საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად ქალი პრეზიდენტი ეყოლება. დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა ხმების 60%-ზე ცოტა ნაკლები მიიღო და თითქმის 20%-იანი სხვაობით დაამარცხა პარტია “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე. ინფორმაციისთვის უნდა ითქვას, რომ ორივე მათგანი, მართალია სხვადასხვა დროს, მაგრამ ერთი ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრები იყვნენ. სალომე ზურაბიშვილი არც მალავს, რომ მისი საქართველოში ჩამოყვანა და საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა სწორედ ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა მოინდომა. ეს ის პრეზიდენტია, რომლის ხელისუფლებასაც ხალხმა 2012 წელს, პოლიტიკური უარი უთხრა და ზუსტად ერთ წელიწადში თავად პრეზიდენტი საკუთარი ქვეყნის მიერ ძებნილად გამოცხადდა. თუმცა ისტორიის ეს ნაწილი ყველამ კარგად იცის.
ახალ, 2019 წელს საქართველო ახალი პრეზიდენტით შეხვდება. ის, 100 წლის წინათ, საფრანგეთში წასული ქართველი ემიგრანტების შთამომავალია. არჩევნების დასრულებისთანავე, სალომე ზურაბიშვილს გაპრეზიდენტება პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებიდან პირველმა ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ, სოციალური ქსელის მეშვეობით მიულოცა.
სალომე ზურაბიშვილს არც თუ იოლი ბრძოლის გადატანა მოუხდა. პარტიამ, რომლის ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრიც იყო ის “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, მას ნამდვილი სამტრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამოუცხადა. ირონიის საგნად იქცა ზურაბიშვილის მიერ ქართული ენის ცოდნა. მის მიერ, არც თუ გამართული ქართულით გამოთქმულ სიტყვებს მისსავე საწინააღმდეგოდ იყენებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს მხარდაჭერა მმართველმა პარტია “ქართულმა ოცნებამ” გამოუცხადა, არჩევნების პირველ ტურში, სალომე ზურაბიშვილის უკან ძლიერი მხარი არ იგრძნობოდა. მაგრამ ეს მხარდაჭერა მეორე ტურში უფრო აშკარა გახდა. სალომე ზურაბიშვილს საკუთარი მხარდამჭერები “პატრიოტულმა ალიანსმაც” მიაშველა. ირმა ინაშვილმა ღიად მოუწოდა ყველას პრეზიდენტობის ქალი კანდიდატის მხარდაჭერისკენ, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობასთან” არასდროს, არც ერთ გარიგებაზე არ წასულა და რაკი ერთხელ მონათლა ისინი “ქაჯებად”, მისთვის ეს პარტია დღემდე ასეთად რჩება. ერთი სიტყვით, ირმა ინაშვილმა, ქართულ პოლიტიკაში ქალური სოლიდარობის უიშვიათესი მაგალითი წარმოადგინა.
ანალიტიკოს ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში უცნაური რამ მოხდა. ამომრჩეველმა აირჩია ქალი კანდიდატი, თუმცა მის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი სხვა ქალ პოლიტიკოსს – ირმა ინაშვილს ეკუთვნოდა. ხათუნა ლაგაზიძე მთელს ამ ისტორიაში ბიძინა ივანიშვილისა და მიერ დაქირავებული პიარის სპეციალისტების დამსახურებასაც აღნიშნავს. თუმცა, ქალური სოლიდარობის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ეფექტიანი პიარი არ ნიშნავს მორალურ პიარს, რომელიც ირმა ინაშვილმა ითავა.
სოციალური ფსიქოლოგის, დეპუტატ გუგული მაღრაძის შეფასებით, ქალი პრეზიდენტი მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. როგორც მან Dalma News -სთან საუბრისას განაცხადა, სამყარო და საკუთრივ პოლიტიკა არის მასკულინური, ხოლო ქალი პრეზიდენტი ქვეყნისთვის კარგი განაცხადია.
“დარწმუნებული ვარ, ქალბატონი სალომე უფრო კარგად დაინახავს იმ საჭიროებს, რაც ქალებს აქვთ, ქალური სოლიდარობა არსებობს ასეთ შემთხვევაში. კაცები მთელს მსოფლიოში არ არიან დაჩაგრულები და მათი უპირატესობა თვალსაჩინოა ყველა ქვეყანაში”, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.
მისივე შეფასებით, შემაშფოთებელი იყო ის დისკრიმინაციული ფონი, რომელიც სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მისმა ოპონენტებმა შექმნეს, არა მხოლოდ, როგორც პოლიტიკოსის, არამედ ქალის მიმართ.
“იყო ასეთი კომენტარებიც – “რა გინდა 65 წლის ქალს, წადი სახლში დაჯექი. რა დროს პოლიტიკაა?”. ჩვენს საზოგადოებაში არსებობს გარკვეული გენდერული უთანასწორობა. ქალი პრეზიდენტი ძალიან დადებითია ჩვენი ქვეყნისთვის. დავანახოთ მთელს მსოფლიოს, რომ საქართველო ღიაა გენდერული თანასწორობისადმი. თანდათანობით ჩვენ ამ სენს დავძლევთ და მართლა მიიღწევა თანასწორობა”, – აცხადებს გუგული მაღრაძე.
დეპუტატი გუგული მაღრაძე დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილი, ასევე, იქნება ქალთა უფლებების დამცველი. ეს საზოგადოების ის ფენაა, რომელსაც უამრავი პრობლემა აწუხებთ და მათი დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხებისადმი მნიშვნელოვნად განსხვავდება მამაკაცების ხედვისგან.
დეპუტატის აზრით, საქართველოში ბევრი ქალთა ორგანიზაცია არსებობს, მაგრამ ისინი ვერ გამოხატავენ ქალი მოსახლეობის ინტერესებს. ყველგან პრობლემები აქვთ ადამიანებს, მაგრამ არის სპეციფიკური პრობლემები, რასაც საკუთრივ ქალები ეჯახებიან.
გუგული მაღრაძე ერთ კონკრეტულ შემთხვევას იხსენებს. 2012 წელს, სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებისას, როცა განიხილავდნენ თუ რაში უნდა დახარჯულიყო სოფლის ბიუჯეტიდან თანხები, გენდერულად განსხვავებული მიდგომები გამოიკვეთა. ბევრ სოფელში მამაკაცების უმრავლესობა ამბობდა, რომ უნდოდათ სადღესასწაულო სახლის აშენება, სადაც ქორწილებს, ქელეხს და ა.შ გამართავდნენ. ქალები კი ამბობდნენ, რომ უნდოდათ საბავშვო ბაღი.
“ქალების და მამაკაცების საჭიროებები ყოველთვის ერთნაირი არ არის. სიღარიბის დაძლევისას მნიშვნელობა აქვს, რამდენად არის ჩართული ქალი ეკონომიკურ საქმიანობაში. ზუსტად ის, რომ ქალს აქვს თავისი შემოსავალი დიდ როლს თამაშობს სიღარიბის დაძლევაში. ჩვენ უნდა გვქონდეს სპეციალური პროგრამები ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის, რომ მეტ ქალს მიეცეს საშუალება, იყოს არა მარტო დაქირავებული, არამედ აწარმოოს საკუთარი საქმიანობა”, – აცხადებს გუგული მაღრაძე.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა ერთ-ერთია, ვინც პირველივე წუთებიდან მხარს უჭერს საქართველოს ქალი პრეზიდენტის იდეას. მისი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილს გამარჯვება მოუტანა არა “ქართულმა ოცნებამ”, არამედ ქართველმა ხალხმა.
“ის არის ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსი, რომელსაც კონკრეტული შედეგები აქვს საერთაშორისო ასპარეზზე მისი კარიერის მანძილზე. მე ვიცი მისი დამოკიდებულება და სიყვარული საქართველოსადმი. მან დატოვა საფრანგეთში ყველანაირად დალაგებული ცხოვრება. ქართულად გაზარდა თავისი შვილები, რაც იშვიათობაა. ყველაზე რთულია შვილი უცხო ქვეყანაში გაზარდო და შეუნარჩუნო მშობლიური ენა. რაც მთავარია, მას შეურაცხყოფის იმ ნიაღვარზე, რაც მის წინააღმდეგ მიედინებოდა, არც ერთხელ პასუხი არ გაუცია. ღირსეულად გაიარა ეს ჯოჯოხეთი და ამით მაგალითი მისცა ახალგაზრდებს. საქართველოს მადლი არის ქალებში და არა კაცებში. კაცებმა იმდენი შეცდომა დაუშვეს, რომ დღეს დადგა დრო, ამ ქვეყნის სათავეში ქალი იყოს”, – მიაჩნია გოგა ხაინდრავას.
და მაინც, როგორია თავად საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის გეგმები. არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ გაკეთებულ პირველივე საჯარო მიმართვაში, სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს, საზოგადოებას, მმართველ პარტიას, ოჯახს, შვილებს, ჟურნალისტებს. მაგრამ რაც ყველაზე ნიშანდობლივია, სალომე ზურაბიშვილს სურს დიალოგი საზოგადოების იმ 40%-თან, რომელმაც მას არ მისცა ხმა.
ინაუგურაციის შემდეგ პრეზიდენტი არ აპირებს, მისი ერთ-ერთი წინამორბედის, მიხეილ სააკაშვილის მიერ აშენებული, ავლაბრის რეზიდენციის დაკავებას. ყოველ შემთხვევაში, ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში ამბობდა, რომ თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანების სასახლე მისთვის სრულებით მისაღებია, ის ბევრად უფრო ევროპულია. ამ შენობას მისთვის ისტორიული მნიშვნელობა აქვს.
“ჩემი წინაპრები ბარათაშვილები და ორბელიანები იყვნენ, ამიტომ ორბელიანების სასახლე ჩემთვის სრულიად მისაღებია. ბევრად უფრო ევროპული ყაიდისაა, ვიდრე ავლაბრის სასახლის მასშტაბური შენობა, რომელიც სხვა რაღაცებს მაგონებს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილს სურს ჩვეულებრივი პრეზიდენტი იყო, რომელიც ყავას სვამს, დადის ქუჩაში და თანამოქალაქეებისგან განცალკევებული არ არის. დრო გვიჩვენებს, რამდენად ასრულებადია სალომე ზურაბიშვილის სურვილები და დაემთხვევა თუ არა ის მოსახლეობის სურვილებს, რომელთა ინტერესების დამცველიც უნდა იყოს საქართველოს ახალი პრეზიდენტი.
შ. ქარჩავა