაყიდვა, რეალურ თუ ვირტუალურ სამყაროში, უამრავმა ადამიანმა გააპროტესტა.
“კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებამდე 9 დღით ადრე, 2018 წლის 7 დეკემბერს, მიღებულა, ქართულ სახელმწიფოზე უპრეცედენტო მასშტაბის ზიანის მომტანი გადაწყვეტილება, ჯერ კიდევ მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებში გაუქმებულიყო მორატორიუმი სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვასთან დაკავშირებით, რაც ხელს უხსნის ამ უკანასკნელთ განაახლონ წარმოება იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრში მიწაზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლად. დღეის მდგომარეობით შესულია ასეთი 2560 განაცხადი, რომელთა უკან ათასობით ჰექტარი ქართული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა იგულისხმება გაყიდვა-გასხვისების მოლოდინში”, – აცხადებენ საპროტესტო აქციის ორგანიზატორები.
მათივე თქმით, იმის გამო, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ საჩივრდება და 10 დეკემბრის დილის 10:00 საათიდან შეუქცევადად განახლდება მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უცხოელთათვის, ხოლო პროცესის შეჩერების პოლიტიკურ ნებას და ინიციატივას ვერ ავლენს ხელისუფლება, ერთადერთ ლეგიტიმურ გზად რჩება საჯარო რეესტრში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა კონსტიტუციური და კანონით გამყარებული გაფიცვის უფლება.
საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა, სწორედ იუსტიციის სახლში მომუშავე თანამოქალაქეებს სრული კონსოლიდაციისა და გაერთიანებისკენ მოუწოდეს, რათა შექმნილიყო დროებითი საგაფიცვო კომიტეტი. ასეთ შემთხვევაში, 10 დეკემბრიდან 17 დეკემბრამდე, მიღწეულ იქნებოდა უმთავრესი ლეგიტიმური მიზანი და უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა არ გასხვისდებოდა.
აქციის მონაწილეებს დიდი იმედი ჰქონდათ, რომ მათ მოთხოვნებს მინიმუმ იუსტიციის მინისტრი, მაქსიმუმ – პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურებოდა და ერთად შეიმუშავებდნენ გეგმას, როგორ დაეძლიათ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის გაბათილების უფლება პარლამენტს არ აქვს.
როგორც Dalma News-ს საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, უფლებადამცველმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ პოლიტიკურ ბერკეტებს არ გამოიყენებს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული უფლება, აჯანყდეს. ისევე, როგორც ნებისმიერ საჯარო პირს აქვს უფლება – გაიფიცოს.
“იმ შემთხვევაში თუ ქართული საზოგადოების მოთხოვნა არ შესრულდება, სრულიად საქართველოს ტერიტორიაზე აჯანყებისთვის მზადებას დავიწყებთ. ეს იქნება ლეგიტიმური კონსტიტუციური აქტი. სამოქალაქო დაუმორჩილებლობას გამოვაცხადებთ”, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
საპროტესტო აქციის პირველი დღე უშედეგოდ დასრულდა. აქციის ორგანიზატორები იმედოვნებდნენ, რომ ესოდენ მნიშვნელოვან საკითხს ხელისუფლებისგან გამოხმაურება, საღამოს 6 საათამდე მოჰყვებოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. პროტესტანტებსა და იუსტიციის სახლის ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკება ვერ შედგა. უფრო მეტიც, მომსახურე პერსონალმა გამოთქვა უკმაყოფილება, რომ მოქალაქეებს სერვისების მიღებაში ხელი ეშლებათ.
როგორც საპროტესტოდ განწყობილი მოქალაქეები ამბობენ, ხელისუფლება იმედოვნებს, რომ მათი საპროტესტო აქცია გამარგინალდება, ამისთვის გარკვეულ ტექნოლოგიებსაც გამოიყენებენ, მაგრამ. “თვითონ საზოგადოება არ დაუშვებს ამ პროცესის გამარგინალებას”.
“ჩვენ ხვალ კვლავ მივალთ იუსტიციის სახლთან და დავაფიქსირებთ პოზიციას, რომ ყოველი ახალი დღე და ყოველი მომდევნო საათი, საქართველოს მიწას ართმევს”, – აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
მისივე შეფასებით, შექმნილია ჩიხური ვითარება, ხელისუფლებას კი პრობლემის მოსაგვარებლად კონკრეტულ სამართლებრივ ბერკეტებს სთავაზობს. კერძოდ, პარლამენტმა გამოსცეს ახალი მორატორიუმის აქტი, რაც ლორთქიფანიძის განმარტებით სრულებით შესაძლებელია ტექნიკური რეგლამენტის გათვალისწინებით, რათა შეიზღუდოს, შეჩერდეს, შეწყდეს მიწების რეგისტრაცია.
მისივე თქმით, ეს იქნება ერთგვარი კაზუსი სამართლის სფეროში, მაგრამ დროის გაყვანის შედეგად მიიღწევა ის, რომ საკუთრების უფლების რეგულაცია, მათ შორის უცხოელებისთვის, ორგანულ კანონს დაექვემდებარება.
ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე, Dalma News-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მიწის თემას თავისი ისტორია აქვს. ამ საკითხს უნდა შევხედოთ, როგორც ბიზნესისა და ეკონომიკის, ასევე, ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ქართული მიწების შეძენის მსურველები ძირითადად არიან არაბულ სამყაროში, თურქეთში, ინდოეთში, ჩინეთში… ექსპერტის აზრით, როდესაც ქართული საზოგადოება დაჟინებით მოითხოვს არ გასხვისდეს სავარგულები, მათ ქსენოფობიური პრობლემები კი არ ალაპარაკებთ, არამედ, ხვალინდელი დღე ადარდებთ, დაემუქრება თუ არა საფრთხე ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. მიწა, ეს ერთ-ერთი ის საკითხია, რომელიც ხალხის ნების შესაბამისად უნდა გადაწყდეს, საპირისპიროს შემთხვევაში კი პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება.
ვაჟა ბერიძისთვის გაუგებარია, რომელი ქვეყნის გამოცდილების გათვალისწინებით მოქმედებს ხელისუფლება, რომელიც მწვანე შუქს უნთებს უცხო ქვეყნებს, საკუთარი მიწის დაპატრონებისას.
მისივე თქმით, ასეთ დროს გასათვალისწინებელია საერთაშორისო გამოცდილება – როგორც წამყვანი დემოკრატიული, ისე პოსტსაბჭოთა ქვეყნების. მიწის საკითხის მიმართ ფრთხილი დამოკიდებულება ბევრ ქვეყანაში არსებობს, რომლებიც საქართველოს ფართობით ასეული ათასობით აღემატებიან. მათ შორის, აშშ-ში, რამდენიმე წლის წინათ 7 პორტის გაყიდვაზე იყო საუბარი, რომელიც არაბული ქვეყნებიდან შეერთებული შტატების მოკავშირეებს უნდა შეეძინათ. ამერიკის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პორტი, როგორც სტრატეგიული დანიშნულების ობიექტი და მიწა, როგორც მილევადი რესურსი, არ გაეყიდათ.
რაც შეეხება პოსტსოციალისტური ქვეყნების გამოცდილებას, ანალიტიკოსს მოჰყავს ჩეხეთის მაგალითი, სადაც სასოფლო-სამურნეო სავარგულების უცხოელ ფერმერებზე გაყიდვა, ჯერ კიდევ 10 წლის წინ აიკრძალა. ეს არის ქვეყანა ცენტრალურ ევროპაში, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს და რომელსაც დასავლეთით გერმანია ესაზღვრება.
“ჩეხეთის მთავრობის მიზანი იყო, ჩეხი და გერმანელი ფერმერები, სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვის არათანაბარ პირობებში ჩაყენება. გერმანელი ფერმერები დაინტერესებულნი არიან აგრობიზნესით და ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით, უფრო მეტად მიუწვდებათ ხელი. ხოლო ჩეხეთს, როგორც პოსტსოციალისტურ ქვეყანას, სირთულეები დღემდე აქვს. მიწების გაყიდვას ზღვის სანაპიროსთან ახლო და სტრატეგიულ რეგიონებში საბერძნეთის კანონმდებლობაც კრძალავს. ყველა ქვეყანა ამოდის თავისი ეროვნული ინტერესებიდან. მაგალითად, ჩვენს მეზობელ თურქეთში მიწის სოლიდურ ნაკვეთს ვერ შეიძენთ, გარკვეული სპეციფიკური ეტაპების გავლის გარეშე. ასეთივე დამოკიდებულებაა ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში. ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი”, – აცხადებს ვაჟა ბერიძე.
მისივე თქმით, თუ საქართველოში მაინც ასეთი პოლიტიკა უნდა დამკვიდრდეს, მაშინ მთავრობამ საზოგადოებას უნდა დაუსაბუთოს, რომ ეს ქვეყნისთვის იმხელა ეკონომიკური ეფექტის მომტანია, რომ ამაზე წასვლა ღირს და ეროვნულ ინტერესებს ამით ზიანი არ მიადგება.
საინტერესოა, ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე დარჩენილ მცირე დროში, რა ეკონომიკურ ეფექტს ელოდება “ქართული ოცნების” ხელისუფლება ქართული მიწების უცხოელი ინვესტორებისთვის დაკანონებაში? ერთი რამ აშკარაა, რაც არ უნდა თვალსაჩინო იყოს ეკონომიკური ეფექტი, ის მაინც მცირევადიანი იქნება და ვერ შეედრება იმ პოლიტიკურ დანაკარგს, რაც შესაძლოა ამას მოჰყვეს “ოცნებისთვის”. ორ წელიწადში საპარლამენტო არჩევნებია, ოპოზიცია კი უკვე დღეს საუბრობს რიგგარეშე არჩევნების აუცილებლობაზე.
შორენა პაპაშვილი