სომხეთის სახელმწიფო დავალიანება მიმდინარე წლის 31 ივლისის მონაცემებით 4 მილიარდ 723 მილიონ დოლარს შეადგენს, – წერს გამოცემა “აიკაკან ჯამანაკი”.
“30 ივნისის მონაცემებთან შედარებით ჩვენი სახელმწიფო ვალი 42,5 მილიონ დოლარზე მეტად გაიზარდა, ხოლო წლის დასაწყისში არსებულ მონაცემებთან შედარებით – 281 მილიონი დოლარით. სომხეთის სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამის მიხედვით, მიმდინარე წელს სახელმწიფო დავალიანება მხოლოდ 4,1 მილიარდი დოლარი უნდა იყოს.
როგორც სჩანს, სომხეთის მთავრობამ სახელმწიფო დავალიანების “გეგმას” თითქმის 14%-ით გადააჭარბა და ესეც მხოლოდ წლის შუა პერიოდში. 2015 წლის ბოლომდე სავარაუდო ზღვარი შესაძლოა 20-25%-ით გაიზარდოს.
სახელმწიფო დავალიანების გაზრდის ძირითადი მიზეზი საგარეო ვალის გაზრდაა, რომელიც წლის დასაწყისში 240 მილიონი დოლარით გაიზარდა და სომხეთის ისტორიაში პირველად გადალახა 4 მილიარდიანი ზღვარი. რამაც საბოლოოდ შეადგინა 4 მილიარდ 24 მილიონი დოლარი. თუმცა, სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამის მიხედვით, სომხეთის საგარეო ვალი წლის ბოლომდე მხოლოდ 3,4 მილიარდი დოლარი უნდა ყოფილიყო”, – წერს გაზეთი “აიკაკან ჯამანაკი”.