მეზობელ სომხეთში მიმდინარე პოლიტიკურმა მოვლენებმა საქართველოში დიდი ინტერესი გამოიწვია. ამ საკითხს დღემდე აქტიურად განიხილავენ, როგორც საზოგადოებაში, ისე სპეციალისტების და ექსპერტების წრეში. ეს გასაკვირი არც არის, რადგანაც ქართველი და სომეხი ხალხი უკვე ათასწლეულებია ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხოვრობენ და ერთმანეთის ჭირ-ვარამს იზიარებდნენ. ცხადია, ამ პროცესისადმი გულგრილი ვერც პოლიტიკოსები დარჩებიან. ამასთან დაკავშირებით, მაღალი დონის ოფიციალური შეხვედრები შედგა.
სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა თავის ქართველ კოლეგა გიორგი მარგველაშვილთან სატელეფონო საუბარში ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, სომხურ-ქართული თანამშრომლობის პერსპექტივები და სომხეთის შიდაპოლიტიკური ვითარება განიხილა. გარდა ამისა, სომხეთის პრეზიდენტმა პირველი ქართული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც თბილისში 26 მაისს გაიმართება, გიორგი მარგველაშვილის მიპატიჟება მიიღო. აღსანიშნავია, რომ არც ისე შორეულ წარსულში სომხეთმა სახელმწიფო მართვის საპრეზიდენტოფორმა, საპარლამენტო ფორმით შეცვალა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში მთავარი პოლიტიკური ფიგურა პრემიერ-მინისტრია. ამ პოსტზე სერჟ სარქსიანის გადადგომის შემდეგ, ნიკოლ პაშინიანი დაინიშნა. სომეხმა ხალხმა, რომელიც არ დაინტერესებულა საკუთარი მთავრობის, ან პარლამენტის, ან მსოფლიო საზოგადოების მოსაზრებით, ეს ადამიანი პრემიერ-მინისტრად აირჩია. სწორია, თუ არა მისი არჩევანი დრო აჩვენებს. დღეს კი რეალობა ასეთია.
თავდაპირველად, ნიკოლოზ პაშინიანი აქტიურად ეკონტაქტებოდა დიდ საგარეო-პოლიტიკურ მოთამაშეებს, რათა მათთვის საკუთარი სამომავლო გეგმები და სომხური სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური კურსი გაეცნო. მართალია, საქართველო გლობალური პოლიტიკის მსხვილ მოთამაშეებს არ განეკუთვნება,თუმცა ჯერ კიდევ პრემიერად არჩევამდე, პაშინიანის ინიციატივით, სომხეთის ეროვნულ კრებაში საქართველოს საგანგებო ელჩს სომხეთში – გიორგი საგანელიძეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს და სომხეთს შორის ტრადიციული კეთილმეზობლური ურთიერთობები განიხილეს და პაშინიანმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნის შემდეგ მზად იქნება საქართველოსთან ურთიერთობების შემდგომი განვითარება-გაღრმავებისთვის.
პაშინიანმა პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მილოცვა მიიღო. რამოდენიმე დღის შემდეგ კი მათი სატელეფონო საუბარიც შედგა. მათ, ისევე როგორც პრეზიდენტებმა, საქართველო-სომხეთის ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს. პაშინიანს მიაჩნია, რომ ამ ქვეყნების ურთიერთობა მსოფლიო პოლიტიკაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, რადგანაც ძალიან ხშირად, მათ შორის ურთიერთობა სწორედ ფართო გეოპოლიტიკური პროცესების ჭრილში განიხილებოდა, რაც გარკვეულ რისკებს ქმნიდა.
“მოხარული ვარ, რომ საქართველოშიც და სომხეთშიც ამ რისკების რეგულირების სურვილი არსებობს”, – განაცხადა პაშინიანმა.
პაშინიანს ასევე მიაჩნია, რომ ორ ქვეყანას თავისი ურთიერთობების ამოცანებზე საუბრის არ უნდა ეშინოდეს. “ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს იმაში, რომ ურთიერთპატივისცემის – სწორედაც ურთიერთ და არა ცალმხრივი პატივისცემის – დროს შესაძლებელია და საჭიროა ურთიერთობების განვითარება”,- განაცხადა სომხეთის პრემიერმა.
საქართველოს და სომხეთს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებში ეჭვი, არც ქართველ ექსპერტებს ეპარებათ. ამ მოსაზრებას იზიარებენს საქართველოს ჯანდაცვის და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი და საქართველოს პრეზიდენტის აპარატის ყოფილი ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე, რომელმაც განაცხადა:
“სომხეთში მიმდინარე მოვლენებს საქართველოში დადებითად აფასებენ. ვიმედოვნებთ, რომ ახალი პრემიერი ქვეყნის სათავეში რეფორმატორების გუნდს მოიყვანს, რომელთან მუშაობაც ჩვენი ხელისუფლებისთვის სასარგებლო იქნება”.
სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური ვითარება უკვე ცნობილია. თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული მოკავშირეები არიან, რამდენად არალოგიკურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს საქართველოსთან მიმართებაში. საერთო ინტერესები აქვთ რუსეთს, სომხეთს და ირანს, სადაც რუსეთი სომხეთის სტრატეგიული მოკავშირეა, ხოლო ირანი მისი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, თუ გავითვალისწინებთ თურქეთის და აზერბაიჯანის მხრიდან არსებულ ყრუ ბარიერს.
სომხეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე იქმნება შთაბეჭდილება, რომ ქართველი პოლიტიკოსები სომხეთის “ხავერდოვან” რევოლუციას ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის მნიშვნელოვანი ცვლილებების მოხდენის მოლოდინს უკავშირებენ. ამგვარი მოლოდინი შესაძლოა იმას უკავშირდებოდეს, რომ ჯერ კიდევ ოპოზიციონერ დეპუტატად ყოფნის დროს, ნიკოლოზ პაშინიანი რესპუბლიკურ პარტიას იმაში ადანაშაულებდა, რომ მან ქვეყნის სუვერენიტეტის ნაწილი საკუთარი სურვილით გადასცა “რუსეთს, რომელიც სომხეთის მოკავშირეა და ამავდროულად აზერბაიჯანს შეიარაღებაში ეხმარება”. აქედან გამომდინარე, ზოგიერთი ექსპერტი ლოგიკურად ასკვნის, რომ “თუ სერჟ სარგსიანი პრორუსულია, ნიკოლოზ პაშინიანი პროამერიკული იქნება”. სავარაუდოდ, ეს ძალიან მარტივი ლოგიკაა, სინამდვილეში კი ყველაფერი ბევრად უფრო რთულადაა. ერთია, როდესაც მთავრობას ოპოზიციონერის სავარძლიდან აკრიტიკებ და სულ სხვაა, როდესაც მმართველობის სადავეებს საკუთარ ხელში იღებ და ქვეყნის, სახელმწიფოს და ხალხის წინაშე პასუხისმგებლობას კისრულობ.
სომხეთი ერთადერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, რომელმაც მრავალვექტორული პოლიტიკა არა მხოლოდ დააკანონა, არამედ წარმატებით განახორციელა. მან გარკვეული პოლიტიკური პარადოქსი შექმნა და თავისი პოლიტიკა „პროამერიკულებს შორის ყველაზე პრორუსულად და პრორუსულებს შორის ყველაზე პროამერიკულად“ აქცია. აშშ-ს, რომელმაც რუსეთი და ირანი მთავარ მოწინააღმდეგეებად და თითქმის მტრებად გამოაცხადა, არასოდეს დაუწესებია სანქციები სომხეთის წინააღმდეგ. სხვა რომელი ქვეყნის მიმართ არის ამერიკა ასეთი დელიკატური? არაერთხელ ვნახეთ, აშშ-ს უცერემონიო ქცევები თავის ძლიერ მოკავშირეებთან. “გენიალური” პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი კი, თავის მხრივ, რჩევას იძლევა, რომ მოსკოვს არ უნდა მოუსმინო. როგორც ამბობენ: “ყველას თავისი თავი გგაჭირვებია”.
სომხეთი თავის პრობლემებში თავად რომ გაერკვევა, ამაში ეჭვი არავის ეპარება. იგივე პაშინიანი რუსეთის ელჩსაც შეხვდა ერევანში და სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებსაც, რომლებსაც გიუმრიში გამართულ მრავალათასიან მიტინგზე განუცხადა, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციიდან სომხეთის გამოსვლის ინიციატივა არ წამოიჭრება, უფრო მეტიც, გაგრძელდება რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავება. აშკარაა, ამერიკელები ამისათვის მას არ დასჯიან, რადგან პატივს სცემენ საღ აზრს და იძულებულები არიან ანგარიში გაუწიონ. იმავდროულად, საქართველო ცდილობს პატივისცემა ნატოს ინტერესებისთვის ახალგაზრდა სიცოცხლეების გაწირვით დაიმსახუროს.
საქართველოს ხელისუფლება რუს დიპლომატს შვეიცარიული საელჩოდან დევნის. ამის გამო გვაქებენ და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების კომპლექს “ჯაველინის” ყიდვას გვთავაზობენ. გარდა ამისა, სამხედრო სამსახურისთვის 150 მილიონ აშშ დოლარს გვთავაზობენ და უკრაინელებთან ერთად იარაღს გვირიგებენ. თავად ხომ არ შეებრძოლებიან რუსეთს? აბა, ჩვენ რისთვის ვართ? იქნებ დროა, სხვების ჭკუის სწავლას მოვრჩეთ და თავად მოვუხმოთ გონებას? როდესაც რამდენიმე წლის წინათ, ბიძინა ივანიშვილმა სომხეთი მაგალითად მოიყვანა, “ნაციონალებმა” მისთვის საქართველოს მოქალაქეობის წართმევა და ქვეყნიდან გაძევება მოითხოვეს. საინტერესოა, ქართული პოლიტიკური ელიტა ამ ხნის განმავლობაში დაჭკვიანდა თუ – არა?
დავით კუპატაძე (თბილისი)