2016 წლის ზაფხული. სამუშაო კვირის ბოლო დღეა. თბილისის ცენტრში, ერთ პატარა რესტორანში გიორგი მეგობრებთან ერთად პატარა მაგიდას უზის და ვახშმობენ. ერთ-ერთი მეგობარი “ტაბლეტს” სთავაზობს. გიორგი თავიდან უარზეა, მაგრამ გარემოცვას არ ჩამორჩა და ორიოდე აბი თავადაც გასინჯა. მეგობრებს შორის ახალბედა მხოლოდ გიორგია და როგორც ისინი ურჩევენ ისე იქცევა – აბებს ყლაპავს და ალკოჰოლს აყოლებს. ცოტა ხანში ახალგაზრდები ითიშებიან. მუსიკა ისევ ხმამაღლა უკრავს, ოთახი თამბაქოს ბოლშია გახვეული. მხოლოდ გიორგი ხვდება, რომ რაღაც ნორმაში არ არის და გრძნობს, რომ მათ დახმარება სჭირდებათ. იღებს ტელეფონს და სასწრაფოში რეკავს. სასწრაფო დახმარება 10 წუთში ადგილზეა. რესტორანში ქაოსია. ექიმები კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდებს ეხმარებიან. გიორგი თავს ძალიან ცუდად გრძნობს და საპირფარეშოში მიდის. შემდეგ რა ხდება, არავინ იცის. გიორგის იატაკზე, კომაში ჩავარდნილს პოულობენ. შედეგად, მან მეგობრები გადაარჩინა, თავად კი დაიღუპა.
ცეკვა, როგორც პოლიტიკური აქტი
ბოლო წლებში ნარკოტიკები საქართველოში ადვილად ხელმისაწვდომი გახდა. მათ შეძენას ტელეფონის და მოკლე ტექსტური შეტყობინებების საშუალებითაც სთავაზობენ. საკმარისია მხოლოდ თანხმობის გაგზავნა. კლუბები კი ყველაზე პოპულარული ადგილებია, სადაც ნარკოტიკების გავრცელება ადვილია. მათი შეძენა შესაძლებელია, როგორც კლუბში შესვლამდე, ისე შენობაში. ასე ხდება მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში, გამონაკლისი არც საქართველოა. თუმცა, ახალგაზრდები ყველგან არ იხოცებიან.
ორიოდე კვირის წინ, ე.წ. “კლუბური ნარკოტიკი” – მეფადონისგან კლუბებში 5 ახალგაზრდა გარდაიცვალა, 8 ადამიანი კი საავადმყოფოში მოხვდა. მედიასაშუალებებით აქტიურად ალაპარაკდნენ იმის შესახებ, რომ კლუბებში არსებული უკონტროლო ვითარებების შედეგად, ახალგაზრდა თაობა იღუპება.
ამ შემთხვევებიდან მალევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის პოლიტიკა ნარკორეალიზატორებთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ კანონმდებლობის შერბილების გეგმა არსებობს. ასეც მოხდა. 12 მაისის ღამეს საქართველოს შსს-მ სპეცოპერაცია ერთდროულად ორ პოპულარულ კლუბში: “ბასიანში” და “Gallery”-ში ჩაატარა. შეიარაღებული პოლიცია კლუბებში შეიჭრა, ხალხი გამოყარა და ჩხრეკა ჩაატარა. ღამის კლუბებში ჩხრეკის უფლება სასამართლოს მიერ იყო გაცემული. შედეგად 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს, მათ შორის ოპოზიციური არასაპარლამენტო პარტია “ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტად კენჭისყრას გეგმავს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ნარკოტიკების გასაღებაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი კლუბ “Gallery”-ს დაცვის თანამშრომელი იყო.
რეიდის ჩატარებამ აღაშფოთა, როგორც კლუბების სტუმრები, ისე ადმინისტრაციაც. შსს-ს მიერ ჩატარებული ოპერაციით და სპეცრაზმის მოქმედებით, უკმაყოფილო ახალგაზრდა მამაკაცებმა და ქალებმა სტიქიური საპროტესტო აქცია გამართეს. დაძაბულობა ყოველ საათს ძლიერდებოდა. ცოტა მოგვიანებით, კლუბების ადმინისტრაციის წევრებმა, მოქალაქეებს დღის სამ საათზე, პარლამენტის შენობის წინ დაგეგმილ აქციაზე – “ერთად ვცეკვავთ, ერთად ვიბრძვით” შეკრებისკენ მოუწოდეს. აქციას 4000 ადამიანი შეუერთდა. კლუბური გართობის მოყვარული ახალგაზრდების გარდა, დაანონსებულ აქციაზე არასამთავრობო სექტორის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სახალხო დამცველიც მივიდნენ. სიტყვით გამოსვლის მსურველები საკმარისზე მეტნი იყვნენ.
“ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით ნარკოდილერების წინააღმდეგ ბრძოლას, ჩვენ ხელისუფლების მიერ პრობლემასთან ბრძოლის წარუმატებელ და ფასადურ მეთოდებს ვეწინააღმდეგებით“,- განაცხადა მოძრაობა “თეთრი ხმაურის” ლიდერმა, ბექა ცისკარიშვილმა.
აქციაზე ყველა მრავალფეროვანი პუბლიკა იყო: ჰიპსტერები, არაფორმალები, ლგბტ-ს წარმომადგენლები. “ჩვენ საზოგადოების ყველაზე პროგრესული ნაწილი ვართ“,- აცხადებდნენ საპროტესტო აქციის წევრები. თუმცა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის, რომელიც სატელევიზიო ეთერით ადევნებდა თვალს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს, გაუგებარი იყო ამ ე.წ. პროგრესული საზოგადოების მოთხოვნა და ბრძოლის მიზანი.
აქციაზე ყველა მრავალფეროვანი პუბლიკა იყო: ჰიპსტერები, არაფორმალები, ლგბტ-ს წარმომადგენლები.
დღის ბოლოს მიტინგზე პოლიტიკური განცხადებები გაისმა. აქციის მონაწილეებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა და იმ პირების დასჯა მოითხოვეს, რომლებიც ღამის ოპერაციებზე იყვნენ პასუხისმგებლები. საღამოს, მომიტინგეებს, რომლებიც პრემიერის და შს მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ, თბილისის მერმა კახა კალაძემ, ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანებისკენ მოუწოდა. შებინდებისას, რუსთაველის გამზირზე კარვები გამოჩნდა და კლუბური მუსიკის ხმა გაისმა.
ერთი მიზნით გაერთიანებულმა აქტივისტებმა ღამის ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ცეკვები წამოიწყეს. საზოგადოების ყველაზე დიდი აღშფოთება გამოიწვია 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალზე ახალგაზრდების ცეკვამ. ორგანიზატორებმა მუსიკა შუა ღამით გამორთეს, რაც იმით ახსნეს, რომ არ სურდათ მოსახლეობის შეწუხება. მოგვიანებით, პოლიციამ კარვების აღება ბრძანა, მაგრამ პროტესტანტების უარის შემდეგ, მათ თავად დაშალეს კარვები.
მინისტრის მობოდიშება
მეორე დღეს საპროტესტო აქცია განახლდა, თუმცა განახევრებული შემართებით. მნიშვნელოვნად შეთხელებულმა პროტესტანტებმა, თავიანთი რიტორიკაც და მოთხოვნებიც შეარბილეს. მთავრობის გადადგომის ნაცვლად მოითხოვეს აეხსნათ, თუ რატომ ჩატარდა ამგვარი სადამსჯელო ოპერაცია.
“აქციის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა დიდი მასშტაბის რაღაც წამოიწყეს, მაგრამ როდესაც დარწმუნდნენ, რომ საზოგადოების, მათ შორის ახალგაზრდობის მათთვის სასურველი გამოხმაურება არ მოჰყვა, მოთხოვნები შეარბილეს, ან საერთოდ შეცვალეს. მაგრამ ეს ვითარების განმუხტვას არ ნიშნავს. ჩანს, რომ აქციას ფარული სპონსორები ჰყავს, სხვაგვარად რით აიხსნება კარვების ოპერატიულად გაშლა, ან საწვიმარებით და მიტინგისთვის საჭირო აქსესუარებით მომარაგება”, – მიაჩნია პოლიტოლოგ ზაალ ანჯაფარიძეს.
პროტესტანტები ასევე ნარკოტიკების მოხმარებისთვის სასჯელის შესახებ კანონის ლიბერალიზაციას მოითხოვდნენ და აცხადებნენ, რომ რუსთაველის გამზირზე 17 მაისამდე აპირებდნენ დგომას, რათა შემდეგ გეი-აღლუმი ჩაეტარებინათ. ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა ტრადიციული ღირებულებების დამცველებისთვის და რუსთაველის გამზირზე “უღირსი” ახალგაზრდებისთვის ჭკუის სასწავლებლად გაიჭრნენ. ამ განცხადებიდან რამდენიმე ხანში, პარლამენტის შენობის წინ “საქართველოს ახალგაზრდა ნაციონალების ალიანსის” და “საქართველოს ეროვნული ერთობის” წარმომადგენლები შეიკრიბნენ. საღამოსთვის ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ პოლიციამ ქუჩებში დამატებითი ძალები და წყლის ჭავლის მანქანები განალაგა. კონტრაქციის წარმომადგენლები მთავრობის სახლისკენ მიიწევდნენ, სადაც “თეთრი ხმაურის” მიერ მოწყობილი აქცია იმართებოდა. თუმცა პოლიციამ მათი შეტაკების თავიდან აცილება მოახერხა.
შუაღამით მომიტინგეებთან შს მინისტრი, გიორგი გახარია მივიდა და ყველასთვის მოულოდნელად ბოდიში მოიხადა, რასაც შეკრებილებმა ტაშით უპასუხეს.
“თუმცა, მე ვიხდი ბოდიშს არა მხოლოდ ჩემი სახელით, არამედ თუ რომელიმე თქვენგანს ან თქვენს უსაფრთხოებას რისკი შეუქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიმე წარმომადგენელმა. ასევე, მინდა გითხრათ და გთხოვოთ თქვენ, რომლებმაც მიაყენეთ შეურაცხყოფა ფორმიან ადამიანებს, რომლებიც იცავდნენ თქვენს უსაფრთხოებას, ასევე, მათაც უთხრათ თქვენ ბოდიში”, – განაცხადა გახარიამ.
შს მინისტრმა მომიტინგეებს მოუწოდა, მათივე უსაფრთხოებისთვის სახლებს დაბრუნებოდნენ. მან პირობა დადო, რომ ორშაბათიდანვე დაიწყებდა სპეცოპერაციის გამოძიებასთან და აქციის მონაწილეებთან ერთად ნარკოპოლიტიკაზე მუშაობას. საბოლოო ჯამში, როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, თუ ეს დაპირებები არ შესრულდება, ისინი ყოველთვის შეძლებენ ამ თავისუფალ ქალაქში, პარლამენტის წინ შეკრებას, ცეკვას ან მუსიკის მოსმენას. აქციის მონაწილეებმა ერთკვირიანი “ტაიმ-აუტი” აიღეს.
რუსთაველის გამზირზე განვითარებულმა მოვლენებმა, სოციალური ქსელების მომხმარებლების რეაქციებიდან გამომდინარე, საზოგადოება ორ ბანაკად გაყო.
ერთია – პროგრესული, რომელიც პროტესტანტებს უჭერს მხარს და პოლიციას აკრიტიკებს, ხოლო ჩატარებულ სპეცოპერაციებს განიხილავს არა როგორც მთავარ ბოროტებასთან – ნარკოტიკების გავრცელებასთან ბრძოლას, არამედ ახალგაზრდების პირადი თავისუფლების შეზღუდვას. ამ მოსაზრების მომხრეებს მიაჩნიათ, რომ სამართალდამცავი ორგანოები, მხოლოდ ფასადურად ებრძვიან ნარკოდანაშაულს და ამგვარად, ხელს აფარებენ სერიოზულ ნარკომოვაჭრეებს. მეორეა – კონსერვატიული ბანაკი, რომელშიც გაერთიანდნენ ადამიანები, რომლებისთვისაც ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ ბრძოლის აღნიშნული ფორმები, მისაღები აღმოჩნდა. მათი აზრით, საგანგაშო არაფერი მომხდარა. პოლიცია ძალიან ბევრ ქვეყანაში იქცევა ანალოგიურად, აწყობს რეიდებს და იჭერს ნარკოდილერებს, მაგრამ ამის გამო საპროტესტო აქციებს არავინ მართავს.
მაგრამ ჩვენს შემთხვევაში კიდევ ერთი საკითხი წამოიჭრება. ეს არის ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია. იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებლობის ლიბერალიზაცია მმართველი პარტიის წინასაარჩევნო დაპირება იყო, ხოლო “ქართულ ოცნებას” ცოტა ხნის წინათ დაშლის საფრთხე დაემუქრა და ამის თავიდან ასაცილებლად ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნება მოუწია, მიმდინარე მოვლენები აბსოლუტურად განსხვავებულ სახეს იძენს. ასეთ შემთხვევაში სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ ჩატარებული წმენდა უნდა შეფასდეს, როგორც ნარკოტიკების წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლაში სახელმწიფო მანქანის ძალის დემონსტრირება, ასევე კონსერვატიული საზოგადოებისთვის საყურიანი ბიჭების და თავგადაპარსული გოგონების ჩვენება.
თავად პროტესტში ჩანს როგორც რეაქცია, შედარებით უფრო სიღრმისეულ პროცესებზე, რომლებიც ხელისუფლებასა და საზოგადოებაში მიმდინარეობს.
“პროტესტმა, აქციებმა, კონტრაქციებმა ქვეყანაში მცხოვრები ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილის უკმაყოფილება და საპროტესტო მოქმედების მზადყოფნა აჩვენა, თუმცა ამ შემთხვევაში ნარკოპოლიტიკა მეათეხარისხოვანია. მიმდინარე მოვლენების პოლიტიკური ასპექტი – ქართული ხელისუფლების შიგნით დაჯგუფებების გამწვავებული ბრძოლაა. სხვათა შორის, სწორედ ამ გართულებების გამო გახდა იძულებული ბიძინა ივანიშვილი მმართველი პარტიის, ანუ მთლიანად ხელისუფლების სადავეები დაებრუნებინა”, – აცხადებს პოლიტოლოგი გელა ვასაძე.
მისივე თქმით, ნებისმიერი საპროტესტო მოქმედება პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტია.
“ცნობილი გამონათქვამის პერეფრაზირება რომ მოვახდინო: ნებისმიერ პროტესტს აქვს სახელი, გვარი და სტატუსი. ასევე სახელი, გვარი და სტატუსი არა მხოლოდ ორგანიზატორებს აქვს, არამედ მათ უკან მდგომებსაც. სხვა საკითხია, როდესაც საზოგადოებაში დაძაბულობის გრადუსი მატულობს და ძალიან ბევრია ადამიანი, რომლებსაც საკუთარი თავის წარმოჩენა სურთ. ამდენად, კონკრეტული აქცია დასრულდა, მაგრამ პოლიტიკური ბრძოლა არ დასრულებულა”, – დასძინა მან.
ეკატერინე მინასიანი