თბილისისგან სიცოცხლით სავსე ქალაქის შექმნა, მერის არჩევნებში საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერ კახა კალაძის ერთ-ერთი მთავარი სლოგანი იყო. მერობის კანდიდატის რანგში კალაძემ აღმოაჩინა, რომ 1500 წლის ქალაქს, ათასი პრობლემა აწუხებს. თბილისის ისტორიული ნაწილი ნელ-ნელა ინგრევა, მათ ადგილს კი მრავალსართულიანი კორპუსები იკავებენ. ქალაქს შემოსავალი სჭირდება, სამშენებლო ბიზნესი კი ამისთვის ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა. კალაძემ ქალაქის ქუჩებში გასეირნებისას აღმოაჩინა, რომ დედაქალაქს არ აქვს საზოგადოებრივი ტუალეტები და ამ ფუნქციას წარმატებით ითავსებენ მიწისქვეშა გადასასვლელები; ქუჩებში კატასტროფული სიჩქარით ქრება სიმწვანე და ასეთივე ტემპით მრავლდებიან არაქართულენოვანი აბრები; ბოლო არ უჩანს ქაოსურ განაშენიანებას, თუმცა ძირძველი მოსახლეობა კვლავ ავარიულ სახლებში ცხოვრობს და როდის დარჩებიან ღია ცის ქვეშ, არ იციან; საავტომობილო საცობები – ქალაქის ყოველდღიურობად იქცა.
მას შემდეგ, რაც კალაძემ თბილისელების ნდობის მანდატი მიიღო, პირველივე ბრიფინგზე განცხადა, თბილისში ცხოვრება თითოეული ოჯახისთვის კომფორტული და სასურველი გახდებაო; რაც შეიძლება მეტი სპორტული მოედანი და სიმწვანე გვჭირდებაო, უნდა შემცირდეს კერძო ავტომობილები და ხალხმა მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაინაცვლოსო; უნდა განვითარდეს ქალაქის ღამის ცხოვრება და ბიზნესისთვის მიმზიდველი გარემო შეიქმნასო. ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფციაც წარმოადგინა და საქმე მუსიკოს სერგი გვარჯალაძეს ჩააბარა. როგორც კალაძე განმარტავს, ბევრ თანამედროვე ქვეყანაში ძალიან კარგად არის განვითარებული ეს მიმართულება და თბილისშიც უნდა დაეთმოს ყურადღება.
კალაძეს არც მერიის შიდა სტრუქტურები და იქ მომუშავე პერსონალი დავიწყნია, რამდენიმე საქალაქო სამსახური გააუქმა, რამდენიმე გააერთიანა, ზოგი ახალიც შექმნა, რამდნიმე ძველი თანამშრომელი დაითხოვა.
100 დღის შემდეგ…
ჩემი მიზანია, განვახორციელოთ საფუძვლიანი და არა ფასადური ცვლილებები
კახა კალაძემ თბილისის მერის რანგში საზოგადოებას პირველი ანგარიში არჩევიდან სამი თვის თავზე წარუდგინა. ანგარიში შვიდ ძირითად მიმართულებას მოიცავდა: ურბანული განვითარება, ტრანსპორტი, სოციალურ – ეკონომიკური, ეკოლოგიური, განათლება და კულტურა, ჯანსაღი ცხოვრების წესი და ახალგაზრდობა, ასევე. მართვის პოლიტიკა.
თბილისის მერმა და რამდენიმე მიმართულებით სანქციების გამკაცრება დააანონსა. მათ შორის, მშენებლობის, ეკოლოგიისა და გამწვანების მიმართულებებით, კერძოდ, გამკაცრდება სანქციები თბილისში არაქართულენოვანი წარწერების განთავსებაზე. ჯარიმა ფიზიკურ პირებზე 200-დან 1000 ლარამდე, ხოლო იურიდიულ პირებზე 300-დან 3000 ლარამდე გაიზრდება.
გამკაცრდება რეგულაციები სამშენებლო უსაფრთხოების თვალსაზრისით. მკაცრად გაკონტროლდება სამშენებლო უსაფრთხოების სტანდარტები, რადგან თბილისში მომრავლდა მშენებლობებზე მუშების დაღუპვის ფაქტები. მერის ინფორმაციით, სამშენებლო უსაფრთხოების იგნორირების, ან დარღვევით მიმდინარე პროექტებზე გაფრთხილება უკვე გაცემულია 500 ობიექტზე, მათგან უკვე დაჯარიმებულია 272 სამშენებლო ობიექტი, შეჩერების დადგენილება ამოქმედდა 120 ობიექტის მიმართ. გამკაცრდება ქალაქის საარჩევნო პლაკატებისგან გაწმენდის კონტროლი. მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ასეთი 59 ფაქტი აღრიცხა.
მშენებლობის ნებართვის მისაღებად, სავალდებულო გახდება დენდროლოგიური პროექტის წარმოდგენა, რაც იმას ნიშნავს, რომ მშენებელს დაეკისრება ვალდებულება, კონკრეტული ადგილის გამწვანების ვალდებულება აიღოს. სავალდებულო ხდება ნარგავების არამარტო გაშენება, არამედ მათი მოვლა-პატრონობაც.
გაიზრდება სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსება; დედაქალაქის გამგეობები შეიმუშავებენ სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების დაფინანსების წესს. ჯანდაცვის პროგრამებს კი, ღვიძლის ტრანსპლანტაციის და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის პროგრამები დაემატა.
რაც შეეხება თბილისის ისტორიული ნაწილის შენარჩუნებას, დედაქალაქის მერის განცხადებით, ძველ თბილისში დაიწყო მასშტაბური პროექტების განხორციელება. მათ შორის, ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების რეაბილიტაცია, რისთვისაც 102 მილიონი ლარი დაიხარჯება. ორბელიანის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბერში, გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია კი, მომდევნო წლის დასაწყისში დასრულდება.
“ძველი თბილისის რეაბილიტაცია ჩემს საარჩევნო პროგრამაშიც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო. მომდევნო წლების განმავლობაში, ამ მიმართულებით დაახლოებით, 500 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება”, – განაცხადა კახა კალაძემ.
განხორციელდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დაფინანსების რეფორმა, რისთვისაც 30 მლნ ლარი დაიხარჯება. თუ დღემდე გარკვეული პროექტების განხორციელება შესაძლებელი იყო მხოლოდ 10-20%-იანი თანადაფინანსებით, ამიერიდან, მერია 100%-ით დააფინანსებს სამუშაოებს, მაგრამ ყველა პროექტზე ტენდერი გამოცხადდება.
“მტკივნეულია და მიუღებელია, როცა თბილისთან მიმართებაში ხშირად გამოყენება სიტყვები: “უსისტემო”, “უკანონო”, “ქაოსური”. თბილისი თანამედროვე დედაქალაქია და ეს უწესრიგობა და დარღვევები აუცილებლად უნდა დავასრულოთ”, – აცხადებს კახა კალაძე.
მისი მერობის პირველივე დღეებში საცხოვრებელი ფართები, რამდენიმე ოჯახს დაუკანონდა. დღეის მდგომარეობით კი თბილისში 280 ასეთი ოჯახია.
ექსპერტის შეფასება
ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ კახა კალაძის წინასაარჩევნო რიტორიკა აბსოლუტურად ნორმალური იყო, მაგრამ ახლა უკვე რეალური ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. ის თბილისელებს დაჰპირდა “სითი პარკისა” და ქაოსური მშენებლობის პრობლემების მოგვარებას, თუმცა დღეის გადმოსახედიდან საამაყო ბევრი მაინცა და მაინც არაფერი აქვს. თბილისის მერიაში გარკვეული სტრუქტურული გადაადგილებები განხორციელდა, მაგრამ ამით ზოგი მიმართულებით მდგომარეობა არა თუ არ გამოსწორდა, არამედ ახალი პრობლემებიც კი შეიქმნა.
“სამთვიან პერიოდში უკვე უნდა დაგვენახა საქმის კეთების ტენდენცია. არ მახსენდება არაფერი გარდა ერთი მიწისქვეშა გადასასვლელის კედლების მოხატვისა. რომელიც ისევ ტუალეტად იქცა, როგორც მანამდე იყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი ლაპარაკი არადამაჯერებელია. კარგ შემთხვევაში მას აქვს კეთილი სურვილები, მაგრამ ამის განხორციელების მონაცემები არ გააჩნია, ცუდ შემთხვევაში ის იქცევა წმინდა პოპულისტურად, უყვარს ლამაზი დაპირებები, მაგრამ მათ შესრულებაზე არც კი ფიქრობს”, – განუცხადა Dalma News-ს გია ხუხაშვილმა.
ექსპერტის აზრით, კახა კალაძე დროულად უნდა შეუდგეს წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებების შესრულებას, რადგან პოპულიზმს მეტად მძიმე განვითარება ახასიათებს. გარკვეულ ეტაპამდე ადამიანები ენდობიან, მაგრამ, როდესაც პოპულისტური განცხადებები რეალურ საქმეში არ გადადის, ჩნდება იმედგაცრუება და გაღიზიანება.
“შემაშფოთებელია ის, რომ შარშანდელთან შედარებით, ლამის 10-ჯერ გაიზარდა კოეფიციენტის შეცვლის შედეგად მიღებული შემოსავალი, რაც იმას ნიშნავს, რომ ტოტალურად ხდება კოეფიციენტების შეცვლა. სადაც 3 სართულიანი სახლი შენდებოდა და ეს იყო პრობლემა, ახლა დაიწყეს ათსართულიანი სახლების მშენებლობა. კალაძემ მხოლოდ ახლა აღმოაჩინა, რომ თბილისში 6 მლნ კვადრატულ მეტრზე მშენებლობის ნებართვები უკვე გაცემულია და ვერაფერს შევცვლიო”, – აცხადებს ექსპერტი.
გია ხუხაშვილი შიშობს, სამშენებლო კომპანიებისთვის საჯარიმო სანქციების გაზრდა კორუფციის წყაროდ არ იქცეს და სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის შედეგად გადახდილი ჯარიმები, ვითარების რეალურად გამოსწორებას მოხმარდეს.
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა
ჯერ კიდევ თბილისის ექსმერმა, დავით ნარმანიამ, ქვეყნის დედაქალაქის ქაოსური განაშენიანებისა და ეკოლოგიური კატასტროფისგან დასაცავად, არქიტექტორთა, ურბანისტთა და ქალაქმგეგმარებელთა ჯგუფს თბილისის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავება დაავალა, თუმცა დოკუმენტის მიღება მისი მერობის პერიოდში ვერ მოესწრო და კახა კალაძეს მემკვიდრეობით გადაეცა. წინასაარჩევნო პერიოდში დოკუმენტს კალაძემ თბილისის კონსტიტუცია უწოდა, მერად გახდომის შემდეგ კი მასში ხარვეზების არსებობაზე დაიწყო საუბარი.
გენგეგმის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილიც და მიაჩნია, რომ ქალაქს, რომელიც უკვე ფაქტობრივად სრულ ქაოსშია, სადაც სახლი სახლზე შენდება, გენგეგმა ვეღარ უშველის. მაგრამ არსებობს საკვანძო საკითხები, რისი გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია. ერთ-ერთ ასეთ საკითხად გია ხუხაშვილი რკინიგზის ზოლის ქალაქის ცენტრში დატოვებას მიიჩნევს, რათა რკინიგზის გამოთავისუფლებულ ზოლში ახალი მშენებლობები არ გაჩაღდეს.
მისი აზრით, რკინიგზის თბილისის ცენტრალური ნაწილიდან გადატანა არის სრული აბსურდი და ამოვარდნა საერთაშორისო სტანდარტიდან.
“რკინიგზა არის თბილისის ერთ-ერთი ბრენდი. გარდა ამისა, ეს უზარმაზარ ხარჯებს უკავშირდება. ქალაქის რთული რელიეფიდან გამომდინარე, თბილისის ზღვაზე გადატანილი რკინიგზის ექსპლუატაცია ბევრად უფრო რთული იქნება, გაიზრდება ტრანზიტული გადაზიდვების თვითღირებულება და ქვეყანაში, სადაც ტრანზიტი ლამის გეოპოლიტიკურ ფუნქციად არის გამოცხადებული, გაუარესდება კონკურენტუნარიანობა. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენს სარკინიგზო დერეფანში სიჩქარეები გავზარდოთ, ვამცირებთ? მე ვერ ვხედავ ვერც ერთ რეალურ მოტივს, რატომ უნდა გადავიდეს რკინიგზა”, – აცხადებს გია ხუხაშვილი.
Dalma News-სთან საუბრისას ექსპერტმა საკუთარი მოსაზრება გენგეგმის ჯგუფის მიერ შემოთავაზებულ სხვა საკითხზეც გაამახვილა, მათ შორის, თბილისში ტრამვაის აღდგენაზე.მიაჩნია, რომ ტრამვაის შენარჩუნება უფრო გონივრული იქნებოდა, ვიდრე უკვე მოშლილის აღდგენა. გარდა ამისა, ავტომობილებით გადატვირთულ თბილისის ქუჩებში ძნელი იქნება ტრამვაისთვის ზოლის განცალკევება, მით უმეტეს ამას არც ეკონომიკური ეფექტი ექნება.
“ტრამვაის აღდგენაზე საუბარი არასერიოზულია. ეს იგივეა, რაც ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა გააკეთა, როდესაც თბილისის აეროპორტში ელექტრომატარებელი გაიყვანა. 3 წლის განმავლობაში ამ მატარებლით ოცმა კაცმა თუ ისარგებლა, მისი შემოსავალი 60 ლარი იყო.18 მლნ ევრო დაიხარჯა პროექტში, რომლის ეკონომიკური და სატრანსპორტო ეფექტი აბსოლუტურად ნულოვანი იყო, ასევე – ტრამვაი.მესმის საუბარი იყოს ტროლეიბუსზე, რაც ბევრად უფრო გამართლებულია, ბევრად ნაკლებ დანახარჯებთან არის დაკავშირებული და ეკოლოგიურადაც სუფთა სატრანსპორტო საშუალებაა”, – მიაჩნია ექსპერტს.
გადავა თუ არა თბილისის მერი რიტორიკიდან კონრეტულ ნაბიჯებზე და რა დადებით შედეგს გამოიღებს მის მიერ გატარებული რეფორმები, ამას უახლოეს მომავალში დავინახავთ. თბილისის მერს გასაკეთებელი საკმაოდ ბევრი აქვს, მათ შორის როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე ეკოლოგიის თვალსაზრისით. მოსახლეობას კი სერიოზულად აშფოთებს თბილისის ხვალინდელი დღის პერსპექტივა, რომ ერთხელაც ბეტონის ჯუნგლებში არ გაიღვიძონ.
P.S. ანგარიშის წარდგენიდან რამდენიმე დღეში კახა კალაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 10 აპრილიდან თბილისის მერია კომპანია “სითი პარკთან” გაფორმებულ ხელშეკრულებას წყვეტს. მიზეზად, კომპანიის მხრიდან მოქალაქეების უფლებების შელახვა, უპასუხისმგებლობის გამოვლენა და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულება სახელდება. როგორც Dalma News-ის კორესპონდენტმა გაარკვია, “სითი პარკის” ყველა ფუნქციას, ჯარიმების გამოწერისა და არასწორად პარკირებული ავტომობილის ევაკუირების ჩათვლით, 10 აპრილის შემდგომ თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.
შ. ქარჩავა