საზოგადოება “2030”-ის წევრი მიხეილ დუნდუა მიიჩნევს, რომ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციის მიდამო 2.10-ის, 2.15-ის 2 ლარის ფარგლებში უნდა იყოს და არა იმ ნიშნულზე, რომელიც დღეს არის.
როგორც მიხეილ დუნდუამ გამართულ პრესკონფენეციაზე განაცხადა, ლარის დღევანდელი მდგომარეობა არ არის განპირობებული ეკონომიკური მდგომარეობით და მიაჩნია, რომ სავალუტო შემოდინებების გაუმჯობესების ფონზე ლარის კურსი არ უნდა ეცემოდეს.
“ეს არის ეროვნული ბანკის უმოქმედობის, ნაკლები ანგარიშვალდებულების, ნაკლები პასუხისმგებლობის შედეგი”, – აცხადებს დუნდუა და დასძენს, რომ საჭიროა გამოქვეყნდეს ფინანსური სტაბილურობის ანგარიში, შეიქმნას შესაბამისი კომიტეტი თუ განყოფილება, რომელიც წარმოადგენს დებულებას, ჩაატარებს სხდომას და გამოიტანს გადაწყვეტილებას.
მისივე თქმით, სავალუტო ფონდმა ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი მოიწონა, რომელიც არ ითვალისწინებდა სოციალური და მიმდინარე ხარჯების შემცირებას და ეს პროცესი პოზიტიურად შეაფასა.
მიხეილ დუნდუას აზრით, არასწორია, როდესაც რეფინანსირების მაჩვენებლის შემცირება ბიუჯეტიდან კომპენსირებით ხდება, რაც მოსახლეობას აწვება ტვირთად. შესაბამისად კი ბანკებს არანაირი სურვილი არ აქვთ დოლარი გაყიდონ და ლარი იყიდონ, მაშინ როდესაც ნაკადების 70% ურთიერთშორის გასესხებაზე მოდის.
“რაც ადასტურებს, რომ ლარზე მოთხოვნა მაღალია და ამ დროს ბიუჯეტისკენ ვიშვერთ ხელს და მის შემცირებისკენ მივუთითებთ, რომ მოქალაქეები დაზარალდნენ, ეს არასწორი მიდგომაა. თუ ბანკებს ლიკვიდურობის პრობლემა აქვთ, კარგად ჩამოაყალიბონ გეგმა, კარგად გათვალონ, მოიზიდონ თანხები ანაბრებიდან, დროებით შეეგუონ იმ ფაქტს, რომ შეიძლება მოგება მაქსიმალურ მაჩვენებლამდე არ მივიდეს,” – განაცხადა დუნდუამ.