Illustration: Kremlin.ru

Dalma News-ი წარმოგიდგენთ ინტერვიუს კვლევისა და ანალიტიკური საზოგადოებრივი ორგანიზაციის “ინტეგრაცია და განვითარება” თავმჯდომარე, სომხეთის ევრაზიის ექსპერტთა კლუბის კოორდინატორ არამ სარაფიანთან.

– როგორ შეაფასებთ წინა წლის ეკონომიკურ შედეგებს, როგორც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (ევეკ), ისე სომხეთისთვის?

– 2017 წელი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ყველა წევრი ქვეყნისთვის კარგი იყო. ევეკ-ის ყველა ეკონომიკამ მნიშვნელოვანი ზრდა და ბოლო სამი წლის საუკეთესო მაჩვენებელი აჩვენა. 2017 წლის მონაცემების მიხედვით, შეიძლება დავასკვნათ, რომ ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისი ევეკ-ის და საერთოდ, პოსტსაბჭოთა სივრცისთვის, უკვე წარსულს ჩაბარდა და ყველა ქვეყანა (იგულისხმება ამ პროცესის ლოკომოტივი – რუსეთის ფედერაცია) სტაბილური ზრდის გზას დაადგა. ჯერ კიდევ, 2016 წლის მეორე ნახევარში ისეთი ტენდენციები შეინიშნებოდა, რომელიც 2017 წლის ეკონომიკურ წელთან დაკავშირებით გარკვეულ ოპტიმიზმს ბადებდა. თუმცა, იმან, რაც 2017 წელს მოხდა, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. მაგალითად, სომხეთში, რომელსაც ევეკ-ის ქვეყნებს შორის საუკეთესო მაჩვენებლები აქვს, ეკონომიკური აქტივობის ინდექსი 7,2%-ით, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის – 5,7%-ით  გაიზარდა. ეს კავშირის ქვეყნებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია.

 

აბა, რა დაემართა სომხეთს? 2017 წლის იანვარში საერთაშორისო ორგანიზაციები და რეიტინგული სააგენტოები ჩვენს ქვეყანაში 2,5%-იან ზრდას პროგნოზირებდნენ. ივლისისთვის ცხადი გახდა, რომ მაჩვენებლები ამ ციფრს გადააჭარბებდა და დასახელდა ახალი ციფრი: 3,1%-დან 3,5%-მდე. სექტემბერში ჩვენმა სპეციალისტებმა – ევრაზიული ექსპერტთა კლუბის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ თუ 10 თვის განმავლობაში ხელსაყრელი ტენდენციები წლის ბოლომდე შენარჩუნდება, მაშინ მთლიანი შიდა პროდუქტის და ეკონომიკური აქტივობის ზრდა ბევრად უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ამ ორგანიზაციების მიერ გადახედილი პროგნოზები. ასეც მოხდა.

ფოტოზე: არამ საფარიანი, Panorama.am

– სომხეთმა კონკრეტულად რომელ სფეროში აჩვენა მნიშვნელოვანი ზრდა?

– მაგალითად, ორმაგი ზრდა აჩვენა ექსპორტმა, წარმოებამ, აღდგა სამშენებლო სფერო და მისი მოცულობა  რამდენიმე პროცენტითაც კი გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტმა დაახლოებით 3%-ით იკლო, გაორმაგდა სერვისის და მომსახურების მოცულობა. სომხეთმა ამ სფეროებში გასაოცარი ზრდა აჩვენა. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელსაყრელი ტენდენციების შენარჩუნების პირობებში ეს მიმართულება უახლოეს რამდენიმე წელიწადში ჩვენს განვითარებას განსაზღვრავს.

– როგორია 2018 წლის პროგნოზები? მოსალოდნელია ამ პოზიტიური ტენდენციების გაგრძელება?

– ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ექსპერტების მიერ 2018 წლის დასაწყისში გაკეთებული პროგნოზებით, სომხეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 2,5%-ით უნდა გაიზარდოს, მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტის ფიზიკური გაფართოება ამოწურულია. თუმცა, 2019 წლის პროგნოზები ექსპერტებმა ჩაასწორეს და სომხეთმა სავარაუდოდ, 5%-იანი ზრდა უნდა აჩვენოს.

ასე, რომ ევრაზიის ექსპერტთა კლუბის სახელით გარწმუნებთ, რომ თუ 2017 წლის ხელსაყრელი ტენდენციები უახლოეს, რამდენიმე თვეში შენარჩუნდება (ვგულისხმობ ინვესტიციებს, რომლებმაც ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებების განვითარებას შეუწყო ხელი, თუ არ შემცირდება) წელსაც პროგნოზირებულზე მეტი ზრდა გვექნება.

 

ასევე, გაიზარდა მომსახურების სფეროს მაჩვენებლებიც. 2017 წელს აბსოლუტური რეკორდი მოიხსნა. სომხეთში ჩამოსული ტურისტების რაოდენობის მაჩვენებლები ჯერ კიდევ არ არის დაჯამებული და შემოწმებული, თუმცა ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაახლოებით მილიონ ნახევარი ტურისტი იყო. მათი დიდი ნაწილი, დაახლოებით, 40% – რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან. ტურისტების ასეთი ზრდა იმის შედეგია, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის შარშან შიდა პასპორტებით ქვეყანაში შემოსვლის ნებართვა გაიცა. ვფიქრობ, 2018 წელს ასეთივე, ან უფრო უკეთესი მაჩვენებელი გვექნება, რადგანაც ამ მიმართულებით ინდუსტრიული პროცესი აქტიურდება: შენდება ახალი სასტუმროები, რესტორნები, დროებითი საცხოვრებელი ბინები. ვფიქრობ, გასული საუკუნის 90-იან წლებში, ევროპელი ექსპერტების მიერ გაკეთებული პროგნოზები იმასთან დაკავშირებით, რომ სომხეთის ეკონომიკის ძირითადი მიმართულება XXI საუკუნის შუა წლებში ტურიზმი იქნება, მართლდება.

– რომელია სომხეთიდან ექსპორტის განვითარების პრიორიტეტული მიმართულება?

– წლეულს ექსპორტი ევროკავშირის და ევრაზიული კავშირის მიმართულებით იზრდება. თუმცა, ამ მიმართულებებს შორის არსებითი სხვაობაა. ჩვენი ექსპორტის ზრდა ევროკავშირის მიმართულებით ძალიან ადვილად აიხსნება: რკინის და სპილენძის საბადოები გაძვირდა, ჩვენმა სამთო მრეწველობამაც გარკვეულწილად ამით მოიგო. თუმცა, განსაკუთრებული არაფერი, ფასები უბრალოდ 4 800 დოლარიდან 6 600 დოლარამდე გაიზარდა.

ის, რაც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შიგნით მოხდა, მართლაც პატივისცემას იმსახურებს, რადგანაც ჩვენი მზა პროდუქციის: სოფლის მეურნეობის, კონიაკის, ღვინის ახალი მიმართულებების, მსუბუქი, საკვები და გადასამუშავებელი პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა

– მაგალითად, სომხეთის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ევეკ-ის შიგნით ახალ ტრენდულ ექსპორტად იქცა. ვისაც ახსოვს საბჭოთა პერიოდი, ყველამ კარგად იცის რა პოპულარული იყო სომხური ფეხსაცმელი. ხალხი შორეული ქალაქებიდან ჩამოდიოდა სომხური ფეხსაცმლის და ტანსაცმლის შესაძენად, რაც XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ძალიან მოდური იყო. ახლა უკვე ამ მიმართულებებით ახლებური აღმასვლა შეინიშნება. დიდი იმედი გვაქვს, რომ 2017 წლის ხელსაყრელი პირობები უახლოეს წლებშიც შენარჩუნდება.

რაც მთავარია – ევეკ-ის ლოკომოტივი რუსეთი 2017 წელს სტაბილური ზრდის გზაზე გავიდა და კრიზისი დასძლია. თანაც ეს დასავლეთის მხრიდან ცივილიზებული და სანქციების ომების მიუხედავად მოხდა. განსაკუთრებული ხაზგასმით ვაცხადებ, რომ დღეს ძალიან დაძაბული საერთაშორისო ვითარებაა. დასავლეთმა რუსეთს ცივი ომი გამოუცხადა, რომელიც გვეგონა რომ შორეულ 90-იან წლებში დარჩა. გეოპოლიტიკური ინტერესები ძალიან ძლიერად ეჯახებიან ერთმანეთს და 2018 წელს დასავლეთის რუსეთისადმი გამკაცრებულ დამოკიდებულებას დავინახავთ, რაც მიმართული იქნება ეკონომიკის შესასუსტებლად და რაც შეიძლება მეტი ზიანის მისაყენებლად.

– ასეთ შემთხვევაში რა უნდა გავაკეთოთ?

– პირველ რიგში, როგორც რუსეთის მოკავშირე ქვეყანამ სერიოზულად უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ გავზარდოთ იმ საქონლის ექსპორტი, რომელსაც ჩვენგან რუსები ელიან. ესენია: საკვები, მსუბუქი და გადასამუშავებელი სამრეწველო, ასევე სოფლის მეურნეობის პროდუქტები. ეს არის დამატებით დიდი ღირებულების მქონე პროდუქცია, რომელსაც ჩვენგან ელიან, რადგანაც რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული და რუსეთის მიერ მიღებული საპასუხო სანქციები გარკვეულ ვაკუუმს ქმნიან რუსულ სამომხმარებლო ბაზარზე. საჭიროა ამ ვაკუუმის შევსება.

სომხეთი ძალიან პატარა ქვეყანაა, იმისათვის რომ  ეს საკითხები მხოლოდ მან გადაჭრას. თუმცა მას საკმარისი რესურსები აქვს რუსეთის სოფლის მეურნეობის პროდუქციით უზრუნველყოფის პასუხისმგებლობა რომ აიღოს. ვფიქრობ, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები  – თურქმენეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი ასევე სერიოზულად დაფიქრდებიან რუსეთის ფედერაციაში სოფლის მეურნეობის საკუთარი პროდუქციის გატანაზე.

– 2015-2016 წლებში რუსეთიდან ტრანსფერების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. 2017 წელს როგორი ვითარება იყო, როგორი ტენდენციები შეინიშნება ამ სფეროში?

– სომხეთში ტრანსფერების მაჩვენებლები გაზრდილია. მართალია, ისინი ბევრად ნაკლებია 2013-2014 წლებთან შედარებით, სანამ ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისი დაიწყებოდა, თუმცა 2016 წლის მაჩვენებელზე მეტია და ბევრად აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს. ჩვენი ტრანსფერების 65% რუსეთიდან მოდის, რაც  იმას მოწმობს, რომ რუსეთის შრომის ბაზარი უახლოეს რამდენიმე წელიწადში, სომეხი შრომითი მიგრანტებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან და მომგებიან ბაზრად დარჩება. ამ ბაზრის ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს.

ევროკავშირთან სავიზო-გამშვები სისტემის ლიბერალიზაციის შემთხვევაშიც კი, როდესაც სომხეთის მოქალაქეები ევროკავშირის ტერიტორიაზე მხოლოდ 90 დღით შეძლებენ გაჩერებას, ჩვენი ქვეყნის უახლოეს პრესპექტივას ეს მაინც ვერ შეცვლის. შრომითი მიგრანტების ნაკადი ნებისმიერ შემთხვევაში რუსეთისკენ მიედინება.

ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. შრომითი მიგრანტების საკითხი სომხეთის კომპეტენტურ ორგანოებს რუსეთის ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ უბიძგებს, მათ შორის ევრაზიის ეკონომიკური კომისიის ფარგლებში. რუსეთისკენ ძალიან ბევრი მიისწრაფვის, მათ შორის ისეთი შორეული ქვეყნები, როგორიცაა, ვიეტნამი, ლაოსი, ფილიპინები და ა.შ.  ასე, რომ ჩვენს ქვეყნებს, როგორც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრებს, გარკვეული შეღავათები უნდა ჰქონდეთ. ეს ნორმალურია. მოკავშირე ქვეყნების შრომითი მიგრანტებისთვის დიდი შეღავათები, პრივილეგიები და გარანტიები უნდა არსებობდეს სოციალურ და სამედიცინო სფეროებში. ვიმედოვნებ, ამ ლოგიკით იხელმძღვანელებენ ევრაზიის ეკონომიკური კავშირშის ლიდერები და სწორედ ამ გზით წავლენ ჩვენი ქვეყნები უახლოეს მომავალში.

– ამჟამად როგორი ვითარებაა სომხეთის ეკონომიკაში ინვესტიციების განხორციელების თავლსაზრისით?

– სამწუხაროდ, 2017 წლის ინვესტიციების მოცულობაზე ზუსტი მონაცემები არ არსებობს. თუმცა, აშკარაა, რომ კრიზისულ 2015-2016 წლებთან შედარებით ბევრად მეტი იყო. ეს იმას მოწმობს, რომ მსხვილი და მცირე კერძო ინვესტორების სომხეთისადმი ინტერესი იზრდება. სომხეთის ეკონომიკური ბლოკის ხელმძღვანელებმა – პრემიერ-მინისტრმა და ეკონომიკის მინისტრმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ქვეყანაში დიდი მოცულობის ინვესტიციები იდება და თუ ეს მოცულობა 2018 წელსაც შენარჩუნდება, სერიოზულ ბიძგს მისცემს წარმოებას და შედეგად მივიღებთ სერიოზულ მაკროეკონომიკურ შედეგებს.

 

2017 წელს რუსეთის ფედერაციის მხრიდან სომხეთის ეკონომიკაში სახელმწიფო ინვესტიცია არ განხორციელებულა, თუმცა ჩვენი ეკონომიკის უდიდესი ინვესტორი კვლავინდებურად რუსეთია. ვფიქრობ, რუსეთის დღევანდელი პოლიტიკური პროცესები, რაც ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემდეგაც გაგრძელდება, გამოიწვევს იმას, რომ რუსეთი სულ უფრო მეტად მოინდომებს თვითკმარი ქვეყანა გახდეს, რაც საშუალებას მისცემს ევრაზიის დიდ რეგიონში მეტი გავლენა და მიზიდულობა შეიძინოს. შედეგად, ყველა რეგიონალური და დიდი საერთაშორისო პროცესებისადმი რუსეთი შედარებით უფრო მოქნილი და  სასურველი პარტნიორი გახდება იმ მოკავშირე ქვეყნებისთვის, რომლებთანაც რუსეთს მჭიდრო ურთიერთობები აქვს, როგორც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის, ისე კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის ფარგლებში.

– ჩვენი ეკონომიკის ახალ ეტაპზე გადასასვლელად, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებიდან ახალი ინვესტიციების მოსაზიდად და მრეწველობის განვითარებისთვის საჭირო ახალი რეზერვები, სად უნდა მოვიძიოთ?

– ამ საკითხით სომხეთის მთელი პოლიტიკური ელიტა ინტერესდება, ისევე, როგორც ეს ევეკ-ის ქვეყნების ყველა პოლიტიკური ელიტისთვისაა საინტერესო. მოვიყვან მარტივ მაგალითს. ევრაზიის ეკონომიკური კომისიის გადაწყვეტილებით, 23-26 ოქტომბერს ერევანში, სომხეთის ხელისუფლებასთან ერთად, ევრაზიული კვირეული ჩატარდება. ასე, რომ რამდენად საინტერესო იქნება ეს ღონისძიება ინვესტორებისთვის, ბიზნესმენებისთვის, ეკონომისტებისთვის, ჩვენი ქვეყნების  პოლიტიკური ელიტისთვის, ინტელიგენციისთვის, ევეკ-ის ინტელექტუალებისთვის, კვლევითი-ანალიტიკური წრეების ექსპერტებისთვის, მთლიანად მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. თუ სომხეთის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აღნიშნული ღონისძიება დიდ ევრაზიულ დღესასწაულად იქცეს, ყველა შესაძლო რესურსს მოუყრის თავს, რაც ობიექტურად მიმართული იქნება  ევრაზიული ინტეგრაციული პროცესების განვითარებისკენ, მაშინ აბსოლუტურად ახალ, დადებით შედეგებს, ახალ მეგობრებს, მოკავშირეებს, კოლეგებს და პარტნიორებს მივიღებთ. ვიმედოვნებ, ევრაზიული კვირეულის ორგანიზატორები, სწორედ ამ მიმართულებით წავლენ. გამოვხატავ, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების მზადყოფნას, ღონისძიების წარმატებისთვის ამ მოვლენების ციკლში ღირსეულად და დიდი პასუხისმგებლობით მონაწილეობის, ჩვენი – ექსპერტული, სამეცნიერო, კვლევითი და ინფორმაციული რესურსების მობილიზებასთან დაკავშირებით. ის შესახებ.

ესაუბრა წოვინარ კოსტანიანი